დღეს ბევრ ბავშვს ოჯახურ გარემოშიც კი აღარ ჰყავს ავტორიტეტი, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების სოციალურ ინსტიტუტზე. არადა, ბავშვი თავის ცხოვრებისეულ გზას სწორედ ოჯახიდან იწყებს, იქ ეზიარება პირველად ღირებულებებს და კომუნიკაციის საფუძვლებს, სწავლობს სამყაროს აღქმას, მასთან ურთიერთქმედებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სკოლაში, მასწავლებელთან, რომელიც მისთვის გახდება ან ვერ გახდება ავტორიტეტი.
ბავშვის ცხოვრებაში ავტორიტეტულ პიროვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – მას შეუძლია, შეცვალოს, „ამოატრიალოს“ ბავშვის სამყარო. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა ავტორიტარიზმზე იგება. მასწავლებელი, რომელიც არ იქცევა ისე, რომ მოსწავლის გულწრფელი პატივისცემა დაიმსახუროს, ქმნის შიშზე დაფუძნებულ ფსევდოავტორიტეტს. ასეთი მასწავლებლები ზედმეტად ბევრ დროს უთმობენ მოსწავლეების დამორჩილებას და, ბუნებრივია, ნაკლებად აღუძრავენ მათ სწავლის სურვილსა და მოტივაციას.
მასწავლებლის ავტორიტეტი მის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებით გამოიხატება. პოზიტიურ მომენტებზე აგებული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, ხელს უწყობს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებას და განა რა შეიძლება იყოს მოსწავლის პასუხი მასწავლებელთან ურთიერთობაზე, თუ არა სწავლისადმი გამოჩენილი ინტერესი? მოსწავლე, რომელიც აღიარებს მასწავლებლის ავტორიტეტს, მის ცოდნას, ცდილობს კარგად ისწავლოს, დაიმსახუროს საყვარელი პედაგოგის მოწონება და ეს სულაც არ არის ცუდი.
უხსოვარი დროიდანვე ადამიანები მასწავლებლებს აღიქვამდნენ პროფესიონალებად, რომელთა უნარები, გამოცდილება და სუპერცოდნა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად თვალდახუჭულები ენდობოდნენ. მასწავლებლები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, გრძნობდნენ, რომ იყვნენ უაღრესად მნიშვნელოვანნი, ავტორიტეტულნი, მათი სჯეროდათ და პასუხად თვითონაც ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საიმედონი და პროფესიული ზრდა არ შეეწყვიტათ.
მასწავლებელი თავად მოიპოვებს ავტორიტეტს, მხოლოდ მუშაობისა და გამოცდილების ხარჯზე, თუმცა მათი ავტორიტეტის განმტკიცებას თუ მსხვრევას ხშირად მშობლებიც უწყობენ ხელს. მასწავლებლის სამუშაო პროცესში მშობლის ჩარევა რევს ან აუმჯობესებს მთელ საგანმანათლებლო პროცესს. მაგალითად, თუ ბავშვმა დაინახა, რომ კლასში, სადაც ის სწავლობს, მთავარი მოქმედი პირი მშობელია და არა მასწავლებელი, ეს შეუქმნის განცდას, რომ სკოლაში ის, ანუ მოსწავლეა ავტორიტეტი. ცხადია, ეს ავტომატურად გაუჩენს მასწავლებლის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. თუ მშობლები მასწავლებელს პატივს არ სცემენ, ასევე მოიქცევა ბავშვი.
რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, რომ მასწავლებლის ავტორიტეტი არ შეილახოს? უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მასწავლებელი თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალია. სკოლის სივრცეში მშობელს უმეტესად არ შეუძლია, თავი მასზე კომპეტენტურად მიიჩნიოს. ის უნდა ეცადოს, პატივისცემით და გაგებით მოეკიდოს მასწავლებელს. დიახ, მასწავლებელმა, ისევე როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, შეიძლება შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგამდე მასწავლებელი ერთი ხელის მოსმით ვერ მივა. პედაგოგიკის უნივერსალური კანონი სწორედ ისაა, რომ სწავლა არა მეყსეულ, არამედ მოგვიანებით შედეგს იძლევა. ამიტომ თუ მშობელი ბავშვისგან ბრწყინვალე შედეგებს და ოლიმპიადებში გამარჯვებას ერთ თვეში ელის, ეს უბრალოდ გულუბრყვილობაა. მშობელმა უნდა აცალოს მასწავლებელს მოსწავლესთან მუშაობა.
ასევე, ძალიან კარგი იქნება, მშობელმა მასწავლებელს ბევრი კითხვა დაუსვას, პირდაპირ და ღიად ესაუბროს თავის მოლოდინებზე, სურვილებზე. ეს საუკეთესო გზაა, რათა მასწავლებელმა და მშობელმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, დაისახონ საერთო მიზანი, კონსტრუქციულად გადაჭრან არსებული პრობლემები. მეტიც: ავტორიტეტულ მასწავლებელთან ამ ტიპის კომუნიკაცია მეტ ავტორიტეტს შესძენს მშობელსაც, რაც ბავშვის სწორი აღზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ არა ბავშვებთან, არამედ მშობლებთან უჭირთ საერთო ენის გამონახვა, განსაკუთრებით კი იმ მშობლებთან, რომლებსაც უყვართ მასწავლებლისთვის რჩევების მიცემა იმის თაობაზე, როგორ უნდა ასწავლონ მის შვილს. მშობელს ეჩვენება, რომ მან ეს უკეთ იცის. სინამდვილეში ამით კი არ ეხმარება მასწავლებელს, არამედ ხელს უშლის.
ასეთი მშობლები უმეტესად სპეციალიზებული განათლების ან სამეცნიერო ხარისხის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ზემოდან უყურონ და ესაუბრონ მასწავლებელს, პირდაპირ მიუთითონ, რა უნდა აკეთოს მან თავის გაკვეთილზე. შედეგად ან მშობელს უფუჭდება ურთიერთობა მასწავლებელთან, რომელიც მის რჩევებს „რატომღაც“ არ იზიარებს, ან ბავშვი იწყებს იმ მასწავლებლის საგნის მოძულებას, რომლითაც მისი დედ-მამა უკმაყოფილოა.
არსებობენ მშობლები, რომლებიც უარყოფენ ყველაფერ ახალსა და უჩვეულოს. მათთვის გეგმიდან გადახვევა ან ბავშვის მიმართ კონტროლის მოდუნება ვულკანის ამოფრქვევის ტოლფასია. მათ ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი არასტანდარტული გაკვეთილი საფრთხეს უქმნის სწავლის სტაბილურობას და აკადემიურ მოსწრებას. ისინი ვერ ხედავენ შემოქმედებითი პროცესის საჭიროებას, არ ესმით, რომ მასწავლებელმა შეიძლება ყოველთვის არ შეამოწმოს, ვინ როგორ შეასრულა საშინაო დავალება, რადგან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკვეთილზე. მასწავლებლებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ალბათ საბჭოთა მემკვიდრეობით არის განპირობებული. მშობლების ამ კატეგორიას არ ესმის, რომ უამისოდ მოსწავლეებს უღარიბდებათ ფანტაზია, ხოლო მშობლების ზეწოლის ქვეშ მყოფი მასწავლებელი მათ თვალში ნაცრისფერი მასის ნაწილად, უინტერესო, უავტორიტეტო პიროვნებად იქცევა.
არსებობს მშობელთა კიდევ ერთი – პრეტენზიული კატეგორიაა, რომელიც ცდილობს, მასწავლებელი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს. ასეთი მშობლები საერთოდ არ ენდობიან მასწავლებლებს და გამუდმებით მათ „გამოჭერას“ ცდილობენ. ფაქტობრივად, უსაფრდებიან მათ, ყოველ ქმედებას ლუპით აკვირდებიან, მათ ყოველ მცდარ ნაბიჯს არაკომპეტენტურობის დასტურად მიიჩნევენ. შედეგად ბავშვი კარგავს მასწავლებლის რწმენას, უმიზეზოდ ეკამათება და ეწინააღმდეგება მას. როდესაც მასწავლებელი ამის გამო შენიშვნას აძლევს, ის, განაწყენებული, მშობლებთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან უჩივის და ყველა დარტყმის მოგერიება ისევ მასწავლებელს უწევს.
მშობელთა სხვა კატეგორია გამუდმებით მოითხოვს, მის შვილს ისე ასწავლონ, როგორც ადრე მას ასწავლიდნენ. ასეთი მშობლები ბოლო ხანს გაიშვიათდნენ, თუმცა ისევ არსებობენ. ცხადია, ყველა მშობელს აქვს თავისი სასკოლო გამოცდილება, მაგრამ ბავშვზე მისი პროეცირება დაუშვებელია. თუ ბავშვს სკოლაში კლასიკური ესეს წერას არ ასწავლიან, ეს ტრაგედია როდია. საბჭოთა აღზრდის ინერცია და იდეა, რომ მაშინდელი განათლება საუკეთესო იყო, რა ხანია მოძველდა. წარსული წარსულშივე უნდა დარჩეს, რადგან შეუძლებელია, მასწავლებელმა თანამედროვე ბავშვს ძველებური სისტემით და მეთოდებით ასწავლოს, თუნდაც მათემატიკა ან უცხო ენა.
არიან მშობლები, რომლებიც გამუდმებით უკმაყოფილებას გამოხატავენ ბავშვის ნიშნების გამო. ესენი შეფასებაზე ორიენტირებული მშობლები არიან. მათთვის შვილის დაბალი ქულა პანიკის საფუძველია. თუ ბავშვი ხშირად იღებს დაბალ შეფასებას, მშობლების აზრით, ეს მასწავლებლის უსამართლო დამოკიდებულების ბრალია. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, ძალიან აშინებთ უცოდინარი ბავშვის მშობლის იარლიყი და რეპუტაცია. პირიქითაც ხდება: დედას რომელიც გამუდმებით აკრიტიკებს შვილს დაბალი ქულების გამო, ეჭვი ეუფლება, როდესაც ბავშვი უეცრად მაღალი ქულების მიღებას იწყებს. აქ რაღაც ხდება, – ამბობს ის და გამოძიებას იწყებს…
მშობლის მხრივ ნიშნებზე და არა საგნის შინაარსზე ან სასარგებლო უნარებზე აქცენტირებას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.
ბოლო წლების კიდევ ერთი მანკიერი ტენდენცია: მშობლები ცდილობენ, დაიცვან შვილები, სულერთია რა გზით, საჩივრებით თუ მასწავლებლებთან ჩხუბით. ბავშვი მართალია, – მიაჩნიათ მშობლებს და შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ არა ყოველთვის. ასეთი მშობლები მოითხოვენ მასწავლებლების ლამის ლინჩის წესით დასჯა-გასამართლებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით. აი, მასწავლებელმა ბავშვს საშინაო დავალება არ შეუმოწმა, აი, უხერხულად იხუმრა ან ხმას ზედმეტად აუწია… მშობელს არ მოსწონს მასწავლებელი და მოითხოვს მის გამოცვლას, თანაც ისე, რომ ბავშვს არც ეკითხება. ზოგჯერ სკოლის ადმინისტრაციისთვის უფრო იოლია, დაემშვიდობოს მასწავლებელს, ვიდრე თავი აიტკივოს აბეზარ მშობელთან ურთიერთობით, რომელიც წამითაც არ ასვენებს.
გვახსოვდეს, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მონდომებულია, ასწავლოს ჩვენს შვილებს, თუნდაც მცირე ანაზღაურების ფასად და საკუთარი თავისუფალი დროის ხარჯზე. მათ უყვართ თავიანთი პროფესია, გვეხმარებიან ბავშვების განათლებაში და გვთხოვენ არც ისე ბევრს – უბრალოდ, მეტად მივენდოთ.