ხუთშაბათი, სექტემბერი 28, 2023
28 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

რას ვუსმინოთ?

ეს ჩემი პირველი პოსტია 2013-ში. გასული წელი ჩემთვის მეტ-ნაკლები წარმატებით მიილია. დადებითი წელი იყო, რამდენიმე მართლაც კარგი მოგონება დამიტოვა, მათ შორის – მუსიკალურიც. რაც მთავარია, ამ ინტერნეტგაზეთში წერა და იდეების თქვენთვის გაზიარება დავიწყე. საკმაოდ ბევრი პოსტი დამიგროვდა და ეს უფრო მეტად მახარებს.

ვფიქრობ, 2013 მუსიკალურად უფრო დატვირთული უნდა იყოს. ახლო მომავალში მეგობრებთან ერთად ერთი საინტერესო პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავ, სადაც მუსიკოსის როლში თავად მოგევლინებით 🙂 ასევე ველოდები რამდენიმე კარგ ფესტივალს და, რაც მთავარია, აგვისტოში Pink Floyd-ის ბასისტის, როჯერ უოტერსის კონცერტზე მივდივარ სტამბულში, ლეგენდარულ “კედელს” უნდა მოვუსმინო ცოცხლად. ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს, ისღა დამრჩენია, ყველაფერი დავგეგმო და დაველოდო, როდის გავა 8 თვე.

თუმცა აგვისტომდე შორია და მოდი, დღეს სხვა თემაზე ვისაუბრებ.

პოსტის სათაურზე დიდხანს ვფიქრობდი. არ მინდოდა, ზედმეტად დამრიგებლური გამოსულიყო, რომ მკითხველი არ გაეღიზიანებინა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, გამერისკა და ამ პუბლიკაციისთვის “რას ვუსმინოთ?” დამერქმია. მინდა, თავიდანვე აღვნიშნო: გემოვნებაზე დავას არ ვაპირებ, რადგან ჩემთვის თავისუფალ არჩევანზე უპირატესი უფლება არ არსებობს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ მუსიკის ზოგიერთ ჟანრს ჩვენთვის როგორც ინდივიდებისთვის ოდნავ მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

მუსიკა პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას რომ ახდენს, ამაში პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა. ასაკის მატებასთან ერთად ამჩნევ, როგორ გეხვეწება გემოვნება და პოულობ ახალ ჟანრებს, რომლებიც გაინტერესებს. მერე ეს ინტერესი უფრო და უფრო ძლიერდება და ღრმად გითრევს, სანამ ემოციურად ბოლომდე არ ამოგწურავს და ახლის ძიებას არ დაიწყებ.

რისთვის ვუსმენთ მუსიკას? იმისთვის, რომ თავი იმაზე უკეთ ვიგრძნოთ, ვიდრე მოცემულ მომენტში ვართ. ემოციურად დატვირთულ მოზარდობის წლებში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სიტუაციას სწორად მორგებული მუსიკა დიდ დახმარებას გიწევს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა თუ ამოცანის შესრულებაში.
ალბათ ხშირად გინახავთ მოსწავლეები თუ სტუდენტები, რომლებსაც ყურსასმენები მუდამ თან დააქვთ. მუსიკა, რომელსაც ისინი უსმენენ, მრავალფეროვანია; ახალგაზრდები ძირითადად თანამედროვე პოპს, ე.წ. R&B-ს (რომელსაც, ვფიქრობ, აღარაფერი აქვს საერთო ძველ “რიტმ ენდ ბლუზთან”), ჰიპ-ჰოპსა და ალტერნატიულ მუსიკას ეტანებიან, გარკვეული კატეგორია ქალაქურ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას… ნაკლებად უსმენენ ბლუზს, თუმცა ამ მიმდინარეობასაც ჰყავს თავისი მსმენელი ახალგაზრდებში.

მოდი, თავს უფლებას მივცემ და ჩემს შეხედულებას გაგაცნობთ იმის თაობაზე, მუსიკის რა ჟანრები იქნებოდა სასარგებლო მოსწავლეებისთვის:

ეს აფრიკული ქვეყნის, მალავის, ერთ-ერთი სოფლის, ზოლოკერეს, საეკლესიო გუნდია. სიმღერას “Tawonga” ჰქვია, რაც ქართულად “მადლიერების გამოხატვას” ნიშნავს. ლამაზი ჰარმონია აქვთ მალავიში, არა?

მიმაჩნია, რომ არ იქნება ურიგო, თუ მოსწავლეები ადრეულ ასაკში სხვადასხვა ხალხის ეთნომუსიკას გაეცნობიან, წარმოდგენა რომ შეექმნათ როგორც ქართული, ასევე საზღვარგარეთული კულტურის აუთენტურ ნამუშევრებზე. დიდ პატივს ვცემ ქართულ ეთნომუსიკას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსწავლეები არ უნდა იზრდებოდნენ იმ განცდით, რომ მათი კულტურა ვინმესაზე უპირატესია. ქართული მუსიკა ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურაში, მაგრამ სხვა ხალხებსაც არანაკლებ საინტერესო და ღირებული ნამუშევრები აქვთ, რომელთა გაცნობაც ნამდვილად ღირს. მაგალითად ზემოთ მოყვანილი ჩანაწერიც კმარა. კულტურული მრავალფეროვნების აღქმა მოზარდებს უცხო ერების მიმართ პატივისცემას ჩაუნერგავს და ნიდაგს მოამზადებს მათი თანამედროვე საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებისთვის.

 

ის, რაც ახალგაზრდას ნამდვილად უნდა ჰქონდეს, პიროვნული თავისუფლებაა (“თავისუფლება და არა თვითნებობა”, როგორც ერთ-ერთი ჩემი ლექტორი იტყოდა), ამიტომ კარგი იქნება, თუ მოზარდები 15-17 წლიდან დაინტერესდებიან ისეთი ხელოვნებით, რომელიც მათ მეტ თავისუფლებას, ჩარჩოებიდან გაღწევას შესთავაზებს. მუსიკაში ასეთი მიმდინარეობა ბევრია: კლასიკით დაწყებული, ჯაზით დამთავრებული. პირადად მე კი მიმაჩნია, რომ თავისუფლებას როკმუსიკასთან აქვს პირდაპირი კავშირი. პანკ-როკი იქნება ეს, 60-70-იანების მუსიკა, ალტერნატივა, ინდი თუ სხვა რამ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გემოვნების ამბავია.

ემოციათა დაბალანსება ყველასთვის ერთნაირად საჭიროა, ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, თუ მასწავლებლებიც აქტიურად მოუსმენდნენ მუსიკას, რომელიც საჭირო ემოციების მიღებაში გვეხმარება. მზა რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – გაკვეთილი მშვიდმა, გაწონასწორებულმა და კეთილგანწყობილმა, კარგ გუნებაზე მყოფმა ადამიანმა უნდა ჩაატაროს. ყურადღების კონცენტრირებისთვის და საკუთარ თავში დასარწმუნებლად კარგია როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ბლუზი და სოული. შეიძლება, შიგადაშიგ ჯაზიც შეურიოთ – მერწმუნეთ, მოგეწონებათ.

 

რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება სუბიექტურია, საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა მე რომელიმე კონკრეტული ჟანრის მოსმენისკენ არც მოგიწოდებთ, – ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ სწორად შერჩეული მუსიკა თქვენს ცხოვრებას ნამდვილად უკეთესს გახდის.
ჰო, მთავარი კინაღამ დამავიწყდა: უსმინეთ მუსიკას თქვენი სიამოვნებისთვის და არა იმიტომ, რომ ის პოპულარულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

სადაც ნახეს მამაჩემი

ბოლო სიახლეები

გრიგოლ ორბელიანი

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი