სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დაუვიწყარი ზაფხული – აქტივობა წერის უნარის განსავითარებლად

 

ის, რაც არასოდეს მავიწყდება, ჩემი ბავშვობის ზაფხულებია.

წლები რომ მემატება, უფრო და უფრო ვრწმუნდები, ბავშვობის ემოციების კვლავ განცდა თუ იმ შეგრძნებების დაბრუნება უჩვეულო სიხარულს მგვრის. და რაღაცნაირად მჭირდება, მოთხოვნილებად მექცა, ის განცდილი დროდადრო დავიბრუნო.

ივლისში ,,ნედლი“ თხილის ჩაკნატუნების სურვილი როცა წამომახტუნებს, თავსხმა წვიმაში გამაქცევს და ფოთლებზე შერჩენილი წვეთებიც გამლუმპავს, ჩემში იღვიძებს ბავშვური ცელქობის სურვილი. მერე კი სახურავზე ამ წვიმის წკაპაწკუპის ხმა თითქოს მაიძულებს, რომ წიგნს ხელი მოვკიდო, ჰამაკში მოვკალათდე  და მოყვითალო ფურცლებში ჩავიკარგო, ისე, როგორც ადრე. ასე კითხვას სხვა ხიბლი აქვს, ათასი ფიქრი ამეშლება ხოლმე ამ დროს. დავხეტიალობ ფეხადგმულ მოგონებებში და საბოლოოდ ყველა გზა მაინც  ბავშვობასთან მიდის.

ამასობაში ერთ ზაფხულს მეორე მოსდევს, მეორეს – ოცდამეცამეტე, ხან რას ვკითხულობ, ხან რას ვუყურებ (ზაფხულში თითქოს მთელი წლის სამყოფს ვიმარაგებ), მაგრამ იმ წიგნს (,,ჩვენც სალტკროკელები ვართ)“, რომელმაც ჭეშმარიტი ზაფხული შემაგრძნობინა, მაინც ვერაფერი ცვლის. და აქამდე ჯერ არ ყოფილა, რომ საზაფხულო არდადეგებზე ჩემებური რიტუალი არ აღვასრულო, არ გავიხსენო ერთი თავის სათაური – ,,დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის“, ყოველ ჯერზე არ დავეთანხმო მწერალს, რომ მართლაც არსებობს დღეები, წუთებიც კი, ცხოვრებას რომ უტოლდება და შემდეგ არ ჩავიბუტბუტო ასტრიდ ლინდგრენის დაწერილი რამდენიმე წინადადება: ,,ზაფხული ჩვეულებრივ მიდიოდა: მზე ანათებდა, მრავალფეროვნებისათვის ზოგჯერ წამოწვიმდა ხოლმე, ხანდახან ქარიშხალიც ამოვარდებოდა: ზღვა აიტალღებოდა და ფიორდი თეთრი ქაფით იფარებოდა, სახლების ფანჯრები ჭრიალებდა“. აქ დურგლისეული კარმიდამოს ბინადრების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, ისიც კმარა, რომ ამ პერსონაჟებმა ძალიან მხიარული ზაფხული მაჩუქეს ოდესღაც, იმას კი ვიტყვი, რომ ბავშვობაში წაკითხული თუ ნაფიქრი ხშირად გვახსენებს თავს, თუ რატომ, ამას ჩემზე უკეთ ფსიქოლოგები ხსნიან.

სიმართლე გითხრათ, სულაც არ დამიგეგმავს სტატიის ასე დაწყება, თავისთავად მოხდა. ასეთ დროს მგონია, რომ სათქმელი თითებშია ჩამალული, ბეჭდავ, ეკრანზე ასო ასოს ეხლართება, სიტყვად იქცევა, სიტყვები – წინადადებებად და ეს პროცესი გათავისუფლებს სათქმელისგან. სტატიის დასაწყისში იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებებით, ფიქრებით, ამბებით იქსოვება ჩვენი ცხოვრება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ამ ამბებზე დაკვირვება ბავშვისთვის, მათი შენახვა, მეორე მხრივ კი ის, რომ თავად ქსოვილი იყოს მრავალფეროვანი (ამაში კი უფროსების როლი და პასუხისმგებლობა განუზომელია). სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრმა მომაგონებინა ერთი აქტივობა ჩემი შვილისთვის და ახლავე გაგაცნობთ (კალამმა არა და კომპიუტერის კლავიატურამ ისევ რომ არ გამიტაცოს მორიგ მოგონებაში).

ცნობილი ამბავია, რომ ზაფხულში ბავშვებს სულაც არ უყვართ დავალებების შესრულება. არც უნდა უყვარდეთ, ზაფხული არ არის მეცადინეობის დრო, გართობის, თამაშის, სილაღის, წიგნების კითხვისა და ცხელ-ცხელი თავგადასავლების დროა. ვინაიდან, ჩემს პირველკლასელ შვილს მთელი მსოფლიოს ბავშვებთან ერთად პანდემიამ სრულიად შეუცვალა დღის წესრიგი, გადავწყვიტე, წერის ისეთი აქტივობა მომეფიქრებინა, რომელიც:

 

  • საზაფხულო დღიურად ექცეოდა…
  • მეორე კლასის რვეულს გააცნობდა…
  • დღეში ერთ-ორ სიტყვასაც ხალისით დააწერინებდა…
  • სათქმელს ნახატითაც გადმოაცემინებდა…
  • და, რაც მთავარია, დააკვირვებდა თავის საზაფხულო ცხოვრებას.

ყოველდღე ბავშვს რვეულში ვუწერდი ერთ ფრაზას, რომელიც უნდა დაემთავრებინა. ამ დასასრულებელი წინადადების მოფიქრებას ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მან  პატარა უნდა დააფიქროს და განვლილი დღე გააანალიზებინოს.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ეს მცირე აქტივობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა:

  • შესასრულებლად რამდენიმე წუთია საჭირო და ბავშვს არ ეზარება დაწერა, მიუხედავად მისთვის დათმობილი მცირე დროისა, მაინც ვარჯიშობს წერაში;
  • უვითარდება თვითშეფასების, წარმოსახვის, შემოქმედებითობის, ანალიზის უნარები;
  • ქმნის ილუსტრაციას და ადეკვატურად აკავშირებს ნაწერსა და ნახატს;
  • და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფიქრობს თავის ყოველდღიურობაზე, ეძებს პასუხებს შეკითხვებზე, ინახავს ზაფხულის შთაბეჭდილებებს, ემოციებს, ფიქრებს, რომლებიც ,,მთელ სიცოცხლეს უდრის“.

P.S. ეს გასული ზაფხულის ჩანაწერებია.  წელს რომ გადაფურცლა უკვე 8 წლის ბავშვმა, ძალიან გაიხარა, ამბებიც გაიხსენა, რაღაცები გაუკვირდა, ბევრიც იცინა. კიდევ მოუნდა წერა. რატომაც არა! წარმომიდგენია, რამდენად ძვირფასი იქნება  მისთვის ეს რვეული წლების მერე.

თუ თქვენც გიყვართ ძველი ჩანაწერების ქექვა, თავგადასავლების გახსენება, წარსულსა და დღევანდელობას შორის კავშირების ძიება და პოვნა, სცადეთ და აგვისტოსა და სექტემბრის შეხვედრისას დაასრულეთ ფრაზა:

ზაფხულის ბოლო დღეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“