(ლილი ალფაიძის „ციყვი, ანუნა და კეთილი ბიჭუნა“)
„ყველა დროს, ყველა ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვებზე გული შესტკივათ.“ და ასეთი ადამიანები მეზღაპრეობასაც თუ გადაწყვეტენ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის უტყუარი იმედით ვივსებით. სწორედ ასეთი ავტორია ლილი ალფაიძე, რომლის სადებიუტო წიგნზეც ამ წერილში მოგითხრობთ. „ციყვი, ანუნა და კეთილი ბიჭუნა“ თანამედროვე ზღაპრების კრებულია – „კანონიკური“ თარგის მიხედვით გამოჭრილ, თუმცა ტრენდული ქსოვილებით შეკერილ-გაფორმებულ ამბებს აერთიანებს.
***
როგორ ფიქრობთ, მეზღაპრე გარკვეულწილად ჯადოქარიც არის?
ჩემი აზრით, სამყაროს გეომეტრიას ძირფესვიანად თუ ცვლის, ჯადოქრობის ფარული ნიჭიც ექნება. ლილი ალფაიძისეული ხედვის რაკურსებს რომ მოირგებთ, ამ საკითხზე დაფიქრებაც უსათუოდ მოგიწევთ. სხვაგვარად ვერ დაუმეგობრდებით სწრაფად მხოხავ ლოკოკინებს, ქვიშაში თავის ჩარგვის ნაცვლად ფრთებგაშლილ სირაქლემას, ბეჯით ნაცარქექიას, პუტკუნა პრინცესას, როლებგაცვლილ ჭიანჭველასა და რწყილს, მხიარულ პიეროს, ლამაზსა და ტანად უმცროს ჯუჯას (ისეთს, ფიფქიას საქმროდ რომ გამოდგება) და ვერც მძინარე უფლისწულს, რომელსაც ზღაპრისპირა ბორცვის ბინადარი, ლამაზი გოგონა, სახელად ლიმნია აღვიძებს.
არც კონკიას ამბავია გამონაკლისი: მართალია, ისევ სათნო სახე აქვს, მაგრამ მიამიტი გამომეტყველება მხოლოდ ტყუილების გადასაფარად სჭირდება, ალალ-მართალი დედინაცვლის წინააღმდეგ კი მისსავე შვილებს გასაოცარი ოსტატობით ამხედრებს. თუმცა ზღაპრის მკაცრი კანონების დამსახურებით, კეთილი დასასრული უცვლელი რჩება: მაინც დაჩაგრული ამოყოფს თავს სასახლეში, გამთელებული წიგნი კი საბოლოოდ ბიბლიოთეკაში დაბინავდება.
ავტორი ზოგჯერ იქ გვამოგზაურებს, სადაც ჯადოქრობას თითქოს არაფერი აღარ ესაქმება. ამბავს არც თავიდან იწყებს, არც ბოლოდან. უბრალოდ აკვირდება და ჩვენც ჩაგვაფიქრებს. პატარა ბიჭუნას ბაფთაზე ჟირაფს თვალს თუ მოკრავს, კი არ გააცოცხლებს, იმას გვიამბობს, მანამდე რაც მოხდა. და ამრიგად მიგვახვედრებს, რომ ნამდვილი სასწაულები ჩვენ გარშემო მიმალულ დეტალებშია გასამჟღავნებელი.
***
ზღაპრის მთავარი სამკაული სიკეთე რომ არის, უხსოვარი დროიდან ცნობილი ამბავია. ბუნებრივია, არც ამ კრებულში გაგაოცებთ მისი სიმრავლე. შესაძლოა, 54-ე გვერდზე ჩამოთვლილი საოცრებები (ჟანგიანი ნაგვის ურნის გაფერადება, გაფუჭებული ატრაქციონების ამუშავება, წვიმაში გალუმპულებისთვის ქოლგის მიწოდება, გზაზე დაბნეული ნობათის მოგროვება, სახურავახდილი სახლის შეკეთება, დამშრალი სარწყავი არხის წყლით ავსება, ჭაში ჩავარდნილი კნუტის გადარჩენა) ყოფით ამბებს მიათვალოთ და ისიც იკითხოთ, განა რა დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფრის ჩადენასო?
გეთანხმებით, თუმცა პატარა მკითხველს უნდა მივახვედროთ, რომ დახმარებას მაშინ აქვს ფასი, პრობლემებს დროულად თუ შევამჩნევთ; ჩარევა მანამ მოგვეთხოვება, „სანამ მეზღაპრეს ხელში კალამი უჭირავს და ფიქრობს.“ ნებისმიერ დიდებულ ზღაპარს ხომ მარტივი მორალი ამშვენებს: „აღიარე დანაშაული!.. მოიხადე ბოდიში!“
ამ წიგნში კეთილი საქმეების ეპიცენტრი ჩემთვის ბებუტას სახლი გახლავთ. ბებუტა ობობიანი ყავის დალევის შემდეგ სუპერ-ძალას იძენს, ენერგიის სწორი გზისკენ მიმართვაში კი მას გონიერი და რაციონალური ქალიშვილი ეხმარება. ჯადოსნური ელემენტები რომ ჩამოვაშორო, მაინც მშვენიერი ამბავი დაგვრჩება, მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებსა და ნებისმიერი ადამიანის კონკრეტულ დანიშნულებაზე რომ დაგვაფიქრებს.
***
კრებული ჩვიდმეტ ზღაპარს აერთიანებს, თუმცა მათი წაკითხვის შემდეგ ისეთი განცდა გვრჩება, თითქოს ავტორმა ერთი, გრძელი ამბავი გვიამბო: მიძინებული ქალაქიდან გასაფერადებელ ქალაქამდე გვამოგზაურა.
თავიდან მის გამოგონილ სამყაროში სიჩუმე მეფობს, „იქ ვერც ბავშვების ჟრიამულს, ვერც ქარხნების გუგუნს, ვერც მანქანის ძრავის ხმას, ვერც ტყის ფოთლების შრიალს, ვერც ძაღლის ყეფას, ვერც კატების კნავილს, ძროხების ზმუილს, გოჭების ღრუტუნს, ბაყაყების ყიყინსა თუ აივნების ქვეშ, გოგონებისადმი მიძღვნილ სიმღერებს გაიგონებთ.“ საბოლოოდ კი ყველა ნოტი გაჟღერდება, ყველაფერი გაფერადდება. სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის – ლილი ალფაიძის გმირები, თუნდაც თათები გადაიტყავონ, სასურველ მიზანს მაინც აღწევენ, გზებს მხოლოდ ჩანაფიქრის შესასრულებლად გადიან.