„ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური ნივთების, არამედ ადამიანურ ფასეულობათა გაცემაა… გაღება თავისთავად მძაფრი სიხარულია. გაცემისას ადამიანს არ შეუძლია, გვერდი აუაროს სიახლის შეტანას სხვის ცხოვრებაში და შემდგომ, რასაც იგი წარმოშობს, მასზევე აირეკლება… გაცემის ქმედებაში რაღაც იბადება და ორივე ადამიანი მადლიერია იმ სიახლისა, რომელიც მათთვის იშვა“.
ერიხ ფრომი, „სიყვარულის ხელოვნება“
ამერიკელი ფსიქოლოგის, ერიხ ფრომის, ეს მოსაზრება ზუსტად განსაზღვრავს სტატიის მოტივს. ბავშვთან ურთიერთობისას მშობელი/აღმზრდელი მუდმივად გასცემს და უკან უფრო მეტი უბრუნდება. გაცემის უნარს განვითარება სჭირდება. გიზიარებთ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რას ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ ჩემი, როგორც მშობელ-აღმზრდელის თვალთახედვით, ზაფხულის დღეებში და ვისურვებდი, ჩემ მიერ აკინძულმა კოლაჟმა მკითხველს ქმედებისკენ უბიძგოს.
რებეკა პირსონი
ამერიკული სერიალი „ეს ჩვენ ვართ“ ოჯახური დრამაა. სერიალის გადაღება 2016 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა. ცოლ-ქმარ პირსონებისა და მათი სამი შვილის ცხოვრება სხვადასხვა ჭრილში ვითარდება. სცენარი თემატიკის მრავალფეროვნებით გამოირჩევა: შვილად აყვანა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, რასობრივი დისკრიმინაცია, ჭარბწონიანობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდა, ალცჰაიმერი.
ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებულია ოჯახურ ფასეულობებსა და ბავშვობის მნიშვნელობაზე. რებეკასა და ჯეკის სამი ტყუპიდან ერთი მშობიარობისას გარდაიცვლება. იმავე დღეს სამშობიაროში მიიყვანენ შავკანიან ბიჭს, რომელსაც პირსონები იშვილებენ. რენდალის, შავკანიანი ბიჭის, პიროვნული განვითარების გზა თეთრკანიან მშობლებსა და და-ძმასთან არ აღმოჩნდება მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ პირსონების წყვილი ძალისხმევას არ იშურებს და ყურადღების თანაბრად განაწილებას ცდილობს.
ამ სერიალის მთავარი პერსონაჟი რებეკა პირსონია, რომელსაც მთელი ცხოვრება დედის, ცოლისა და შემდეგ უკვე ბებიის როლი ჰქონდა მორგებული. ჩემთვის მეექვსე სეზონის მეათე სერია განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. რენდალი უკვე ზრდასრული მამაკაცია. ერთ დღეს დედასთან ერთად ატარებს. კაფეში სადილობისას შაქრის პატარა პაკეტებისგან რენდალი თეფშზე სახლის აგებას ცდილობს, რაც რებეკას მოგონებებს გაუღვიძებს:
„ეს ითენ-პარკში იყო, პირველად რომ შევამჩნიე, ამას როგორ აკეთებდი. ის ზაფხული სკოლის კლუბის წიგნის კითხვაში გავატარეთ. გინდოდა, კლასში ყველასთვის გეჯობნა და სიაში ყველა წიგნი წაგეკითხა. ყოველღამე მისაღებში ტახტზე ვისხედით, ერთად ვკითხულობდით. კევინი, ქეითი და მამა ტელევიზორს უყურებდნენ. ზაფხულობით, ყოველ პარასკევს, ბიბლიოთეკაში მის გახსნამდე მივდიოდით და დაკეტვამდე ვჩერდებოდით. მერე ითენ-პარკში მივდიოდით მხოლოდ ჩვენ ორნი. საყვარელი ნაწილი ღიმილიანი ორცხობილას ჭამა იყო“.
რებეკას მონოლოგმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. სასკოლო პროექტებში ერთვებოდა, პატარ-პატარა რიტუალებს იგონებდა მხოლოდ ორისთვის და მრავალი წლის შემდეგ ამ ყველაფერს საჭირო დროს დიდი სიყვარულით იხსენებდა.
შვილთან ერთად წიგნის კითხვა გამქრალ დროში დროის კაფსულებს ქმნის. რებეკას და რენდალის ამბავმა ჩემი და ჩემი ბიჭის უბნის ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა გამახსენა. გაბრიელმა ბიბლიოთეკიდან „თბილისის ისტორიის“ ილუსტრირებული წიგნი გამოიტანა და საზაფხულო საკითხავად ვაქციეთ. ამ წიგნიდან გავიგეთ IV საუკუნით დათარიღებული რომალეთა საგზაო რუკის – Tabula Peutingeriana-ს – შესახებ, რომელზეც თბილისი დატანილია „ფილადოს“ სახელით. საყვარელი ტკბილეულის საჭმელად წასვლის რიტუალიც გვაქვს. და ზუსტად ვიცი, რას შეარჩევს – შოკოლადისა და ბანანის ნაყინის ბურთულებს ვაფლით.
სერიალს ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურებდი, უმეტესად, ჭურჭლის რეცხვისას ან სადილის მზადებისას. ლეპტოპის კლავიატურას ჩაის ტილოს გადავაფარებდი ხოლმე და წყლის ჩხრიალისა თუ ბავშვების ყაყანის ფონზე პირსონების ოჯახურ ამბებში ვმოგზაურობდი. ერთ ასეთ მომენტში ჩემი უფროსი გოგონა მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან მოსწონს საყვარელი სერიალი რომ მაქვს. სხვა ყველა ამბავთან ერთად ეს შემთხვევა ძალიან ძვირფასია, რადგან მშობლების გატაცებების აუცილებლობაში დამარწმუნა.
ენი და მონათესავე სულების ძიება
ლ.მ. მონტგომერის წიგნი „ენი „მწვანე მეზონინებიდან“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2022წ.) 1908 წელს დაიწერა და დაუჯერებელია ასწლიანი სიშორე, იმდენად თანამედროვე და ცოცხალი ტექსტია.
წითურთმიან, ჭორფლებიან, სიცოცხლეზე შეყვარებულ 12 წლის ობოლ გოგონას და-ძმა, მარილა და მეთიუ იშვილებენ. თავდაპირველად ოჯახისთვის ენი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება, რადგან ობოლთა თავშესაფრიდან ბიჭის ნაცვლად შეცდომით გოგონას გამოგზავნიან. ენის მწვანემეზონინებიან სახლში მაინც ტოვებენ და მალევე მიხვდებიან, რომ დიდი შეცდომა წყალობად იქცა.
შვილად აყვანის პროცესი ფაქიზი, რთული და საპასუხისმგებლოა. ვისურვებდი, ყველა მშობელსა და აღმზრდელს წაეკითხა წიგნი, რომელიც კითხვებითა და ეჭვებით სავსე გზას შუქურასავით ანათებს. თუკი რომელიმე ბავშვს კვლავ უმალავენ ვინაობას, წიგნი მკითხველს სიმართლის გამხელის საჭიროებასა და აუცილებლობაში დაარწმუნებს. მთავარი პერსონაჟი, ენი, მონათესავე სულების გაცნობაზე ოცნებობს. შეიძლება, ცხოვრებამ ისე ჩაიქროლოს, შვილისთვის მონათესავე სულად ვერ იქცე და, პირიქით, აღზრდის პასუხისმგებლობა იტვირთო და თქვენში ბავშვმა მონათესავე სული იპოვოს. ამ პრობლემის გასააზრებლად ენისთან ერთად მეთიუ უნდა გაიცნოთ. სიტყვაძუნწი, მორცხვი, მარტოსული მამაკაცის მთავარ ღირსებად ენი მგრძნობიარობას, ნდობასა და მოსმენის უნარს მიიჩნევს.
„თანაგრძნობით არის სავსე, სულაც არ ანაღვლებს, რამდენს ვლაპარაკობ – თითქოს, მოსწონს კიდეც. დავინახე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, ჩემი მონათესავე სული რომ იყო“, – ამგვარად აფასებს ენი მეთიუს.
მარილას და მეთიუს აღზრდის სტილი რამდენადაც განსხვავებულია, იმდენად ერთმანეთის შემავსებელია. ისინი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ზრუნავენ გოგონაზე, რაც კეთილი ძალებით ავსებს მკითხველს და სურვილი გიჩნდება მეთიუს მსგავსად ბავშვებმა მონათესავე სულად მიგიჩნიონ.
როგორ ვიყენებთ სიტყვებს?
ზამთრის ერთ გრძელ დღეს თურქეთის აეროპორტში 70 წლის მეღფრიდი გავიცანი. ღია კაფეში იჯდა და წერდა. კაცი, რომელიც პოეტი მეგონა, გერმანელი აღმოჩნდა, ბათუმში მიფრინავდა და ქართულს სწავლობდა. ასე უცნაურად გადაიკვეთა ჭაღარათმიანი მოგზაურისა და ქართულის მასწავლებლის გზა იქ, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი იყრის თავს. მაგიდაზე ჰაიმ ჯ. ჯინოტის წიგნი „მშობელსა და შვილს შორის“ მედო, მეღფრიდმა მითხრა, რომ ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა. მაშინ ვიფიქრე, ქართველმა მშობლებმა ამ წიგნის წაკითხვა ძალიან დავაგვიანეთ-მეთქი.
„მშობელსა და შვილს შორის“ 1965 წელს გამოიცა. ავტორი მიმოიხილავს აღზრდის სხვადასხვა ასპექტს. წამოჭრილი პრობლემები თანამედროვე სამყაროსთვის გაუხუნარია და ქართველი მშობლებისთვის ბევრი საკითხი კვლავ მწვავედ დგას.
წიგნის დასაწყისში ჰაიმ ჯ. ჯინოტი წარმოსახვით სიტუაციას გვთავაზობს. სტუმარს ქოლგა რომ რჩება თქვენთან, დაბდურას და დაუდევარს უწოდებთ თუ თავაზიანად ეუბნებით, რომ ქოლგა დაგრჩათო. ავტორი სწორედ ამგვარი პატივისცემის გამომჟღავნებისკენ მოუწოდებს მშობლებს.
ყველა მშობელს თავისი უნიკალური აღზრდის მეთოდი აქვს. წიგნის მთავარი გზავნილები და შეხედულებები ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, თუმცა, სათქმელის ზუსტი ფორმულირებების მიგნებამ მადლიერებით ამავსო.
- „ჰამბურგერისა თუ პიცის ან რაიმე სხვა კერძის ჭამასთან ერთად თუ ბავშვი მშობლის ყურადღებას იგრძნობს, მას გულს ადვილად გადაუშლის და ის დღე არასდროს დაავიწყდება“.
- „ზედმეტად სიტყვაგრძელი მშობლები სუსტი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, არადა, მათგან ძალა უნდა მოდიოდეს“.
- „ბავშვთა ფსიქოლოგებმა გაგვანათლეს, თუ რაოდენ დამანგრეველი ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანისთვის მის უბედურ ბავშვობას და ჩვენც ყველაზე მეტად იმის გვეშინია, ჩვენი შვილები არ გავაუბედუროთ“.
- „მშობლის მიერ შვილის გაკრიტიკება სრულიად ფუჭი განზრახვაა. იგი ბრაზსა და წყენას იწვევს. უარესიც – ბავშვები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ, საკუთარი თავისა და სხვების გაკრიტიკებას ეჩვევიან. ისინი საკუთარ მნიშვნელობაში ეჭვის შეტანას იწყებენ და ვეღარც სხვების დაფასებას ახერხებენ“.
- „სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს და ენერგიით დამუხტოს ადამიანი, ან დააშინოს და გაანადგუროს იგი“.
ხუთი მთავარი გზავნილი მოკლედ რომ შევაჯამო და ქმედებას დავუკავშირო, ამგვარი რამ გამოვა: დროის ნაყოფიერად გატარება, ბავშვობის დღეების სინათლით შევსება და საუბრისას ტონის შერჩევა. როგორი ტონით ველაპარაკებით ბავშვებს და რას ვეუბნებით – ამ კითხვებზე ფიქრი გამომაყოლა წიგნმა და ემოციური ბალანსის რეგულირებისთვის ყოველდღიური პრაქტიკისკენ მიბიძგა.
(ამ წიგნის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ შორენა ტყეშელაშვილის სტატიაში)
„პრინცესა მონონოკე“ – ჰაიაო მიაძაკი
იაპონელი ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის, ანიმეები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. შეიძლება ითქვას, ჩემი შვილები მიაძაკის ანიმეებთან ერთად გავზარდე. „პრინცესა მონონოკე“ ამ ზაფხულის აღმოჩენად გვექცა.
ანიმაციის სიუჟეტი იაპონურ მითოსზეა აგებული. მთავარი პერსონაჟი, აშიტაკა, დემონჩასახლებულ ტახს მოკლავს, რის გამოც დაიწყევლება და სოფლიდან გამრუდებული ბედისწერის დასამარცხებლად მიდის.
აშიტაკას კეთილშობილება ყველაფერზე აისახება – გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, საქციელზე, მისი ლოსიც კი შეგიყვარდებათ. ვფიქრობ, მიაძაკის პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი სრულყოფილი და ყველაზე მითური ბიჭია. ერთი კადრია – ლოსი იაკული აშიტაკას ტყეში მიაქროლებს, რქებით ტოტებს მიარღვევს, ნაფლეთებად ქცეული ფოთლები რქებზე ებნევა და ამ ფონზე აშიტაკას დიდი, კეთილი თვალები კადრს ფონად მიჰყვება. მხატვრული ესთეტიზმით გაჯერებულ ანიმეში მუდმივად იბრძვიან სამყაროში დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად.
პრინცესა მონონოკე თეთრ მგელზე ამხედრებული მოზარდი გოგოა. მისი გული ადამიანებისადმი სიძულვილით არის სავსე, რადგან ადამიანები ტყეს ჩეხენ, იარაღს ამზადებენ და ბუნებაში სიკვდილი შემოაქვთ.
„პრინცესა მონონოკე“ თქვენს გულს შთაგონებით აავსებს და შვილებთან საინტერესო საუბრის საშუალებას მოგცემთ. მე და ჩემს შვილებს ლიტერატურული პარალელები ამოგვიტივტივდა. ერთ-ერთმა ეპიზოდმა ჩვენი საყვარელი ქართული ხალხური ზღაპრის გმირი, უხეიროც, კი გაგვახსენა.
ფრაზების დღიური
ერთ მშვენიერ დღეს შვილები იმდენად დიდები ხდებიან, რომ მათი ფრაზების ჩასაწერად დღიურისკენ აღარ გავრბივართ. „სანამ დროა!“ – ვუმეორებ საკუთარ თავს და უკვე ხუთი წელია ერთ დღიურში ვიწერ უცნაურ, სასაცილო, ბავშვური გულწრფელობითა და გაკვირვებით სავსე წინადადებებს.
თავიდან დღიურში მხოლოდ ორი ხმა ისმის, შემდეგ მესამე შვილის ფრაზებიც ჩნდება. ამას წინათ პირველად გაიგეს ხისყდიანი დღიურის შესახებ. ხმამაღლა ვუკითხავდი ჩანაწერებს და საკუთარ თავებს სხვაგვარად ხედავდნენ. იმდენად გაუხარდათ, კიდევ უფრო მეტი შემართებით განვაგრძე დღიურის ფრაზებით შევსება. ერთ-ერთი ჩანაწერი ამგვარია:
„17 ივნისი, 2022 წელი
ჭურჭელს ვრეცხავ, თან სერიალს „This is us“ ვუყურებდი, ლეპტოპის კლავიატურაზე ჩაის ტილო მაქვს გადაფარებული და ამ დროს მარნეულიდან რეკავს გაბრიელი:
– დედა! – ისე მითხრა, მის ხმაში ახალი ამბავი დავიჭირე.
– ხო, გაბო!
– კუ ვიპოვეთ!“
გული მადლიერებით ამევსო იმის გააზრებისას, 9 წლის ბიჭმა მყისიერად რომ გამიზიარა აღმოჩენის სიხარული. ვიცი, დრო გავა და კუს პოვნა დიდი სიხარულის მომტანი აღარ იქნება, ჩემი ხისყდიანი დღიური კი ჩვენი სიახლოვისა და ამბების ნამდვილ საგანძურად შემოგვრჩება.
მაჰალია ჯეკსონი
როგორი მუსიკა მოგწონს? – ხშირად მეკითხებიან ჩემი შვილები. ამ ზამთარს შტუტგარტის ოპერაში პროკოფიევის ოპერას დავესწარი. ბილეთები თბილისში შევიძინე და ერთი სული მქონდა, როდის ვესტუმრებოდი უცხო ქალაქში ოპერას. შინ დაბრუნებისას ნეონის ნათურებით აციმციმებულ „ეშმაკის ბორბალთან“ ჩავიარე და ზუსტად იმ დროს ხმის გამაძლიერებლიდან გამომავალმა რეპის ხმამ ადგილს მიმაჯაჭვა. „ეს არის ჩემი იდენტობა!“ – გავიფიქრე და გამიხარდა. ოპერაში თავს უცხოდ ვგრძნობდი. ჩემი მშობლიური ქალაქიდან ძალიან შორს, ღამით ქუჩაში მარტოდ მყოფს ემინემის ხმა ახლობელი ადამიანივით მამხნევებდა. საქმე ის არის, რომ ათი წლისას ჩემი ძმის მეგობარმა 2Pac-ის რეპი გამაცნო და ახლაც ყველაზე დიდ მიჯაჭვულობას მუსიკის ამ ჟანრთან ვგრძნობ.
მუსიკისა და ლიტერატურის სამყაროში გზის გაკვალვა ერთმანეთს ჰგავს. მუსიკის ძიება ახლაც გრძელდება. მშობლების ამგვარ მაძიებლობას შვილებიც რომ ხედავენ, მათთვისაც პირად მაგალითად იქცევა.
მაჰალია ჯექსონს გოსპელის დედოფალს უწოდებენ და ის ზაირა არსენიშვილმა მაპოვნინა. გოსპელი საეკლესიო სიმღერების ჟანრია, რომელსაც ფერადკანიანმა ადამიანებმა რიტმი და იმპროვიზაციული ელემენტები შემატეს. ზამთარში ვკითხულობდი რომანს „კოლაჟი მთვარის შუქზე“. ერთი ეპიზოდია, თიკო ბატონ შალვას მაჰალია ჯექსონის სიმღერებს მოასმენინებს. მაჰალია ჯექსონის მგრძნობიარობა ბატონ შალვას გაქცევისკენ უბიძგებს.
შემდეგ რებეკა პირსონი ახსენებს ამ მომღერალს და ჩემთვის თანდათან უფრო ახლობელი ხდება ღვთის სიყვარულით გასხივოსნებული ნიუორლეანელი მომღერალი, რომელიც ჩემს შვილებსაც შევაყვარე.
სტატიისთვის მისი მრავალფეროვანი რეპერტუარიდან „Summertime“ შევარჩიე. მელოდია და მაჰალიას ხმა გულში მწუხრის სევდასავით იჭრება. სიმღერას ულამაზესი ტექსტი აქვს – ადრესატი პატარა ბავშვია. ზაფხულში თევზები წყლიდან ხტებიან, ბამბა ცას სწვდება, მამა მდიდარია, დედა – მშვენიერი და სამყაროს ჰარმონიის ფონზე მომღერალი პატარა ბავშვს მიმართავს, ნუ ტირი, პატარავ, დედ-მამა შენთან დგანანო. „ზოგჯერ მე უდედო ბავშვად ვგრძნობ თავს“ – ეს ფრაზა რეფრენად მიჰყვება სიმღერას და მაჰალიას ბიოგრაფიის გაცნობისას მივხვდი, რომ მომღერალი ამ სიმღერას საკუთარ თავს უმღერის. მაჰალიას 5 წლისას გარდაეცვალა დედა და იმ ბავშვს მიმართავს უზარმაზარი სევდითა და თანაგრძნობით გამსჭვალული ფრაზით.
რატომღაც ისე გამოვიდა, რომ სტატიას მაჰალია ჯექსონის ზაფხულის სიმღერასავით დიდი სევდა გასდევს. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ შვილები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან. დრო კი მიქრის. ახლა ზაფხულია. ციცინათელები აღარ ჩანან, მაგრამ მშობლებისა და შვილების თავგადასავლებისთვის ჯერ კიდევ გვიან ღამდება. ამიტომ სანამ დროა, შვილებისთვის და შვილებთან ერთად იცეკვეთ, იკითხეთ, ისეირნეთ, მუსიკას მოუსმინეთ, ისაუბრეთ, წვრილმანებით გაიხარეთ და წიგნებით, ფილმებით, მუსიკით, ანიმაციებით თქვენი პირადი დროის კაფსულები შექმენით.