კრიტიკოსი თეიმურაზ დოიაშვილი იხსენებს ერთგან, დავით წერედიანთან როგორ დააბარა დიდი მოკითხვა უბნელმა ძველმა ბიჭმა, რომელსაც, თურმე, წერედიანის მიერ თარგმნილი ვიიონი წაეკითხა. ეს პარალელი შეიძლება, ვინმეს უადგილო ეჩვენოს, მაგრამ მინდა, დავამშვიდო: არ ვადარებ, უბრალოდ, იმის თქმას ვცდილობ, რომ, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, ვიცნობდი მოძველბიჭო ტიპებს, რომლებმაც ნიკო გომელაურის ლექსები ზეპირად იცოდნენ. ნაადრევმა გარდაცვალებამ მისი პერსონის გარომანტიკულებას და მითოლოგიზაციას უფრო შეუწყო ხელი. მის საფლავზე, დიდუბის პანთეონში, ხშირად დადიან ახალგაზრდები. რა დასამალია და, მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე ჩემს ძმაკაცთან ერთად, რომელიც გომელაურის დიდი მოყვარულია, მის საფლავთან ღამეც კი გაგვითენებია ლუდის და კონიაკის სმაში. რაღაც სულიერი კავშირის შეგრძნება რომ არა, ასე უბრალოდ არ ადგები და არ გაათენებ ვიღაცის საფლავზე, მით უმეტეს, დიდუბეში სამი თუ ოთხი, ჩემი საყვარელი, დიდი ქართველი პოეტი განისვენებს, მაგრამ ბოლო გაჩერება არა – მათი, არამედ გომელაურის საფლავია ხოლმე.
მსოფლიო და ქართულ კულტურაში ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებმაც, მრავალმხრივად რეალიზებული ნიჭის წყალობით, ხალხის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. უმეტეს შემთხვევაში ამ მრავალმხრივობის ფრაგმენტიზაცია, ანუ ცალკეული შემოქმედებითი მიმართულებების დამოუკიდებლად განხილვა არაა მართებული, იმიტომ, რომ შეიძლება, რამე განსაკუთრებულთან არ გვქონდეს საქმე, მაგრამ ამ მიმართულებების უნიტარულობა, როგორც წესი, ქმნის უნიკალურ ინდივიდს. სწორედ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე ნიკო გომელაურის შემთხვევაშიც, მისი პერსონის პარციალური განხილვა არ იქნებოდა მართებული. ის, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე, მანერული მსახიობი იყო, რომელმაც შექმნა არაერთი კოლორიტული თეატრალური, კინო თუ სატელევიზიო სახე. პოეტობა, ალბათ, მისი მეორადი ჰიპოსტასი უფრო გახლდათ.
„არა და კაცს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, იყოს არა პიერო ან არლეკინი, არამედ თვითონ – ნიკო გომელაური. უნიღბოდ ამოთქვას თავისი სათქმელი, თავისი სიცილით იცინოს და იცინიკოსოს კიდეც, თუ ამის სურვილი გაუჩნდება.
და აი, ამგვარი შემოქმედებითი წყურვილი, ერთგვარი ზეჭარბი ნიჭი წარმოშობს პოეტს, უაღრესად საინტერესოს და რაც მთავარია, თავისი თაობისათვის ახლობელსა და გასაგებს”, – წერს ვახუშტი კოტეტიშვილის ნიკო გომელაურის, 2010 წელს გამოცემული, „რჩეულის” წინასიტყვაობაში.
გადავშალე ეს „რჩეული”, რომელიც ჩემმა ზემოთ ნახსენებმა ძმაკაცმა მაჩუქა, და ბევრი ლექსი მეცნო, მეტიც – გომელაურის უნიკალური ხმით წაკითხულიც კი ჩამესმა. ვიცი გომელაურზე გაცილებით რაფინირებული არაერთი პოეტი, რომელთა კრებულები გამომშრალი მცენარეებით სავსე ჰერბარიუმს მოგაგონებს, მათი პოეტური ეკვილიბრისტიკის მიღმა ძნელად იპოვი პოეზიას, წიგნის დახურვის მერე აღარაფერი გრჩება: არც – რამე ეფექტური ტროპული ერთეული, არც – აფორისტული პოეტური თქმა, არც – საინტერესო ნარატიული ეპიზოდი, არც თუნდაც – ლამაზი პეიზაჟური ხატი, ყალბია მათი ლექსები. ნიკო გომელაურის ლექსების მთავარი ღირსება კი, ბანალურად რომ ვთქვათ, გულწრფელობაა, ის ამას ტექნიკური ვირტუოზობით ვერ ახერხებს, მაგრამ ლექსი მაინც ცოცხალია, სუნთქავს, მარტივად შემოდის მკითხველში. სწორედ სათქმელისა და ემოციის პრიმატით არის განპირობებული მის ცალკეულ ლექსებში საზომთა ნაივური მოდულაციები, და არა – პოლიმეტრული ინტერესებით, წერისას ის არ ყოვნდება ტექნიკურ დეტალებზე. მისი პოეტური ინვენტარი ძველი და გადაღეჭილია: საყოველთაო მოხმარების საზომები, რითმები, ტროპული ერთეულები, სათქმელის ზედმეტი პოეტიზაცია, ტაეპის აგებისას ზედმეტი მიდრეკილება ინვერსიისკენ და ლიცენციისკენ და ა. შ. მაგრამ მაინც ახერხებს ამ ყველაფრის საინტერესოდ, განსაკუთრებული ხმით რეპრეზენტირებას. მიმართავს სლენგს, ჟარგონს, იუმორს, ირონიას, გროტესკს და, ალბათ, ამიტომაც შეაღწია მისმა პოეზიამ თითქმის ყველა სოციალურ ფენაში მეტ-ნაკლები წარმატებით. ის რუსულადაც წერდა ლექსებს (ლინგვისტურად სინთეტური – ქართულ-რუსული – ლექსებიც აქვს) და სწორედ ამის გამოა ხშირი მის ქართულ ლექსებში ანაპესტი და ზოგადად, ერთმარცვლიანი, ვაჟური რითმები. კიტჩის ზღვარზეა მისი პოეზია და ზოგჯერ ავტორი გაუცნობიერებლად კვეთს კიდეც ამ სახიფათო სადემარკაციო ხაზს, თუმცა, უფრო ხშირად მაინც ესთეტიურად უხიფათო სივრცეში ოპერირებს. სოციალურ ქსელებში მისი პოეზია დღესაც აქტუალურია, თუმცა კონტროვერსიულობის მოუშორებელი დაღი აზის: საკომენტარო ველში მუდმივად მიდის კამათი მხატვრულ ღირებულებაზე, მაგრამ ავტორის პერსონის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ცალსახად პოზიტიურია. და მაინც, ძნელი სათქმელია, იქნებოდა თუ არა ნიკო გომელაურის პოეზია დღეს აქტუალური, რომ არა მისი მთავარი ჰიპოსტასი – მსახიობობა. ფაქტი კი ისაა, რომ ის დღემდე, ალბათ, ყველაზე წაკითხვადი ქართველი პოეტია.