სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების დალაგება

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის უჩვეულო და მოულოდნელი არ უნდა იყოს ოთახში უწესრიგოდ მიმობნეული სათამაშოების ხილვა, მას შემდეგ, რაც პატარა თამაშს ამთავრებს. როგორ მოვიქცეთ, ჩვენ თავად დავალაგოთ ოთახის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში მიმოყრილი სათამაშოები, თუ ვთხოვოთ ან ვაიძულოთ ბავშვი, თვითონ გააკეთოს ეს ყველაფერი.

უფროსების ნაწილი ფიქრობს, რომ არ ღირს ზედმეტად დავტვირთოთ პატარა, როცა შეგვიძლია ჩვენ თავად რამდენიმე წუთში გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ზოგიერთი მშობელი კი ყველანაირი ხერხით, ხანდახან ძალდატანებითაც კი ცდილობს, აიძულოს ბავშვი თავად დაალაგოს საკუთარი სათამაშოები. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ადრეული ასაკიდან არ მივაჩვევთ პატარას საკუთარი ნივთების დალაგებას, ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სკოლის პედაგოგსაც, რომელსაც მუდმივად მოუწევს ბავშვისთვის იმის შეხსენება, რომ მოაწესრიგოს საკუთარი სასწავლო ნივთები და საკლასო ოთახის ის კუთხე, სადაც უწევს მუშაობა.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების დალაგება:

  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, დავალაგოთ ჩვენი საკუთარი ნივთები. სამ წლამდე ბავშვები ადვილად ითვისებენ ოჯახში მიღებულ ნორმებსა და წესებს. ისინი, შეიძლება ითქვას ღრუბელივით იწოვენ ოჯახის უფროსი წევრების ქცევებს და ცდილობენ, მიბაძონ მათ. თუ მშობლები, უფროსი დები და ძმები, ბებიები და ბაბუები ყოველთვის თავის ადგილას დებენ საგნებს, ნივთებს, მაშინ ბავშვიც იმავეს გააკეთებს და ნაკლებად აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ბავშვს არ სურს სათამაშოების დალაგება; თამაშის შემდეგ ის ამას შეხსენების გარეშე გააკეთებს. გავითვალისწინოთ, რომ იმ ბავშვს უყვარს წესრიგის დაცვა, რომელსაც მშობლებმა ასწავლეს წესრიგის სიყვარული თავიანთი მაგალითით;
  • ნუ ავიღებთ ბავშვის სათამაშოების დალაგების მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ხდება ხოლმე, რომ მშობლები ელოდებიან, როდის დაიძინებს პატარა, რომ მის მიერ მიმოფანტული სათამაშოები მიალაგონ. გაღვიძების შემდეგ ბავშვი ხედავს ჯადოსნურ წესრიგს, ეჩვევა და თვლის, რომ ეს ასეც უნდა იყოს. არის შემთხვევები, როცა უფროს ბავშვებს სთხოვენ, მიალაგონ უმცროსის მიყრილ-მოყრილი სათამაშოები. ამ დროს პატარა იწყებს ფიქრს, რომ მისი არეული სათამაშოები და ნივთები აუცილებლად სხვებმა უნდა დაალაგონ. თუ ბავშვს მივაჩვევთ, რომ მის არეულ სათამაშოებს ყოველთვის სხვები დაალაგებენ, მისთვის დროთა განმავლობაში ეს ნორმად იქცევა. ცოტა ხანში ის ისე მიეჩვევა ამას, რომ მოგვიანებით სათამაშოების დალაგების მოთხოვნამ შეიძლება მისი უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვიოს. უფროსებს კი დიდი შრომის გაწევა დაგვჭირდება, რომ გადავაჩვიოთ ბავშვი ამას;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვის სათამაშოებს მის თვალწინ და მასთან ერთად დავალაგებთ თამაშის დასრულებისთანავე. შეიძლება არაფერი ვუთხრათ და ჩვენს მოქმედებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭოთ – პატარა ყველაფერს დაინახავს, შეითვისებს და მიჰყვება უფროსის მაგალითს, განსაკუთრებით, თუ მას ჯერ კიდევ არ ესმის, რას ელიან მისგან. ვუჩვენოთ, რომ ეს თამაშის სასიამოვნო და აუცილებელი ნაწილია; გამოვიჩინოთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა. სათამაშოების დალაგება შეგვიძლია გადავაქციოთ ყოველდღიურ საქმედ და თამაშის აუცილებელ ნაწილად;
  • მოვერიდოთ ჭკუისდამრიგებლურ საუბრებს. ბავშვი სწრაფად ითვისებს მისთვის მნიშვნელოვანი უფროსების, მაგ. დედის და მამის ჩვევებს, მაგრამ გულგრილია ჭკუისდამრიგებლური საუბრებისა და მითითებების მიმართ. იმისათვის, რომ ისწავლოს სათამაშოების დალაგება, ჩვენ შეგვიძლია წავუკითხოთ პატარას დამრიგებლური ზღაპრები, ან ვესაუბროთ იმის შესახებ, რომ საკუთარი სათამაშოების დალაგებაზე თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ მისი ფსიქიკის მოუმწიფებლობის გამო ყველა ეს არგუმენტი და მტკიცებულება ყურადღების მიღმა, იგნორირებული დარჩება;
  • ოთახში ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინოთ. იქ, სადაც ნივთებს თავისი ადგილი არა აქვს, ბავშვი ვერ ისწავლის წესრიგს და საკუთარი სათამაშოების დალაგებას. როცა უფროსები მუდმივად ვუცვლით ადგილს ბავშვის ნივთებს, ის სათამაშოებს ოთახში მუდმივად მიმოაბნევს, გაფანტავს, რადგან არ იცის, სად დაალაგოს. თუ თითოეულ სათამაშოს თავის ადგილს მივუჩენთ და ყოველ ჯერზე იქ განვათავსებთ, ბავშვისთვის ადვილი იქნება იმის დამახსოვრება სად უნდა დადოს თავადაც ეს სათამაშო თამაშის დასრულების შემდეგ;
  • განვსაზღვროთ თამაშის პროცესში გამოსაყენებელი და ბავშვისთვის მისაცემი სათამაშოების ოპტიმალური რაოდენობა. უწესრიგობის ყველაზე ხშირი მიზეზია თამაშისას გამოყენებული სათამაშოების ზედმეტად დიდი რაოდენობა, რის გამოც პატარას არ შეუძლია ყველაფრის შეგროვება. ის შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს მთელს ოთახში მიმოფანტული სათამაშოების გროვებს შორის. ასეთ მდგომარეობაში პატარა არ მოინდომებს სათამაშოების დალაგებას, არ ეყოფა მოთმინება და ეს პროცესი მისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა. შევეცადოთ დავტოვოთ სათამაშოების შედარებით მცირე რაოდენობა, დიდი რაოდენობით დეტალების გარეშე. მაშინაც კი, თუ ყველა ეს სათამაშო თაროდან იქნება გადმოყრილი, რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდება წესრიგის აღსადგენად. უამრავიდან 4-5 სათამაშოს გამოყოფა და ბავშვისთვის შეთავაზება თამაშის პროცესში ბევრად უკეთ ასწავლის მას სათამაშოების დალაგებას, ვიდრე ჯილდოები და შექება უამრავი სათამაშოს დალაგებისთვის. ამიტომ, ვიზრუნოთ, რომ პატარას წინ თამაშის პროცესში იდოს ზუსტად იმდენი სათამაშო, რამდენის დალაგებასაც შეძლებს;
  • სათამაშოები განვათავსოთ ღია თაროებზე, ამასთან ისეთ სიმაღლეზე, რომ ბავშვი მისწვდეს მათ;
  • მივცეთ პატარას არჩევანის თავისუფლება – თავად დაალაგოს თუ ჩვენი დახმარებით, რა თანმიმდევრობით დაალაგოს სათამაშოები;
  • ყოველ ჯერზე მშვიდად და კეთილგანწყობილი ტონით შევახსენოთ სათამაშოების დალაგების აუცილებლობის შესახებ;
  • დავუშვათ გამონაკლისი იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი უკვე კონცენტრირებულია სხვა საქმიანობაზე. ამ დროს უკეთესი იქნება დალაგება შევახსენოთ მოგვიანებით, ან თავად დავალაგოთ;
  • კარგი იქნება, თუ სათამაშოების დალაგების პროცესს ბავშვისთვის გასართობ თამაშად ვაქცევთ – შეიძლება სათამაშოები დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. ნაწილს თავად ბავშვი დაალაგებს, მეორე ნაწილს კი ჩვენ. ყუთებს, სადაც სათამაშოების ჩალაგებას ვაპირებთ, დავაკრათ სხვადასხვა სურათი, რომლებიც დაეხმარება პატარას, სწრაფად იპოვოს თამაშისათვის საჭირო ნივთი. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ცალკეული თამაშისთვის განკუთვნილ სათამაშოებს კომპლექტებად დავყოფთ, რომელთაგან თითოეული ცალკე იქნება მოთავსებული და თავისი სპეციალური მიმანიშნებელი ექნება. ამასთან, მუდმივად უნდა დავიცვათ წესი – ყოველი ახალი თამაშის დაწყებამდე წინა თამაშის დროს გამოყენებულ სათამაშოებს თავის ადგილას ვალაგებთ;
  • ვიყოთ თანმიმდევრული. შედეგს ვერ მივიღებთ, თუ დღეს ვაიძულეთ პატარა თავად დაელაგებინა სათამაშოები, ხვალ კი ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მის ნაცვლად;
  • აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრი იყენებდეს ერთსა და იმავე სტრატეგიას ბავშვთან მიმართებაში – თუ დედა წესრიგის დაცვას მოითხოვს მისგან, მამას კი ეღიმება და არასერიოზულად უდგება ამ პროცესს, ბავშვი ადრე თუ გვიან მამის ქცევას გაიმეორებს;
  • როცა ბავშვს ნივთების დალაგებას და წესრიგს ვაჩვევთ, ავუხსნათ მას, რატომ არის ეს საჭირო. მოვერიდოთ კატეგორიული ტონით გამოხატულ მოთხოვნებს, მაგ.: „მე დედა ვარ და მე ასე ვთქვი, მე ასე მინდა“. ბავშვს უნდა ესმოდეს, რას აკეთებს და რატომ. მოთხოვნები და ბრძანებები, როგორც წესი, ნაკლები სარგებლის მომტანია, ვიდრე ტაქტიანი შენიშვნა ან თხოვნა;
  • თხოვნა სათამაშოების დალაგების შესახებ კეთილგანწყობილი ტონით უნდა ჟღერდეს. დალაგება არ უნდა ვაქციოთ დასჯად, პირიქით, ის დადებით ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული, გახდეს სასიამოვნო და არა მოსაწყენი, მომაბეზრებელი პროცესი. პატარა უნდა ხედავდეს, რომ მასთან ერთად სათამაშოების დალაგება ჩვენ სიხარულს და სიამოვნებას გვანიჭებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის სათამაშოების დალაგების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით ეს დაგვეხმარება ვასწავლოთ ბავშვს წესრიგის დაცვა ოთახში, იქნება მოწესრიგებული და ყურადღებიანი პირადი ნივთების მიმართ. ყოველივე ეს კი სასწავლო პროცესში ორგანიზებული მოქმედების ხელშემწყობი გახდება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“