კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

კულტურფილმი: ჟანრი და იდეოლოგია

მეოცე საუკუნის მესამედი საქართველომ ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში განვლო. ცნობილია, რომ კომუნისტური მმართველობა ინფორმაციის შეზღუდვისა და კორუფციის საფუძველზე იდგა, მართვის პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხალხისთვის ისტორიული სიმართლის დამალვა და ფაქტების მიჩუმათება იყო. მმართველობის სტაბილურად შენარჩუნების საწინდარი და მასებით მანიპულაციის საუკეთესო იარაღი, ტერორთან ერთად, გახლდათ ახალი ისტორიის შექმნაც. საამისოდ რეჟიმი სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, მათ შორის – ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და შთამაგონებელ წყაროს, ინფორმაციის გავრცელების მასობრივ საშუალებებს (რადიოს, პრესას, ტელევიზიას) და ხელოვნებას.

კომუნისტები ახალ ისტორიას ფაქტების არა მხოლოდ შეთხზვით, არამედ დამახინჯებითაც ქმნიდნენ.

1922 წელს განათლების სახალხო კომისართან, ანატოლი ლუნაჩარსკისთან საუბარში ვლადიმირ ილიას ძე ლენინი იტყვის, რომ კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა. შემდეგ ამ ციტატას ყველა აიტაცებს: გამომცემლობა „ისკუსტვო” ამ სათაურით დაბეჭდავს წიგნს, საბჭოთა და არასაბჭოთა კინომცოდნეები ლენინის სიტყვებს ყველა შესაძლო კონტექსტში გამოიყენებენ; რაც მთავარია, საბჭოთა კულტურა ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამლოზუნგმომარჯვებული ივლის კინოინდუსტრიის გაძლიერებისა და გამარჯვების გზაზე.

მაინც რას ნიშნავდა ლენინის ცნობილი ფრაზა და რატომ ანიჭებდა საბჭოთა ბელადი კინემატოგრაფიას ასეთ დიდ მნიშვნელობას?

1920-იანი წლების დასაწყისში კინო უკვე წარმოადგენდა იდეოლოგიის გატარების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ამ სახით პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული იყენებდნენ. ლენინის დავალებით, კომუნისტური იდეებით გამსჭვალულ ახალ ფილმებს ახალი საბჭოთა რეალობა უნდა აესახა. თუმცა ანატოლი ლუნაჩარსკი იქვე წერდა, რომ კინოზე საუბრისას ლენინი, პირველ რიგში, დოკუმენტურ კინოჟანრებს გულისხმობდა: „თუ გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაფერი დაშავდება, მაყურებლის მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რა თქმა უნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დაუშვათ”. დოკუმენტურ კინოს იმთავითვე პროპაგანდისტული მიზნების სამსახური დააკისრეს. გარდა ამისა, მას საგანმანათლებლო ხასიათიც უნდა ჰქონოდა, ამაში კი რუსებმა პირველ რიგში გერმანიის მაგალითს მიბაძეს.

ათიან წლებში გერმანიაში გაჩნდა ახალი კინოჟანრი, რომელიც დოკუმენტური კინოს ნაირსახეობას წარმოადგენდა და რომელსაც გერმანიის გარდა ყველგან, სადაც ამ ჟანრის ფილმებს იღებდნენ, კულტურფილმი ერქვა (Kulturfilm). მისი აღზევების პერიოდი ნაცისტების ხელისუფლებაში ყოფნის ხანას ემთხვევა. თავდაპირველად კულტურფილმების დახმარებით მოხერხდა კინოს როგორც კონსტრუქციული კულტურული ძალის ლეგიტიმაცია. ამაში ყველაზე დიდი წვლილი საგანმანათლებლო სექტორმა შეიტანა, რომელიც ცდილობდა, მოზარდებზე კინოს მავნებლური ზეგავლენა შეესუსტებინა და სხვა ტიპის კინემატოგრაფი შეეთავაზებინა ახალგაზრდა მაყურებლისთვის, თუმცა მალე ჟანრის შესაძლებლობებით პოლიტიკური ძალებიც დაინტერესდნენ. კულტურფილმების წარმოებაში ნაციონალისტურ-მილიტარისტული და საგანმანათლებლო მიზნები ერთმანეთს გადაეჯაჭვა.

1918 წელს კინოკონცერნ UFA-ში კულტურფილმების განყოფილება შეიქმნა, რომელიც სასწავლო, სანიტარული, საწარმოო და სააგიტაციო ხასიათის ფილმების წარმოებას შეუდგა. არამხატვრულ ფილმებს UFA უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და საჩვენებლად ბერლინის დიდ კინოთეატრებსაც იყენებს.

მაყურებლის დიდ ინტერესს პიკანტურ თემებზე გადაღებული სურათები იწვევდა. მართალია, ამ თემებს საგანმანათლებლო და სააგიტაციო რაკურსით აჩვენებდნენ, მაგრამ აუდიტორიას აკრძალულ ჭუჭრუტანაში გახედვის საშუალება მაინც ეძლეოდა. ასეთი იყო სქესობრივი ცხოვრების საკითხების ამსახველი სურათები, მაგალითად, „სქესობრივი დაავადებები”, „ქორწინების ჰიგიენა და სქესობრივი საკითხი”, „პროსტიტუცია”… იქმნებოდა ფილმები ნარკომანიაზეც. სავარაუდოდ, ამ ფილმების ავტორებს არ უწევდათ თავის მართლება იმის გამო, რა კრიტერიუმით აარჩიეს ფილმის თემა – ისინი ხომ საზოგადოების განათლებაზე ზრუნავდნენ, ისევე როგორც ამერიკელი რეჟისორი სესილ ბი დემილი ზრუნავდა სულის ცხონებაზე, როცა „ათი მცნების” ნახევრად შიშველ სცენებს იღებდა.

1920-იანი წლების ბოლოს რამდენიმე საბჭოთა რეჟისორს მიეცა გერმანიაში მოგზაურობისა და იქაური კინოინდუსტრიის გაცნობის საშუალება. ბერლინში რამდენიმე წელი გაატარეს ნიკოლაი ლებედევმა და ვლადიმირ ეროფეევმა. საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის ფილმებიდან მათ უფრო ეთნოგრაფიული, საექსპედიციო და გეოგრაფიული ფილმები მოეწონათ და საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ მათი აქტიური პროპაგანდირებაც დაიწყეს.

იმ დროისთვის საბჭოთა კავშირი კულტურფილმების წარმოებით გერმანიას ვერ შეედრებოდა, თუმცა, ისევე როგორც ნაცისტურმა, საბჭოთა რეჟიმმაც კარგად გააცნობიერა კულტურფილმების პოტენციალი თავისი ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით. სოციალისტური რესპუბლიკების ადგილობრივ კინომრეწველობებს, მათ შორის – ქართულ სახკინმრეწვს, დოკუმენტურ-ქრონიკალური სექციის შექმნა/გაძლიერება დაევალა. ნელ-ნელა მთელი კავშირის მასშტაბით დაიწყო კულტურფილმების ბუმი – ასე უწოდებდნენ თითქმის ყველაფერს, რაც მხატვრული კინოს საზღვრებს სცილდებოდა. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა კინოენთუზიასტებმა საქართველოს კინოსტუდიის ბაზაზე ბევრი კულტურფილმი შექმნეს, რომლებიც დღეს ჟანრის შესანიშნავ მაგალითებად შეიძლება მივიჩნიოთ. ასეთებია სერგეი ფიოდორჩენკოს „ვისი ბრალია”, სიკო დოლიძის „მიწის ძახილი”, ალექსანდრე ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი”, ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა”, მარკ რიჟის „ჯანმრთელობის სამჭედლო”, კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს „რასაც დასთეს, იმას მოიმკი”, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა” და მრავალი სხვა სურათი, რომლებიც მიზეზთა გამო საქართველოში მაყურებლისთვის დღეს სრულიად უცნობია, უფრო მეტიც – იგნორირებულია. ბევრს ამ ფილმების დავიწყებაში ანტიკომუნისტური განწყობები დაეხმარა. თუმცა ალბათ უკვე დროა, გავიხსენოთ და შევისწავლოთ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შექმნილი ქართული კულტურფილმები და სწორედ კინოს დახმარებით დავინახოთ უკეთ ჩვენი საბჭოთა წარსული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი