სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ენერჯაიზერები ონლაინგაკვეთილებისთვის

ენერჯაიზერებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. მათი გამოყენების მიზანი შეიძლება იყოს ტრენინგის მონაწილეების/მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოება, გაცნობა, დაძაბულობის მოხსნა, შეხვედრისათვის/გაკვეთილისთვის განწყობისა და მზაობის ამაღლება, გუნდის შეკვრა/შეკავშირება, კრეატიულობის წახალისება და სხვა.

ჩვენ – ზრდასრულები ტრენინგზე დიდი სიამოვნებით ვერთვებით ხოლმე ტრენერების/მწვრთვნელების მიერ შემოთავაზებულ სახალისო აქტივობებში. არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდებსაც ძალიან უყვართ ენერჯაიზერები. დისტანციური სწავლებაზე გადასვლის კვალდაკვალ საჭირო გახდა ონლაინრეჟიმისთვის შესაბამისი სახალისო აქტივობების  მოძიება.

სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ აქტივობას, რომლებიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ დისტანციური სწავლებისას სხვადასხვა მიზნით, როგორც გაკვეთილის დასაწყისში, ასევე შუაში და ბოლოში. სავარჯიშო შეიძლება გაგრძელდეს ხუთ წუთს, ან მეტ ხანს.

  1. „ვინ იქნება პირველი“

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა უნდა მოაგროვონ სურათზე მოცემული ნივთები რაც შეიძლება სწრაფად და მოიტანონ ეკრანთან.

ეს აქტივობა მიეკუთვნება მარტივ, განწყობის ასამაღლებელ, ენერჯაიზერთა კატეგორიას. თქვენი სურვილით შეგიძლიათ შეადგინოთ ახალი ჩამონათვალი. თუ მოსწავლეები სოფელში იმყოფებიან, დაუმატეთ ისეთი ნივთი, რომლის მოსაძიებლადაც გარეთ გავლენ…

აქტივობის დასრულების შემდეგ ბევრს იხალისებთ. ჩემი პირადი პრაქტიკიდან გაგიზიარებთ ჩემივე მოსწავლის ბებიის ფრაზას: – „ეს ტაფის თავსახური რატომ მიგაქვს გაკვეთილზე?“.

  1. გთავაზობთ წინა ენერჯაიზერს ერთგვარ ვარიაციას

სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ გადახედონ მათ ირგვლივ არსებულ საგნებს (მაგალითად, რაც დევს სამუშაო მაგიდაზე), აირჩიონ ერთი ნივთი და აჩვენონ თანაკლასელებს. მას შემდეგ, რაც ყველა შეარჩევს შესაბამის ნივთს, დაუსვით მათ შემდეგი კითხვები:

  • რა კავშირი აქვს შერჩეულ ნივთს შენთან?
  • რატომ არის ის მნიშვნელოვანი შენთვის?

მოსაფიქრებლად მიეცით 30 წამი.

 

  1. ანბანი

განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ მათ სასაუბროში/ჩატში უნდა ჩამოწერონ ანბანი თანმიმდევრობით ორი წესის დაცვით:

  • წინასწარ არ უთანხმდებიან ერთმანეთს რომელ ასო-ბგერას დაწერენ და არც ჩამოწერის დროს არ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია;
  • ერთდროულად ორმა მოსწავლემ არ უნდა დაწეროს ერთი და იგივე ასო-ბგერა.

როგორც წესი, ორივე ცდაზე ადგილი აქვს ასო-ბგერების განმეორებას ან თანმიმდევრობის დარღვევას. ამის შემდეგ უთხარით, რომ მათ შეუძლიათ მოითათბირონ წესებზე. აუცილებლად გამოჩნდება ინიციატორი, რომელიც თანაკლასელებს შესთავაზებს გარკვეულ წესს/წესებს, რომლის მიხედვითაც ჩამოწერენ ანბანს.

აქტივობის დასასრულს, რეფლექსიისთვის შეგიძლიათ დაუსვათ შემდეგი შეკითხვები:

  • რატომ ვერ მოახერხეთ ანბანის უშეცდომოდ ჩამოწერა პირველ და მეორე ცდაზე?
  • რატომ გამოგივიდათ მესამე ცდაზე?
  • რა მნიშვნელობა აქვს წესებზე შეთანხმებას?

რამდენჯერმე გამოვიყენე ეს აქტივობა. ერთ-ერთ გაკვეთილზე, მესამე ცდის წინ, მოსწავლემ  თანაკლასელების სახელების ჩამოთვლა დაიწყო. ვის სახელსაც კითხულობდა, ის წერდა შესაბამის ასო-ბგერას სასაუბროში. ამგვარი მიდგომით, მათ შეძლეს ანბანის უშეცდომოდ ჩამოთვლა.

  1. „თქვენ არ იცით ჩემ შესახებ, რომ…“

ენერჯაიზერის ჩატარებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ Padlet ან სხვა, რომელიმე ვირტუალური დაფა. მოსწავლეები სახელის მითითების გარეშე, დაფაზე წერენ წინადადებას: – „თქვენ არ იცით ჩემ შესახებ, რომ…“. როდესაც დაასრულებენ წინადადებების წერას, იწყება მათი ავტორების გამოცნობის სახალისო პროცესი.

  1. „ორი სიმართლე და ერთი ტყუილი“:

padlet-ის დაფაზე მოსწავლეები უკვე საკუთარი სახელის მითითებით წერენ სამ წინადადებას, საიდანაც ორი არის სიმართლე და ერთი ტყუილი. შემდეგ ერთად ცდილობენ გამოიცნონ არასწორი წინადადებები. ვირტუალურ დაფაზე განთავსებულ პოსტებს პარამეტრებიდან ჩაურთეთ კომენტარის ფუნქცია. მოსწავლეები ნახულობენ თანაკლასელების პოსტებს და კომენტარში წერენ, რომელი წინადადებაა ტყუილი.

შემოიტანეთ შეჯიბრობითობის პრინციპი. გამარჯვებულად დაასახელეთ ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ მცდარ წინადადებას გამოიცნობს.

აქვე გთავაზობთ პადლეტის გამოყენების ინსტრუქციას

  1. „სამი სიტყვა“

ეს აქტივობა შესანიშნავი სავარჯიშოა სხარტი აზროვნების უნარის  განსავითარებლად. მოსწავლეებთან ერთად შეარჩიეთ ნებისმიერი თემა. მაგალითად, მოგზაურობა. თითოეული მოსწავლე სასაუბროში, რაც შეიძლება სწრაფად, წერს სამ სიტყვას ამ თემის ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ არ გაიმეორონ სხვის მიერ დაწერილი სიტყვა. მოგზაურობის ირგვლივ შესაძლოა ერთმა მოსწავლემ დაწეროს: – ზურგჩანთა, კარავი, ბილიკი; მეორემ: – მთა, ფოტოაპარატი, ხელჯოხი და ა.შ.

შემოთავაზებული ენერჯაიზერი შეგიძლიათ დაუკავშიროთ შესწავლილ ან შესასწავლ თემას. ეს იქნება ერთგვარი გონებრივი იერიში და წინარე ცოდნის შემოწმება.

  1. გაკვეთილის ზოგადი შეკითხვებით გახსნა/დაწყება.

ნებისმიერი გაკვეთილის დასაწყისში, ეკრანის გაზიარებით გამოიტანეთ სლაიდი, ან ვორდის დოკუმენტი, შემდეგი კითხვებით:

  • რას ეტყოდით დედამიწის ყველა მცხოვრებს, მათთვის რომ შსტყობნების გაგზავნა შეგეძლოთ?
  • რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა წარმატება?
  • როგორ აღიქვამს საზოგადოება წარმატებას?
  • წარმოიდგინეთ, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ესაუბრებით მაღაზიაში 5 წუთის განმავლობაში. რას იტყოდა თქვენზე ეს უცნობი? რას ეტყოდით თქვენ შესახებ ამ სრულიად უცნობ ადამიანს?

შემოთავაზებული კითხვები შეგიძლიათ შეცვალოთ ან შეცვალოთ თქვენ მიერ მოფიქრებული შეკითხვებით. ასევე, შესაძლებელია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული კითხვების მოფიქრება. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, შეგიძლიათ შესთავაზოთ შემდეგი კითხვები:

  • რომელია შენთვის მნიშნელოვანი სამი უფლება?
  • ადამიანის რომელი უფლება ირღვევა ყველაზე ხშირად თემში?

 

  1. გაკვეთილის დასაწყისში დაყავით მოსწავლეები სამკაციან ჯგუფებად და გაანაწილეთ თიმსის breakout ოთახებში. სთხოვეთ, რომ ხუთი წუთის განმავლობაში ვირტუალურ დაფაზე ან საკუთარ ჩატში ჩამოწერონ საერთო ინტერესის საგანი (მაგალითად, სამივე მოსწავლეს შეიძლება მოსწონდეს ერთი და იგივე წიგნი). 3-5 წუთის შემდეგ დახურეთ ჯგუფები და დააბრუნეთ საერთო სივრცეში, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ შეთანხმებულ საერთო ინტერესის სფეროებს.

 

  1. მარტივი გამოცანა:

ა) რა ციფრი უნდა ეწეროს ბოლო სამკუთხედში? მსგავსი ტიპის გამოცანები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, დაფიქრდნენ გამოცნობის სხვადასხვა ხერხზე.

პასუხია: 3

ბ) რა მიმართულებით მიდის სურათზე გამოსახული ავტობუსი?

პასუხია: მარჯვნივ, ან მარცხნივ  

გ) სად არის შეცდომა?

პასუხი: პირველ რიგში, მარჯვნივ, 5-მდე  წერია ციფრი 6.

 

  1. „დროის მანქანა“

ჰკითხეთ მოსწავლეებს – რომ შეეძლოთ დროში მოგზაურობა, რომელ საუკუნეს აირჩევდნენ სამოგზაუროდ? სად წავიდოდნენ და რატომ? და ვისთან შეხვედრას ისურვებდნენ დროში მოგზაურობისას?

არ იდარდოთ, ეს თუ იმაზე მეტ დროს წაიღებს, ვიდრე გქონდათ გათვალისწინებული. დისტანციური სწავლება ისედაც სტრესთანაა დაკავშირებული. თანაკლასელების მონატრება, დაძაბული ფონი, ტექნიკური ხასიათისა და სხვა პრობლემები ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთი მიდგომით მოსწავლეებს შეუქმნით დამატებით მოტივაციას, დაესწრნონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. აუცილებლად შესთავაზეთ მათ, თავადვე მოიფიქრონ სახალისო/შემეცნებითი სავარჯიშოები და მომდევნო შეხვედრებისთვის მოამზადონ. 

…დაბოლოს, თუ თქვენც იყენებთ მსგავსს აქტივობებს, გაგვიზიარეთ ამ სტატიის ქვემოთ კომენტარის ველში.

 

წყაროები:

ახალგაზრდული ორგანიზაცია „მზიანი სახლი“ 

https://symondsresearch.com/icebreakers-for-online-teaching/

https://sharpbrains.com/brainteasers/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი