ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ერთი ღამის პარტიზანები

ვერც ვიფიქრებდი, ოდესმე ამ ამბავს თუ გავიხსენებდი. ისე მოხდა, თავისთავად, ამოტივტივდა და აღარ შევაკავე, დავწერ-მეთქი, ვიფიქრე, ჩემი რა მიდის, ერთი ძალიან არასაქვეყნო ამბის გარდა, რომელიც მე და ჩემს ორიოდე მეგობარს გადაგვხდა თავს ამ რამდენიმე წლის წინ. ესეც არ იყოს, დრო გავა და რას მოვუყვები შვილიშვილებს, როცა ჩემი თაობის ბაბუები მომავლის უბნის ბირჟებზე, როგორიც რომ იმ დროში იქნება, ჩამოსხდებიან და მოყვებიან, როგორ იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ანდა რეზერვში თუნდაც, როგორ თხრიდნენ სანგრებს, როგორ იყვნენ გაუგებრობაში და გაურბოდნენ დაბომბვას ვაზიანსა და გორში, როგორ იღვწოდნენ წინა ხაზზე თუ არიერგარდში, ზოგი – რეგულარულ არმიაში და ზოგი – იარაღის პირველად ხელში ამღები, მაგრამ მაინც რაღაცას მოყვებიან, ჰოდა, მე რას მოვყვები? აი, ამ ამბავს, იმ აგვისტოსას, იმ ომისას, მაგრამ ამ ამბავს. ასეთი ამბავი არც ერთ იმ ბაბუას არ ექნება, ამ ამბის მონაწილე პერსონაჟების გარდა. ჰოდა, დავწერ, რაღა, ვაითუ ბაბუობამდის გამომილაყდეს ტვინი და ვეღარ შემოინახოს ამ ჩემმა ტიალმა თავმა ეს მარგალიტივით ისტორია.

 

2008-ში ცხრამეტი წლის ვიყავი, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წელი მქონდა დარჩენილი და დამღლელი მესამე კურსის მერე თავგადასავლებით სავსე ზაფხულს ვატარებდი. თუმცა თავგადასავალს, თანაც ყველაზე სასტიკს და დაუნდობელს, ყოველთვის ჩრდილოეთიდან უნდა მოელოდე, როცა საქართველოში ცხოვრობ და შენი მეზობელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პოლიტიკის მქონე დამყრობელი, იმპერიალისტი ქვეყანაა. თბილისში ნუნისური ლაშქრობიდან სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული ვიყავი, როცა ომი დაიწყო. არადა, დედაქალაქში იმისთვის დავბრუნდი, რომ ე.წ. რეზერვისთვის მოვმზადებულიყავი, რომელიც 3-4 დღეში მიწევდა, მაგრამ ვიღას ეცალა რეზერვისთვის – თქვენც კარგად გემახსოვრებათ, როგორ განვითარდა მოვლენები… 7 აგვისტოს უკვე მწვავე ომი მიმდინარეობდა, 8-ში თითქოს ჯერ კიდევ იყო იმედი, ის კი არა, ყველაზე ოპტიმისტი თუ ჭორიკანა მეზობლები გაიძახოდნენ, ეგაა, დაიძრა ტალღა, თვის ბოლოს ცხინვალიც ჩვენი იქნება და სოხუმშიც შევალთო. ცხრა აგვისტოს დაიწყო სასოწარკვეთა, რიგები წითელ ხიდთან, მაღაზიებში – გამქრალი პროდუქტები, ფითრი დედაჩემის სახეზე ჩემი ყოველი შინიდან გასვლისას და ისტერიული ქეიფი რესტორნებში. 10 აგვისტოს კი, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გავიგეთ, რომ მტრისთვის წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია ყველა შესაძლო საშუალებით, თუკი ის თბილისში შემოაღწევდა. უნდა გვებრძოლა ყველაფრით, რაც ხელში მოგვხვდებოდა. ჩემი ამბავიც აქედან იწყება, ათი აგვისტოს ღამეს.

სად იყო მაშინ ფეისბუქი… მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ არ გამხდარიყო მილიარდერი, თბილისელი ახალგაზრდობა კი უმთავრესად Yahoo Messenger-ით ვურთიერთობით, შევქმნიდით ხოლმე ერთ დიდ საკონფერენციო ფანჯარას და მიდიოდა მთელი ღამის განმავლობაში გრიალი. ინტერფეისიც სურვილისამებრ ეცვლებოდა, გინდ ფოთოლცვენას დააყენებდი, გინდ ზამთარს… მოკლედ, პრივილეგირებული თაობა ვიყავით მაინც, მაგალითად, მირკს იგივე არ შეეძლო. მომიტევეთ ლირიკული გადახვევები, ვცდილობ, ამ მძიმე თემას მსუბუქი ქვედა დინებებიც მოვუძებნო და თხრობა უფრო ლაღად მივიყვანო მთავარ სათქმელამდე.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მეგრელა სწორედ ასეთ იაჰუმესენჯერისეულ საკონფერენციო ფანჯარაში მამატებს, ოღონდ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც მანამდე; არც ფოთლები ცვივა, არც ზამთარია, არც გაზაფხული, – დაძაბულობა იგრძნობა, რომლის განმუხტვასაც უკბილო ხუმრობით ვცდილობ და გამარჯობის ნაცვლად ეგრევე ჩემი იუმორის დემონსტრირებას ვახდენ: „ჰა, ბიჭებო, რა ხდება, დავამატო მედვედევი თუ თქვენ დაამატებთ?” ჩემს ხუმრობაზე მაინცდამაინც არავის ეცინება, ცოტა ხანში კი ვხვდები, რატომ: სავსებით სერიოზულად ვემზადებით რუსული ჯარის დასახვედრად და პარტიზანულ ჯგუფებს ვკრავთ. მეგრელა მწერს, რომ მის უბანში, დიღმის მასივში, 10-15-კაციან ჯგუფს ის შეკრავს, შეეცდებიან, შეძლებისდაგვარად შეაგროვონ სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი, ასევე – სანადირო თოფები, პნევმატური პისტოლეტებიც კი და ა.შ. იმასაც მეუბნება, რომ მესენჯერში დაგვამატა 2-3 უახლოესი მეგობარი, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენს სამეგობროებში ანალოგიური ჯგუფების შექმნა, რომლებიც ასევე შეიარაღდებიან და პარტიზანული პრინციპებით იმოქმედებენ. პლუსი ისაა, რომ ეს 3-4 დაჯგუფება, რომლებიც სხვადასხვა უბანში ყალიბდება, კოორდინირებულად იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩინოს რუსებს, ვიდრე დაქსაქსულად მოქმედებისას. ასევე შესაძლებელია გადაიარაღება, მაგალითად, მეგრელას მეგობრის მამას რამდენიმე სანადირო თოფი აქვს, შეუძლია გაგვინაწილოს. მამამ არა, რა თქმა უნდა, მამამ ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ პარტიზანული დაჯგუფება თუ შეიქმნა, მერე მამას ვიღა ეკითხება… ჩვენც თუ მოვახერხებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას, კოორდინირებული მოქმედებაღა იქნება საჭირო, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს…

მთელი ის ღამე ერთად გავათენეთ, იმავე საკონფერენციო ფანჯარაში. რას აღარ ვუზიარებდით ერთმანეთს. გადმოვიღე და გადმოვალაგე, რაც კი რამ ვიცოდი პარტიზანული ომის შესახებ, ერნესტო ჩე გევარას „პარტიზანული ომით” დაწყებული და სხვადასხვა ინტერნეტრესურსით დამთავრებული. ზოგმა იარაღის ხმარების წესები დადო, ზოგმა მოლოტოვის კოქტეილის დამზადება გვასწავლა, ზოგმა – ეს, ზოგმა – ის… დილისკენ კი ერთ რამეზე ჩავფიქრდი: იქნებ ისინიც ასე იწყებდნენ, აი, ისინი, 90-იანებში, მერე ერთმანეთს რომ ესროდნენ, საძმოები – ამის საძმოები, იმის საძმოები, ასეთები, ისეთები, რა ვიცი, როგორი კოორდინაცია და როგორი კეთილშობილი მიზნები ჰქონდათ დასაწყისში და როგორ გაირყვნა მერე სიტუაცია, როგორ გარყვნა ომმა თითოეული მათგანი და ყველა ერთად. მერე დავფიქრდი, დილისკენ, როცა ღამის პარტიზანული სამზადისით დაღლილებს ჩვენ-ჩვენს ფუმფულა ლოგინებში ტკბილად ჩაგვეძინა – ვინ იცის, რომ დაგვცლოდა ეს პარტიზანობანა, სადამდე მივიდოდით, რაში გადაიზრდებოდა ჩვენი სასოწარკვეთილი ისტერია, თან ომიც თუ გაგრძელდებოდა, თან ჩვენც თუ უფრო მეტად შევიდოდით ეშხში, არადა ჩვენ მხოლოდ სამშობლოს დაცვა გვინდოდა, თუნდაც შიშველი ხელებით, ისე, როგორც ვიცოდით, ისე, როგორც შეგვეძლო..

მეორე დილით მეგრელამ მომწერა:
– ბიჭო, მოხალისედ უნდა ჩავეწერო.
– და ეს დაჯგუფება?
– ჰო, მარა სანამ შემოვლენ რა… თან, მგონი, არ გამოვა…
– ჰო, მგონი სისულელეა…
– ჰო, რა…
– ჰო, მეც ჩავეწერები მოხალისედ, მარა იძახიან, არ იღებენ მოხალისეებსო…
– რავი, ვცადოთ რა…
– კაი, ვცადოთ…
მეგრელა ჩაეწერა, როგორც მახსოვს. მე არ მივსულვარ. მოხალისედ ჩაწერაც მხოლოდ უსუსურობის შეგრძნების დროებითი დაოკება და თავის მოტყუება იქნებოდა. სინამდვილეში ამის შემდეგაც ისეთივე უსუსური დავრჩებოდი, როგორიც ისედაც დავრჩი იაჰუ მესენჯერში თეთრი დათვის ჩექმის წინაშე მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი