შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ლიტერატურული ვარიაციები

წყურვილი

ზაფხულის ერთი ცხელი საღამო იყო. მცხუნვარებისაგან დაღლილი მზე წითლად ჩადიოდა. ცხელ, გამდნარ ასფალტს ხახა დაეღო და სულს ღაფავდა. ქალაქი ქშენით ინელებდა სიცხესა და ხმაურს.

 

მეფაიტონეს არ დაუნახავს, როგორ აიწყვიტა ცხენმა. იჯდა ახალგამოღვიძებული, უაზროდ აცეცებდა ძილისა და სმისაგან გამოციებულ, ქუთუთოებშესიებულ თვალებს, ვერ გარკვეულიყო, რა მოხდა.

 

ცხენი გარბოდა… ასფალტი მექანიკურად ირეკლავდა მისი ფლოქვების შეწყობილ, თავგანწირულ თქარუნს… გამვლელები ჩერდებოდნენ და გაცხოველებული ინტერესით აყოლებდნენ თვალს უცხო სანახაობას.

 

ლამაზი ცხენი იყო, თეთრი, შეღერილი კისრითა და გრძელი, მოქნილი ფეხებით. ფაფარი და კუდი ცისფრად ჰქონდა შეღებილი… გარბოდა, ინსტინქტს აყოლილი, ვერაფერს ამჩნევდა გარშემო, შიში დაეძლია, აღგზნებული მიელტვოდა…

 

ზედიზედ ღრჭიალებდა მანქანის მუხრუჭები, სეირის მაყურებელთა რიცხვი იზრდებოდა. გზა ორად, სხვადასხვა მხარეს მსრბოლელ მანქანათა ნაკადად გაიყო. ცხენი არ უკლებდა სისწრაფეს, მანქანები ახლა მის საპირისპიროდ მოძრაობდნენ. ჩუმად ილეოდა დრო…

 

თითქმის ყველა მოელოდა მომხდარს, მაგრამ წამით მაინც დაიძაბა ატმოსფერო, ხალხი გაშეშდა: ცხენი მთელი ძალით შეასკდა ავტობუსს. ყრუ ხმამ ერთბაშად ჩამოხია მოგუდული, მოლოდინით დატუმბული სიჩუმე.

 

დაძაბულობა უცბადვე განიმუხტა. ხალხი აყაყანდა და ცხენის გარშემო შექუჩდა ნაუცბათევად წამოსროლილი რეპლიკები:

 

– აფსუს, რა ცხენია?! – გულწრფელად ნანობდა ვიღაც.

– ცხენიი?! ამასწინათ იყო და ძროხა მოკლა მანქანამ, რა არის, ბოლოს და ბოლოს, ქალაქია თუ სამხეცე?! – ზიზღის სუნი უდიოდა მეორეს.

– გზიდან მაინც გადავიდნენ, მოძრაობას რომ აჩერებენ. პატრონი არ ჰყავს ამ ხალხს?! – წუხილით რჩევას იძლეოდა მესამე. ზოგი გარბოდა, ზოგი ბრაზობდა, ზოგი ნანობდა, ზოგი იცინოდა.

 

ამ ცოცხალი, მოფუთფუთე წრის შუაგულში მკვდარი ცხენი ეგდო. არაბუნებრივად ჰქონდა კისერი გვერდზე მოქცეული. შესადედებლად გამზადებულ სისხლს ბუზები ეხვეოდნენ…

 

უსიტყვო აღსარებას ჰგავდა დაკრეჭილ კბილებში შერჩენილი ლაგმის ნარჩენები… ღიად დარჩენილ თვალებში მქრქალად ირეკლებოდა ცა…

 

მძღოლი ავტობუსში გინებით ჩაჯდა, სენსაციამონატრებული ბრბო მიმოიფანტა. ცხენის გვამი გადასაგდებად წაიღეს.

 

ნიავმა წამოუბერა… გაგრილებულ ასფალტს ჯერ კიდევ აჩნდა სისხლის სველი, მოყავისფრო ლაქები… ნელა ილეოდა მკვდრის მზე…

 

ტანჯვის არსზე

 

დოსტოევსკი ამბობდა, ბავშვის ერთი ცრემლიც კი არღვევსო სამყაროს ჰარმონიას. რა არის ტანჯვის არსი? ზრდასრული ადამიანის ტანჯვა შეიძლება გაამართლო, როგორც იობის შემთხვევაშია: ღვთისგან მოვლენილი ტანჯვა, რომელიც იწვევს განახლებას, კათარზისს,  უფალთან მიახლოებას (ჩეხოვის „მკვლელობა“ – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს საღვთო ლიტურგია,  მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოკლავს ღვიძლ ძმას იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი არ მარხულობს, კატორღაში გადასახლებული მოიპოვებს ჭეშმარიტებას,  შეიგრძნობს ღმერთს)… აბსოლუტურად გაუგებარია ბავშვის ტანჯვა…

 

 

 ცოტა რამ ჯემალ ქარჩხაძის იგიზე”

 

ნაწარმოების ორიგინალურობა ისაა, რომ მასში გადმოცემულია პირველყოფილი ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბების პროცესი. ამ მხრივ აღსანიშნავია, მოთხრობის მთავარი გმირის – იგის მიერ სამყაროს აღქმა, შესწავლა. ამ გმირის შემოქმედებითი განცდები ძალიან საინტერესოა, როცა იგი სილაზე თითით ხატავს და საგნობრივ სახეს აძლევს თავის ოცნებებს, არსებული სინამდვილის ხატებას თავის თავში და თავს გარეთ. იგი შეიმეცნებს კოსმოსს და იმასაც, რომ თვითონაც მისი განუყოფელი ნაწილია, შეიგრძნობს ღმერთს: „ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთარსად იქცა ყველაფერი… არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო… “. ეს არის იგიში ახლად შობილი რწმენის ნიშნები: „იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება, იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?“

 

იგი პიროვნებაა და გრძნობს, რომ მისი აზროვნება, სამყაროს ჭეშმარიტების წვდომის სიღრმე აღემატება სხვისას („იგიმ იცის რაღაც ისეთი, რაც თვით ბელადმაც არ იცის“). ეს გმირი ძალიან ჰგავს გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ გმირს ან თუნდაც, ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს. განსხვავება ისაა, რომ იგის, რომელსაც ახალდაწყებული აქვს სამყაროს შემეცნება, არ გაუცნობიერებია თავისი როლი თანამოძმეებთან მიმართებაში (როცა ძველი ბელადი გადაეშვება ქარაფიდან, ახალი ბელადი ყვირის და ხტუნავს. მას სხვებთან ერთად აჰყვება იგიც). „ალავერდობის“ პერსონაჟსა და ალუდას კი მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ მათ ხალხი უნდა გამოაფხიზლონ, აზროვნების მიმართულება შეუცვალონ.

 

პირველყოფილ ადამიანთა კრებული, რომელშიც იგი ცხოვრობს, თავისი ქცევით, ულმობელობით, კონსერვატიულობით ძალიან ჰგავს იმ თემს, რომლის წიაღშიც ალუდა ქეთელაური აღიზარდა. ორივე შემთხვევაში ადამიანებს აკავშირებს საერთო ბედი, მსგავსი წარმოშობა, ტრადიციები. თემი დახშულია და თავის თავში ჩაკეტილი. აქ პიროვნება არ მოიაზრება მთელის გარეშე. გმირს არა აქვს უფლება, იყოს სხვანაირი, რაიმე მოტივით შეცვალოს თემის შიდა კანონი, აღდგეს უსამართლობის წინააღმდეგ, შეასრულოს ის, რაც მისთვის ზნეობრივი და სამართლიანია.

ტრაგედია ყოველთვის დაკავშირებულია გამორჩეული პიროვნების გამოღვიძებასთან, მის შინაგან ბრძოლასთან, ეს კი განაპირობებს თემსა და პიროვნებას შორის კონფლიქტის გარდუვალობას, რაც საბოლოო ჯამში, ხშირად მსხვერპლით მთავრდება. ალუდა განდევნეს, როგორც ქრისტიანული მორალის დამრღვევი. „იგის“ მთავარი გმირიც სასიკვდილოდ გაწირეს მხოლოდ იმის გამო, რომ გარეგნულად და აზროვნებით განსხვავდებოდა თანამოძმეთაგან. ორივე შემთხვევაში პიროვნება თავისი ქცევით აკეთილშობილებს გარემოს, იჭრება ადამიანთა შეგნებაში, „შემოაბრუნებს“ მათ თავისკენ.

თავიდან იგისთვის გაუგებარია, როგორია ის კვალი, რომელსაც წვიმა ვერ წაშლის. მერე მიხვდება, რომ წვიმისას დარჩენილი ნატერფალი არ არის ის, რაც ადამიანისაგან რჩება. „იგიმ იცის, რა დარჩება მისგან“. (მაგალითისთვის: „ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“).

ცხოვრება მიდის. ადამიანები იბადებიან და კვდებიან. რჩება მხოლოდ კვალი, რომელსაც წუთისოფელში გამორჩეულნი ტოვებენ. სწორედ პიროვნებაა ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანში. მოთხრობა „იგის“ ფინალიც ასეთია: „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი