ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

 ,,არის ერთისა წამისად”

(ზაირა არსენიშვილის ,,ვასოფელო…”)         

ზაირა არსენიშვილის ეს წიგნი-ეპოპეა პირველი სტრიქონებიდანვე ,,დასჭიდებია” წუთისოფელს, – სიკვდილით, სამყაროს, სიცოცხლის ამ დიდი საიდუმლოთი, იწყება და  მთავრდება – რადგან ის დასასრულიცაა და დასაწყისიც. ერთი ქალის, ევას, მიცვალებაშია ჩაქსოვილი მთელი წუთისოფლის არაკი- სიუჟეტი, ჭრელი, ევას შეკერილი ნაკუწებიანი საბანივით, მშვენიერი, გულსაკლავი, მომნუსხველი, თითქოს, მარტივიცა და აუხსნელიც. მწერალი შესაშური ოსტატობით, ენის სიუხვით და აღწერის მრავალპლანიანობით გადაგვიშლის მსგავს ლიტერატურას მონატრებულ მკითხველებს ჩვენი ისტორიითა და ტრადიციებით ნაპატივებ ეროვნულ წიაღს, მისგან ამოსული ხილვების სიზმრისეული სიცხადით. ამიტომ ჭირს, გაარკვიო, სად მთავრდება მჭრელი რეალობა და იწყება მწერლისთვის სასურველი, მისი ფანტაზიით შექმნილი მხატვრული სინამდვილე.

რომანში აღწერილი კონკრეტული დრო და ადგილი მე-20 საუკუნის 20-50-იანი წლების თელავია, რომელიც შესაქმის სისავსითა და სიღრმითაა განფენილი ჩვენ წინაშე, როგორც მოდელი წუთისოფლისა, ერთმანეთში გარდამავალი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მონაცვლეობისა, ზოგადობითაც და განუმეორებელი კონკრეტიკითაც  თითოეული ჩვენგანის ყოფიერებისა.

ეროვნულობა ვახსენეთ და თითქოს ჩვენი ისტორიული ცნობიერებიდან გამომდინარეა ქალის არქეტიპის დომინირება მწერლის წარმოსხვაში, რომელიც ჩრდილავს თავისი საპირისპირო საწყისის ჰეგემონიას. ზაირა არსენიშვილი ამდიდრებს ქართული ლიტერატურის ქალთა გილდიას დაუვიწყარი ქალი-პერსონაჟებით, პატარა მწერალი-მთხრობლის მეხსიერებაში – ,,შეფერხებული დროის წიაღში” – ჩარჩენილი ბებიების სახე-ხატებით: ბევრი კაბები რომ აცვიათ, სახსრებადქცეული, ლაქებიანი, ,,გალეულ მაჯებზე გამობმული”, სასწაული სურნელის მქონე ხელის მტევნები რომ აქვთ, ,,ფრთებდაკეცილი, ბებერი ფრინველებივით” კალთაში ჩაბუდებული, უბედურებას ავლა-დიდებასავით რომ დაატარებენ, სახარებისეულად ტანჯვით მხიარულობენ. მათი საუკეთესო სამკაული ცრემლია, რომელსაც მეხსიერების საგანგებო ზარდახშაში სულ ინახავდნენ ძვირფასი თვლებივით, გამოუყენებლობით რომ ხუნდება და იბინდება.

ბებია ევა _ ამ პერსონაჟის ირგვლივ ტრიალებს რომანის ყველა ამბავი. ცხრა მთას იქითაც რომ მზეთუნახავად დარჩებოდა, მკვდარიც რომ ისე ევა იყო ,,წითელი ცხენი წითელ ტყავში”, როგორც მისი ანტიპოდი და ამიტომაც მის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ამხედრებული რძალი მარო ამბობს: ,,მაგის დაჩაგვრა ქვეყანაზე არვის არ შეეძლო”, რადგან ღირსებით აღსავსე სული ჰქონდა, ძნელად რომ მიიკარებდა ცხოვრების ბიწსა და ტალახს თუნდაც მის ფსკერზე აღმოჩენილი. ,,და მივხვდი, რომ ჩემთვის თავისუფლება საყვარელ შრომასთან და სიყვარულთან იყო დაკავშირებული, მე კი ერთიც დავკარგე და მეორეც…დავკარგე ჩემი ადგილი…და დავკარგე თავისუფლება…და კიდევაც ეს იყო უბედურება” (212) _ ამიტომ მისი ტყის ქალად განსხეულებული სული მოუხელთებელი, კაცთათვის გაუგებარი ხდება (,,მიუღწეველი და შეუღწეველი” თუნდაც სპირიდონასთვის, მისი მეორე ქმრისთვის). მშვენიერი ევა უყურებს მამა ლუკას დახატულ წმინდა გიორგის ხატს (რომელიც მისთვის თავისი ძვირფასი სულის, გიოს ალტერ-ეგოა) და ფიქრობს მშვენიერებაზე, რომლის დასაბამი მარადიულ ჭმუნვას, კრთომასა და გაოცებაშია, რადგან მის გვერდით უწმინდურობამაც შეიძლება დაიბუდოს. მშვენიერებაზე, რომლის ამსოფლად მოსვლაც იდუმალია და წასვლაც: ,,სიკვდილის წინ უკანასკნელად გაახილა თვალები, ამ თვალთა მზერამ ცოტა ხანს კიდევ იფარფატა, მერე კი ჩაიშრიტა დროსა და ჟამის უსასრულობაში” (651).

ბებია მაკა _ შინაბერა, რომელსაც დაკარგული აქვს თავი, როგორც ევას, ბედი გაცრუებული და ,,თავის დამკარგავი თმას დასტიროდაო” _ სიკვდილშიც ღირსეულობის მონატრულია: უნდა ძველებურად, გრძელი კავებით დაასაფლავონ. მაკას თვითირონია, თვითგვემა მოუმარჯვებია, როგორც ხსნა და იმას, რაზეც ღამით ოცნებობს გრძნობამორევით, დღისით დასცინის და აქილიკებს. ,,აი, ვინ არ გიღალატებს” _ ამბობს იგი სიკვდილზე და მას უკანასკნელსა და ყველაზე ერთგულ სატრფოს უწოდებს. ცხოვრება მხოლოდ მაკას წარმოსახვაშია ,,სავსე”. მის სხვისთვის არნაჩვენები ცრემლით დასველებულ სამზითვო მიტკლის ცხვირსახოცებს ,,ქარი შემოდგომის პეპელასავით… გააფრიალებდა და ხან რომელ საფლავს მიანარცხებდა, ხან რომელს, ვიდრე შემოდგომის წვიმით გალუმპული მომაკვდავი ფრთოსნებივით, სადმე რკინის მოაჯირის ამოშვერილ ისარს არ ჩამოაგებდა” (32). ეს თითქოს გაცოცხლებული სახეა ძველი ფოტოსურათებიდან მომზირალი ჩიხტიკოპიანი ქალისა, არაფრით რომ ჯდება თანამედროვე კონტექსტში თავისი ზღვარგადასული პატიოსნებით, სტოიკურობითა და საბედისწეროდ დამდგარი პრაგმატული დროებისთვის თითქოს უკვე გამოუყენებელი იდეალიზმით.

ბებია რუსუდანი – ავტორის 87 წლის ბებია, ,,სკამზე დაყუნცულ, თიხის ცუდად გამომწვარ, დამსკდარსა და დაშაშრულ მოხუც კერპს ჰგავდა” – სწორედ ეს სიკერპეა მისი ჯავშანი თუ მასაზრდოებელი, რომელსაც მერე დაღლილი, მფეთქავი ნიღაბივით ჩამოიხსნიდა ხოლმე, როცა თავთან მარტო რჩებოდა; ესაა ქრისტიანული გულმოწყალებისა და მაღალი ზნეობრიობის მტვირთველი პერსონაჟი, თავგამოდებით რომ ავედრებს ღმერთს თუნდაც ,,ფერშალ” კოლას მწითური, ბოროტი ბიჭის ,,წყვდიადში მოხეტიალე, გაუხარელ სულს”. ,,რატომ ვართ ჩვენ ყველა ასე უბედურები…რატომ?” – სვამს რიტორიკულ კითხვას ავტორი. ამ ,,რატომს” ყველა ჩვენებურად ვცდილობთ, ვძლიოთ. აი, ბებია რუსუდანს, თალხი ჩაცმულობის სიმძიმე რომ შეამსუბუქოს, შიგნითა ქვედატანზე შვილიშვილის კაბის მონარჩენი ჭრელი ჯიბე გამოუკერებია. ეს ჯიბე რაღაც ბავშვური გულუბრყვილობით ცდილობს გააფერადოს წუთისოფლის სირუხე, როგორც რუსუდანის ცხოვრება არის ცდა ყოველივე ბანალურსა და მერკანტილურზე ამაღლებისა: ,,რუსუდანო…საგზლად წამყვება შენი ადამიანობა…” – სპირიდონამაც კი დაინახა ეს ,,სინათლე” და პირუთვნელობა. შენი ადგილი სხვაგან იყოო, ეუბნება მას მეკუბოე იოსება. მე კი ვიტყოდი, რომ რუსუდანია სწორედ ,,მარილი ამ ცხოვრებისა”.

ნაწარმოებს საინტერესო ისტორიული კონტექსტი აქვს, რომელშიც ტანჯვის ზოგადადამიანურ მისტერიადაა ჩართული რევოლუციის პარადიგმა, როგორც მარადი ჯვარცმა, გაწირვა ადამიანური თუ ღვთაებრივი სიკეთისა, ფასეულობებისა. რევოლუციის ფსიქოლოგიაც ისე ჟღერს, როგორც მგლური კანონი, ადამიანური სამართალი ნებისმიერ დროსა და სივრცეში: ,,ახლა ჩაგრული გავიმარჯვებ და მჩაგვრელი გავხდებიო”. როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და ,,დიადი” იდეისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასს უკარგავ, თითქოს, სულ სხვა სამყაროდან ისმის ,,არა მწადიან ცელობა” და კაცთა მოდგმას აღარაფერი დარჩენიათ სასოწარკვეთისა და თანაგრძნობის გარდა. ქვეყანაში, რომელშიც გენეტიკური მეხსიერებით სიტყვა ,,წიწამური” დაბადებამდეა დაწერილი გულისფიცარზე, ავტორის აზრით, ოდესმე ყოველთვის დგება ეს წიწამური, როცა ყველა ილიასნაირი დაგმობილი და მხილებულია. მეტი თანასწორობაა რაღააო? იკითხავს მავანი, ,,ვეფხისტყაოსნის” (რომლის ციტატებიც რომანის ყოველ თავს ეპიგრაფად უძღვის) ქაჯთა მსგავსი და თავი ადამიანთა ბედის გამგებელიც ეგონება. ყოველთვის ასე ხდება, როცა ადამიანი ,,კლავს” ღმერთს და თვითონ ცდილობს დაიჭიროს მისი ადგილი. რეალობა კი ხდება შემზარავად  არარეალური: ,,გიგოს გორის ფერდზე, ნაუცბადევად გათხრილ ხაროში ჰყრიდნენ დახვრეტილებს და ისე თხლად აყრიდნენ მიწას, წარმოუდგენელ, შემზარავ ამბებს ჰყვებოდნენ იქით მოხვედრილი ადამიანები: მიწა სუნთქავდაო…დახვრეტის შემდეგ თითქმის მთელი დღე სუნთქავს მიწაო…” (525). ,,რა გინდათ ჩვენგან – ვის რას ვუშლით…” ამას ამბობენ შემდეგ უკვე ,,სისხლიან” ქორწილად ნაქცევ თავყრილობაზე თავად-აზნაურები. მათი მოსპობილი ლაზათი და საქართველოს უცვლელი, გულმართალი ჭირისუფლობა საუკუნეებს გამოჰყოლია, როგორც იმ სასტიკი დროიდან მოყოლებული დაკარგული, სულჩაკლული, სასოწარკვეთილი თაობების ,,ხმა მღაღადებლისა”, ადრესატი რომ ვერ უპოვია…ბოროტება იმიტომაა საშინელი, რომ უნდა იბარტყოსო, ამბობს ბებია რუსუდანი. სწორედ ასეთ დროს ხდება მისი ეს ბიწიერი განაყოფიერება და თავიდან იბადებიან სპირიდონასნაირები (თორემ მისნაირები სულ არიან, აბელიდან და კაენიდან მოყოლებული) _ ,,მას ხელს აძლევდა მიწიას თვალში თავისი უსაზღვრო წადილი მიწის ღრმა წიაღიდან ამოხეთქილ წმინდა ნაკადად დაესახა და არა მღვრიე შენაკადების ღვართქაფად, რომლის შფოთიან ტალღებს ცოცხალ თევზებთანა და ქათქათა ნარიყთან ერთად დამხრჩვალი მიცვალებულის გვამიც შეიძლება მოჰყვეს…” (185). სადაც ძმობაა, იქ თავისუფლება ვერ გაჭაჭანდებაო, ასე სჯერა სპირიდონას კაკალ გულში, რევოლუციაც საბოლოოდ დაასამარებს ამ თავისუფლებასო, მაგრამ მან ხომ უნდა მოიხმაროს ცხოვრება, თუნდაც საყვარელი ადამიანი? ამიტომ რეალობასაც უნდა მოერგოს თუ მოირგოს ის. კაენია თუ იუდა, როგორც ადამიანური, ცოდვილი ბუნების მაქსიმები, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს, მასში ღვთაებრივ საწყისს ინადგურებენ. ასე ემართება სპიროდონასაც, მკვლელობაზე რომ ცდილობს დააყრდნოს თავისი ავადმყოფურ ვნებად ნაქცევი სიყვარულის თავიდანვე საყრდენგამოცლილი, ფარღალალა შენობა. ამიტომ ის არც ევას ღისია (,,ქალო ისეთი თეთრი ხარ”) და არც ,,სიყვარულის გამურულ ქვაბში მოხარშული” საროსკიპოს ქალებისა (,,მორიალეები ღამის პეპლებივით, სქლად წასმული ფერუმარილით სახედადღაბნილები, კირით შელესილებს რომ ჰგვანან”). აი, რძალი კი თავისი შესაფერისი შეხვდება _ მარო – ,,მისი დიდი, გუდალი თვალების მზერაც, ჩვეულებრივ კადნიერი და შეუპოვარი მზერა, რომელიც ბავშვობიდან ისე მქონდა ჩარჩენილი, როგორც ლექი ჭურჭლის ფსკერზე”.  ,,ჯავრის ამოყრისაა ეს ქვეყანა” მაროსთვის, რომელიც ვითომ ,,სისუფთავის მონაა”, თუმცა სული აქვს ჭუჭყით გაზინთლული. სამწუხარო რეალობაა, რომ თუნდაც ალუდა ქეთელაურის შემქმნელის ქვეყანაში სპირიდონასნაირებიც ცხოვრობენ და სწორედ ისინი სწირავენ ალუდასნაირებს სიმარტოვისა ან სიკვდილისთვის, რომ როგორმე დაფარონ საკუთარი სიპატარავე.

რომანი ტრაგიზმითაა შეკრული, თუმცა ეს არ უშლის ხელს მწერალს, დაგვატყვევოს საშური, კახური ღვინოსავით შემოპარული იუმორით, რომელიც ლექსიკის, ტროპული მეტყველების  სიმდიდრესთან ერთად უკვე ცხოვრებისეულ კონცეფციად თუ ფილოსოფიად აღიქმება და ასე ჟღერს: ,,არამედ მეც ვარ, ჩემი უასაკობის მიუხედავად, წიბო და გვერდი დიდი სიცოცხლისა, სასოწარკვეთითა და თანაგრძნობით სავსე სიცოცხლისა და მეც მევალება, მეც მეკისრება, ისე როგორც ბებიაჩემსა და ბებია ევას და ალბათ ყველას, ყველას, ყველა ადამიანს, საკუთარი ხვედრის გადატანა და სხვათა ხვედრის გაზიარება…და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის ადამიანური ყოფის დასაბამი” (192).

პირველყოფილი მშვენიერება აქვს ევასა და გიოს ურთიერთობას (,,ჰოი, კაეშანო, სასტიკო და ულმობელო, ჰოი, გლოვის ძალმოსილებავ…”), რომელიც ჰყვება ბედნიერების ხანმოკლეობაზე, დიდი სიყვარულის საბედისწერო განწირულობაზე. მაგრამ ეს სიხარული ღირს მთელ სიცოცხლედ და გადაწონის მრავალთა ხანგრძლივ უბადრუკობას.

დაბოლოს, ლექსი ადამსა და ევაზე, რომელთაგან დაიწყო წუთისოფელი:

,, – ო, სხივი იგი ჩამავალი,

ამავსებს თრთოლით…

რიყეში ნელი მოჭრიალებს

საძნე ურემი.

მიახლოვდება წარსული შორი, –

ოცნების სწორი, –

უცხო ხატება განუშორები

ურემზე სხედან ევა და გიო,

ჩუმათხევიდან მობერავს სიო,

შრიალებს წნორი…

ო, სხივი იგი ჩამავალი

ამავსებს თრთოლით” (655).

დიახ – ჩამავალობისთვის განწირული, ბინდისფერშერეული, მაგრამ მაინც სხივია ჩვენი ცხოვრება…

 

 

მაია იანტბელიძე

ციტატები წიგნიდან ზაირა არსენიშვილი ,,ვა, სოფელო…”, ,,სულაკაურის გამომცემლობა”, 2019 წელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“