სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

 უბნის ბიბლიოთეკის როლი

წიგნიერების დონის განმსაზღვრელი კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ბავშვებს გაწაფული კითხვა, ტექსტის გაგება-გააზრება უჭირთ და, შესაბამისად, მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ,  საქართველოში ბავშვების უმეტესობას შინ საბავშვო წიგნები არ აქვთ. ეს ყოველივე კი კითხვისადმი ინტერესს აფერხებს. დაბალი სოციალური პირობები პირდაპირ აისახება წიგნიერების დონეზე, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს. ვფიქრობ, თითოეული მასწავლებლის უმთავრეს მიზნად უნდა იქცეს არსებული რეალობის მიღება და მასზე მორგება უკეთესი პირობების შექმნის დაუღალავი მცდელობით.

რა შემიძლია ერთ მასწავლებელს? – ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელიც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას განსაზღვრავს. მკაცრი რეალობის გააზრება ქმედებისკენ მიბიძგებს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უწყობს ხელს სკოლაში არაფორმალური სწავლების დანერგვა კითხვის პოპულარიზაციას, გადავწყვიტე, უბნის ბიბლიოთეკის როლზე გამემახვილებინა ყურადღება და მოსწავლეთა წიგნთა წვდომისა და კითხვისადმი ინტერესის აღძვრისთვის ბიბლიოთეკაში სტუმრობა დავგეგმე.

ბიბლიოთეკის მიმართ საზოგადოების ინტერესი თანდათან ნელდება, რასაც განაპირობებს სხვადასხვა მიზეზი:  მოძველებული ინფრასტრუქტურა, კითხვისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ქალაქში მულტიფუნქციური მედიათეკების გამოჩენა, სადაც მკითხველს კომფორტული გარემო აქვს შექმნილი, თუმცა, ბიბლიოთეკისადმი სასკოლო თემის განწყობის შეცვლა მასწავლებლის მიერ სწორად დაგეგმილ აქტივობებს  შეუძლია.

ჩვენი უბნის ბიბლიოთეკა საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაშია განთავსებული. ცისფრად შეღებილი ბაღი მაღალ წიწვოვან ხეებშია ჩამალული და კორპუსების აივნებიდან თვალს ანდამატივით იზიდავს.

სკოლიდან უბნის ბიბლიოთეკამდე მისასვლელად მე და ჩემს მოსწავლეებს რამდენიმე წუთი გვჭირდება. გზად ულამაზესი სკვერი უნდა გადავკვეთოთ, სადაც შესასვლელ ბილეთებს ავსებენ. ზოგი გრძელ სკამზე ზის, ზოგი ტრენაჟორზე დგას, ზოგიც სასრიალოზე მოთავსდება ხოლმე და მთელი გულმოდგინებით წერენ. თუ კიდევ უფრო შევამოკლებთ გზას და სადარბაზოს გავლით გადავწყვეტთ ბიბლიოთეკაში წასვლას, ინგლისურის მასწავლებლის სახლს ყიჟინით მაჩვენებენ. ერთხელ გაგვიწვიმდა კიდეც და თავქუდმოგლეჯილები მივრბოდით თავსხმა წვიმაში. მშობლებიც ხშირად გვხვდებიან და ზოგჯერ ბიბლიოთეკაში უფროსი და-ძმებიც  მოგვყვებიან. ერთხელ კი შავი ძაღლი აგვეტორღიალა, ჯერ ზღაპარ „ლერწმის ქალის“ შესახებ ჩემს საუბარს ისმენდა, მერე კი ბიბლიოთეკის რკინის კიბეზე ამოცუხცუხდა, ბიბლიოთეკის კარამდე მიგვაცილა და უკან გაბრუნდა. ღია ფანჯრებიდან ღობეზე  ჩამოსკუპებული შაშვიც შეგვინიშნავს და ცაცხვის აყვავებული ყვავილების სურნელსაც ხარბად ვყლაპავთ.

ეს პატარ-პატარა დეტალები დღეებს აგრძელებენ და დაუვიწყარს ხდიან. საკლასო ოთახის ერთფეროვან გარემოს ახალი ამბებით ავსებენ. პარალელურად, წიგნისადმი კითხვის სურვილი უჩნდებათ და  მოქალაქეობრივ ღირებულებებსაც სწავლობენ.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების (9-12 წელი) უბნის ბიბლიოთეკაში ტურისთვის გთავაზობთ სამოქმედო ჩარჩოს:

ბიბლიოთეკაში წასვლამდე

  • ჩაატარეთ გამოკითხვა – მოსწავლეებს შეავსებინეთ კითხვარი, რომელიც აგებული იქნება თითოეული კლასისთვის შესაბამისი კითხვებით, მაგალითად, მესამეკლასელებისთვის ამგვარი კითხვარი შევადგინე:

 

  1. ჩამოთვალე, რომელი წიგნები გაქვს სახლში:
  2. პირველად რომელი წიგნი წაიკითხე დამოუკიდებლად?
  3. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოგაქვს წიგნები?
  4. უბნის ბიბლიოთეკაში ყოფილხარ?
  5. რომელია შენი საყვარელი წიგნი?
  6. როგორი წიგნების წაკითხვა გსიამოვნებს?
  7. წიგნის მაღაზიაში შენი სურვილით თუ გიყიდია წიგნი?
  8. სად ყიდულობ წიგნებს?
  9. ვინ გყიდულობს წიგნებს?

კითხვარის ანალიზი თქვენს მიზანს მკაფიოს გახდის და მიხვდებით, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება;

  • დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გააფრთხილეთ სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი და უბნის ბიბლიოთეკის დირექტორი. ეფექტური კომუნიკაცია სამუშაო პროცესს აადვილებს. ჩართეთ მოსწავლეების დაგეგმვის პროცესში და თანამშრომლობითი უნარების გამომუშავების საშუალება მიეცით. შესაძლოა, მთელმა კლასმა სკოლის დირექტორის სახელზე განცხადება დაწეროს და წასვლის ნებართვა ითხოვოს. ამგვარი წერითი აქტივობისას საქმიანი წერილის დაწერასაც ისწავლიან და პასუხისმგებლობასაც იგრძნობენ;
  • დაუსვით რამდენიმე კითხვა, რომლებიც ცნობისმოყვარეობას გააღვივებს: რა გამოცდილება გაკავშირებთ ბიბლიოთეკასთან? როგორია თქვენი მოგონებები ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების შესახებ? რომელი წიგნი ან ფილმი გახსენდებათ, სადაც მოქმედება ბიბლიოთეკაში ვითარდება? – თითოეულ კითხვაზე თავადაც უპასუხეთ. ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული თქვენი პირადი გამოცდილება მათ განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
  • გააცანით მსოფლიოს უძველესი და თანამედროვე ბიბლიოთეკები;
  • გონებრივი იერიშის გამოყენებით გაიგეთ, რა ახსენდებათ სიტყვა „ბიბლიოთეკის“ ირგვლივ;
  • ასოციაციური რუკა გადაიტანეთ ფორმატზე და კლასში გამოაკარით. ბიბლიოთეკაში სტუმრობის შემდეგ კი ახალი სიტყვები დაამატეთ;
  • შეავსებინეთ შესასვლელი ბილეთები, რაც მოსწავლეთა მოლოდინების გამოკვლევის საშუალებას მოგცემთ;
  • რამდენიმე დღით ადრე ბიბლიოთეკიდან თავად გამოიტანეთ წიგნი და უამბეთ მის შესახებ. ამგვარად კიდევ უფრო მეტად აღიქვამენ ბიბლიოთეკის დანიშნულებას და მასწავლებლისთვის, როგორც როლური მოდელისთვის, მიბაძვის სურვილი გაუჩნდებათ;
  • მოსწავლეებს წინასწარ სთხოვეთ სკოლის ბარათების წამოღება, ბიბლიოთეკაში დარეგისტრირება რომ შეძლონ და დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გააფრთხილეთ მშობლები.

ბიბლიოთეკაში

  • ბიბლიოთეკის თანამშრომლებს (დირექტორს, ბიბლიოთეკარებს) ჰკითხეთ ბიბლიოთეკის დაარსების, დანიშნულების, აქტიური მკითხველების, წიგნების რაოდენობის შესახებ;
  • დაათვალიერებინეთ გარემო: წიგნის თაროები, მკითხველთა დარბაზი, საბავშვო კუთხე, საკითხავი ლიტერატურა, წიგნის მოძიებისთვის დამხმარე უჯრები, ფორმულარები, საგამოფენო სტენდები, დააკვირდით კითხვისთვის ხელშემწყობ გარემოს;
  • გამართეთ სახალისო თამაში – „გამოიცანი წიგნი“, რომლის ინსტრუქცია ამგვარია: მოსწავლეებს ვთხოვთ თვალების დახუჭვას, თაროდან ვირჩევთ მათთვის ნაცნობ წიგნს, გაზეთში ვახვევთ და შეკითხვებს იმგვარად ვსვამთ, რომ ავტორის ან სათაურის გამოცნობა შეძლონ;
  • შეავსებინეთ გასასვლელი ბილეთები და დააკვირდით, როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ. ბილეთების ანალიზი შემდეგი გაკვეთილის მიზანსაც გვიკარნახებს;
  • დაეხმარეთ დარეგისტრირებასა და საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.

 

საშინაო დავალება – წერილი პარალელურკლასელს

  • მოიფიქრეთ საინტერესო საშინაო დავალება და ინსტრუქციას შეხვედრის ბოლოს გააცანით. ერთ-ერთი ვიზიტისას მეხუთეკლასელებთან ერთად ბიბლიოთეკის დირექტორს ვთხოვე ჩვენთვის ეჩვენებინა რომელიმე მოსწავლის ფორმულარი. ამგვარად გავიცანით ანა პარალელური კლასიდან. ჩამოთვლილმა წიგნების ავტორებმა და სათაურებმა მიგვახვედრა, რომ კარგ მკითხველთან გვქონდა საქმე. ანას ფორმულარში ბოლოს გატანილი წიგნის სათაურად „ვეფხისტყაოსანი“ ამოვიკითხეთ. სწორედ მაშინ მომაფიქრდა პირადი წერილის ქარგა, რომელიც რვეულებში ჩაინიშნეს და საშინაო დავალებად ანას პირადი წერილი მისწერეს.

წერილის ქარგა ამგვარი იყო:

  • მიესალმე;
  • გააცანი შენი თავი;
  • უამბე ბიბლიოთეკაში სტუმრობის შესახებ;
  • გაუზიარე შენი საყვარელი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“;
  • ურჩიე ერთი წიგნი, ფილმი ან მულტფილმი;
  • მისწერე, რა ხდება ახლა კლასში;
  • დაუსვი შეკითხვა;
  • დაემშვიდობე.

ამონარიდები ბლოგზე – ციფრული წიგნიერება

პირადი წერილებიდან, რომლებიც ანას მისწერეს, ვთხოვე, შეერჩიათ ერთი წინადადება, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდათ საკუთარი ნაწერიდან და სკოლის ბლოგზე ერთ წერილად ავკინძეთ. ამგვარად, ერთმანეთსაც გაუზიარეს საკუთარი ნაშრომები და თან ყველაფერი, რაც ანას მისწერეს, არ გაამჟღავნეს. ლამაზი და მნიშვნელოვანი წინადადებაც გამოარჩიეს. კლასის წინადადებების კოქტეილი იხილეთ სკოლის ბლოგზე.

წერილის გადაცემა

მოგროვებულ წერილებს ხელი მოვხვიეთ და ანას კლასს მივაკითხეთ. მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ოცზე მეტი წერილის ადრესატად რომ იქცა. ჩვენი ჩანაფიქრიც სწორედ მისთვის მოულოდნელი სიხარულის ჩუქება იყო. კეთილგანწყობის გამოხატვისა და ურთიერთგაცნობის პარალელურად, ბავშვებმა წერილის წერისას საპროგრამო მასალისა და წაკითხული ლიტერატურის შესახებ ცოდნა გამოავლინეს და თავი გაართვეს რამდენიმესაფეხურიან ინსტრუქციას.

 თქვენთან წერილია

რამდენიმე კვირის შემდეგ მეხუთე კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად შესულს დამრიგებელმა გვახარა, თქვენთა წერილიაო. ანამ მთელ კლასს საპასუხო წერილი მოსწერა და საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა. ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ, როგორ გვაპოვნინა ბიბლიოთეკის ფორმულარმა ანა და როგორი საინტერესო ურთიერთობა გავაბით პირადი წერილების დახმარებით. 

ბიბლიოთეკაში გამართული ლიტერატურული კაფე

ბიბლიოთეკა არაჩვეულებრივი გარემოა არაფორმალური შეხვედრების მოსაწყობად. მეხუთე კლასის ერთ-ერთი ლიტერატურული კაფე სწორედ ბიბლიოთეკაში გავმართეთ. სტუმრად მოვიწვიეთ მშობლები და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მათთან ერთად და-ძმები და მეგობრები გვესტუმრნენ. ბავშვებს საკუთარი ხელით მოხატული მაისურები ეცვათ და ამგვარად აცნობდნენ აუდიტორიას წაკითხული წიგნის პერსონაჟებს, სათაურს, საკვანძო ეპიზოდს. ეს დღე გამორჩეული იმითაც იყო, რომ ბიბლიოთეკაში ერთ 10 წლის ბიჭს დაიკომ მოაკითხა, თან თეთრი პუდელი მოიყვანა და საყვარელი წიგნებიც გაგვაცნო.

ბიბლიოთეკა, როგორც სასკოლო თემის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო

უბნის ბიბლიოთეკაში სტუმრობას ერთჯერადი ხასიათი რომ არ ჰქონდეს ამისთვის მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო. სხვადასხვა მიზნით ბიბლიოთეკის როლის წარმოჩენა მისდამი ინტერესს აღვივებს, მაგალითად, სემესტრის ბოლოს გამართული ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვისთვის დამზადებული აფიშებიდან ერთ-ერთი ბიბლიოთეკის კარზე გამოვაკარით და შემდეგ ბავშვები სიხარულით აღნიშნავდნენ, რომ ბიბლიოთეკაშიც ნახეს აფიშა.

საზოგადოების აღიარება – ბიბლიოთეკის დირექტორისა და საუკეთესო მკითხველის დაჯილდოება

ბიბლიოთეკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულ პერსონალის პროფესიონალიზმს. მათი დახმარებისა და კეთილგანწყობის გარეშე ბიბლიოთეკის სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირება გამიჭირდებოდა. დაგეგმილი აქტივობის შესახებ წინასწარ ვუთანხმდები ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელიც მუდამ მზად არის ჩვენი ხელშეწყობისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული იყო, როდესაც, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს შორის ჩვენი უბნის, 24-ე ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ ნუნუს, სამახსოვრო დიპლომი და წიგნები გადასცეს. წლის საუკეთესო მკითხველის სტატუსი კი, ფორმულარის მიხედვით, ჩემმა მეხუთეკლასელმა გოგონამ, მარიამმა, დაიმსახურა.

ბიბლიოთეკის როლი ბავშვის წიგნთან წვდომის მხარდაჭერისას

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ბავშვების უმეტესობას სახლში საბავშვო წიგნების მცირე რაოდენობა აქვს, რაც მათი კითხვის უნარების განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ბიბლიოთეკის როლის გააქტიურება და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირება კითხვისადმი ინტერესს გაზრდის. ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით, მოსწავლეები დიდი ხალისით იწყებენ ბიბლიოთეკასთან ურთიერთობას. მთავარია, საწყის ეტაპზე მასწავლებლებმა გავაცნოთ ბიბლიოთეკა, ვესაუბროთ ქცევის წესებზე,  წიგნის მოფრთხილებისა და უკან დაბრუნების მნიშვნელობაზე. ბიბლიოთეკისა და სასკოლო ცხოვრების დამაკავშირებელი პროექტების მოფიქრებითა და მთელი წლის განმავლობაში  დაგეგმილი აქტივობების მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედებით წიგნიერების დონის ამაღლებას შევუწყობთ ხელს.

გასასვლელი ბილეთები

გასასვლელი ბილეთები საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რა დაამახსოვრდათ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას, რა იყო მათთვის მძაფრი შთაბეჭდილება, რომელი აქტივობა მოეწონათ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და როგორი კითხვები ებადებათ.

გთავაზობთ ამონარიდებს გასასვლელი ბილეთებიდან:

3 რამ, რაც მესამეკლასელებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ:

მასწავლებელი რომ გვათამაშებდა წიგნობანას. სათაურების გამოცნობანა. ერთი წიგნის სათაური „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“. სელფები გადავიღეთ. გზად რომ მოვდიოდით, წვიმა თავს დაგვესხა. მასწავლებელმა გამოცნობანა გვათამაშა. წიგნი სასაცილო იყო. ჩვენ წვიმიან ამინდში წამოვედით ცისფერ საბავშვო ბაღში. მე დამამახსოვრდა, რომ  თედოს ძმამ გადაგვიღო ფოტო. ლელა მასწავლებელმა წიგნი წაგვიკითხა. ნატას ბევრი კალამი ჰქონდა. მე დამამახსოვრდა, რომ ლელა მასწავლებელი შეგვპირდა, ბიბლიოთეკაში წამოგიყვანთო და მართლა წამოგვიყვანა.

მეხუთეკლასელების შთაბეჭდილებები:

მე არასდროს დამავიწყდება, ბიბლიოთეკაში რომ მოვედი. ჩვენთან ერთად ძაღლიც ამოვიდა კიბეებზე. რა სასიამოვნოა აქ ყოფნა. ის, რომ ბიბლიოთეკაში 16000 წიგნია და 27 წლის წინ დაარსდა. თავაზიანად მომექცნენ. თურმე ჰარი პოტერის მეორე ნაწილს „საიდუმლო ოთახი“ ჰქვია. აქ ვაჟა-ფშაველას ბევრი წიგნია. ბავშვები ჩაეწერნენ. ჩვენ გზაში რომ მოვდიოდით, ფოტოები გადავიღეთ. მე შოთა რუსთაველი დამამახსოვრდა. მე სადმე შორს მეგონა ბიბლიოთეკა, მაგრამ არა. ბიბლიოთეკაში ვითამაშეთ. წიგნის წასაღებად დედას დავურეკე და მისამართი გავიგე. პირველად ვიყავი ამ ბიბლიოთეკაში. მაღალი ბიჭი ბაღის შენობას წრეს უვლიდა. მითური წიგნი არ მეგონა, რომ იქნებოდა. წიგნებს რომ ვარჩევდით. წიგნების გამოცნობანას ვთამაშობდით. მე და ნინიმ წრიპა ბიჭის დღიურის გამო ვიჩხუბეთ, აღმოჩნდა, რომ მეორეც ჰქონიათ და მერე ბევრი ვიცინეთ. ნინიმ ძალიან სქელი წიგნი აიღო.  საინტერესო თამაში ვითამაშეთ. ლელა მასწავლებელს პეპი მოეწონა. გავიგე, რომ დათოს ბებია აქ მუშაობს. რომ იცოდეთ, აქ მოვალ და წიგნების კითხვას დავიწყებ. ლელა მასმა თავისი საყვარელი ილუსტრაცია გვაჩვენა, როგორც მახსოვს, პეპის ზვიგენი ეჭირა ხელში. მომეწონა, ანბანის მიხედვით რომ ელაგა წიგნები. ცოტა მეშინოდა, ერთი მწერალი მეგონა, რომ მიყურებდა. დღეს გავიგე, რომ ლელა მასის და ჩემი პირველი წიგნი ერთი და იგივე ყოფილა. მე არ დამავიწყდება ჩემი ოჯახის საყვარელი წიგნი „თბილისის ისტორია“. ბავშვების ფუსფუსი და თვალების დახუჭვა წიგნის გამოცნობისას. დიდი თაროები საცავში. ამ პატარა და საყვარელ ბიბლიოთეკაში როგორ ინახავენ ამდენ წიგნს? –

ბავშვების შთაბეჭდილებებში გამოვლენილმა ფაქიზმა დამოკიდებულებებმა, დამარწმუნა, რომ წიგნებით სავსე სივრცეს ადამიანები ალამაზებენ და ამასობაში ჩვენი უბნის ბიბლიოთეკა ძალიან შეჰყვარებიათ.

ფოტომასალა იხილეთ სკოლის ბლოგზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“