სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ…

ერევანში სტუმრობისას მასპინძლებმა სავახშმოდ განსაკუთრებულ ადგილას წაგვიყვანეს. ეს იყო ჯადოსნური ადგილი, სახელად „მეგერიან ხალიჩის მუზეუმი“. ის უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული, თან მუზეუმია, თან სახელოსნო და შოუ-რუმი, საიდანაც ნებისმიერ ნაკეთობას შეიძენთ და თან ისეთ ნაციონალურ კერძებს გაგასინჯებენ, თითებს ჩაიკვნეტთ.

 

საერთოდაც ერთ რამეს ვარ დაკვირვებული, სომეხმა კოლეგებმა სანიმუშო მასპინძლობა იციან. აი, ევროპელიც გიმასპინძლებს, როგორ არა, მაგრამ ამათთან სხვა გემო და სითბო აქვს ყველაფერს. მოგეფერებიან, დროს, ენერგიას, ყველაფერს დაგითმობენ და უკან თბილისში გულგამთბარს გამოგიშვებენ.

 

ჰოდა, ახლაც, როდესაც ამ წერილის თემა იბადება ჩემს თავში, მეგერიანების ხალიჩის მუზეუმში ვარ და მინი-ლექციას ვისმენ ხალიჩის ძაფის შესაღებად გამოყენებული საღებავების შესახებ. ბოლო დარბაზში გაშლილი სუფრა გველოდება, მაგრამ მანამდე ხუთი ოთახი უნდა გავიაროთ, რაღაცები მოვისმინოთ, ბოლოს შოურუმში უნდა შევიდეთ, სადაც მე პირადად ვერაფერს შევიძენ, რადგან ყველაზე იაფიანი ხალიჩა შვიდასი დოლარი ღირს… და პროფესორის მოკრძალებული ხელფასით ეჭვი მეპარება როდესმე ვიყიდო, მაგრამ შეხედვას და ამბის მოსმენას ვერავინ დამიშლის.

 

მოკლედ, ოჯახური ბიზნესია, გვარიც მაგაზე მიუთითებს, მეგერიანებს ეკუთვნის. ახლა ბიზნესის და ტრადიციის გამგრძელებელი შვილთაშვილები ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ ფილიალები თითქმის მთელ მსოფლიოში აქვთ და აქმით უმეტეს, ერევანში მუზეუმ-სალონ-რესტორნის ქონა, განა რა გასაკვირია.

 

გიდი იმ ნივთიერებებზე გვიყვება, რომლებიც შესაღებად გამოიყენება. მას მთავარი მასპინძელი, ერევნის ამერიკის უნივერსიტეტის, აკოპიანის გარემოს ცენტრის გენერალური დირექტორი, მეცნიერი და უბრალოდ გულიანი ადამიანი, ალენ ამირხანიანი ეხუმრება, ფრთხილად იყავი, წინ ქიმიკოსი გიდგას და არაფერი შეგეშალოსო. ყველანი ვიცინით და მოსმენას ვაგრძელებთ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მთელი ამ მონათხრობიდან საღებავების ამბავი უფრო მაინტერესებს, რადგან წერილშიც სწორედ მათ დახასიათებას ვაპირებ.

 

მაშ ასე, ჩვენ წინ რამდენიმე თასია. პირველ თასში, ე.წ. ღვინის ქვაა ჩაყრილი. ღვინის ქვა, სინამდვილეში ნალექია, რომელიც ღვინის მომწიფების პროცესში წარმოიქმნება და გვერდითი პროდუქტის სახით რჩება. ნატურალური პროდუქტია, დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ღვინის მჟავას საწარმოებლად მთავარი ნედლეული გახლავთ. ღვინის ქვა ორი მარილის ნარევია-კალიუმის ჰიდროტარტრატი (KC4H5O6) და კალიუმის ტარტრატი (KC4H4O6). ორივე მარილი საკვებ დანამატად გამოიყენება და E 336-ით აღინიშნება.

 

მეორე თასში თეთრი შაბია. მისი ზოგადი ფორმულაა M2+SO42- ან M23+(SO4)32-·24H2O, სადაც M+ შეიძლება იყოს რომელიმე ტუტე მეტალი, ლითიუმის გარდა. M3+ შეიძლება იყოს ალუმინი, ქრომი, რკინა. ქრომკალიუმიანი შაბები ყველაზე გავრცელებულია.

 

ზოგიერთი შაბი მინერალების სახით გვხვდება, ყველაზე გავრცელებული ალუნიტია. კალიუმის, ნატრიუმის და ამონიუმის შემცველი შაბები სამრეწველო გზით მიიღება.

 

შაბები ძველი დროიდან არის ცნობილი. მათ ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი აღწერდა თავის „ბუნებისმეტყველების ისტორიაში“. Alumen ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მწარე მარილი“ და ალუმინმა თავისი სახელწოდება სწორედ აქედან მიიღო. ბუნებრივი ბოჭკოსა და ბეწვეულის შეღებვის საქმეშიც შაბის გამოყენების შესახებ პლინიუსთანაც ამოიკითხავთ და იბნ სინასთანაც. ქართველი ქიმიკოსი მეფე ვახტანგ მეექვსეც არ დაივიწყოთ, რადგან მის ქიმიის წიგნში შაბის გამოყენებას რამდენიმე პარაგრაფი აქვს დათმობილი.

 

ზემოთ ქრომკალიუმიანი შაბი ვახსენე, რომელიც ფართოდ გამოიყენება, როგორც სამღებრო, ისე სამედიცინო და საკვების მომზადების საქმეში. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ქეთო ბებო, როგორ მარჯვედ იყენებდა შაბს კაკლის, გარგარისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბადრიჯნის მურაბის გაკეთებისასაც.

 

რა წერილის თემის პასუხია და იმდროინდელი პატარა ქეთო (ანუ, მე) მინდა დავიჭირო და კარგად მივტყიპო… რატომ იცით? ასეთი ბებია გიბოძა ღმერთმა, ხელიდან ყველაფერი რომ გამოსდის და უყურე, შე დალოცვილო და ისწავლე შენც რამე. აბა, მარტო იმას რომ გაიძახოდი ნოდარ დუმბაძის თუ გრიგოლ აბაშიძის (მომიტევეთ, კარგად აღარ მახსოვს) ლექსიდან – „როცა დიდი გავხდები, ქეთო ბებო ვიქნებიო“, არ ჯობდა ისეთი „ბებო“ ყოფილიყავი, მურაბის ხარშვაც რომ ეცოდინებოდა?

 

შემდეგ თასში ინდიგოა. ინდიგო ლათინური სიტყვა inticum-დან იღებს სათავეს, რაც ინდოელს აღნიშნავს. ეს ალბათ სიმბოლურია, რადგან საღებავი თავდაპირველად ევროპაში ინდოეთიდან ყოფილა ექსპორტირებული. მუქ ლურჯ შეფერილობას იძლევა და თავისი შედგენილობითა და თვისებებით „ულტრამარინ ლურჯის“ ზოგიერთ შეფერილობასთან ახლოს დგას. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

 

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

 

მესამე თასში თუთის ხის ნახერხია, მეოთხეში კაკლის ნაჭუჭი, მეხუთეში სამკურნალო ბალახი „უკვდავა“, რომელიც სავარაუდოდ, ყვითელ შეფერილობას გვაძლევს, სულ ბოლო თასში კი ბროწეულის კანია.

 

ბროწეულის კანის აქ ნახვა სულაც არ გამკვირვებია, რადგან სომხური ტრადიციები და ბროწეული სიმბოლურადაა ერთმანეთთან გადაბმული.

გახსოვთ, ბროწეულზე წინა თვის წერილში მოგიყევით –

https://mastsavlebeli.ge/?p=34787&fbclid=IwAR1vNzM6-ERXiI3RD8Mu6LaWs1KhpL2xEF_LqxCu1GcJ5Xbh_AjunwfTenQ.

 

იქაც ერევანს და ფარაჯანოვის მუზეუმს ვიხსენებდი. იმ ჯადოსნურ ადგილს, სადაც ფარაჯანოვისეული ბევრი ჯოკონდა შეგიძლიათ იხილოთ, ოღონდ ყველა ბროწეულის გარეშე.

 

მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა ლეონარდო და ვინჩიმ შეკვეთით დახატა. სხვათა შორის, ლეონარდო თავის ნაშრომებში ულტრამარინ ლურჯს და ინდიგოსაც იყენებდა. ჰოდა, მოკლედ ეს შეკვეთა სიკვდილამდე ათი წლით ადრე აუღია, თუმცა შემკვეთისთვის ჯოკონდას პორტრეტი არ დაუბრუნებია. ეტყობა, ბოლომდე თვლიდა, რომ დასრულებას რაღაც შტრიხი აკლდა. შემდეგ, ფრანცისკ პირველს ოფიციალურად შეუძენია და ჯერ ფონტებლოს სასახლეში დაუბრძანებია, შემდეგ ვერსალში გადაუტანიათ, ბოლოს კი ლუვრში დაიდო ბინა.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მონა ლიზა ლუიჯი პერუჯიმ მოიპარა. პერუჯი საფრანგეთში მუშად მუშაობდა. ზოგადად, ბევრი იტალიელი იყო იმხანად დასაქმებული და ისეთ მძინე საქმეს აკეთებდა გროშებად, ფრანგი რომ ითაკილებდა. ფრანგები, თურმე იტალიელებს დასცინოდნენ კიდეც, „მაკარონებს“ ეძახდნენ და ქირქილებდნენ. პერუჯი ლუვრში მუშაობდა და ტილოებს მინის ჩარჩოებში სვამდა. იმხანად ახალი მოდა იყო შემოსული. შევარდებოდა ვინმე უსაქმური მუზეუმში და რომელიმე ტილოს საღებავს შეასხამდა. ამით ვითომ ყურადღებას იქცევდნენ და რაღაცებს აპროტესტებდნენ. სინამდვილეში, ჩვეულებრივ ვანდალიზმთან გვქონდა საქმე. ჰოდა, ლუვრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ტილოები მინის ჩარჩოში ჩაესვა. ამ საქმისთვის კი „მაკარონა“ იტალიელები დაიქირავა. ლუვრში ხუთთვიანი მუშაობის შედეგად პერუჯი ერთ რამეზე ჩაფიქრდა. იქაურობა იტალიური რენესანსის უძვირფასესი ტილოებით იყო სავსე. ფრანგებს ისინი ძალიან ეძვირფასებოდათ და ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევდნენ. არადა, თანამედროვე იტალიელებს დასცინოდნენ. ანუ, რა გამოდის ის, ძველი იტალიელები ეამაყებოდათ და ახლებს დასცინოდნენ?

 

ამას ისიც დაემატა, რომ შემთხვევით რაღაც ილუსტრირებული წიგნი ჩაუვარდა ხელში, სადაც აღწერილი იყო, როგორ ძარცვავდა ნაპოლეონის არმია იტალიას და უძვირფასესი ტილოები საფრანგეთში როგორ გამოჰქონდა. ჰოდა, გული დაეწვა, გაბრაზდა და გადაწყვიტა, თუნდაც ერთი ტილო სამშობლოსთვის დაებრუნებინა. ბევრი არც უფიქრია, ჯოკონდას დაადო ხელი. ის კი ვეღარ მოისაზრა, რომ სწორედ ჯოკონდა სრულიად კანონიერად იყო საფრანგეთის კუთვნილება.

 

ერთ მშვენიერ ორშაბათს, როდისაც მუზეუმში სანიტარული დღე იყო, ჯოკონდა ნაჭერში გაახვია და გვერდითა შემოსასვლელიდან გამოიტანა. მონა ლიზას მინისჩარჩოიან ყუთს შემდეგღა იპოვიან სახანძრო კიბეებს შორის და ზედ თითის უამრავ ანაბეჭდს აღმოაჩენენ. დიახ, იმ პერიოდში ანაბეჭდებს უკვე იღებდნენ. ამ ამბის დასასრულს სხვა დროს მოგითხრობთ. აქ უბრალოდ ერთი ექსპერიმენტი მინდა გაგაცნოთ, სემესტრის მიწურულს, ახალი წლის არდადეგების წინ მოსწავლეებს რომ გაახალისებს.

 

თითის ანაბეჭდის გამოვლენა ნინჰიდრინის მეშვეობით შეიძლება, რადგან თითების ნაკვალევში ამინმჟავები რჩება. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინმჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1% -იან ნინჰიდრინის სპირტხსნარს ან აცეტონში გახსნიან. ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდების ფერი იცვლება და ნელა მჟღავნდება. გაცხელებით პროცესი დაჩქარდება.

 

წერილი საღებავებით დავიწყე და კვლავ საღებავამდე მივედი.

 

განა რამე, გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ….

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი