ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რა სურთ ბიჭებს?

ხშირად, როცა ქალების  და გოგოების უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სალაღობოდ წინ წევენ კაცების უფლების დაუცველობის საკითხს. ეს ამბავი ძალიან ჰგავს იმას, როცა უმცირესობის უფლებებზე საუბრისას მავანს უმრავლესობის უფლებები ახსენდება. საქმე მარტივადაა, საზოგადოება მაშინაა ძლიერი, როცა  სუსტები, მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფები თავს დაცულად გრძნობენ. ასეთ საზოგადოებაში ერთი ჯგუფის ინტერესებს ისე იცავენ, მეორესი რომ არ შელახონ.
დაახლოებით ორი კვირის წინ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ბრიან ელტისზე, ინგლისურის მასწავლებელზე, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამერიკულმა სასამართლომ  არასრულწლოვან მოსწავლე ბიჭებთან სექსუალური ურთიერთობის გამო. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ შემთხვევა პრეცედენტულია და ჭკუის სასწავლებელი ყველა იმ ზრდასრულისთვის, რომელიც არასრულწლოვანთან ურთიერთობისას სიფრთხილეს არ გამოიჩენს, მეორე ნაწილი კი იუმორნარევ წუხილს გამოთქვამდა, რომ მათ დროს სკოლებში სულ სხვანაირი მასწავლებლები ასწავლიდნენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის დედამ სასამართლოზე აღნიშნა კიდეც ორმაგი სტანდარტი, რაც საზოგადოებას აქვს, როცა საქმე ბიჭის მიმართ ძალადობას ეხება. “ხშირად ამბობენ, რომ ყველა მოზარდი ოცნებობს ჰქონდეს სექსი უფროს, გამოცდილ, მიმზიდველ ქალთან, მაგრამ ჩვენ საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდით, რომ ასე სულაც არ არის. ჩვენი შვილები ზუსტად ისეთივე შეშინებულნი, დაბნეულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ, როგორც იქნებოდა ნებისმიერი სხვა ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. ეს არ არის შემთხვევა, რომელსაც უნდა უმადლოდნენ ჩვენი შვილები, ეს არის დანაშაული, რომელზეც შესაბამისი რეაგირებაა საჭირო”.

მშობლების პოზიციას დაეთანხმა მოსამართლეც, რომლის აზრითაც, იმისდა მიუხედავად, რას ამბობენ და რა სურთ ბიჭებს, პასუხისმგებლობა მასწავლებელს ეკისრება, როგორც სრულწლოვანს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა საკუთარი თანამდებობა. მან ისიც აღნიშნა, რომ დამნაშავის და დაზარალებულის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ფაქტების შეფასებისას. მთავარია ის, რაც მოხდა.

“როცა ჩვენ შვილებს სკოლაში ვუშვებთ, მასწავლებლებს ნდობას ვუცხადებთ, მათგან დახმარებას ველით და არა ზიანს”.
მედიასაშუალებები, რომლებიც ამბავს აშუქებდნენ, თითქმის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ერთეული არ არის ამერიკაში, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი პრეცედენტული გადაწყვეტილებები და მკაცრი სასჯელები ქმნიან იმედს, რომ ძალადობა ბიჭების მიმართ ისე სერიოზულად იქნება აღქმული, როგორც საჭიროა.   ჟურნალისტები  იმაზეც აკეთებდნენ აქცენტს, როგორ განვითარდა ბიჭების ცხოვრება მასწავლებელთან ურთიერთობის შემდეგ. მაგალითად მათგან უფროსი, რომელიც შემთხვევისას 17 წლის იყო, სახლიდან წავიდა და ორ სხვადასხვა ადგილას დაიწყო მუშაობა იმის გამო, რომ სრულწლოვანივით შეძლებოდა ცხოვრება. ცვლილებები რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახა სასწავლო პროცესზე. მეორე ბიჭს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მასწავლებელი მასზე შეყვარებული იყო. ასეთი აქცენტები საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მოწყვლადია არასრულწლოვანი და როგორი გაფრთხილება სჭირდება მას, მიუხედავად მისი სქესისა და სხვა ფაქტორებისა.
ამბავი პრეცედენტულია იმ მხრივაც, რომ სწორედ ძლიერი ქალების, ძლიერი დედების მიერ გაკეთებულმა  სწორმა აქცენტებმა იმოქმედა სასამართლოს განაჩენზეც, მედიაში გამოქვეყნებული მასალების სათაურებზეც და იმაზეც, რომ ამბავს დღეს მე თქვენ გიყვებით.
ვფიქრობ, ასეთი ამბების ცოდნა და მასთან დაკავშირებული დისკუსიების გადმოტანა ჩვენს საზოგადოებაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან  დარწმუნებული ვარ, ასეთი ამბავი რომ საქართველოში მომხდარიყო, საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა. ბიჭები იძულებული იქნებოდნენ მომხდარი თავიანთი სიამაყის მიზეზად წარმოედგინათ, მათი თანატოლები კი შურის თვალით მოისმენდნენ გაზვიადებულ ისტორიებს. მეტიც, ჩვენ ხშირად თვითონ ვაიძულებთ ბიჭებს გაიზარდონ დროზე ადრე; ჰქონდეთ სავალდებულო სექსუალური გამოცდილება; მოიქცნენ ისე, როგორც ზრდასრულები და აიღონ პასუხისმგებლობა, რომლის ტარებაც ჯერ მათთვის ადრეა.
დიახ, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირდებათ ბიჭებს მოზარდობისას და ამის მძიმე შედეგებს მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიმკით ხოლმე.  ბიჭებს ძალიან სჭირდებათ მტკიცე, ძლიერი ქალები, რომლებსაც კარგად ესმით მათი საჭიროებები და სირცხვილის ან მორიდების გრძნობა არ შეუშლით ხელს დაიცვან ის, ვისაც მათი დახმარება სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი