ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

გმირი მასწავლებლები – ისიდორე რამიშვილი

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემას შევავლე თვალი. გადაცემაში გურულებზე საუბრობდნენ. ცხადია, შოუს სტუმრებმა ვერ მოასწრეს ერთი საუკუნის წინ მოღვაწე გენიალური ადამიანების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმძღვანელოებსა და უახლესი ისტორიის თანამედროვე კვლევებშიც ძალიან ცოტა ადგილი ეთმობათ საქართველოს დემოკრატიული მოძრაობისა და სამოქალაქო საზოგადოების უძველეს ლიდერებს, რომელთა უმრავლესობის მშობლიური მხარე სწორედ გურია გახლდათ. ისინი მეტ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ. სულ მცირე ჩვენს მოსწავლეებს მაინც უნდა ჰქონდეთ გაგებული მათი გვარები. ერთ-ერთ ასეთ დავიწყებულ მოღვაწედ ისიდორე რამიშვილი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ძირითადი პროფესიით მასწავლებელი იყო და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

ისიდორე რამიშვილი 1859 წელს გურიაში, სურების ხეობაში დაიბადა. გურიის მთების ამ შორეულ ხეობაში მოხვედრა დღესაც კი განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყველა მისი თანამედროვის მსგავსად ისიდორემაც განათლება სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში მიიღო. სემინარიაში სწავლის დროს იწყება რამიშვილის გმირული თავგადასავლებიც.

სემინარიელი ჯერ 25 წლისაც არ იყო, როდესაც თბილისში თვითგანათლების ერთ-ერთი პირველი კერა დააარსა. ქალაქის ბაზარში მდებარე ერთ-ერთი დუქნის უკანა ოთახში ისიდორე რამიშვილი და გოლა ჩიტაძე ყველა ხელმოკლე ადამიანს ეპატიჟებოდნენ. მუშები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლებიდან გამოგდებული მოსწავლეები უფროსკურსელებთან წერა-კითხვის, არითმეტიკისა და ისტორიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. ბუნებრივია, წრის წევრებს უწევდათ საუბარი პირდაპირი არჩევნების, დამფუძნებელი კრების მოწვევის, სიტყვის თავისუფლების, ქართული ენის მნიშვნელობის, უფასო საყოველთაო განათლებისა და გაჭირვებული მოქალაქეების სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზეც. „ქარგალთა კავშირის” წევრები ისიდორესა და გოლას ხელშეწყობით თბილისის ყველაზე აქტიურ და მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდნენ. კავშირის წევრების მთავარი სამიზნე სემინარიის რუსიფიკატორი მმართველი, სასტიკი მეთოდების გამოყენების გამო ბევრ არალეგალურ გაზეთში დესპოტად მოხსენიებული რექტორი ჩუდეცკი და მისი პოლიტიკა გახლდათ.

არაფორმალური განათლების სფეროდან გურულმა მალე სასკოლო სისტემაში გადაინაცვლა. რევოლუციური მოღვაწეობის მიუხედავად, სემინარიელი მაინც ახერხებდა სკოლების დაარსების პროცესში მონაწილეობის მიღებას. პირველი სასწავლებელი, რომელსაც სხვებთან ერთად რამიშვილმაც ჩაუყარა საფუძველი, წინამძღვრიანთკარის სკოლა გახლდათ. ერთი წლის განმავლობაში მასწავლებლობით ნაშოვნი ფულით პედაგოგი ხელს უმართავდა „ქარგალთა კავშირის” წევრებს და მაინც ახერხებდა მის მიერვე თბილისში დაარსებული თვითგანათლების წრის მატერიალურ მხარდაჭერას.

1887 წელს რამიშვილი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. ბუნებრივია, მიყრუებულ ხეობაში ორკლასიანი სასწავლებელიც არ არსებობდა და არც არავინ აპირებდა მის გახსნას. ისიდორე იყო ადამიანი, რომელმაც მთელი სოფელი დარაზმა სკოლის ასაშენებლად. მომავალი რევოლუციონერის მეთაურობითა და სოფლის ყველა მოსახლის მონაწილეობით აშენდა ხეობის პირველი სკოლა. დილაობით ხის დიდ სახლში წინამძღვრიანთკარში მიღებული მეთოდებით მიმდინარეობდა ბავშვების სწავლება, საღამოობით კი უკვე „ქარგალთა კავშირის” გურული ანალოგი იწყებდა მუშაობას. მაშასადამე, სოფლის სკოლა ყველა თაობის წარმომადგენელთა განათლების საერთო სივრცედ ჩამოყალიბდა.

გგონიათ, რომ რამიშვილი მხოლოდ ორი სკოლის დაარსებით შემოიფარგლა? სურებელმა იმდენი მოახერხა, რომ ანტირუსული პოლიტიკის გამო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი სკოლის დამაარსებელი გახდა ბათუმში. სწორედ, ეს სკოლა იყო მთავარი შეკრების ადგილი, საიდანაც როტშილდის ცნობილ ქარხანაში გაუსაძლისი პირობების გამო პირველი ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. ადამიანის უფლებებისათვის წარმოებული ამ ბრძოლის მეთაურიც ჩვენთვის ნაცნობი მასწავლებელი იყო. გასაკვირია, მაგრამ სკოლაში და გაფიცვაში მონაწილეობის გარდა, ისიდორემ ისიც მოახერხა, რომ ბათუმის ბაზრის ცენტრში პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ხის ჯიხურში მოწყობილი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ღარიბი ფენის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა.

1906 წელს ისიდორე რამიშვილი რუსეთის იმპერიის დუმაში აირჩიეს. ის აღმოჩნდა პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც სათათბიროს ტრიბუნაზე ავიდა. აღნიშნული გამოსვლა განსაკუთრებული სიმამაცისა და გამბედაობის მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უსასტიკეს და ძლევამოსილ პოლიციის მინისტრ სტოლიპინს მან პირში მიახალა ყველაფერი, დაადანაშაულა საქართველოში მიმდინარე დარბევებში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ბუნებრივია, ეს გაბედული გამოსვლა ისიდორე რამიშვილს მოგვიანებით ასტრახანსა და სამარაში გადასახლებად დაუჯდა.

დუმის დეპუტატი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში გამორჩეული გულისწყრომით საუბრობს ყველა ქართველ სოციალისტზე. მხოლოდ ისიდორე იმსახურებს მისგან შესანიშნავ დახასიათებას. ჩვენი ნაცნობი მასწავლებელი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც მაზნიაშვილს რაზმების შეგროვებაში ეხმარებოდა. მათი მიზანი გურიიდან და აჭარიდან თურქული ჯარების განდევნა გახლდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეს წყვილი აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის გასავრცელებლადაც წარმატებით იბრძოდა.

ისიდორეს ცხოვრებაში ყველაზე გმირული ამბავი 1922 წელს მოხდა. ნაძალადევის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების წინაშე პირველმა სწორედ ისიდორემ გაბედა სცენაზე მდგომი ძლევამოსილი ლიდერის, სტალინის გაკრიტიკება და მისი ქვეყნის ღალატში დადანაშაულება. ბოღმიანმა დიქტატორმა მასწავლებელს თავხედობა არ დაუვიწყა. ისიდორე მომავალი 15 წლის განმავლობაში შვიდგზის გადაასახლეს საბჭოთა იმპერიის მიყრუებულ რეგიონებში. არადა, მას ნამდვილად შეეძლო გადასახლების წლების პარიზში, ემიგრაციაში გატარება. სტალინმა ეს ტანჯვაც არ აკმარა გაუტეხელ, საკუთარი პრინციპების ერთგულ პედაგოგს და 1937 წელს 78 წლის ასაკში დახვრიტა.

ბევრი ქვეყანა სანთლით ეძებს ამგვარ ისტორიულ მაგალითებს, ჩვენ კი გახსენებაც კი გვიჭირს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სტალინისა და სტოლიპინის წინააღმდეგ მებრძოლი, ოთხი სასწავლებლის დამფუძნებელი, დემოკრატიული ღირებულებების საყოველთაოდ გავრცელებაზე მზრუნველი  გმირი მასწავლებლის მოღვაწეობის დავიწყება კარგი და კეთილი საქმე არ უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი