ვიყოთ რეალისტები!
ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენ ირგვლივ ხდება, აისახება ბავშვებზე. პატარა ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული ზღვა ინფორმაციის სწორად გადამუშავებისა და ამ ფონზე შინაგანი მდგომარეობის კონსტრუქციულად გამოხატვის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ბავშვებში გაზრდილი სტრესის, შფოთვის, მომავლის შიშის დაძლევა მშობლებისა და მასწავლებლების ნომერ პირველ ამოცანად ისე იქცა, რომ ვერც მისი გაცნობიერება მოვასწარით და ვერც მისთვის მომზადება.
პანდემია ჯერ არსად მიდის. მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა შევძლოთ და ბავშვებს ემოციური თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში დავეხმაროთ. ამაში კი მარტივად ანიმაციური სტუდია „PIXAR“-ის ოსკაროსანი ანიმაცია „თავდაყირა“, იგივე INSIDE OUT დაგვეხმარება. (https://www.adjaranet.com/movies/12762/Inside-Out)
„თავდაყირაში“ საქმე იმაზე ადვილად არის, ვიდრე ფსიქოლოგები და ფიქოთერაპევტები სხვადასხვა ვიდეორესურსიდან გვიყვებიან. აქ არც არაფრის დაზეპირება მოგიწევთ, არც უცხო ტერმინები შეხვდებათ და ღრმად დასაფიქრებელ საკითხებსაც მხიარულად გადაუფრენთ. პარალელურად კი შეძლებთ, ჩაიხედოთ პატარა ადამიანების გულებსა და გონებაში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
„თავდაყირას“ 5 წლის შვილთან ერთად წლების წინ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა და გენიალურ ნამუშევარს ვუყურებდი, როგორ იქმნება ადამიანის გონებაში ემოციური ინტელექტი, ე.წ. EQ,, რომელსაც თანამედროვე სამყაროში გაცილებით მაღალი წონა აქვს, ვიდრე IQ-ს. ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციის გაცნობიერება და მართვა.
პანდემიამ ჩემი ამ მულტფილმისადმი სიყვარული გააათკეცა, რადგან არაფერი ისე არ დამხმარებია შვილებისთვის იმის ახსნაში, რა ემოცია რატომ გვიტევს ადამიანებს, როგორც ეს ერთი, წლების წინ შემთხვევით ნანახი ფილმი.
რეჟისორ პიტ დოქტორისთვის მთავარი პერსონაჟის ქცევის ინსპირაციად საკუთარი 11 წლის ქალიშვილის ქცევაზე დაკვირვება იქცა. ფილმის სცენარზე ფსიქოლოგების გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ისინი ეყრდნობოდნენ მეცნიერულ თეორიებს გონების მუშაობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად გუნდის მიზანი იყო ადამიანის 27 ემოცია პერსონაჟებად შემოეყვანათ, თუმცა ფილმის საბოლოო ვერსიაში 5 უნივერსალურ ემოციას ვხვდებით. გუნდის მიზანი რთული იდეების გამარტივება იყო, რასაც თავი იდეალურად გაართვეს. ერთი შეხედვით მარტივმა, მაგრამ რთული ფილოსოფიური ჩანაფიქრის მულტფილმმა, რომელიც ადამიანის გონებაში მოგონებების მოგზაურობას ეხება, ოსკარის დაჯილდოების 88-ე ცერემონიალზე დამსახურებულად მიიღო უმაღლესი ჯილდო საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.
მულტფილმის მთავარი გმირი, რაილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სხვა ბავშვების მსგავსად დადის სკოლაში, ჰყავს მეგობრები, აქვს ჰობი, საყვარელი და საძულველი საჭმელი და ა.შ.
რეჟისორი გვაჩვენებს, რა ხდება ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად გოგონას ტვინის ხვეულა ლაბირინთებში, სადაც ბავშვის ზრდასთან ერთად მოგონების მთელი არქივი და ღირებულებების კუნძულები ყოველდღიურად შენდება.
„თავდაყირას“ პერსონაჟების ტვინში სამართავი პულტი დგას, რომელსაც სხვადასხვა ემოცია მართავს: სიხარული, დარდი, ბრაზი, შიში და ზიზღი. თითოეულს თავისი როლი, ხასიათი და გამოხატვის თავისებურება აქვს. მოკლედ, ფილმში 11 წლის გოგონასთან ერთად მისი 5 ძირითადი ემოციაც მონაწილეობს, ოღონდ არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული, გაპიროვნებული სახით, სხეულითა და ხასიათით:
სიხარული – ოპტიმისტი, მხიარული, თვალებციმციმა სალათისფერკაბიანი გოგონა, რომელიც სულ ბრწყინავს და სიცოცხლეს ასხივებს;
სევდა – პესიმისტი, ლურჯთვალა და ლურჯთმიანი მუდამ თვალზეცრემლმომდგარი ზანტი, ნაღვლიანი ფუმფულა არსება;
ბრაზი – წითელი, ცეცლწაკიდებული პატარა კაცუნა, რომელიც მზად არის ყველაფერი გადაწვას და გაანადგუროს;
შიში – აწოწილი და აკანკალებული, იასამნისფერი კაცი, რომელსაც ცახცახისგან თვალები შუბლზე ასდის;
ზიზღი – წამწამებაპრეხილი ლამაზმანი რეტრო კაბითა და ვარცხნილობით, რომელიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებს და სულ უკმაყოფილოა.
ემოციები გოგონას ყოველდღიურ ცხოვრებას სამართავი პულტიდან აკვირდებიან. ბავშვის ხასიათიც იმის მიხედვით იცვლება, თუ ვინ დაასწრებს სამართავ პულტთან დაჯდომას და ერთადერთ ღილაკზე ხელის დაჭერას. თითოეულ ემოციას თავისი სიმართლე აქვს და არგუმენტირებულად მსჯელობს თავის საქციელზე.
ძილის წინ, როცა ბავშვი თავის თავთან მარტო რჩება, ემოციებს ყველაზე მეტი საქმე აქვთ. ისინი გასული დღის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონებების დაარქივებას იწყებენ. ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგონებები საერთო არქივში გადადის, მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები კი გულში რჩება, როგორც გულის მოგონება და პატრონს მუდამ თან ახლავს, მუდამ ახსოვს ისინი. ამ მოგონებებს ყველაზე ბედნიერი ან ყველაზე სევდიანი ამბების სახე აქვს. ისინი ქმნიან პიროვნებას.
მოგონებების არქივის გარდა, პატარას ტვინის ლაბირინთებში ღირებულებების კუნძულები შენდება. რაილის ოჯახის, მეგობრობის, პატიოსნების კუნძულები აქვს, რაც ბავშვს თავისი თავის პოვნაში ეხმარება.
გოგონას ტვინში კიდევ ერთი კუნჭულია, ბნელი და უფერო, მოგონებების უზარმაზარი ნაგავსაყრელი, სადაც ყველა ის ფაქტი და განცდა იყრება, რომელიც ბავშვმა დაივიწყა. იყრება და ნადგურდება. ზოგჯერ აქ ისეთი ემოციებიც ხვდება, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ღირებულებების კუნძულებიც ინგრევა და გულის მოგონებებიც შეიძლება ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს. აი, სწორედ ასეთი შემხვევებისთვის სჭირდება რაილის ყველა ემოცია. იქ, სადაც სიხარული უძლურია, ადამიანის გადარჩენა სევდას, ბრაზსა და შიშსაც კი შეუძლია.
„თავდაყირა“ დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ ჩვენს ემოციებს მიზეზი აქვთ და „კარგი“ და „ცუდი“ განცდები არ არსებობს. გავიგებთ, რომ ყველა ემოცია მისაღებია, მათ შორის „ცუდიც“. დადებითი და უარყოფითი ემოციები ადამიანებს ყველა ასაკში თანაბრად სჭირდებათ. არასასურველი ემოციების განდევნა გამოსავალი არ არის და ისინი, სახეცვლილები, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდებიან. ამიტომ ზოგჯერ მაინც მივცეთ თავს უფლება, ვიყოთ ცუდ ხასიათზე, მოწყენილი, იმისთვის, რომ განვიცადოთ ის, რასაც რეალურად ვგრძნობთ. მეტიც, მივცეთ თავს უფლება, ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე, რადგან ამაზე საუბარი ადამიანს აძლიერებს.
ამ ფილმით გაგვიადვილდება ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ სახელი დაარქვან თავიანთ განცდებს; მოუსმინონ საკუთარ თავს; მიიღონ ისეთი, როგორიც არის; შეეცადონ, მართონ თავიანთი ემოციები და მიწაზე მყარად დადგნენ.
ანიმაციური ფილმი ყველა ასაკის ადამიანისთვის თანაბრად სასარგებლოა. სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვები ფილმის ზედაპირული ყურებითაც მიიღებენ სიამოვნებას, ხოლო მოზარდები და ზრდასრულები იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე დაფიქრდებიან, რომლებითაც ადამიანის ქცევა იმართება.
პანდემიის პერიოდში სამყარო შეიცვალა. სოციალური, ეკონომიკური თუ ემოციური პრობლემების ფონზე, ჩვენ, ზრდასრულები აღარ ვართ ისეთი ძლიერი, როგორიც მანამდე ვიყავით. ანიმაციური ფილმი „თავდაყირა“ თავს გარედან დაგვანახებს და დაგვეხმარება გარესამყაროს ახლებურად აღქმაში, რაც 2021 წელს განსაკუთრებით გვჭირდება ყველას, დიდსაც და პატარასაც.