ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ეკონომიკის ბორბალი

შიშის მომგვრელი სიტყვაა „რევოლუცია“. მისი გაგონებისთანავე სისხლიანი დაპირისპირება, ნგრევა, შიმშილი და ახალი, ბუნდოვანი ყოფის დასაწყისი წარმოგვიდგება თვალწინ. ყველა რევოლუციას დიდი მიზანი აქვს – რაღაც ახლის, უკეთესის აშენება, თუნდაც მსხვერპლის ფასად. თუმცა მსხვერპლი ხან ამართლებს, ხან – არა… აი, ტექნოლოგიური რევოლუციები კი თითქმის ყოველთვის ამართლებს.

კაცობრიობის მიღწევათა საცავში არაერთი დიდი, რევოლუციური ცვლილებების სადარი მიგნებაა. პირველი -ცეცხლის სტიქიის დამორჩილება იყო. მეორე დიდ აღმოჩენად კი შეგვიძლია ბორბალი მივიჩნიოთ.

ადამიანი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ ხოხვას გორვა სჯობდა, ამიტომ როცა ჩვენს შორეულ წინაპრებს დიდი და მძიმე ნივთი ჰქონდათ გადასატანი, მორებზე შემოდებდნენ და მიაგორებდნენ.

მერე მივხვდით იმასაც, რომ რაც უფრო სრულყოფილი წრის ფორმა ექნებოდა საგორავ საშუალებას, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დაგვჭირდებოდა ტვირთის გადასატანად და იმასაც, რომ რაც უფრო მსუბუქი იქნებოდა ბორბალი, მით მეტად დავზოგავდით ძალებს. წრიული ვარჯის მქონე ხეს, ჩვენი წინაპრები, ცხადია, იპოვიდნენ, სიმსუბუქისათვის მოკლე მორებადაც დაჭრიდნენ, მაგრამ ერთი პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩებოდა: თუნდაც ასიოდე მეტრზე რამის გადასაგორებლად მორებთან ერთად მორების გადამტანების მთელი ბრიგადა იყო საჭირო.

ფიქრისა და მარჯვე ხელების წყალობით დაიბადა პირველი ხის ბორბალი, რომელიც მრგვალიც იყო, მსუბუქიც და, რაც მთავარია, მიმაგრებული. უამრავი მორი ორმა ბორბალმა შეცვალა. ასეთი ბორბლების მქონე ცხენშებმული ტრანსპორტით უკვე თავისუფლად შეიძლებოდა შორ მანძილზე გადაადგილება.

ხის ბორბალი მოგვიანებით რკინის ბორბალმა შეცვალა. ლითონის ზედაპირი უფრო უკეთესად მუშავდებოდა და შედარებით დიდი ტვირთამწეობაც ჰქონდა, მაგრამ მას უჭირდა ქვიან ან მიწიან გზაზე მოძრაობა. გამოსავალი ამჯერადაც მოიძებნა და გზაც რკინისა დავაგეთ. გადაადგილება თუ ტვირთების გადაზიდვა კიდევ უფრო აჩქარდა და კომფორტული გახდა.

მაგრამ რკინიგზას ყველგან ვერ გავიყვანდით, თანაც ადამიანს პერსონალური ტრანსპორტისკენ უფრო მიუწევდა გული. ასე გაჩნდა ველოსიპედი და ოდნავ მოგვიანებით – ავტომობილი.

თუმცა ერთსაც და მეორესაც გამოგონების პირველ წლებში მოდური უფრო ეთქმოდა, ვიდრე პრაქტიკული. რეალურად, ცხენით უფრო კომფორტულად ივლიდი, ვიდრე ველოსიპედით ან ავტომობილით. მიზეზი კი ისევ და ისე ბორბალი გახლდათ. მოძველებული ტექნოლოგია, რომელიც ბორბლის ხისგან დამზადებას გულისხმობდა, უკვე ხელს უშლიდა სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ განვითარებას.

დაუდეგარმა ადამიანმა აქაც იპოვა პრობლემის ტექნოლოგიური გადაჭრის გზა: ბორბალს რეზინის გარსაცმი გაუკეთა და ტექნიკურ ტერმინოლოგიას ახალი სიტყვა – „საბურავი“ შესძინა.

მასიური რეზინი გაცილებით რბილი იყო, ვიდრე ხე, მაგრამ ქვაფენილისთვის მაინც „უხეში“.

მისი „დარბილება“ პირველად შოტლანდიელმა ინჟინერმა რობერტ ტომსონმა სცადა (1845 წ), მაგრამ ავტოინდუსტრიის მფლობელები ვერაფრით დააინტერესა და მისი გამოგონებაც მალევე მიეცა დავიწყებას. მომდევნო მიგენბა კი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დღემდე უცვლელი სახით ვიყენებთ, 1887 წლით თარიღდება და ასევე შოტლანდიელს, მაგრამ პროფესიით ვეტერინარ ჯონ დანლოპს ეკუთვნის. ერთხელ მან დაინახა, რა წვალებით მიჰყავდა მის 10 წლის ვაჟს სამთვლიანი ველოსიპედი უსწორმასწორო ტროტუარზე და დახმარება გადაწყვიტა. ბევრი არ უფიქრია – რაც ხელთ ჰქონდა, იმ მასალისგან შეუდგა საბურავის კეთებას. კამერა რეზინის საფენებისგან გამოჭრა, რომლებსაც საოპერაციო მაგიდის გადასაფარებლად იყენებდა, და მეწაღის წებოთი შეაწება, გარშემო კი ტყავი შემოაკრა. ასე დაიბადა პირველი პნევმატური, ე.წ. კამერიანი საბურავი…

მალე ამ გამოგონებით ავტომობილებისა და კაუჩუკის (რეზინის) მწარმოებლები დაინტერესდნენ და მის ფართომასშტაბიან წარმოებას მიჰყვეს ხელი. მათ შორის იყო ცნობილი კომპანია „მიშლენიც“. თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ გაყიდვები ნავარაუდევზე გაცილებით ნაკლები იყო. ეს იმიტომ, რომ ავტომობილები ჯერ კიდევ ფუფუნების საგნად რჩებოდა და მათი ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი მფლობელები მანქანით მხოლოდ უქმეებზე თუ სეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში, ნაკლები მოძრაობა კი, ბუნებრივია, ნაკლებ ცვეთას ნიშნავდა.

შემდგომი განვითარებისთვის „მიშლენს“ სულაც არ დასჭირვებია ტექნოლოგიის „გადაკეთება“ – კომპანიის მეპატრონეებმა შემოიარეს მიმდებარე რეგიონები, აღწერეს ყველა კაფე, რესტორანი, სასტუმრო და სხვა დასასვენებელი ადგილი, რუკაზე დაიტანეს და თავიანთ კლიენტებს დაურიგეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: გაიზარდა მოძრაობა, გაიზარდა ცვეთაც და მასთან ერთად – კომპანიის შემოსავლებიც.

უფრო მეტიც: ამ კარტოგრაფულმა ინიციატივამ ბიძგი მისცა ქალაქგარეთ გზების მშენებლობასა და კეთილმოწყობას, ვიზიტორების სიმრავლემ სასტუმროებსა და რესტორნებსაც უბიძგა განვითარებისკენ, გზებზე და პერიფერიებში გაჩნდა ავტოტექმომსახურების სადგურები და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი სექტორი ჩაითრია „მიშლენის“ ინიციატივამ და აიძულა, ახალი გამოწვევებისთვის ფეხი აეწყო.

ერთმა პატარა გზამკვლევმა მთელი ეკონომიკა ერთ ბორბალზე შემოსვა და მთელი სისწრაფით გააქანა მომავლისკენ.

ასე რომ, მე თუ მანქანა არ მაქვს და სამსახურში ფეხით დავდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნავთობზე ფასების გაზრდა მე არ შემეხება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“