სკოლებში დემოკრატიული კულტურის რეალურად დასანერგად და სამეურვეო საბჭოს მექანიზმის სრულფასოვნად ასამოქმედებლად სკოლას ავტონომიურობა და მხარდაჭერა სჭირდება.
ესტონეთში, სადაც სკოლის დირექტორებს მაღალი ხარისხის ავტონომია აქვთ, სამეურვეო საბჭო გაცილებით უფრო ქმედითუნარიანი ორგანოა და სასკოლო თემი სკოლის მართვაშიც რეალურად მონაწილეობს. საბჭოს წარმომადგენლები არიან როგორც სკოლის მფლობელი მუნიციპალიტეტი, ასევე, დირექტორი, პედაგოგები, მშობლები (ყოველი კლასიდან თითოეული მშობელი მაინც), მოსწავლეები, სკოლადამთავრებულები და ის ორგანიზაციები, რომლებიც სკოლას ეხმარებიან. ამასთანავე, სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების ნახევარზე მეტი მშობელია. სკოლა იყენებს მათ ცოდნასა და კომპეტენციას.
საბჭოს სხვადასხვა მოვალეობა აკისრია, მათ შორის: მისცეს რეკომენდაციები სკოლის მფლობელს, რათა უკეთესად წარმართოს სკოლასთან დაკავშირებული საქმეები, გასცეს უკუკავშირი ბიუჯეტსა და სკოლის სასწავლო გეგმაზე. საბჭო მონაწილეობს სკოლის განვითარების გეგმის მომზადების პროცესშიც. ნებისმიერ მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვს, მიმართოს სამეურვეო საბჭოს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განსახილველად.
მაგალითისთვის, საარემაას გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს წევრები თვეში ერთხელ ან ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს, წამოჭრილ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი სკოლის დირექტორთან ერთად. კურესაარეს გიმნაზიის შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წელიწადში ოთხჯერ მართავს შეხვედრას ყველა კლასში, მშობლებს წინასწარ უგზავნიან მოსაწვევს. შეხვედრას აუცილებლად ესწრება საბჭოს წევრი მშობლები, დანარჩენების დასწრება ნებაყოფლობითია. აქ განიხილავენ სასკოლო საკითხებს, სვამენ შეკითხვებს და რაიმე საკითხს კენჭისყრით გადაჭრიან. საბჭო სკოლის ვებგვერდზე ტვირთავს შეხვედრის წერილობით ჩანაწერებს. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე სამეურვეო საბჭოს წევრებმა განიხილეს, როგორ წარმოუდგენიათ სკოლა ორი წლის შემდგომ, რას შეცვლიდნენ და რას დატოვებდნენ. მშობლები სამუშაო ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და ერთობლივად მუშაობდნენ იდეებზე.
სკოლაში არსებული პროცესების შესახებ უკუკავშირის თუ ნებისმიერი სახის კომენტარის მისაღებად, სამეურვეო საბჭო Google Forms-ის მეშვეობით მშობელთა პერსონალურ ელ. ფოსტაზე აგზავნის ანონიმურ კითხვარს. ეს ხდება ნოემბრის თვეში. კითხვარის თემები დროდადრო იცვლება. ის ეხება ცხრილს, კვებას, სასწავლო გარემოს, ინფრასტრუქტურას, ბულინგის თემატიკას და სხვ. კითხვარი დაახლოებით 10 ღია ტიპის შეკითხვას მოიცავს. ყოველ გაზაფხულზე სამეურვეო საბჭო მოსწავლეებს უგზავნის კითხვარს, რათა გაარკვიონ, რამდენად კმაყოფილეი არიან სწავლით, მასწავლებლებით. პედაგოგები პირადად იღებენ უკუკავშირს. კითხვარებიდან მიღებული ინფორმაცია განიხილება სკოლის დირექტორთან. იმ შემთხვევაში, თუკი კითხვარში რომელიმე საკითხზე ჩანს უარყოფითი უკუკავშირი, ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ ხდება დირექტორის მისამართით და სამეურვეო საბჭო სთხოვს გადამოწმებას. უკუკავშირის შედეგები სკოლის გაზეთშიც იბეჭდება, აზიარებენ სკოლის ფეისბუქგვერდზე, ვებსაიტსა და მშობელთა პერსონალურ ელ. ფოსტაზე.
კურესაარეს გიმნაზიის მაგალითი აჩვენებს, რომ სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე ყველა მშობელს შეუძლია მონაწილეობა და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრების დაფიქსირება. მათ შეუძლიათ იპოვონ საკუთარი როლი და ინტერესის მიხედვით აირჩიონ საქმიანობა, რომელშიც ჩაერთვებიან. საბჭოს წევრები მოხალისეობრივად ადგენენ ყოველ ჯერზე ახალ კითხვარს, აგროვებენ, ამუშავებენ სკოლის მართვისთვის აუცილებელ ინფორმაციას და ამისთვის ნოემბრის თვეს ირჩევენ, რათა მომდევნო სემესტრის განმავლობაში ცვლილებების გატარება მოასწრონ. დირექტორი სრულ ნდობას უცხადებს საბჭოს, უსმენს პედაგოგებსა და მშობლებს, არ ეშინია ექსპერიმენტებისა და მუდმივად ცდილობს სკოლის სისტემის გაუმჯობესებას.
იმისთვის, რომ მშობელთა ინიციატივების გამოვლენას შეუწყონ ხელი და მოხალისეობის პრაქტიკა შექმნან, სკოლის მასწავლებლები (ზოგჯერ დირექტორიც) ურეკავენ, ესაუბრებიან მოსწავლეთა მშობლებს; საუბრისას გამოხატავენ პატივისცემას და ცდილობენ, წაახალისონ სკოლის აქტივობებში ჩართულობისკენ. ცხადია, არ ხდება ძალდატანება. მშობელთა მხრიდან ინიციატივების გამოჩენას და მოხალისეობას ხელს უწყობს ნდობის ფაქტორი: გამორჩეული სკოლების დირექტორები ცდილობენ მყარი, ნდობით სავსე ურთიერთობა ჰქონდეთ მოსწავლეთა მშობლებთან. ისინი ახერხებენ დელეგირებასა და მშობელთათვის გადაწყვეტილების მიღების ბერკეტის მიცემას. ეს დირექტორები და პედაგოგები მზად არიან, მიიღონ წინადადებები მშობლებისგან, პირდაპირ აცხადებენ ღიაობას და დაინტერესებას სხვების მოსაზრებებისადმი, ითვალისწინებენ მშობელთა აზრებს და ეს ყველაფერი გამოიხატება ქმედებებში.
ესტონეთში მოქმედებს საერთაშორისო პროექტებიც, რომლებიც მიმართულია სკოლის სამეურვეო საბჭოების გაძლიერებაზე. რაც შეეხება კანონმდებლობას, მშობლების ფორმალურ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს, მას არეგულირებს „კანონი საბაზო და საშუალო სკოლების შესახებ“. ამ კანონის მიხედვით:
1) მშობელმა სახლსა და სკოლაში უნდა შექმნას სწავლის პროცესში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები;
2) მიაწოდოს სკოლას თავისი საკონტაქტო დეტალები და შეატყობინოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ;
3) წაიკითხოს სასკოლო ცხოვრების მარეგულირებელი დოკუმენტაცია;
4) ითანამშრომლოს სკოლასთან მოცემული კანონისა და ზოგადი კანონმდებლობის მიხედვით;
5) გაატაროს სკოლის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული ზომები;
6) მიმართოს საკონსულტაციო საბჭოს სკოლის შემოთავაზების საფუძველზე;
7) საჭიროების მიხედვით, მოითხოვოს სკოლისგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობისგან შესაბამისი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს დაესწროს სკოლის გაკვეთილებს.
როგორც ხედავთ, ესტონეთში რეალურ სასკოლო დემოკრატიას სკოლების ავტონომიურობითა და მხარდაჭერის სისტემებით ინარჩუნებენ. ასევე, გამართული და მკაფიო კანონმდებლობით და სკოლის დირექტორის პროფესიული კომპეტენციით, რომელიც თავის თავში გაზიარებული ლიდერობის (Shared Leadership) უნარებს მოიცავს. ეს სტრატეგია განსხვავდება სკოლის ტრადიციული მართვის პრინციპისგან, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და უკუკავშირს, რჩევას ან სკოლის საზოგადოების წევრებისგან რაიმე სახის ჩართულობას არ მოელის. გაზიარებული ლიდერობა გულისხმობს კომუნიკაციას, ურთიერთშეთანხმებებს სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის და პასუხისმგებლობის განაწილებას მათი ფუნქციებისა და ცოდნის მიხედვით (NEPC, 2018).
გამოყენებული ლიტერატურა: