კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

ვერსო – წარმოსახვითი ფოტოგრაფია

ქალაქის ძველი უბნის მომცრო გალერეაში ხშირად წარმოვიდგენ გამოფენას, სადაც დამთვალიერებლები ვინტაჟურ ჩარჩოებში ჩასმულ ვერსოებზე წარწერებს კითხულობენ და ცდილობენ, წარმოიდგინონ, რა ხდება ფოტოზე, როგორ გამოიყურებიან მასზე გამოსახული ადამიანები, იღიმიან თუ არა, რა აცვიათ, რა ახურავთ, ობიექტივს უყურებენ თუ სივრცეში იმზირებიან… გამოფენის სტუმრები გულდასმით აკვირდებიან იმასაც, მინაწერი მელნით არის შესრულებული თუ ბურთულიანი კალმით, რომელიმე სტრიქონი მოგვიანებით ხომ არ არის დამატებული ან იქნებ მზერის გამახვილებით შესაძლებელია საგულდაგულოდ გადახაზული სიტყვის ამოკითხვა. მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდება ისეთიც, ვინც ორნამენტულად დაკბილულ კიდეებს, სინესტის ლაქებს და გასწორებულ ნაკეცებს არანაკლებ მნიშვნელოვანად მიიჩნევს ძველი ამბის აღსადგენად. ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა, საოჯახო ალბომებში, ინტერნეტში, მშრალ ხიდზე თუ მარჯანიშვილის ქუჩის ბუკინისტებთან ძველი ფოტოების მინაწერების ძებნა დავიწყე და ფეისბუქზე გვერდიც კი შევქმენი: „ვერსო – წარმოსახვითი ფოტოგრაფია“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს ძველი ფოტოს უკანა მხარე, ამბად სათქმელი მინაწერით: „როცა იყო ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი“, „გადაღებულია ქუჩაში მთელი დღე ხეტიალის შემდეგ“, „თუ რომ გიყვარდე, მალ-მალე მნახე“, „ჩვენი უშნო სურათი“, „როს დახედო ჩემო კატო, მომიგონე, გაიცინე“ (წყარო: „ივერიელი“)… მერე დავფიქრდი, რომ სოციალურ მედიაში ციფრული ფოტოების გამოფენამ ვერსოს იდეა გადაასხვაფერა: ფორმატი აღარ გზღუდავს და შეგიძლია სურათს მცირე წარწერა კი არა, მთელი ამბავი დაურთო. თუ ეს თამაში მოგწონთ, მხოლოდ მინაწერების ამოკრება სცადეთ და თქვენი ცხოვრების  წარმოსახვითი ფოტოალბომიც აიკინძება.

 

***

აქ არ ვართ ხასიათზე და ფოტოგრაფმა, გაიღიმეთო. გავიღიმეთ. მასწავლებელმა, ეგრე არა, კბილები გამოაჩინეთო. გამოვაჩინეთ.

 

***

აღარ მახსოვს, გეინსბოროს ეს ნახატი საიდან ამოჭრა დედაჩემმა, ალბომიდან თუ კალენდრიდან. ამბობდა, რომ პეპელას ადევნებული გოგოები – მხატვრის ქალიშვილები – ძალიან გვგავდნენ მე და ჩემს დას. როგორც ჩანს, ახლაც იმავე აზრზეა. დღეს გადავიღე აბაშიძეზე.

***

ამ ფოტოზე 4 წლის ვარ, მაგრამ გადაღების ამბავი ცხადად მახსოვს. საბავშვო ბაღის ეზოში დაგვამწკრივეს, ხან ჯაჭვი დაგვეშალა, ხან ხაზი აგვერია, ბოლოს ეს კადრი აღმოჩნდა გაზეთში. მე ვღელავდი, რომ არ წავქცეულიყავი, რასაც არცთუ იშვიათად ვახერხებდი.

***

რადგან რეპეტიციების დროს სულაც არ იყო ნახაზში, რომ ჩოხიან ბიჭს უნდა გამოეცეკვა გოგო მატრიოშკებიანი კაბით, ამ მოულოდნელობამ მთლად დამწვა და დამანელა. ფოტოს დედაჩემის ხელით აწერია, რუსუდანი 5 წლის და 5 თვის. დანარჩენს სახეზე ამოიკითხავთ.

***

იყო დრო, ექიმის და ფოტოგრაფის ერთნაირად მეშინოდა. რაღა კბილის ამოღება და რაღა ფატოს გადაღება, ორივეზე ვჯღაოდი. აქ კიდევ მთლად ობიექტივში ვარ შემძვრალი, 84-85 წელი უნდა იყოს. გავა დრო და აღარც ნემსის ჩხვლეტაზე წამივა გული. ეგ კი არა, სხვებსაც ვეტყვი, აიცერით-მეთქი.

 

***

სკოლა როგორც კი დავამთავრე, თმა მოკლედ შევიჭერი. უნივერსიტეტში ახალი ვარცხნილობით მივედი. ძალიან მომწონდა, რომ საკუთარ სილუეტს მივაგენი, ნაკლებად ქალურს და მეტად ისეთს, როგორიც შინაგანად ვიყავი. ეს ფოტო 2008-შია გადაღებული და ყველაზე მეტად მგავს.

 

***

სად იყო მაშინ სმაილები, უნდა გაგეღიმა.

 

***

ამ სახლში ცხოვრობდა ჩემი ბებია. კიბის თავზე შემოდგებოდა ხოლმე და კარის გასაღებად ზემოთვე გამოქაჩავდა თოკს. როცა კარგად ვეღარ ხედავდა, შესვლისთანავე ავძახებდით – “ბე, ჩვენ ვართ!” ეს “ჩვენ” ალბათ იმასაც ნიშნავდა, რომ ბებიაჩემის სამფრთიან სარკეში პირველად ვნახე საკუთარი პროფილი და სხვა რუსიკოები.

***

ფურისულა თუ მობრუნდა და მეორედ იყვავილა, ძველი სიყვარულის მიძინება როგორღა გეიმედებათ.

***

ვაკის პარკთან ჩემს საყვარელ ხეს ყვითელი ფოთოლი შეეპარა. ასეთი ვიყავი 25 წლის, ორი ღერი ჭაღარით.

***

ფოტოს გადაღებისას მე მხოლოდ ამ ხელთან შეხება დამამახსოვრდა.

***

ქუჩაში გავჩერდით და ერთმანეთს ეს ფოტოები გადავუღეთ. იქვე ფოტოსტუდია იყო, ბარემ ფირი დავცალოთ და გავამჟღავნოთო.

***

რამდენიმე კადრი გადაუღია ლევანს. საღამოს, ფოტოაპარატში თვალიერებისას დავტოვე მხოლოდ ის, რომელშიც ლაბადიან კაცს ჯერ კიდევ არ ჩაუვლია.

***

ეს ფოტო ერთვოდა ჩემს სტატიებს, რომლებსაც ვაშინგტონიდან ვაგზავნიდი. მერე რიგის ქუჩის წაბლები მომენატრა და გამოვიქეცი.

***

თითქოს არაფერი განსაკუთრებული – მე და ელენე ტელევიზორს ვუყურებთ. მერე, როცა ფირს გავამჟღავნებთ და ქალაქში სეირნობის ფოტოებს დავბეჭდავთ, ლევანს ვკითხავ, ეს როდისღა გადაგვიღე-მეთქი. ვაშინგტონი, ზამთარი, 2002.

 

***

დიდი სიყვარულის მიუხედავად, იშვიათად ვიკეთებ, ისიც ამობრუნებული ნასკვით. ჩემი პირველი ჰალსტუხი ეს იყო საუკუნის დასაწყისში.

 

***

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს პოეტური ფოტო პრაჟსკი შემოდგომისა, ერთ მშვენიერ დღეს ყვითელი ფოთლის ამოცნობით დასრულდებოდა და ვიტყოდი – ეს ბოსტონის სურო უნდა იყოს.

***

ძველი ქალაქისკენ სწორად მივდივარ-მეთქი, რუსულად ვკითხე გამვლელს და ამ კაცმა, მომისმინე, მე გეტყვიო, ქართულად გამომელაპარაკა. თვალებზე მივხვდიო. ბაქო, 2013.

***

საბაგიროსი არ იყოს, სადმე შემოსკუპება და ფოტოს გადაღება ჩემთვის ექსტრემალური სპორტია. რაღაც ამდაგვარი ჩემპიონატი იყო გამართული პრაღის ბორდიურზე (ძირითადად ტურისტ ქალთა შორის) და მეც მივიღე მონაწილეობა.

***
I amsterdam-თან ასეთი უცნაური ფოტო შემომრჩა. ამ გოგოს კადრიდან გასვლას ველოდებოდი და ამან კიდევ ჩემს კამერაზე დაიწყო მუშაობა.

 

***

რა ფოტო ეს არის, მაგრამ მახსოვს უკანა გზაზე ქუჩაში ფეხშიშველი მოვაბიჯებდი თბილ ასფალტზე და ძველ სანდლებზე ვფიქრობდი.

 

***

ხანდახან გადღაბნილი კადრი უფრო მკაფიოდ მამახსოვრდება.

 

***

უკეთესი ქალაქებიც არსებობს და უფრო ლამაზი ღიობებიც, მაგრამ ძალიან მიყვარს თბილისის ქუჩების თაღებიდან ყურება.

 

***

ცისფერი ფასადის ფონზე ხმელი ფოთლები, ჩემს თვალს დღეს მეტი არაფერი უნდოდა.

***

მარცხნივ, მეორე სართულზე რაც ხდება, ჩემთვის ეგ არის წერა. რაღაც ისეთზე იფიქრო, იწვალო, სიტყვად აქციო, რაც შეიძლება ცოტამ შეამჩნიოს ან სულაც შეუმჩნეველი დარჩეს.

***

40 წელს რომ გადააბიჯებ, დაწუნებული ფოტოების ფოლდერს ფასი ედება.

***

ჩვენს სახლში დღის ბოლოს თუ შემოიხედავს ჩამავალი მზე, უფრო სწორედ ერთი სვეტი დაეცემა ხოლმე ტახტის კუთხეს. დავსვამ ჩემს გოგოებს და ვუყურებ.

***

ბაბუაწვერა, ოროვანდი და კუნელი – ძალიან სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა. ერთი ესაა, რომ წითლად შეფერილ ჩაის ჩემი თვალი არა სვამს. შემდეგზე ვაშლისა და დარიჩინისას ვიყიდი.

***

ჩვენი ზამბახი რომ იყვავილებს, ეს ყველაფერი ჩავლილი იქნება.

 

***

ნარცისებმა წელს ცოტა კი დაიგვიანეს, მაგრამ ვისაც ძალიან ველით, უსაყვედუროდ და სიხარულით ვეგებებით ხოლმე.

 

***

Summer Song – სულ სახელების გამო მაქვს ეს ვარდები ნაყიდი.  გუშინ შექსპირი შემოგვემატა. იმედია, გაიხარებს.

***

რახან ხვიარა ვარდებს მოკლე ყუნწები აქვთ, წყლიან თასში მოათავსეთ, დილის სადღეგრძელო თქვით და დაყნოსოთ.

***

მაყვლებით მოხატულ ჭიქაში ფორთოხლის წვენი – როგორღაც მე მგავს ეს ამბავი.

***

აი, ის სამკუთხედი მინდორია ჩემი საღამოს საჭვრეტი. ხან ნახირი ძოვს, ხან ბიჭები თამაშობენ ფეხბურთს.

 

***

ზემოიმერელი და ქვემოიმერელი დამდგარან ზემო ნიჩბისში და ქვემო ნიჩბისს გადაჰყურებენ.

 

***

იყიდის ლევანი ოთხ თევზს, გრილის საღამო მოვაწყოთო. ერთი საერთოდ ვერ მოიცლის, მეორე მეზობლებში გაიქცევა სათამაშოდ. გადავუნახავთ მერე იმათ უფრო კოხტებს, უფრო კარგად დაბრაწულებს. ლევანი გაიბუსხება. მე ვეტყვი, შეეშვი, კაცო, დავსხდეთ, ჩვენ ვჭამოთ-მეთქი. გამოიტანს ესეც ღვინოს და პირველს ჩვენი შვილებისას იტყვის.

***

მზის ქუდებს ვემშვიდობებით. მარჯვენა ფლანგი კი გავიდღაბნეთ, მაგრამ მომავალი ნათელია.

***

მე მყავს სელფის ჭინკა, რომლის ხელიც ყოველთვის ჩნდება კადრში.

 

***

ელენეს ფოტოების სერიიდან – My mom with the dog she didn’t want.

 

***

წლებია, რობერ დუანოს ეს ფოტო მიყვარს და ვერ მოვაბი თავი, ჩარჩოში ჩამესვა. დღეს მოვაბრძანე სიმონ დე ბოვუარი @Deux Magots და გაირკვა, რომ მისი დაბადების დღეა.

 

***

ჩემთვის ხშირად ნახატშიც სიტყვა ფასობს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საქველმოქმედო აუქციონზე ბერდიშევი იმიტომ არ დავთმე, რომ უკან Friday Night ეწერა.

 

***

სულ კერამიკის ნამტვრევებითაა მოფენილი ძველი საყდრის ეზო. სულ იმათ გამთელებაზე მეფიქრება და ამბავზე, რომელსაც ჭურჭელი ინახავს, ფრაგმენტებადაც კი.

 

***

Remontancy ნიშნავს განმეორებით ყვავილობას. ჩვენც შეგვიძლია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი