ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ფოტოგრაფია და ქართული ლიტერატურის გაკვეთილები

ფოტოების გადაღება ბავშვობიდან მიყვარდა. სასიამოვნო რიტუალი იყო ფირის შეძენა, კოდაკის აპარატში მოთავსება,  36 სურათის გადაღება (36 კადრს იტევდა ფირი) და გამჟღავნება. ახლაც მახსოვს, როგორ ვგეგმავდი თითოეულ სურათს, არცერთი კადრი არ უნდა გამეცდინა. მერე გამჟღავნებულ ფირს საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, სასურველი კადრების ნომრებს ამოვიწერდი და ბაღდათიდან დასაბეჭდად თბილისში გავგზავნიდი. 1 ფოტოს დაბეჭდვა 25 ან 30 თეთრი ღირდა. დაბეჭდილ სურათებს ბლოკნოტში საგულდაგულოდ ჩავაკრავდი და მათზე ვწერდი. ჩემთვის ეს არავის დაუვალებია, უბრალოდ, მსიამოვნებდა. როცა გავიზარდე და მასწავლებელიც გავხდი, მივხვდი, ფოტოები და ჩანაწერები ჩემთვის მხოლოდ  თავშესაფარი კი არ ყოფილა, ასე წერასაც ვსწავლობდი. ის 25-თეთრიანი სურათები მთელ ჩემს ბავშვობასა და მოგონებებს ინახავს.

ალბათ, ბევრს მოგეპოვებათ ასეთი არქივი. საინტერესოა,  დაგიწერიათ თუ არა ფოტოების შესახებ. თუ გიცდიათ, გეცოდინებათ, რა სასიამოვნო პროცესია, თუ არა, გირჩევთ, დაწეროთ ფოტოამბავი ან სურათის გადაღების ისტორია, ამგვარად არაერთი მოგონება ამოგიტივტივდებათ და სიტყვები თავად გაიკვალავენ გზას ფურცლებზე.

22 წლის ასაკში, როცა ქართულის მასწავლებელი გავხდი, ძალიან ვღელავდი, რადგან  უფროსკლასელები მანდეს, თუმცა ეს ნდობა საოცარი ძალით მავსებდა და მეხმარებოდა დაბრკოლებების გადალახვაში. დაბრკოლება კი, რომელსაც მაშინ წავაწყდი, ის იყო, რომ ბავშვები მეუბნებოდნენ, ვერ ვწერთო,  არ შეგვიძლიაო, არ გამოგვდისო. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ შეეძლოთ, რომ გამოუვიდოდათ და ეს არ ყოფილა ,,განწირული სულისკვეთება“.

ჩემი გონება გამოსავალს ეძებდა. ამიტომაც ვიხსენებდი ბავშვობას, ვცდილობდი, თავი  მოსწავლეების ადგილას წარმომედგინა და მივმხვდარიყავი, რა შთააგონებდა მათ წერის დაწყებას, რა დაარწმუნებდა, რომ ეს შეეძლოთ. ასე მომაგონდა ბავშვობის დროინდელი ფოტოები და ნაწერები. ერთ დილას დავსტაცე ხელი ჩემი მეუღლის საგამოფენო სურათს (იგი ფოტოგრაფია და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ ჩვენი პროფესიები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ), პროგრამულ მასალას გადავუხვიე, დაფაზე ის ფოტო ჩამოვკიდე, ბავშვებს ვუამბე მისი გადაღების ისტორია და ვთხოვე, დაესათაურებინათ და მერე ჩანახატი დაეწერათ. თამამად შემიძლია ვთქვა, იმ გაკვეთილმა დიდწილად განაპირობა ჩემი შემდგომი პედაგოგიური ხედვა.

XI კლასში სწავლობდა ერთი ბავშვი, რომელთანაც ყველაზე მეტად მიჭირდა საერთო ენის გამონახვა. იგი ბევრ რამეს აპროტესტებდა, დავალების შესრულებაზეც უარს ამბობდა ხოლმე, შეეძლო, წამიერად შეეცვალა საკლასო ამინდი. მე, გამოუცდელ მასწავლებელს, ხანდახან მეშინოდა კიდეც მისი. და მან შეძლო… გამოუვიდა. ფოტოს ფოთლების სევდა დაარქვა და ისეთი ჩანახატი დაწერა, რომ მისი წაკითხვისას დღემდე მეტირება. რაც მთავარია, ამ ნაწერმა დამანახა, რომ ავტორს არათუ კარგად გამოსდიოდა წერა (თავადაც დარწმუნდა ამაში), ის მეტად მგრძნობიარე ადამიანი იყო. იმ მეამბოხე მეთერთმეტეკლასელის მიღმა, რომლის ,,ხუმრობებს“ შეიძლება ჩემი გაკვეთილი ჩაეშალა, სათუთი სამყარო იმალებოდა. ვერასოდეს დავივიწყებ მის გაფართოებულ თვალებს, როცა ჩემი აღფრთოვანება გავუზიარე. ერთმა ფოტოჩანახატმა ბევრი რამ შეცვალა. მან დავალებების წერა დაიწყო. აღარასოდეს ამბობდა უარს წერაზე. მეც შევიცვალე, მისი ,,ხუმრობების“ აღარ მეშინოდა, საერთო ენაც ვიპოვეთ.

ის მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ახლა კაცია, ცხოვრების გზას მიუყვება და არ ვიცი, ახსოვს თუ არა 10 წლის წინ დაწერილი ფოტოჩანახატი, მე კი არასოდეს დამავიწყდება. ხშირად მახსენდება მისი სიკეთით სავსე სამყარო, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს დავინახავდი, ის ჩანახატი რომ არ დაეწერა.

მაშინ ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს აქტივობა დამეხმარებოდა მოსწავლეთა წერითი უნარების გაუმჯობესებაში და ასეც მოხდა. ხანდახან საჭიროა ერთგვარი ბიძგი, შთაგონება, რომ წერა დაიწყო, რომ სიტყვები გონებიდან, კალმის წვერიდან გარეთ ,,გამოუშვა“. ახალბედა მასწავლებელს მეგონა, რომ ეს ჩემი მიგნება იყო, მერე და მერე, როცა უფრო მეტი წავიკითხე სწავლების მეთოდების შესახებ, გავიგე, რომ ფოტოების მიხედვით წერა ნაცადი აქტივობა ყოფილა.

თუ აქამდე მსგავსი რამ არ გაგიკეთებიათ, გირჩევთ, მეტიც, გთხოვთ, სცადოთ, მოძებნოთ რომელიმე ცნობილი ან უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევარი, სულაც თქვენივე გადაღებული სურათი და მოსწავლეებს სთხოვოთ, ამ ფოტოს მიხედვით მოიგონონ ისტორია, დაწერონ რამე ამბავი, ჩანახატი, მინიატურა, თუნდაც – ლექსი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სურათის აღწერა. მთავარია, ბავშვებმა თავიანთ წარმოსახვას გასაქანი მისცენ. შთამბეჭდავი იდეები ჩნდება მაშინაც, თუ მოსწავლეებს ვკითხავთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფოტოს გადაღებამდე ან რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ბავშვების ფანტაზიას ხომ არ აქვს საზღვარი. ჩვენ კი თუ დავეხმარებით წარმოსახვის უნარის განვითარებაში, ძალიან კარგი იქნება.

ამ აქტივობის შესახებ მეტს შეიტყობთ სასწავლო-მეთოდური ფილმიდან – ჩემი ფოტოამბავი. ცხადია, შეგიძლიათ რაღაცები გადააკეთოთ და თქვენი მოსწავლეების გემოვნებას, ინტერესებსა და საჭიროებას მოარგოთ.

 

***

გავიდა წლები. ფოტოგრაფია არაერთხელ შემოიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. მეც, როგორც მასწავლებელი, ძალიან გამზარდა ფოტოების ძიებამ და ფოტოგრაფების თვალით დანახული სამყაროს გაცნობამ. როცა რაღაცას ვეცნობი და ვიგებ, სურვილი მიჩნდება, ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარო. ცოდნას  საოცარი ძალა აქვს, გასცემ და გიბრუნდება. ასე გავაცანი ჩემს მოსწავლეებს ძმები ლუმიერები, მსოფლიოს პირველი ფოტოს ისტორია, უძველესი გადამღები აპარატი. მერე ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი წიბახაშვილის, შემოქმედებაზე ვუამბე. არის ასეთი საინტერესო კრებული – „ზამთარი გადატანილია“, რომელშიც გიორგი წიბახაშვილის ფოტოებს ერთვის ანა კორძაია-სამადაშვილის ჩანაწერები. ასევე გამოცემულია გიორგი წიბახაშვილის ფოტოამბები (სერია ,,თან საკითხავი“) – ფოტოგრაფი წერს თითოეული სურათის გადაღების ამბავს. როცა კითხულობ და ათვალიერებ, გგონია, რომ ხელოვნებას, ისტორიას ხელით ეხები და შეიგრძნობ,  ფოტოპერსონაჟები კი თითქოს შენი ყოველდღიურობის ნაწილნი ხდებიან.

 

სწორედ ამ ყველაფერმა შთამაგონა აქტივობა, რომელზეც ახლა გიამბობთ. ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე, თავად ქცეულიყვნენ ფოტოგრაფებად.

 

  • გადაეღოთ ის, რაც სურდათ, იქნებოდა ეს პეიზაჟი, პორტრეტი, ქუჩა, ადამიანები, ცხოველები, ნივთები თუ სხვა რამ;
  • კარგად მოეფიქრებინათ, რას ან ვის გადაიღებდნენ. მთავარი პირობა იყო ის, რომ რასაც აღბეჭდავდნენ, იმის ცქერას ავტორისთვის სასიამოვნო განცდები და სიმშვიდე  მოეტანა, რადგანაც შემდეგ ამ ფოტოებს კლასში გამოვფენდით და ყოველდღიურად მოუწევდათ შეხედვა;
  • გადაღების შემდეგ დაებეჭდათ ფოტო და იმის მიხედვით, რაც გადაიღეს, დაეწერათ ფოტოამბავი ან ჩანახატი, ე.ი. შეეძლოთ, გადმოეცათ რეალური ან გამოგონილი ისტორია.

 

როგორც გიორგი წიბახაშვილი ამბობს, ,,ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება. წერას თუ შევადარებთ, ის, ალბათ, დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი“. ეს სინთეზი ძალიან მოუხდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს. ჩემმა მოსწავლეებმა მოირგეს ფოტოგრაფებისა და მწერლების როლები, რაც მთავარია, გაუმარტივდათ ამ გზით სათქმელის გადმოცემა.

ბავშვებს სჭირდებათ თვითგამოხატვა და, ვფიქრობ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მათთვის ეს შესაძლებლობა, მით უკეთესი.

ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა მოეწყო ჩვენს საკლასო ოთახებში. კედლებს დღემდე აფერადებს ეს ფოტოები და ჩანაწერები და ყოველ ჯერზე, როცა კი არ უნდა შევხედოთ, გვახსენებს, რომ თითოეული ფოტოსა და ჩანაწერის მიღმა ინდივიდი დგას.

 

თუ მეტად დაინტერესდებით ამ აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და წერითი მეტყველების უნარებს უვითარებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა კოლეგამ – თამარ გეგეშიძემ მოვამზადეთ. რესურსი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.el.ge (საჭიროა დარეგისტრირება). აქვე გაგიზიარებთ ბმულს -> ფოტოამბავი.

მჯერა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი შთამბეჭდავი მომენტია. შეგვიძლია, ,,შევაჩეროთ ეს მშვენიერი წამები“ და ამგვარად ქართული ლიტერატურის გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანიც გავხადოთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი