ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

შემოქმედებითი მასტერკლასი სახე-სიმბოლოს გამოსაძერწად

შთამბეჭდავი მხატვრული სახე – მისი შექმნა და ამოცნობა – აი, მწერლობისა და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მთავარი გამოწვევა. მხატვრული სახის შექმნის ოსტატობა ჩემთვის პირადად უპირველესია ავტორის შეფასებისას. თუ გმირი იპყრობს გულს, გონებას, ის არ იშლება მეხსიერებიდან და სწორედ ეს არის ყველაზე რთული საქმე, რომ მწერალმა „გამოაქანდაკოს“ უკვდავი, შთამაგონებელი სახე. საიმისოდ, რომ სასკოლო ასაკის მკითხველებში გავაღრმაოთ სახეებისადმი ინტერესი, ბავშვები სახის ამოცნობის ტექნიკას ფლობდნენ, ვფიქრობ, საუკეთესო გზაა შემოქმედებითი მასტერკლასები, სადაც მხატვრული სახის შექმნას თავად ვასწავლით. ამით ხელს შევუწყობთ მრავალმხრივი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მიწოდებული რესურსებით ვცდილობთ ტექსტების შექმნა-დაგეგმვის უნარების საიდუმლოებათა დაუფლებას.

ვინაიდან სახეობრიობა მხატვრული ლიტერატურის უმთავრესი სეგმენტია, ხოლო სახისმეტყველება – ლიტმცოდნეობის კვლევის უმთავრესი საგანი, მოსწავლეებს ვთავაზობთ რესურსებს კონკრეტულ სიმბოლოებთან დაკავშირებით და ვუბიძგებთ, რომ ამ რესურსების დახმარებით შექმნან ახალი მხატვრული სახე. საამისოდ საჭიროა, რომ მათ გაიარონ: ა) რესურსების გაცნობის, ბ) ახალი ტექსტის დაგეგმვისა და გ) მისი შემკობის, ემოციებით გამდიდრების გზები. შეგვიძლია დავუსახელოთ ბავშვებს უამრავი კარგად ნაცნობი მხატვრული სახე, რათა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მოახერხა მწერალმა ამ სახის რეალიზება, რა მეთოდები და სტილი გამოიყენა საამისოდ. უპირველესად უნდა გავიაზროთ ის, რომ მხატვრული სახე ტექსტის მთავარი იდეების რეალიზების საშუალებაა, მასალაა, რომლის დახმარებითაც ავტორი თავის სათქმელს ამბობს. მაგალითად მოგვყავს რამდენიმე დაუვიწყარი მხატვრული სახე: რევაზ ინანიშვილის ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, მისივე მზევარის ბიჭი მოთხრობიდან „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“, მისივე თემურ ლენგი მოთხრობიდან „ხორასნელი ჭაბუკი“. მაგალითების მთელი „ბანკი“ შეგვიძლია შევქმნათ: ვაჟა-ფშაველას ია და მთის წყარო ან შვლის ნუკრი და მუხა ვის ავიწყდება? მოკლედ, შორს არ წავალთ მარგალიტი მაგალითების მოხმობით. ბავშვებს შეუძლიათ თავადვე მოიძიონ თავისთვისვე სასურველი მხატვრული სახეები და იმსჯელონ მათ მახასიათებლებზე. შემდეგ სასურველია, რომ მასწავლებელმა აირჩიოს ერთი რომელიმე უცხო და უცნობი მხატვრული სახე და ინსპირაციისთვის მოამზადოს რესურსები.

საუკეთესო რესურსია სიმბოლოთა ლექსიკონი, სადაც მსოფლიო ლიტერატურაში პოპულარული უამრავი სახე-სიმბოლო არის გახსნილი და სხვადასხვა კულტურაში მათი მნიშვნელობა არის გამოკვეთილი. მხატვრული სახე-სიმბოლო, სულიერია ის თუ უსულო, ადამიანია თუ ცხოველი ან ფრინველი, ყოველთვის მრავალშრიანი, ღრმა და საიდუმლო შტრიხ-კოდებით „დაფარულია“.

მაგალითად, ვირჩევთ ობობას. აი, რას გვიყვება მის შესახებ სიმბოლოთა ლექსიკონი. ლექსიკონის ამ სტატიას მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს, როგორც რესურსს:

„ობობა – სულხან-საბას ლექსიკონში თუ ჩავიხედავთ, – ბაბაჭუა, – არ უნდა მოგეკლა. ეს რწმენა უთუოდ სულხან-საბას დროსაც არსებობდა და მაშინაც სწამდათ, რომ ობობას მოკვლით სახლში რამე უბედურება დაისადგურებდა…

ქართულ ცნობიერებაში ამ პატარა მონადირის სიმბოლიკა მხოლოდღა ამგვარი „ტაბუთი“ ამოიწურება. ახლა ვნახოთ, როგორი სიმბოლური მნიშვნელობები მიეწერება ობობას და მის ვირტუოზულ ნაქსოვს სხვადასხვა კულტურაში. მითოპოეტურ ტრადიციაში ობობას უკავშირდება შემოქმედებითი ენერგია, ხელოსნური ოსტატობა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ ამასთანავე – გამიზნული სისასტიკე, სიხარბე, უკეთურება და ჯადოსნობის ნიჭი. ცნობილია, რომ ობობასა და აბლაბუდას მაგიურ მედიცინაში იყენებდნენ, როგორც წამალს, „შავ მაგიაში“ კი როგორც უკურნებელი სენის შემყრელ ჯადოს.

ინდოეთში ობობას ქსელი „მაიას“ („ილუზიის“) სიმბოლოა და ადამიანის ცხოვრების სისათუთესა და ფატალურობას განასახიერებს. ესაა მთვარისა და ქალური საწყისის ნიშანი, „ბედის გორგალის“, ცხოვრების უხილავი სიმის ხილული განსახიერება. ძველი ინდოელები, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ გამქრალი განცვიფრება, მოწიწება და აღფრთოვანება ბუნების საოცრებათა წინაშე, იდეალური სიმეტრიის ქსელსა და მის ცენტრში დაბრძანებულ „ავტორს“ კოსმიური წესრიგის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. ობობას ადარებდნენ მზეს, ხოლო მისი ნაქსოვის ვერტიკალურ ძაფებს მზის სხივებთან აიგივებდნენ. არ არის გასაკვირი, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ბადეთა ქსოვის ეს დიდოსტატი ფეიქრობის სიმბოლოდ იქცა და ასოციაციურად დაუკავშირდა დაზგასთან მჯდარ, ოდისევსის მომლოდინე პენელოპეს, მაგრამ რადგანაც ობობას ბადეს ვიღაცისთვის სიკვდილი მოაქვს – ის საბედისწერო სატყუარასაც განასახიერებს და სწორედ ამით აიხსნება მისი „მთვარისეული“ ასპექტი: ზუსტად ასე, ვერცხლისფერ ბადედ ეფინება გარემოს მთვარის იდუმალი სხივი და ყოველივე არსებული იერცვლილი და მონუსხულია ამ მისტიურ საბურველს ქვეშ. ეს „მთვარისეული“ სიმბოლიკა აიტაცა ქრისტიანულმა სახისმეტყველებამ, სადაც „კეთილ“ ფუტკარს უპირისპირდება „ბოროტი“ ობობა, რომელიც გაიგივებულია ბიწიერ სურვილებთან, ადამიანს წვეთ-წვეთად რომ ამოწოვენ სისხლს…

ობობას სიმბოლიკამ ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა შუასაუკუნოვან ევროპულ ცნობიერებაში, სადაც ობობა განასახიერებდა „სისხლისმსმელ“ მევახშეს (ან რომელსამე მინაგვარ პერსონაჟს). გაცილებით უფრო პოეტურად იყო წარმოჩენილი ობობა ფოლკლორში: აქ მისი მაღლიდან ნატყორცნი ძაფი ზეციდან ჩამოშვებულ, ჯადოსნურ კიბედ აღიქმებოდა, რომლითაც თავს შველოდა ბოროტ ძალთაგან დევნილი ზღაპრის გმირი. ისლამურ წარმოსახვაში ობობა კეთილისმყოფელ სიმბოლოებს მიეკუთვნება: ერთ-ერთი ხატოვანი მუსლიმური ლეგენდის თანახმად, მექიდან განრიდებულ მუჰამედს, რომელიც ერთხანს მღვიმეს აფარებდა თავს, ალაჰმა ობობა მოუვლინა და მკვრივად ნაქსოვმა აბლაბუდამ მტერთათვის უჩინარი გახადა გამოქვაბულის შესასვლელი.

უაღრესად გავრცელებული იყო ობობას პოზიტიური სიმბოლიკა ამერიკელ ინდიელებთან: ზოგიერთ ტომში ის წარმატებასა და სიმდიდრეს განასახიერებდა, თავისსავე ძაფზე დაკიდებულ ზეციურ საჩუქრად აღიქმებოდა. სხვანი – რატომღაც, ქარიშხლისა და ჭექა-ქუხილისგან დამცველ ავგაროზად მიიჩნევდნენ.

ყოველივე ამის ხილული დასტურია ნასკას უდაბნოში (პერუ) შემორჩენილი განსაცვიფრებელი, გიგანტური გამოსახულება ობობასი… თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ობობას შესახებ, „მსოფლიო აბლაბუდას“ – ინტერნეტს მიმართეთ“…

გარდა მოცემული რესურსისა, მოსწავლეები „მსოფლიო აბლაბუდიდან“ კიდევ უამრავ ინფორმაციას მოიძიებენ. მათ გონებასა და გულში ნელ-ნელა იძერწება მხატვრული სახე. მთავარია, მივცეთ გეზი და ავუხსნათ, რომ მხატვრული სახე ორი განსხვავებული ტიპის ტექსტში შეიძლება იყოს რეალიზებული: ლირიკულ ჩანახატში, მძაფრი ემოციებით და ეპიკურ ტექსტში, ნოველასა ან მოთხრობაში (შესაძლოა პოემის წერის მსურველიც კი გამოჩნდეს, როგორც მაგალითად ჩემმა 12 წლის ძმისშვილმა მოინდომა პოემის წერა მუხრან მაჭავარიანის პოემის შთაგონებით), სადაც მთავარია ამბავი, ნარატივი, რომელსაც თავისი ოსტატური განვითარება უნდა ჰქონდეს შემდეგი სქემის მიხედვით (ეს სქემა ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი მარტივი და „უნივერსალური პროდუქტია“ და მისი მეშვეობით ხშირად „ვზომავთ“ ხოლმე სხვადასხვა ავტორის თხრობის ოსტატობას. ეს ჩვენი „სასწორია“. რასაკვირველია, მარტივად შეიძლებოდა მისი ვორდის „insert-shapes”-ებით ან „smartart”-ით დახაზვა, მაგრამ ხელით სახელდახელოდ დახაზული უფრო „გამომსახველი“ გვგონია):

ბავშვებმა კარგად იციან, რომ პროზაულ ტექსტს, ამბის თხრობას სხვაგვარი ოსტატობა სჭირდება. ეს სქემა გვასწავლის, რომ წერტილებით მონიშნული ადგილები ტექსტის საკვანძო ნაწილებია, ხოლო ხაზებზე „შენდება“ ნაწარმოების არქიტექტონიკა. ორიგინალური სიუჟეტის გამოგონება ამგვარი საკვანძო მომენტებით იოლი ამოცანა არ არის, თუმცა ზოგს სწორედ ეს ეადვილება და ლირიკული ჩანახატისთვის ემოციების ფრქვევა უფრო უჭირს… ვისაც როგორ გამოუვა, დაე, ისე იმუშაოს… როგორც შეუძლებელია, რომ მხატვარს ან კომპოზიტორს უკარნახო ფერისა და ბგერის ამბავი, ასევე მესიტყვეს თავს ვერ მოახვევ მზამზარეულ შაბლონებს…

გთავაზობთ ჩემ მიერ შესრულებულ ჩანახატს, რომელიც მსგავსი მასტერკლასის დროს ბავშვების თხოვნით დაიწერა მორიგ ნიმუშად…

ა რ ა ქ ნ ა, ა რ ა ქ ნ ე …

ნუ მიქსოვ, არაქნე, სულში სევდის აბლაბუდებს… ჭერში მოქსოვე, სხვენზე მოქსოვე, ოთახის კუთხეებში მოქსოვე, შე სამყაროს გაუკაცრიელებისა და მარტოსულობის ელჩო… გოგლამ მონღოლთა თარეშის პერიოდში განკვართული, მღვიმეებში ჩასული, გაუკაცრიელებული ქართლის სიმბოლოდ კალიები, ღრიანკალი და ბუ დასახა… შენ კი ყველა დროისა და ყველა სივრცის მარტოსულობის მოციქული ხარ… ქსოვ, ქსოვ სევდის აბლაბუდებს…

ძველი ელინელები არაქნეს გეძახდნენ, ოვიდიუსმაც დაგხატა და სხვებმაც… ძველმა ქართველებმა დედაზარდლი დაგარქვეს რატომღაც… ან „დედა” და ან „ზრდა” რად დაგიკავშირეს? არ ვიცი… ხანძთაში პირველად ჩასულ ჩემს კუმირს, გრიგოლ ხანძთელს დაყუდებულმა ბერმა ხუედიოსმა ასე უთხრა: შენ წინაშე ეშმაკის მანქანება ისევე უძლურია, ვითარცა ქსელი დედაზარდლისაი წინაშე ქარსაო… თურმე მარტომყოფობის აღთქმის აღმსრულებელ ხუედიოსსაც ახსოვდი, როგორც მე მახსოვხარ სულ… სადღაციდან თავს რომ გამოყოფ… ყველა შენ გკლავს, ცოცხებით დაგსდევენ, შენს მოსპობაზეა გამეცადინებული ყველა დიასახლისი… მე კი არა გკლავ, არაქნე, ამიტომ არა ქნა, ნუ მიქსოვ სულში სევდის აბლაბუდებს… შენი ქსელი უძლურია ქარი-სტვენიას წინაშე, ცოცხმომარჯვებული დიასახლისების წინაშე, მხოლოდ მე მიქსოვს სულში მყარად სპლინის აბლაბუდებს, რკინის სალტეებივით გულში რომ მიჭერენ და სისხლისგან მცლიან მერე… არა ქნა, არაქნე, შე ათენასთან ხელმოცარულო მქსოველო… ოვიდიუსმა თქვა, არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდაო… ქსოვილებს კი არა, მარტოსულთა და მიუსაფართა სევდას ქსოვდი, თან ღმერთებს ებრძოდი, რადგან ყველა შემოქმედი უფლის მეტოქეა, როგორც დიდოსტატმა კონსტანტინემ თქვა…

რა უცნაურია: ლიდიელმა ხელმარჯვე გოგონამ, ჭიჭნაუხტის საქმის დიდოსტატმა, ათენასთან შეჯიბრი განიზრახა საფეიქრო საქმეში და განრისხებულმა ღმერთმა ის ობობად აქცია…

შე ხელმოცარულო მქსოველო, რისთვისა ქსოვ, ვისთვისა ქსოვ? მხოლოდ ყველას ნერვების მოსაშლელად, მხოლოდ სევდის ნისლების ასაშლელად…

აი, რას ამბობს მითი შენზე: „არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი და გამოსახა თავისი დავა პოსეიდონთან ატიკაზე ბატონობისთვის. ამ დავას ესწრება ოლიმპოს თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯულად ზის ზევსი. პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას ზეთისხილის ხე ამოსულა. ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის. ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის, საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი მოქარგა. არაქნემ კი თავის ნახელავზე ღმერთების ცხოვრება წარმოსახა. მან უჩვენა, რა სუსტები არიან ისინი, როცა ადამიანური ვნებები შეიპყრობთ. საფენის გარშემო კი სუროთი დაწნული ყვავილების გვირგვინი ამოქარგა. მისი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდებოდა ათენას ნამუშევარს, თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. ათენა განრისხდა, არაქნეს ნახელავი დახია და მაქო თავში ჩაარტყა. არაქნემ ვერ აიტანა სირცხვილი, დაგრიხა ბაწარი, გაუკეთა მარყუჟი და თავი ჩამოიხრჩო. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას. ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა”…

ობობად ქცეულო ლიდიელო ასულო, ღმერთებთან მებრძოლო, გოროზი ათენას რისხვის მსხვერპლო, ნისლისფერი ძაფების მქსოველო, რას გახდებოდი სამართლიანობის დიდგულა ქალღმერთთან? თუ ათენა პალადამ სამკაპით აღჭურვილი ზღვის ღმერთი პოსეიდონი დაამარცხა და ღმერთებმა აღიარეს, შენ რას გააწყობდი მასთან?

არა ქნა, არაქნე, არა გკლავ, არა მე, არამედ შენი სევდის მსუბუქ და უხილავ ბადეებში ისე ვეხვევი, მიწაზე აღარ ვარ მერე… არა ქნა, არაქნე, დამინდე, მეც ვიცი, რა უძლურია შენნაირი დაცემული ღვათაებაც და ადამიანიც ვნებათა ტყვეობაში… არა ქნა, არაქნე, არა გკლავ, არა, მე…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი