ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. გარდა მრავალმხრივი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, საინტერესოა მისი დამოკიდებულება ქართულ ენასთან, როგორც კულტურულ მოვლენასთან, მისი მნიშვნელობის გააზრება და საკამათო, თუმცა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით.
კნეინა ბარბარე გამოირჩევა თავისი თანამედროვე ქალების და არა მხოლოდ ქალებისაგან – ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულით, რაღაცნაირი დედაკაცური ძალით, იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული ფემინისტური იდეებით და აქტიურობით – იგი პუბლიცისტურ წერილებს წერდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ქალთა განათლებასა და ქალთა უფლებებზე, აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე, საკუთარი პოზიციის დასაცავად ყოველთვის ერთვებოდა პოლემიკაში, რაც მთავარია, ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პოზიცია – 13 წლის ასაკში გათხოვილი ქალისათვის ეს ყველაფერი ცოტა რთული უნდა იყოს.
განსვენებული სიტყვით არ კმაყოფილდებოდა და მწერლობითაც სურდა, გაეწია „პროპაგანდა” დიასახლისთა შორის. სხვათა შორის მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”
გარდა ვიწრო, პროფესიული მნიშვნელობისა, ეს წიგნი საინტერესოა, როგორც ეპოქის ენობრივი, კულტურული, ეთნოგრაფიული სურათი, რადგანაც კულინარია ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიქტთან დაკავშირებული დარგი, კარგად წარმოაჩენს ენის, როგორც კულტურის სპეციფიკასა და სახეს.
ბარბარე ჯორჯაძე, ამ შესანიშნავი ტექსტის დანიშნულების შესაბამისად, პოულობს ერთგვარ სოციოლექტს, რომელიც შეიცავს მეცხრამეტე საუკუნის ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების მახასიათებლებს, უცხო ენიდან შემოსულ ლექსიკას თუ კონსტრუქციებს, მისი ენა ერთგვარი მედიუმია მეცხრამეტე საუკუნის სხვადასხვა ფენას შორის კომუნიკაციისათვის, ერთნაირად გასაგები ქალაქელი ხელოსნისა თუ პროვინციელი არისტოკრატისათვის.
როგორ და რაში გამოვიყენოთ ეს განსაკუთრებული წიგნი სასწავლო პროცესის დროს? ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში? წამომყევით, რამდენიმე თემას ჩამოვწერ, რომლის სწავლებისას განსაკუთრებით გამოგადგებათ ბარბარე ჯორჯაძის ეს კულინარიული ნაშრომი: