ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით

 ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის „ყვითელი ნახევარმზე“

გურამ დოჩანაშვილის საკულტო მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, ასეთი ეპიზოდია: მხატვრული ფოტოგრაფი ვასიკო კეჟერაძე, კორესპონდენტთან საუბარში ნიგერიას ახსენებს. ინტერვიუერს უკვირს, ნიგერია საიდანღა იციო. ნიგერიაში, ჩემობატონო, სამი კარგი მწერალიაო, მშვიდად პასუხობს ვასიკო კეჟერაძე – შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო,ჰარაო.

დარწმუნებული ვარ, იმ დროს, როცა ეს მოთხრობა იწერებოდა, დაბადებული რომ ყოფილიყო, დოჩანაშვილი ამ ჩამონათვალში აუცილებლად მოიხსენიებდა მეოთხე მწერალსაც – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩს – ნიგერიელ ქალ ავტორს, რომელმაც, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები ამბობენ, ახალგაზრდა თაობას ყველაზე მძლავრად გააგონა აფრიკული ლიტერატურის ხმა.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი 1977 წელს, ნიგერიაში, უნივერსიტეტის პროფესორისა და რეგისტრატორის ოჯახში დაიბადა. ნიგერიის სამოქალაქო ომმა მის ოჯახზე საბედისწერო კვალი დატოვა – ორი ბაბუა ომში დაიღუპა, ოჯახმა კი ყველაფერი დაკარგა.

ბუნებრივია, ეს ტრაგედია ადიჩის უმძაფრეს შთაბეჭდილებად და, შეიძლება ითქვას, შემოქმედებით ინსპირაციადაც იქცა. სწორედ ნიგერიის სამოქალაქო ომის ფონზე იშლება მწერლის თითქმის ყველა მხატვრულ ტექსტში მთავარი ამბავი. ეს ომი განმსჭვალავს პერსონაჟთა ცხოვრებას თუ სულიერ მდგომარეობას, მათ პიროვნულ აქტებს, პოზიციებს, დამოკიდებულებებს… ამდენად, ადიჩის რომანები დიდწილად დოკუმენტური და ავტობიოგრაფიულია, იმის მიუხედავად, რომ მწერლის უსაზღვრო ფანტაზია და წარმოსახვის მდიდარი არეალი მკითხველის წინაშე სრულიად ავთენტურ მხატვრულ სამყაროებს ქმნის.

ნიგერიის სამოქალაქო ომი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფადაა მიჩნეული. მის სამწლიან ისტორიაში (1967-1970) ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი ბრძოლაში, ხოლო 2 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილით დაიღუპა. სწორედ ეს შემზარავი ომი იქცა იმდროინდელი კაცობრიობის მთავარ თავსატეხად, რამაც მსოფლიოს უმაღლესი ხელისუფალნი აიძულა, კიდევ ერთხელ გადაეხედათ ჰუმანიტარული დახმარების სისტემისათვის.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანებს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. „იისფერი ჰიბისკუსი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და „ამერიკანა“ (გამომცემლობა „პალიტრა L”) ქალის თვალით დანახული შემზარავი თანამედროვე სამყაროს რეტროსპექტივაა, ქალის ხმით მოყოლილი ამბებია მჩაგვრელი სახელმწიფოებრივი თუ რელიგიური სისტემების, სტერეოტიპებად ქცეული ცხოვრების, თავისუფლების წყურვილის შესახებ. ამ რომანებში, ისევე, როგორც სხვა არამხატვრულ ტექსტებში, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მძლავრად გამოხატავს სამოქალაქო პროტესტს; ეს ტექსტები მისი სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია, მისი დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებაა. ადიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ანგარიშგასაწევი აქტივისტი ფემინისტია, რომელიც მუდმივად საუბრობს ქალთა მიმართ ჩაგვრისა და ძალადობის, თანასწორობის და თავისუფლების შესახებ. მისი ესე „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“ ქრესტომატიული ნიმუშია ყველა სამოქალაქო აქტივისტისათვის, სადაც ეს იდეები მკაფიოდ და გასაგებადაა გაშუქებული.

ადიჩის აქტივიზმის ასეთი წარმატების და პოპულარობის საიდუმლო კი იმაშიცაა, რომ ის, ზოგადად ყველა ტიპის სტერეოტიპს ებრძვის, მათ შორის სტერეოტიპულ აქტივიზმს (ფემინისტურ თუ სხვა სოციალურ-საზოგადოებრივ ტენდენციებში); მისთვის მთავარი არა რომელიმე ლოკალური, კონკრეტული სოციალური ჯგუფია (თუმცა, ცხადია, ამ ჯგუფების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს), არამედ ზოგადად, ადამიანი. ადამიანი თავის მთლიანობაში, სიცოცხლის საზრისებში, თავის ავთენტურ პატერნებში.

რაც შეეხება რომანს „ყვითელი ნახევარმზე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“), რომელიც, ადიჩისთვის რიგით მეორე რომანია, „იისფერი ჰიბისკუსის“ შემდეგ, აქ სიმძიმის ცენტრი, ვფიქრობ, არა რომელიმე პერსონაჟზე მოდის (იმის მიუხედავად, რომ ამ რომანს შთამბეჭდავი, მკაფიო და დაუვიწყარი პერსონაჟები ჰყავს), არამედ უშუალოდ ომზე – ნიგერიის სამოქალაქო ომზე, რომელიც თავად გვევლინება მთავარ გმირად. ომის ხმა და ინერცია განსაზღვრავს ტექსტის ყველა დანარჩენ შრეს.

ეს აზრი სათაურშივე იკვეთება – ყვითელი ნახევარმზე ბიაფრის არაღიარებული რესპუბლიკის დროშის ემბლემაა. სწორედ ბიაფრის რესპუბლიკასა და ნიგერიას შორის იყო გაჩაღებული ის სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელშიც ხუთასი ათასამდე ბავშვი შიმშილით დაიღუპა.

რომანის გმირები – ტყუპისცალი ოლანა და მისი მეუღლე ოდენიგბო, თეთრკანიანი რეპორტიორი რიჩარდი, ოლანას ტყუპისცალი და, ოლანას და ოდენიგბოს მსახური უგვუ – ომისაგან არიან დევნილნი.

ომი განდევნის მათ არა მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, არამედ საკუთარი თავებიდანაც. ეს კაცობრიობის მთავარი მონსტრი ქმნის რომანის ტექსტში მძლავრ ბარიერებს – ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ენებსა და გულებს შორის, რომლის გადალახვაც მხოლოდ ყველაზე ძლიერთა ხვედრია.

ძალა „ყვითელი ნახევარმზის“ ერთგვარად საკულტო აქცენტია. ძალა, როგორც დეკონსტრუქციის საშუალება, ასევე მკვდრეთით აღდგომისა და გამარჯვების წყაროც. „ნკალი“ – ასე ჰქვია იგბო ენაზე (ერთ-ერთი დიდი ეთნიკური ჯგუფი ნიგერიის კოლონიაში) ძალაუფლებას, რომელიც ნიშნავს – „იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა“. ყველაფერი ძალით იწყება და ძალით მთავრდება – როცა ქვეყნები ერთმანეთს ძალას უპირისპირებენ, ადამიანებსაც ისღა დარჩენიათ, ძლიერებით გადარჩნენ. ცხადია, ამ ძალაში სიყვარულიც იგულისხმება, სიკეთეც და ყველა ფასეულობითი კატეგორიაც, მაგრამ უპირველესად, ეს სიცოცხლის ძალაა – გადარჩენის, ცოცხლად დარჩენის, სიკვდილისგან გათავისუფლების ძალა, რომელიც, ამ რომანში ერთი შეხედვით ყველაზე უმწეოს/უძლურს აღმოაჩნდება.

ცხოვრების დრამატურგიაც, ალბათ ესაა – უზენაესის წინაშე ამგვარი პარადოქსი გაითამაშო. მაშინ, როცა მშვენიერ და ღონიერ ოლანას და მის განათლებულ მეუღლეს – ოდენიგბოს, სამუდამოდ უწევთ შეგუება უშვილობასთან (ოლანამ ომში დაჩეხილი ორსული რომ ნახა, მას მერე დაკარგა შვილოსნობის უნარი), მათი მოსამსახურე უგვუ არამხოლოდ ფიზიკურად გადარჩენას, არამედ იმგვარი სულიერი ძალისხმევის გამოვლენას ახერხებს, რომ რომანის მთავარ გმირადაც გვევლინება, ომის შემდეგ… როგორც სახარებაშია: „ყოველნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან და ყოველნი უკანასკნელნი – პირველნი…“

ომი უნაყოფობას ბადებს, ის სიცოცხლეს ჩანასახში სპობს – ფიზიკურადაც და სულიერადაც. ოლანასთან ერთად ომის ამ საბედისწერო თვისების მსხვერპლი რეპორტიორი რიჩარდიცაა. მთელი სიუჟეტის მანძილზე ის წიგნს წერს ნიგერიის სამოქალაქო ომზე. წიგნს რეფრენად გასდევს ფრაზა „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“. რიჩარდის აზრით, ეს უნდა იყოს სასტიკი წიგნი, წიგნი-მანიფესტი, რომელსაც ულმობელ და მოძალადე მსოფლიოს ააფარებს თვალებზე; მაგრამ ომი ამ უნარს რიჩარდსაც გამოაცლის და მასაც უნაყოფოდ ტოვებს… სამაგიეროდ, მის მწერლურ საქმეს მსახური უგვუ აგრძელებს, ერთ დროს წერა-კითხვის უცოდინარი უგვუ, რომელიც 13 წლისა დაუდგა მსახურად ოლანას და ოდენიგბოს და უკიდურესი ძალისხმევით შეიძინა ყველა სასიცოცხლო ცოდნა და უნარი, მათ შორის ენა.

ენა, რომელიც ამ ტექსტში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს – როგორც ძალადობის იარაღი და როგორც დიდი მადლი.

მსახური უგვუ ორივეს ფლობს – ძალასაც და მადლსაც. ის ახალი აფრიკის სახეა, ახალი სიცოცხლის ნაყოფია. ამდენად, ის იმსახურებს, იყოს ახალი ტექსტის, ახალი წიგნის ავტორიც.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი „ყვითელი ნახევარმზე“ ქართულად ანი კოპალიანმა თარგმნა. ბრწყინვალე თარგმანის წყალობით, ამ წიგნის წაკითხვა უკვე შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანიც. რადგან მასში, ერთი ქვეყნის/კონტინენტის დრამატული მოვლენების ფონზე ზოგადკაცობრიული ამბავია მოთხრობილი, თანამედროვე და არქეტიპული ტენდენციებით, ადამიანური ვნებებით და პატერნებით.

როგორც ამ წერილის დასაწყისში, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში ნახსენები ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე იტყოდა:“როგორც წესი, სიჭაბუკეს სიბრძნესთან არავინ აიგივებს, მაგრამ ამ ახალგაზრდა მწერალს უძველეს მთხრობელთა ნიჭი გადმოსცემია… თუ არა მისი უშიშრობა, ვერაფრით მოჰკიდებდა ხელს ნიგერიის სამოქალაქო ომის სულისშემძვრელი საშინელების აღწერას…“

რომანის „ყვითელი ნახევარმზე“ მკითხველი ამ უშიშრობის მისტერიას თავადაც იგრძნობს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“