ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ბავშვი – ინდივიდი

დღეს ჩემი ტრადიციული პროფილიდან გადახვევას ვაპირებ. ორ წელიწადზე მეტია რაც ამ გვერდზე ვწერ, პუბლიკაციების ძირითადი თემა ყოველთვის მუსიკა გახლდათ, თუმცა ამჯერად ისეთ საკითხზე მსურს საუბარი, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებასა და მომავალს ეხება.

მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემს საკლასო ოთახში დაკიდებულ გაკვეთილების ცხრილს ერთი საგანი დაემატა ძალიან უცნაური და აქამდე გაუგონარი სახელით – ‘‘კონვენცია’’. გაკვეთილზე კლასის დამრიგებელმა აგვიხსნა, რომ რამდენიმე წლით ადრე, 1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რაღაც დოკუმენტი მიიღო, რომელიც ყველა ბავშვს (განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, კანის ფერისა და ასე შემდეგ, როგორც არის ხოლმე) გარკვეულ უფლებებს ანიჭებდა.. დოკუმენტს ‘‘ბავშვის უფლებათა კონვენცია’’ ერქვა და მასში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ეწერა. საგანი ძალიან მოგვწონდა – საინტერესო თემებზე ვმსჯელობდით, ჯგუფურ სამუშაოებს ვასრულებდით, საკუთარი აზრის პრეზენტირებას ვახდენდით, რაც მაშინდელი განათლების სისტემისთვის ნამდვილად დიდი სიახლე გახლდათ. 8-9 წლის ბავშვებმა პირველად სწორედ აქ გავიგეთ, რომ თურმე ხარისხიანი განათლების მიღების, დაცულ და არაძალადობრივ გარემოში ცხოვრების, აზრის გამოთქმისა და საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება გვქონდა.

ისიც მახსოვს, რომ მშობლების თაობაში ამ წამოწყებამ თავიდან ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ უფროსებისთვის ცოტათი რთული მისაღები გახლდათ ბავშვი, რომელიც სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მათ იმაზე ელაპარაკებოდა, თუ რისი უფლება ჰქონდა და რა ვალდებულებები ეკისრებოდათ უფროსებს ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას ცოტათი ეუცხოვა ბავშვი – ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად საუბრობდა ამა თუ იმ თემაზე და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავდა.

სამწუხაროდ, ამ ტიპის საგანს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდით, თანაც ისე, რომ თუკი რომელიმე სხვა საგანს დამატებითი საათები დასჭირდებოდა, სწორედ ‘‘კონვენციის’’ გაკვეთილის ხარჯზე ხდებოდა მათი აღდგენა. შემდეგ, უფროს კლასებში, ბავშვის უფლებებზე თითქმის არ გველაპარაკბოდნენ. გამონაკლისი სამართლის გაკვეთილები გახლდათ, სადაც ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა ადამიანის ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ უფლებებზე.
 

გავიდა წლები, გავიზარდე, ეროვნული გამოცდები წარმატებით გავიარე და სტუდენტიც გავხდი. ახალი მეგობრები შევიძინე, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება დავიწყე და ღირებულებების გადაფასების პროცესიც დადგა. ჩემ თვალწინ ნელ-ნელა დაიშალა საზოგადოებაში გამეფებული ყველა დოგმა და ფსევდოტრადიციული შეხედულება, რომელიც მეუბნებოდა, რომ ქალი და კაცი თანასწორი ვერასდროს იქნება, რომ ადამიანი, რომელიც რელიგიური არ არის, კეთილ საქმეს ვერ გააკეთებს და თუნდაც ის, რომ შვილი თუ მკაცრად არ აღზარდე, ‘‘ხელიდან წაგივა’’. 

ხელიდან წასვლაზე სულ ეს გამოთქმა მახსენდება, რომელსაც სკოლაში მასწავლიდნენ: ‘‘შვილი მტრულად აღზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო’’. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ  ძალადობის ამაზე მეტად პირდაპირი, ‘‘ხალხური სიბრძნის’’ სახელით შეფუთული ლეგიტიმაცია პირდად მე არასდროს მსმენია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ტიპის გამოთქმები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. შედეგიც სახეზეა – ქართული საზოგადოება, რომელსაც ძალადობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს და ხშირ შემთხვევაში ცდილობს მოძალადე ამა თუ იმ მიზეზით გაამართლოს. 

ბავშვებზე ძალადობას, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% ამართლებს. 60% კი ფიქრობს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე არაძალადობრივი აღზრდა. ამას ემატება ისიც, რომ ძალადობა, ზოგადად, ციკლური მოვლენაა. მსხვერპლი, დიდი ალბათობით, თავადაც მოძალადე გახდება, იძალადებს მისი მსხვერპლიც და გაგრძელდება ასე დაუსრულებლად მანამ, სანამ ეს ჯაჭვი არ გაწყდება. მისი გაწყვეტა კი რთულია. ამისთვის საზოგადოებრივი სოლიდარობაა საჭირო – ერთადერთი აზრის დაფიქსირება, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. 
 

საზოგადოებრივი სოლიდარობის მიღწევა შეუძლებელია ხარისხიანი განათლების გარეშე. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვებმა სკოლა მეტ-ნაკლები წარმატებით დაამთავრონ. აუცილებელია სისტემამ მათ მისცეს მკაფიო ინფორმაცია როგორც კონკრეტული მეცნიერებების, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. სახელმწიფო უნდა ეცადოს ბავშვებში ანალიტიკური უნარების განვითარებას, რათა მათ თავად გადააფასონ ყველა ის ღირებულება, რომლებსაც აწვდიან და გააანალიზონ, თუ რა არის სასარგებლო როგორც მათთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის და რა – არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოცა და ეს ბავშვებიც მუდმივად ერთ წრეზე ტრიალისთვის იქნებიან განწირულნი.

დღეს მე 24 წლის ვარ და ბავშვის უფლებებზე ზრუნვა ჩემი როგორც მოქალაქეობრივი, ასევე უკვე პროფესიული მოვალეობაცაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვის უფლებათა კონვენცია 25 წლის წინ მიიღო. ამ 25 წელიწადში, მართალია, უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პროგრესის უწყვეტობისთვის აუცილებელია თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება შეიცვალოს და ყველამ ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ ბავშვი დამოუკიდებელი ინდივიდია, რომელსაც საკუთარი პირადი სივრცე, უფლებები და თავისუფლებები გააჩნია და რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო, ამ ბავშვის საზოგადოების ღირსეულ წევრად გადასაქცევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი