კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ნუ დააყენებთ მოსწავლეს ფეხზე

ადამიანის გული დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით იმდენივე სისხლს გადაისვრის პარკუჭში, რამდენი ლიტრი დიზელიც 12 მეტრიან ნავთობ მზიდში ჩაეტევა და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გული გამუდმებით ფეთქავს, თურმე, რეალურად, ის მხოლოდ 19 საათი მუშაობს 24 საათიდან, დანარჩენ დროს კი უბრალოდ ისვენებს.

ბუნებამ ისე მოაწყო ადამიანის სხეული, რომ დასვენება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც ყველა ინდივიდს სხვადასხვაგვარად სჭირდება.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 70 წლის ვინსტონ ჩერჩილი 16 საათი მუშაობდა დღის განმავლობაში. გარკვეული დრო გადაადგილებას, ბანაობას, ჭამას და სულაც ოჯახის წევრებთან გამოლაპარაკებას ხომ დასჭირდებოდა და ფაქტობრივად, მას 18 საათიანი სამუშაო დღე ჰქონდა და ეს მთელი 4 წელი გაგრძელდა. იქნებ ვინმემ თქვას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში ძილისთვის არ ეცალაო, არადა, ვის-ვის და ცნობილ ძილისგუდას, ძია ვინის სწორედაც რომ რჩებოდა დრო საფუძვლიანად დაესვენა და დღეში 6 საათი მაინც გამოეძინა ისე, რომ მხნედ ყოფილიყო და კოალიციის ჯარების მეთაურობაც ეტვირთა.

როგორ? ვინსტონ ჩერჩილი ღამის განმავლობაში 4 საათს, ვახშმის წინ კი 2 საათს აუცილებლად გამოიძინებდა სულ რომ დედამიწა დაქცეულიყო. სამუშაოს ნაწილს კი ისე გეგმავდა, რომ საწოლში კოტრიალისას ტელეფონზე დაერეკა, საბუთებზე ხელი მოეწერა, მოხსენებები წაეკითხა და სულაც – შეხვედრები ეწარმოებინა.

ძილისა და ზოგადად დასვენების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა უამრავ ადამიანს. და ვინჩი ოთხ საათში ერთხელ იძინებდა, როკფელერს კი, სიესტას რომ მოიწყობდა ხოლმე სამხრობის შემდეგ, ატომური დაბომბვა რომ დაწყებულიყო და პირადად ამერიკის პრეზიდენტს დაერეკა, არავინ გააღვიძებდა (98 წლამდე იცოცხლა).

მოცარტის თქმით, ვერაფერს დაწერდა გვარიანად რომ არ დაესვენა ხოლმე, ხოლო ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა – ადამიანის ენერგეტიკული მარაგის ავზი სწორედ დასვენების დროს ივსება პირთამდე და ის, ვინც მუდმივად გადაღლილია, ვერასოდეს იმუშავებს Perpetuum Mobile-ს პრინციპითო.

მაიკლ ესიენი, ვეტერანი ფეხბურთელი, ვისზეც მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წერდა, შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი ზედიზედ ითამაშოსო, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, რომ შეხვედრამდე 2-3 საათით ადრე კომფორტულად წამოკოტრიალდებოდა ხოლმე გასახდელში ან საკუთარ ნომერში და თვლემდა. რომ არა ეს თვლემა, 20 წუთი სირბილიც გამიჭირდებოდაო.

ამხელა შესავალი მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ მასწავლებლებისთვის ჩემი აღმოჩენა გამეზიარებინა, აღმოჩენა, რომელიც საკუთარ მოსწავლეებთან რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გავაკეთე:

ჩვენი ცხოვრების რითმი იმგვარია და სასწავლო პროცესიც ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვები (აღარაფერი ვთქვათ ჩვენზე, მასწავლებლებზე) მუდმივი მუშაობის რეჟიმში, ერთგვარი სტრესის ქვეშ ვფუნქციონირებთ. დიახ, ეს ტექნიკური ტერმინი ზუსტად ასახავს მდგომარეობას, რომელშიც, მაგალითად ჩემი 11 წლის მოსწავლე ანა ჰყავს ჩაყენებული საკუთარ ოჯახს: დღის განმავლობაში ის 5 საათი სკოლის გაკვეთილებს ესწრება (სკოლის შესვენება კი, ყველამ იცის დასვენება არასოდესაა), რის შემდეგაც მუსიკაზე მიდის. სადილს, როგორც წესი, გზაში, „ანტრეს“ ბურგერს ჭამს, მუსიკის შემდეგ კი ინგლისური, ჩოგბურთი ან ცურვა აქვს. მისი საღამო სკოლის გაკვეთილების მომზადება და (თუ საამისო დრო ჩაიგდო ხელში, ძირითადად კი ამას საპირფარეშოში შესვლისას აკეთებს) Brawl Stars_ის თამაშია.

მეორე დღე იგივე წრეზე, შაბათ-კვირას კი მშობლებს საკვირაო სკოლაში და არტ-თერაპიის კურსებზე დაჰყავთ.

როდისღა ისვენებ? – ვკითხე ანას მისი ბედით შეწუხებულმა. როცა მძინავს. – ჰქონდა დაზეპირებული პასუხი.

დასვენების (ნამდვილი დასვენების) საჭიროებაზე მსოფლიოს ფსიქოლოგები წლებია ლაპარაკობენ. ფსიქიატრთა უმრავლესობა კი დასვენებას, როგორც დაავადებათა მიმართ მედეგობის, ნერვული აშლილობების თავიდან არიდებისა და ბედნიერების წამალს ისე მოიხსენებენ.

ამერიკის ჯარის წვრთნა (ყველამ ვიცით, როგორი მობილიზებულია ამ ქვეყნის სამხედრო კონტიგენტი) დასვენებაზეა აგებული. ალბათ ბევრი იტყვის, სისულელეა, ამერიკელ ჯარისკაცებს ლიმონივით წურავენო, მაგრამ ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება უფროა, ძირითადად ჩვენი წარმოდგენა, რომელიც ფილმებიდან გვექმნება, სინამდვილეში კი, ამერიკული ბიჰეივიორისტული სკოლის ფსიქოლოგებმა ფიზიოლოგებთან ერთად წვრთნის იმგვარი რეჟიმი შეიმუშავეს, რომ სამხედროს არც წვრთნა სწყინდება და ორგანიზმიც მუდმივად მხნე მდგომარეობაში აქვს – მას უბრალოდ ხშირად ასვენებენ.

მიფიქრია, როგორი შედეგი შეიძლება მოიტანოს განათლების სისტემაში საათობრივი ანაზღაურების იმგვარად დანერგვამ, რომ მასწავლებლებს დასვენებაშიც ფულს უხდიდნენ. არადა, მასწავლებელს, ალბათ ცოტა ვინმეს თუ კიდევ დედამიწაზე, როგორ ჭირდება დასვენება, უბრალოდ დასვენება, როცა ის ენერგიას სრულად აღიდგენდა და ახალი ძალით, გაღიზიანების გარეშე, სიხარულით შევიდოდა კლასში მოსწავლეებთან (ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხებათ ქალ პედაგოგებს, რადგან მათი ტვირთი სახლში მისვლისას ორმაგდება).

ჩერჩილი ამბობდა: არასოდეს გაიქცე თუ სეირნობით მისვლა შეგიძლია დანიშნულების ადგილამდე, არასოდეს იდგე ფეხზე თუ ჩამოჯდომის საშუალებაა, სადაც წამოწოლა შეგიძლია იქ კი ჯდომაზე ნუ დაიხარჯები, ხოლო როცა წევხარ და ძილის საშუალება გაქვს, ჩათვლიმე, ეს აუცილებლად გამოგადგებაო.

არ ვიცი როდის დადგება ჩვენ ქვეყანაში ის დრო, როცა მასწავლებლებს დასვენების საშუალება ექნებათ, როცა დასვენების კულტურა, როგორც კულტურა ჩვენში განხილვის საგანი იქნება, როცა მშობლები შვილებს ბავშვობას კი არ დავუმახინჯებთ ყველაფრის ერთბაშად თავში ჩატენვით, არამედ ზომიერად, დინჯად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე მივიყვანთ ცოდნამდე ისე, რომ სწავლა არ შევაძულოთ, მანამდე კი უბრალოდ მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, ნუ დააყენებთ ფეხზე მოსწავლეებს გაკვეთილის მოყოლისას თუ მათ ეს არ უნდათ – ცხოვრება ისედაც აიძულებს მათ თქვენსავით მუდმივად ფეხზე იდგეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი