როცა კლასში რთული ქცევის ბავშვია, სხვა მოსწავლეთა ქცევის მართვაც რთულდება და მათ მიერ შედგენილი, კედელზე გამოკრული წესები საკმარისი აღარ არის. მაგრამ ვიდრე ქცევის რეგულირებაზე დავიწყებდეთ ფიქრს, უნდა შეგვეძლოს რთული ქცევის იდენტიფიცირება და იმის ზუსტად ამოცნობა, როდის შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვის ქცევა პრობლემურად.
სპეციალურ ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ქცევა მაშინ არის პრობლემური, როდესაც ის თავად ბავშვისა და მისი გარემოსთვის მნიშვნელოვან სირთულეებს წარმოშობს. ეს სირთულეები შეიძლება ხელს უშლიდეს ბავშვის ნორმალურ განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენდეს მის აკადემიურ მიღწევებზე.
თუ ქცევა ზიანის მომტანია სხვისთვის, ზიანს აყენებს ფიზიკურ გარემოს, ხელს უშლის ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს, იწვევს მის სოციალურ იზოლაციას და/ან არ შეესაბამება სოციალურ თუ კულტურულ ნორმებს, ეს პრობლემური ქცევაა და აუცილებელია იმ სამი მახასიათებლის ცოდნა, რომელთა მიხედვითაც ასეთ ქცევას ამოიცნობენ. ესენია სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
სიხშირე გულისხმობს კონკრეტული ქცევის გამოვლენის რაოდენობას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მაგალითად, გაკვეთილის მსვლელობისას რამდენჯერ თქვა მოსწავლემ უარი დავალების შესრულებაზე. ქცევის გამოვლენის სიხშირეზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს ჩარევის სტრატეგია პრობლემური ქცევის სიხშირის შესამცირებლად და საბოლოო ჯამში – მის ჩასაქრობად.
ინტენსივობა ქცევის გამოვლენის სიძლიერეს გულისხმობს. რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ქცევა, მით უფრო მაღალია მისი ინტენსივობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ ბავშვი არ გვემორჩილება და ამბობს: „არ მინდა“, – ეს დაბალი ინტენსივობის ქცევაა. იგივე ქცევა შეიძლება გამოიხატოს უკიდურესად ინტენსიურად, მაგალითად, ძალიან ხმამაღალი ყვირილით. ინტენსივობის გაზრდის მაჩვენებელია ისიც, როცა ქცევას ემატება ახალი ელემენტები, მაგალითად, წინააღმდეგობას და ყვირილს თნ ახლავს ტირილი, ფეხების ბაკუნი და ნივთების მაგიდიდან გადმოყრა.
ქცევის ინტენსივობის შეფასება შესაძლებელია ქცევის მაქსიმალურად ობიექტური აღწერით და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებით. რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში საგნის მასწვლებელს გაუჭირდება ქცევის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ამდენად, ქცევის მართვის სპეციალისტის, სპეციალური მასწავლებლისა თუ ფსიქოლოგის კონსულტაცია და დახმარება აუცილებელია.
ხანგრძლივობა გულისხმობს, რა ხნის განმავლობაში ვლინდება ქცევა. მაგალითად, რა ხნის განმავლობაში ტირის და აბაკუნებს ფეხებს ბავშვი. ქცევის ხანგრძლივობა უნდა გაიზომოს წუთებისა და წამების ზუსტი აღნუსხვით.
რთულ ქცევაზე საუბრისას სპეციალისტები ხაზს უსვამენ ქცევის გამომწვევ მიზეზებს, რომლებსაც სამ კატეგორიად ყოფენ:
- შინაგანი/ინტერნალური მიზეზები:
- ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა;
- ემოციური და ქცევითი დარღვევები;
- დასწავლის უნარის დაქვეითება;
- ყურადღების პრობლემები და ჰიპერაქტიურობა;
- მეტყველების დარღვევა და სხვ.
- ფიზიკური გარემო:
- შეუსაბამო სასკოლო გარემო, როდესაც კლასის მოწყობა და არსებული რესურსები არ შეესაბამება ბაშვის საჭიროებებს;
- შეუსაბამო ფიზიკური გარემო სახლში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით ან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის უქონლობით.
- სოციალური გარემო:
- დისფუნქციური ოჯახი და ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა;
- ოჯახის წევრებისა და მასწავლებლების მხრიდან უხეში, სასტიკი, არათანმიმდევრული აღზრდის სტილი;
- მშობლების უთანხმოება;
- თანატოლების გავლენა; ძალადობა, ბულინგი.
ეს გავრცელებული მიზეზებია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ისინი შეიძლება განსხვავებული იყოს და კლასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთსა და იმავე დროს საქმე გვაქვს როგორც ცალკეულ უნიკალურ ინდივიდებთან, ისე მათ მთლიანობასთან. როდესაც გვსურს, კლასში ბავშვის ქცევა შეიცვალოს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება მთელ კლასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.
ქცევის მიზნები
თუ ქცევის საშუალებით სასურველი მიზანი მიიღწევა, იზრდება „წარმატებული“ ქცევის მრავალჯერადი გამოვლენის ალბათობა, ქცევის შენარჩუნება იმავე ან სხვა მსგავს სიტუაციებში.
გამოყოფენ ქცევის ორ ძირითად მიზანს:
- სასურველის მიღება, რაც დაკავშირებული უნდა იყოს საყვარელი სათამაშოს, საკვების, ნებისმიერი ნივთის მიღებასთან, საყვარელ გარემოში დარჩენის სურვილთან, სენსორულ სტიმულაციასთან, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შეხებით, მოფერებით, მოძრაობით გარკვეული შეგრძნებების მიღებას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტაშის შემოკვრა, სტერეოტიპული მოძრაობები. სენსორული სტიმულაცია თვითგანმამტკიცებელი ქცევაა, რადგან თავად ქცევაა დაკავშირებული სასურველსა და სასიამოვნოსთან.
ბავშვის ქცევა შეიძლება გამოწვეული იყოს ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილით. მასწავლებლები, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ხშირად დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვი ისედაც საკმარის ყურადღებას იღებს და შესაძლოა, გამორჩეთ, რომ პრობლემური ქცევის მიზანი ყურადღების მიღებაა. სკოლაში ამ მიზნისკენ მიმართული ქცევა შეიძლება უკავშირდებოდეს ნეგატიურ დემონსტრატიულობას, კლასის გამრთობის იმიჯის შექმნას.
- არასასურველის არიდება – ამ შემთხვევაში ქცევა შესაძლოა ბავშვისთვის რაიმე არასასურველის არიდების საშუალება იყოს. არასასურველი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, მოვლენა ან ადამიანი, რომელიც ბავშვისთვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიური დისკომფორტის წყაროა.
ქცევებზე მუშაობა საჭიროა არასასურველი ქცევის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად და ახლის, სოციალურად მისაღების განსამტკიცებილად.
დადებითი განმტკიცება
არსებული ქცევის შეცვლას ან ახალი, პოზიტიური ქცევის დასწავლას ხელს უწყობს დადებითი განმტკიცება. ქცევის გამოვლენის შედეგად ადამიანი იღებს მისთვის სასურველ მატერიალურ ან არამატერიალურ სტიმულს. ქცევის გამოვლენის შედეგად სასურველის მიღება ზრდის ალბათობას, რომ ადამიანი შემდგომშიც ეცდება, ასევე მოიქცეს.
სტიმულებს, რომლებიც თან ახლავს ქცევას და ზრდის მისი გამოვლენის ალბათობას, განმამტკიცებლები ეწოდება ისინი უამრავი სახისაა. გამოყოფენ განმამტკიცებლებს რამდენიმე ზოგად კატეგორიას:
- კვებითი – ნებისმიერი საკვები, რომელიც სასურველია ბავშვისთვის (ბანანი, ნაყინი, შოკოლადი);
- შეგრძნებითი – სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, საქანელაზე ქანაობა. შეგრძნებითი განმამტკიცებლები გულისხმობს განსაზღვრული აქტივობით სასურველი შეგრძნებების მიღებას;
- ბუნებრივი, აქტივობითი – ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სასურველია ბავშვისთვის, დაწყებული კონკრეტული თამაშით, დამთავრებული მშობლებთან ერთად გასეირნებით;
- მატერიალური – ნებისმიერი ნივთი, სათამაშო, ჩანთა, ტანსაცმელი და სხვ.;
- გადაცვლადი – გულისხმობს სასურველი ქცევის გამოვლენის გზით დაგროვილ ნივთებს ან სიმბოლოებს (პლუსები, სტიკერები, ყულაბის სისტემა, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის მიღწევის შემდეგ გადაიცვლება ბავშვისთვის ღირებულ საგანზე);
- სოციალური – გაღიმება, სიგელი, თვალის ჩაკვრა, ქება, შეხება, კომპლიმენტი;
- პრივილეგირება – სოციალური განმამტკიცებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა პრივილეგირება, რაც გულისხმობს ბავშვისთვის დამატებითი დროის მიცემას, დილით გვიან გაღვიძებას, ჯგუფის ლიდერობას და სხვ.
დადებითი განმტკიცების ტექნიკის გამოყენებისას გასათვალისწინებელია შემდეგი მითითებები:
- გამოყავით ქცევა, რომლის ფორმირებაც გსურთ.
- შეიმუშავეთ სამიზნე ქცევის აღწერილობა, რაც გულისხმობს მარტივი, არაორაზროვანი სიტყვებით ქცევის აღწერას.
- ქცევის განსამტკიცებლად შერჩეული განმამტკიცებელი მორგებული უნდა იყოს სუბიექტის მოთხოვნილებებს, ასაკს, უნარებს, იყოს მისთვის საინტერესო და სასურველი.
- განმამტკიცებელი მის მოსაპოვებლად საჭირო ძალისხმევის ტოლფასი უნდა იყოს. შეარჩიეთ რამდენიმე სახის განმამტკიცებელი, რომ ბავშვს არ მობეზრდეს.
- ბავშვი უნდა დაჯილდოვდეს სასურველი ქცევის გამოვლენისთანავე.
- პირველ ეტაპზე დააჯილდოეთ სასურველთან მიახლოებული ქცევის მცდელობისთვისაც.
- როდესაც ქცევა განმტკიცდება და ჩამოყალიბდება, ნელ-ნელა შეამცირეთ განმამტკიცებლის გამოყენება.
თუ ქცევის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასურველი ქცევის სიხშირე არ გაზრდილა, შეამოწმეთ, რამდენად კონკრეტული და მკაფიოა მიზანი, რამდენად გასაგებია ის ბავშვისთვის და მასთან მომუშავე სხვა პირებისთვის. გადამოწმეთ შეჩეული განმამტკიცებელი – ხომ არ არის გადაჭარბებული ან პირიქით, ღირებულია თუ არა ბავშვისთვის ის, რასაც სთავაზობთ სამიზნე ქცევის გამოვლენის სანაცვლოდ და, საერთოდ, არსებობს თუ არა იმ ქცევის ფორმირების საჭიროება, რომელიც მიზნად გაქვთ დასახული.
გამოყენებული ლიტერატურა:
ქცევის მართვა, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, თბილისი, 2017