ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჰარი პოტერი და პოლიტიკური იდეები

ლიტერატურა მხოლოდ ფილოლოგების კვლევის საგანი არ არის. შედევრებით მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები და ფილოსოფოსები არ ინტერესდებიან. დიად წიგნებს განსაკუთრებული ყურადღებით კითხულობენ სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები, მათ შორის – პოლიტოლოგებიც.

პოლიტოლოგიის დასავლური სკოლების გამორჩეული ინტერესის საგნად მიიჩნევა „ჰარი პოტერი“. პოტერის თავგადასავალი დახუნძლულია პოლიტიკის მეცნიერებისთვის საინტერესო უამრავი კატეგორიით. ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით სოციალურ მოძრაობებს, სხვადასხვა იდეოლოგიას, მმართველობის ურთიერთგანსხვავებულ სისტემებს, საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებს და ა.შ. ყველა საკითხის ერთბაშად მიმოხილვა შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ, ყურადღება ერთ დეტალზე შევაჩეროთ.

პოლიტიკა ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებების პროცესია. ძალაუფლება პოლიტიკურ სივრცეში გადამწყვეტი მნიშვნელობის ფენომენია. საინტერესოა, ძალაუფლების რომელ წყაროებს ვხვდებით გენიალური ბრიტანელი მწერლის მიერ შექმნილ მაგიურ სამყაროში.

წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პერსონაჟი ლორდი ვოლდემორტია. ძალაუფლების მოხვეჭის გზაზე მან ყველა უპატიოსნო მეთოდი გამოიყენა, დაარღვია დაწესებული კანონები, დაიხმარა ბნელი ძალები, სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს, ხელი შეუწყო ტერორისა და ძალადობის, უსამართლობისა და განუკითხაობის დამკვიდრებას. ტომ რიდლი (ასეთია ლორდ ვოლდემორტის ნამდვილი სახელი და გვარი) ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომლის თანახმადაც, სიკეთე და ბოროტება არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ძალაუფლება, რომლის ხელში ჩაგდება სუსტებს არ შეუძლიათ.

ბნელი ლორდის მეთოდები საკმაოდ ნაცნობია მაგლების (არა-მაგების) სამყაროსთვის. წიგნის მთავარი ანტაგონისტის პროტოტიპებს აღმოვაჩენთ მეოცე საუკუნის ევროპელ თუ აზიელ დიქტატორებს, დესპოტებს, „რეალპოლიტიკის“ მიმდევარ ლიდერებს შორის. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, მიზანი კი ძალაუფლებაა. ასეთი ადამიანებისთვის ხელისუფლების მთავარი წყარო ძალადობაა.

დიდი ბრიტანეთის მაგიურ ნაწილში განსაკუთრებული გავლენა აქვთ რამდენიმე საგვარეულოს წარმომადგენლებს. ისინი თავს სუფთა სისხლის ჯადოქრებად მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოჯახებში ყოველთვის ჯადოქრები იბადებოდნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები. ტრადიციულად, ასეთ საგვარეულოთა წარმომადგენლები ძირითადად ერთმანეთზე ქორწინდებიან და მაგების საზოგადოებაში პრივილეგიებით სარგებლობენ. სოციალურ პრესტიჟს „ჰარი პოტერის“ სამყაროშიც თან ახლავს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეები. მაგიური არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მალფოები. ისინი, ფაქტობრივად, აკონტროლებენ მაგიის სამინისტროს ბიუროკრატიას, არიან ჯადოქრობის საუკეთესო სკოლის, ჰოგვორტსის, მზრუნველთა საბჭოს წევრები, ცხოვრობენ მდიდრულ სასახლეებში, აქვთ შთამბეჭდავი კაპიტალი ბანკში… რაც მთავარია, სოციალურ იერარქიაში მათი გაბატონებული მდგომარეობა დროებითი არ არის და თაობიდან თაობას გადაეცემა. სუფთა სისხლის მქონე ოჯახები ძალაუფლებას კარგავენ, თუ იერარქიის მაღალი საფეხურიდან ჩამოსვლას გადაწყვეტენ, თანასწორ კავშირს დაამყარებენ მაგლური წარმოშობის ჯადოქრებთან და საზოგადოების სხვა, შედარებით „დაბალი რანგის“ წევრებთან. მაგალითად, უიზლების საგვარეულოც უძველეს არისტოკრატიას მიეკუთვნება, მაგრამ უიზლებმა განსაკუთრებული სიმამაცით გაიბრძოლეს აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ, უარი თქვეს საზოგადოების სუფთასისხლიანებად და ბინძურსისხლიანებად დაყოფაზე, შესაბამისად, დაკარგეს მოწინავე ადგილი ჯადოსნური საზოგადოების სტრუქტურაში.

ამრიგად, ჯოან როულინგის წიგნში აღწერილი ძალაუფლების ეს ფორმა მემკვიდრეობითია, არისტოკრატული, წარმოშობაზე დაფუძნებული, ოღონდ ჯადოსნური პატრიციატი ძალას კარგავს, თუ მისი წარმომადგენლები ტრადიციულ მსოფლმხედველობას იცვლიან ან ღარიბდებიან, თანასწორობის იდეალების თანახმად ცხოვრებას გადაწყვეტენ. მაშასადამე, „ჰარი პოტერის“ დიდებულთა კლასი ოლიგარქიის ნიშნებსაც ატარებს.

დესპოტიისა და ოლიგარქიული შეფერილობის მქონე არისტოკრატიის გვერდით როულინგის რომანში დემოკრატიის უმცირესი გამოვლინებების აღმოჩენაც არის შესაძლებელი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჯადოსნური სამყარო ერთმნიშვნელოვნად არადემოკრატიულია. მისთვის უცხოა მმართველობის აღნიშნული ფორმა. დიდი ძიების შემდეგ დემოკრატიის ნიშნებს „დამბლდორის არმიაში“ მიაკვლიეს. „დამბლდორის არმია“ ერთგვარი იატაკქვეშა გაერთიანებაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჰოგვორტსში სამინისტროს მიერ დანიშნულ ავტორიტარ მმართველს და მის მიერ დადგენილ უსამართლო წესრიგს. „არმიაში“ გაერთიანებულნი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ერთხმად აირჩიეს ლიდერად ჰარი პოტერი. ჯგუფში პოტერს სრული „სახალხო ლეგიტიმაცია“ აქვს, მის ძალაუფლებას თანამებრძოლთა ნდობა და თანადგომა უდევს საფუძვლად. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა: ჰარი პოტერი თავისი განსაკუთრებული ბედისა და გამოცდილების გარეშეც „დაბლდორის არმიის“ ასეთივე ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა? ალბათ, არა, მაგრამ სახალხო ლეგიტიმაციაც ხომ ხშირად ქარიზმული, რჩეული მოღვაწეების ხვედრია.

პოლიტიკის მეცნიერების ყველა წარმომადგენელმა იცის, მმართველობის როგორ ფორმას ემხრობოდა პლატონი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი გატაცებით მსჯელობდა სახელმწიფოზე, რომლის სათავეშიც „მეფე-ფილოსოფოსები“ იქნებოდნენ თავმოყრილნი. როულინგის შემოქმედებაშიც ვხვდებით ანტიკური მოაზროვნის იდეების გამოძახილს. დააკვირდით მაგიისა და ჯადოქრობის სკოლას. ჰოგვორტსს ნამდვილი „მეფე-ფილოსოფოსი“ ალბუს დამბლდორი ხელმძღვანელობს. მისი ძალაუფლება სიბრძნეზე დგას, სიბრძნე კი განსწავლულობის, გონიერების, ცოდნისა და სიკეთის შერწყმის საფუძველზე აღმოცენდება.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა იმ ნაწილს, რომელსაც წაკითხული აქვს ბრიტანული ლიტერატურის ეს მონუმენტური ძეგლი, თავისუფლად შეუძლია, ჯადოსნური სამყარო მოსწავლეებისთვის ძალაუფლების კლასიკური თეორიების უკეთ გასაცნობად გამოიყენოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი