სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კატალოგი მუზეუმისთვის და მუზეუმი კატალოგისთვის

მე თურქეთი არ მიყვარს.  თითოეული თურქული ქუჩის სახელწოდებაც კი ცუდად მხდის. საერთოდ არ მაღელვებს მისი მაღალარქიტექტურული და ძველი შენობები, გამჭვირვალე ჭიქებით მორთმეული ჩაი  თუ მეჩეთებიდან გამომავალი ექოს მისტიკა. ჩემთვის ის ჩემს ორკილოიან ლეპტოპზე მძიმე ქვეყანაა და ძალიან მიკვირს, როცა თურქეთის მოყვარულები ამ გულგრილობას წარბების აზიდვით ეხმაურებიან. ჩემი წარბები არასდროს იმჩნევენ ირლანდიის არმოყვარული ადამიანების არსებობას. ამავე დროს, მე შემიძლია, გულგრილი არ ვიყო ორჰან ფამუქისადმი, არადა, რთულია, წარმოვიდგინოთ  მისი სქელტანიანი რომანები სტამბულის გარეშე. აი, ჩუქურჯუმაში გახსნილი უმანკოების მუზეუმიც, რომელიც მთელს ეპოქას ინახავს და აი, “უმანკოების მუზეუმი”– ე.წ. კატალოგი,– ყველა ნამდვილ, სრულფასოვან მუზეუმს ხომ საკუთარი კატალოგი, “ნივთთააღმწერელი” უნდა ჰქონდეს. ვერაფერს იტყვი, სქელტანიანი “კატალოგი” კი გამოუვიდა. 

“უმანკოების მუზეუმს” ბევრი სიმსუქნეს უწუნებს, თითქოს წიგნი კი არა, ქელეხის სუფრაზე მიტანილი ხაშლამა იყოს,  გურმანები რომ ზედმეტ ქონს აყვედრიან. ბევრისთვის საპნის ჩვეულებრივი ოპერაა, მათთვის  ქემალი და ფუსუნი რომელიმე მორიგი ხუანი და რომელიმე მორიგი მარია არიან. ზოგისთვის ფამუქი, უბრალოდ, პოპულარული ნობელიანტი მწერალია, რაც ავტომატურად აიძულებთ, აუგად არასდროს მოიხსენიონ. ვისთვის ის სიყვარულია, აი, ისეთი, ტელევიზორის ყურებისას რომ გახსენდება და მუცელი გგვრემს. ასეთი სიყვარულიც არსებობს: პერიოდულად, კუჭის თავი გეწვის და გული ისე გიფართხალებს, ხელით იჭერ. არადა, ჩვეულებრივი გული გაქვს, რომელისთვისაც ადრე არასდროს შეგინიშნავს ფრთოსანი არსებების დამახასიათებელი ნიშნები.
ეს არის მდინარესავით რომანი. მდინარესავით იმიტომ, რომ სხეულს ვერ უპოვი: მიდის, მიჰყვები. ამ მდინარის კალაპოტი სტამბულია, რომელიც ორჰან ფამუქის გარეშე არ მიყვარს. ფამუქი ჩემი ერთადერთი საყვარელი პედანტია: მხოლოდ მას შეუძლია, დეტალურად მიამბოს ყველა შეგრძნება, ყველა ადამიანი, ყველა კაფე, ყველა პროსპექტი, ყველა ნივთი, სიგარეტის ყველა ნამწვი, ტელევიზორის ყველა ყურება, ყველა შეხება, ყველა წელი და თვე და დღე და საათი. მას შეუძლია, მიამბოს დრო. 


მისი დრო კი, ერთი შეხედვით, გაყინულია. იცვლება მხოლოდ ტელევიზორზე დასადები ფაიფურის ძაღლები, ხოლო დანარჩენი უცვლელია. იცვლება სტამბულიც, თუმცა ყველა ცვლილება ფასადურია: კაფეებს დროდადრო ევროპულ დასახელებებს უცვლიან და ევროპული კინოს გადაღებაზე ოცნებობენ,  ევროპულ განათლებას იღებენ და გათხოვებას მაინც  უპირობო ბედნიერებად მიიჩნევენ. შემდეგ კი, როცა თაფლობისთვე მთავრდება, ან– თაფლობის წელი, მამაკაცის ღალატს უკვე სრულიად ბუნებრივად აღიქვამენ და “თვალს ხუჭავენ”. ქალწულობა ტაბუდადებული თემა აღარ არის, მაგრამ გოგონები მაინც იმ მამაკაცს უნდა გაჰყვნენ ცოლად, ვისთანაც პირველად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი.  ერთი სიტყვით, ეს არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თურქეთი, რომელიც საკუთარ თავში ვერ გარკვეულა და არაორგანულ ცვლილებებს მაინც მონდომებით ირგებს. 
საერთოდაც, წიგნში დახუჭული თვალების პრინციპი აქტუალური და მტკივნეულია. გარშემო ყველამ კარგად უწყის ფუსუნის და ქემალის მრავალწლოვანი სიყვარულის შესახებ, გარშემო ყველამ კარგად იცის ფუსუნის ქმრის, ფერიდუნის რომანი მსახიობ ქალ ფაფათიასთან, გარშემო ყველა მშვენივრად ამჩნევს დაკარგული ნივთების მიერ დატოვებულ ცარიელ ადგილებს და ქემალის გულუბრყვილო კლეპტომანია– შეაგროვოს ყველაფერი, რაც ფუსუნს უკავშირდება, არავისთვის გახლავთ ახალი და გასაოცარი ამბავი. 
“უმანკოების მუზეუმი” დროის და ცარიელი ადგილების რომანია. ქემალის ცხრაწლიანი სიყვარული ტოვებს ცარიელ ადგილებს ქესქინების სახლში და სრული არარაობის, უმწეობის, უადამიანობის განცდას ქემალის უფუსუნო ცხოვრებაში. თუმცა ყველა ადგილი მაშინ ივსება, როცა ქემალი ქესქინებთან ფუსუნის საღამოობით ნახვასა და ახალნაყიდი ნივთების მიტანას დაიწყებს. ამ ხელოვნური ჩანაცვლებით ყველა კმაყოფილია. მკითხველის გარდა. მკითხველი მეტისმეტად განიცდის. მკითხველი მეტისმეტად შეურაცხყოფილია ქემალის უანგარო სიყვარულის გამო. მკითხველს ფუსუნი არ უყვარს. მკითხველს ქემალი ეცოდება. მკითხველი გაბრაზებულია. ასეა.

არადა, სტამბული და დრო ისეთივე ხორციელი პერსონაჟები არიან, როგორც– შეყვარებულები. მათი ნაბიჯები ქემალის იმ ნაბიჯებზე მტკიცეა, რომლითაც ის ქესქინების სახლიდან შეყვარებულის უხასიათობის ჟამს გამოდის. მათი ნაბიჯები მიდის წინ, იმის მიუხედავად, რამდენს ფიქრობენ თითოეულის გადადგმისას. ქემალი დგას. ფაიფურის სტატუეტივით. ჩუქურჯუმაში თაჩინ ეფენდის საათობით გაჩერებული მანქანასავით. თუთიყუში ლიმონის გალიასავით. ფუსუნის ვერგანხორციელებული ოცნებასავით. ფუსუნის ვერშემდგარი კარიერასავით.
ის მეტისმეტად დიდხანს დგას იმისთვის, რომ ათეული წლების შემდეგ ცარიელი ადგილის ნაცვლად მსოფლიოს ერთ– ერთი ყველაზე სასურველი მუზეუმი არ დატოვოს. 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“