ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ – მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

2015-2016 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში დაინერგა არჩევითი საგანი მეწარმეობის საფუძვლები. აგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესწავლაში ეხმარება. თამარ მორგოშია პროფესიით ეკონომისტი და N175 საჯარო სკოლის მეწარმეობის, ეკონომიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. როდესაც სკოლაში არჩევითი საგნის მასწავლებლობა შესთავაზეს, ახალ გამოწვევას დასთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უფიქრია მასწავლებლობაზე. თამარს მოსწავლეებთან მუშაობა მოეწონა, რამაც მისი შემდგომი საქმიანობაც განაპირობა. ის მეწარმეობის სწავლების პროექტში 2008 წლიდან არის ჩართული და პირველი წარმატებებიც მავე წელს მოიპოვა თავის მოსწავლეებთან ერთად. სამეწარმეო გაკვეთილების და მოსწავლეებში სამეწარმეო ხედვების განვითარებაზე იგი ჟურნალ მასწავლებელთან საუბრობს.

 

 

თამარ, გვესაუბრეთ თქვენი საგნის მეწარმეობის საფუძვლების შესახებ. ა არის მეწარმეობა და რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ ეს საგანი?

 

დავიწყოთ იქიდან, რა არის მეწარმეობის საფუძვლები და რას ითვალისწინებს ამ საგნის შესწავლა. პროგრამა „კომპანია“ წარმოადგენს მეწარმეობის საფუძვლების მეთოდს, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ეკონომიკური და ბიზნესმეცნიერების პრინციპებს, ამავე დროს ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიღებული განათლება რეალური ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ.

პროგრამა „კომპანია“ 2016 წელს აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო სამეწარმეო უნარების განმავითარებელი პროგრამა.

კომპანიის პროგრამაში მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ უნდა დააფუძნონ საკუთარი ბიზნესი და მოახდინონ მისი ოპერირება.

პროგრამის ფარგლებში ისინი მუშაობენ იდეების გენერირებაზე, იკვლევენ ბაზარს, ირჩევენ დირექტორთა საბჭოს. ისინი ასევე მოიზიდავენ სააქციო კაპიტალს, დააფინანსებენ, განავითარებენ და ბაზარზე გაიტანენ პროდუქტს ან მომსახურებას მათი არჩევანის მიხედვით. გასცემენ ხელფასს, წლის ბოლოს კი მოამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას მათი აქციონერებისათვის და მოახდენენ კომპანიის ლიკვიდაციას, რადგან ეს არის სასწავლო პროექტი და იგი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მათ თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ასევე გააცნოს მათ ბიზნესის და ეკონომიკის რთული ცნებები მოქმედებაში (პრაქტიკაში), დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი, აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს ასევე საშუალება აქვთ, ჩაერთონ სამეწარმო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამაში „The Entrepreneurial Skills Pass“ (ESP).

დაგვიზუსტეთ დეტალები ამ პროგრამის შესახებ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რაში დაეხმარება ეს პროგრამა მოსწავლეებს?

 

„The Entrepreneurial Skills Pass“ (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. საქართველოში ამ სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოსწავლეებს ან სტუდენტებს, რომლებიც „Junior echievement საქართველოს“ „მოსწავლეთა კომპანიის“ მეთოდოლოგიით სწავლობენ „მეწარმეობას“. აღნიშნული პროგრამის გავლა მოსწავლეს სძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარება საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში. ESP ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე/სტუდენტი ფლობს სამეწარმეო უნარებს და კომპეტენციებს, რაც კონკურენტულ უპირატესობას სძენს მას სამუშაო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს და დამსაქმებლებს ნათელ წარმოდგენას აძლევს პოტენციური კანდიდატის შესახებ. ESP-ის სერტიფიკატი აღიარებულია მთელს მსოფლიოში დამსაქმებელსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ სერტიფიკატის მქონე ახალგაზრდები საუკეთესო მუშაკები არიან.

 

გვესაუბრეთ სასწავლო პროცესის პრაქტიკულ ნაწილზე, როგორ ასწავლით და როგორ გეგმავთ გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის?

 

საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ უნიკალურია იმით, რომ დაფუძნებულია კეთებით სწავლებაზე. თავდაპირველად ვიწყებთ იდეების გენერირებას, ვიკვლევთ მიზნობრივ ბაზარს, ვაკეთებთ ამ იდეის SWOT-ანალიზს და ვარჩევთ სასურველ იდეას. ამის შემდეგ ვიწყებთ კომპანიის ჩამოყალიბებას. არჩევნების წესით ვირჩევთ კომპანიის გენერალურ მენეჯერს (CIO). დანარჩენი მოსწავლეები თავდაპირველად აკეთებენ საკუთარი უნარების შეფასებას, რის მიხედვითაც ავსებენ CV-ს კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაოდ: მარკეტინგის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, წარმოების მენეჯერი, HR მენეჯერი. გაივლიან გასაუბრებას. მოსწავლეთა კომპანია გადის ყველა იმ საფეხურს, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესკომპანია ახორციელებს. კომპანიის „სტაფის“ დაკომპლექტების შემდეგ დარჩენილი მოსწავლეები ნაწილდებიან მათთვის სასურველ განყოფილებაში. ამის შემდეგ უკვე იწყება მთლიანი პროცესი პროდუქციის შექმნიდან მის რეალიზაციამდე – სააქციო კაპიტალის მოზიდვა, ნედლეულის შესყიდვა, წარმოება, გასაღების ბაზრის ძიება, რეკლამირება, გაყიდვა, ხელფასების გაცემა და წლის ბოლოს კომპანიის ლიკვიდაცია. (როგორც სასწავლო კომპანია თავისუფალი ვართ გადასახადებისგან).

 

2020 წელს თქვენი სკოლა ევროპის 25 ქვეყნის 39 საუკეთესო სამეწარმეო სკოლებს შორის დასახელდა. ვესაუბრეთ ღონისძიებაზე, რომელსაც სამეწარმეო სკოლის ჯილდო ჰქვია, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით.

 

ჩვენი სკოლა 2008 წლიდან თანამშრომლობს „Junior echievement საქართველოსთან“. ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით და ვიზრდებით. ვცდილობთ, ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი შევქმნათ. ამ მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 2020 წელს N175 საჯარო სკოლა დასახელდა როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა, რაც, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო გერმანიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩატარდა ონლაინ. მასში მონაწილეობდნენ ევროპის 25 ქვეყნის საუკეთესო სამეწარმეო სკოლის მეწარმეობის პედაგოგები. ევროპის საუკეთესო სკოლების 2020 წლის დაჯილდოების მეორე ნაწილი დაეთმო ვორქშოფებს. სადაც მოხდა უცხოელი კოლეგების მიერ, ჩვენთვის, მიწვეული მასწავლებლებისთვის, გამოცდილების გაზიარება, რაც ძალიან საინტერესო იყო და დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განვითარებაში.

 

ოგვიყევით იმ პროექტებზე, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ახორციელებთ თქვენს სკოლაში. ომელ პროექტს გამოარჩევთ განსაკუთრებით და რატომ?

 

ამ წლების განმავლობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. გამოვყოფდი ორ მათგანს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

2017-2018 სასწავლო წელს სამეწარმეო განათლების ფარგლებში X კლასის მოსწავლეებთან განვახორციელე პროექტი ,,Skill board“. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტი – მოტორული უნარებისა და აზროვნების განმავითარებელი დაფა, რომელიც გათვლილი იყო სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, ასევე სამ წლამდე ბავშვებისათვის.

თებერვლის თვეში „Junior echievement საქართველომ“ კომპანია „Skill board“ შეარჩია ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად. სადაც დავიმსახურეთ ტიტული „Best foreign company“ და გადმოგვეცა სერტიფიკატი.

ამის შემდეგ დავიწყეთ მზადება „Junior echievement“-ის მიერ ორგანიზებული საქართველოს გამოფენა-გაყიდვისათვის. სადაც, ჟიურის გადაწყვეტილებით კომპანია „Skill board“-მა დაიმსახურა ჯილდო „Best company“და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

„თბილისი მერიოტში“ „Junior echievement საქართველოს“ მიერ წლის კომპანიის შესარჩევ კონკურში წარმოდგენილ იქნა ხუთი კომპანია, მათ შორის იყო 175-ე საჯარო სკოლის კომპანია „Skill board“.  ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. კომპანია „Skill board“ წარმატებით დაიცვა თავისი პროექტი და დამსახურებულად მოიპოვა ტიტული „წლის კომპანია“ – „Company of the year“ და თასი.

ივლისის თვეში „Skill board“-წარადგინა საქართველო „Junior echievement ევროპის“ კონკურსზე სერბეთში, ქალაქ ბელგრადში.

2019 წ. – მოსწავლეთა კომპანია „skill board“-მა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციების „სიქასა“ და „EMT“-ის მიერ ორგანიზებულ „Diamond Callenge“-ის სოციალური საწარმოების კონკურსში, სადაც ასევე პირველი ადგილი დაიმსახურა და მიწვეულ იქნა აშშ-ში, დელავერის უნივერსიტეტში, აპრილის თვეში. აშშ-ში გასამგზავრებლად ტექნოპარკის „GITA“-ს სამგზავრო გრანტი მოიპოვა. მსოფლიო სოციალურ საწარმოთა კონკურსზე, დელავერის უნივერსიტეტში „skill board“ დასახელდა მსოფლიოს ტოპ 9 სოციალურ საწარმოთა შორის.

 

მეორე პროექტი, რომელიც ასევე ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის, რომელიც განვახორციელეთ 2020 წელს – „Helmet Vision“ მეხანძრის ჩაფხუტი, აღჭურვილია იმგვარი მოწყობილობით, რომელიც ეხმარება მეხანძრეს დაკვამლიანებულ გარემოში ორიენტირებაში. (პროდუქტი აღჭურვილია ულტრასონიკებით, რომელიც აღიქვამს წინაღობებს და მეხანძრეს კარნახობს რომელ მხარეს უნდა გადაადგილდეს). მოსწავლეთა კომპანია „Helmet Vision“ თებერვლის თვეში „Junior Achievement Georgia“-ს მიერ შერჩეულ იქნა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად. „Junior Achievement Estonya“-ს  – მიერ დაჯილოდოებულ იქნა ნომინაციაში  „Best innovation company“. აპრილში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში და დასახელდა ნომინაციაში „Best company“. დაცვის ეტაპზე კი დაიმსახურა ჯილდო „2020 წლის კომპანია“ და თასი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ონლაინ გამართულ ევროპის მოსწავლეთა კომპანიების ჩემპიონატზე „Helmet Vision“ წარადგინა საქართველო პორტუგალიაში. დაიმსახურა „Citi Fundition“-ის სიმპათია და მოსწავლეებმა მიიღეს ფასიანი პრიზები.

 

ას გვეტყვით თქვენს მოსწავლეებზე, როგორ მუშაობენ ისინი და რამდენად ინტერესდებიან საგნით?

 

ამ პროგრამის მიმართ დაინტერესება დიდია ჩვენს სკოლაში, ძალიან ბევრი მოსწავლე ირჩევს ამ არჩევით საგანს.

მოსწავლეები ამ პროექტზე მუშობისას გამოიმუშავებენ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, მარკეტინგის, ოპერირების, ფინანსების მართვის უნარებს. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსწავლეებმა, რომელთაც გაიარეს ეს პროგრამა ისეთი უნარების შეიძინეს, რამაც მათი მომავალი პროფესია განსაზღვრა. მათ იმავე მიმართულებით განაგრძეს სწავლა უნივერსიტეტში რა პოზიციაც ეკავათ კომპანიაში. (მაგ: HR მენეჯერი- ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ა. შ.).

გარდა ამისა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც სხვადასხვა დროს გაიარეს ეს პროგრამა, სერიოზულად  ფიქრობენ, დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, როგორც სტარტაპი და დაიწყონ რეალური ბიზნესი.

 

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, ხომ არ მუშაობთ ახალ პროექტზე?

 

junior Achevement საქართველო ხშირად გვანებივრებს საინტერესო პროექტებით, სემინარებით, ვორქშოფებით. ამჟამად ვმუშაობ მათ მიერ შექმნილ მოდულზე „პროექტების მართვის მენეჯმენტი“, რომლის ტრენინგსაც უკვე ვიწყებ მეწარმეობისა და ეკონომიკის ჯგუფის მოსწავლეებთან. ეს არის ელექტრონული სწავლების რესურსი https://jag-elearning.ge, რომელიც შეიქმნა JA კომპანიის პროგრამის დამატებით მოდულად და უკავშირდება მის სასწავლო გეგმას. იგი ეტაპობრივად საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ პროექტის მენეჯმენტის ყველაზე მოთხოვნად პროცესებს, უნარებსა და კონცეფციებს. ამ გზით მათ შეეძლებათ გამოიყენონ ისინი მოსწავლეთა კომპანიაში ან ნებისმიერ სამომავლო პროექტში. პარალელურად ჩართული ვარ სასკოლო პროექტში „ფინანსური წიგნიერება“, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის კლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად ვატარებთ „junior Achevement“-ის პროგრამას „ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში“ მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის.

რაც შეეხება უშუალოდ მეწარმეობის საფუძვლების პროექტებს, ერთი მათგანის შესახებ გესაუბრებით.

მიმდინარე წელს ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა კომპანია „ROBOBOOK“, რომელიც აწარმოებს ინტერაქციული წიგნს, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. მასში სასწავლო კურსთან ერთად თავმოყრილია პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც სწავლისა და შემეცნების პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ნაყოფიერს ხდის. სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით, მოსწავლეს შეუძლია ააწყოს სმარტსათამაშო. წიგნი წარმოდგენილია როგორც სტანდარტული სახით, ასევე უზრუნველყოფილია აუდიოვიზუალით. რობობუქის მთავარი მიზანია, მოზარდებში STEM-უნარების განვითარების ხელშეწყობა. დღესდღეობით საქართველოში, მართალია მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროს განვითარებაზე, თუმცა საქართველო მაინც რჩება მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელ და არა მწარმოებელ ქვეყნად. ჩვენი კომპანიის მიზანია, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში და შევქმნათ ისეთი სასწავლო რესურსები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება ამ მიმართულებით განვითარებაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი