კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ნეკნიდან კეჟერაძემდე

არის ფრაზები, რომლებიც მთელი ცხოვრება შენი გგონია, მათ იყენებ საგაზეთო სტატიებში, საკუთარ მოთხრობებშიც კი და ეს ისევე ბუნებრივად მიგაჩნია, როგორც შენი სიგამხდრისგან წინ წამოწეული ნეკნები. გარეშე თვალისთვის იქნებ ძალიან ულამაზოც იყოს ძვლების ასეთი უნებლიე, მაგრამ თვალსაჩინო და არაბუნებრივი ხილულობა, შენთვის კი შენი სხეულია – ერთადერთი და მარტო შენი. ზუსტად ასე ცხოვრობს ხოლმე დოჩანაშვილი ჩემი რომელიმე ტექსტის სხეულში, ჩემი ნეკნებივით საყვარელი და ჩემი რეზუსუარყოფითი სისხლივით პრობლემური – თბილისური ჭადრების ნაჩუქარი მაისის ალერგენი. ალერგიები მაშინ იცის, როცა რომელიმე დიდად განათლებული კრიტიკოსი ჩემ მიერ გამოყენებული “მოიისფროს” ან “მისალოცის” მიღმა პლაგიატს ხედავს. მიდი და უმტკიცე ამ სწორხაზოვან თეორეტიკოსს, რომ წინ წამოწეულ ნეკნებს ვერაფრით ამოვიცლი.

მაინცდამაინც ნეკნით დავიწყე. უმჯობესი იქნებოდა, შიშით დამეწყო და თქვენთვის ბიბლიური სიმბოლოების ამოხსნის მცდელობისკენ არ მებიძგა, – არაფერი ბიბლიური, უფრო – პირადული. თუმცაღა ბიბლია ჩემთვის იმაზე პირადულია, ვიდრე ის, რამდენი შეყვარებული მყავდა (გოგონები ყოველთვის მალავენ მათ რიცხვს, ბიჭები – პირიქით). შედარება ძალიან არაწმინდაა. უკაცრავად.
სანამ ამ წიგნს წავიკითხავდი, ლიტერატურა უკვე ძალიან მიყვარდა და ეს სულ ბეტანკურიანი წიგნის გამო დამემართა. მანამდე შეყვარებული არ მყოლია. მაშინ უკვე ინტუიციურად ვხვდებოდი, რომ ეს სიყვარული გულისხმობდა სიკეთეს, ორივე ერთად კი ჩემი უმნიშვნელოვანესი მისიის, უფრო მეტად გაადამიანურების, დასაწყისი გახლდათ. ადამიანად დაბადება ადამიანურობას რომ არ გულისხმობს, ცხადია: თუ შენ მხოლოდ იმიტომ დგები ცუდ ხასიათზე, რომ შემწვარი ქათმის ნაცვლად სახლში აჯაფსანდალი დაგახვედრეს, დაფიქრდი, რამდენ ძვირფას წუთს კარგავ გაუღიმრად, კიტრის მწნილის სიმჟავეშერეული ხასიათის გადამკიდე. ანდა, ხომ არ აჯობებდა, მეზობლის ქალიშვილის საქმროს ნაკლოვანებათა ძებნის ნაცვლად სხვა რამ მოგეფიქრებინა, ან, უბრალოდ, გეფიქრა წიგნებზე, რომლებიც წაიკითხე და დაივიწყე, ან არ წაგიკითხავს და “მისალოცი” ხარ, ან წაიკითხე და გადაკითხვას უპირებ?!
რაკი რამდენჯერმე შეყვარებული ვახსენე:
კეჟერაძის ამბებამდეც კი, მანამდე, სანამ მოიისფრო ქალზე წავიკითხავდი, ძალიან მეშინოდა, რომ ოდესმე ჩემი გოგო შვილი (რომელიც, რაღა თქმა უნდა, ოდესმე დაიბადება) გადაეყრებოდა ვინმეს და ეს ვინმე ძალიან ემსგავსებოდა სიტყვას “გავძეხი”, მე კი ვიქნებოდი ისეთივე უადგილო, როგორიც სიტყვა “მაშასადამე” და ვერაფერს შევცვლიდი, რადგან საკუთარი შვილის ნეკნები ჩემი ნეკნებივით ვერასდროს ვიგრძენი და მისი პირველი შეყვარებული საერთოდ არ ჰგავდა ჩემს პირველ შეყვარებულს.
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, როგორც გითხარით, “სამოსელი პირველივით” ვერ შევიყვარე და ვერც ცხოვრების წიგნად ვაქციე, რადგან ცხოვრების წიგნი ვერ იქნება რამდენიმე და მე, უბრალოდ, მისთვის ადგილი აღარ დამრჩა. თანაც, ცოტა ხნის წინ, წიგნის მაღაზია “დიოგენეში” პირველად რომ ვნახე დოჩანაშვილი, მაღალი და გამხდარი, მივხვდი: ზუსტად ასეთი იქნებოდა ხანში შესული დომენიკო. ჰოდა, “სამოსელი” კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა.
გამიგონია, რომ ვასიკო კეჟერაძეს დოჩანაშვილისავე სიყვარულებს და, ერთი სიტყვით, ავტორს მის პროტოტიპობას მიაწერენ, მაგრამ ცდებიან: დოჩანაშვილის პერსონაჟი აუცილებლად იტყოდა ამ ფრაზას აგდებულად: “გააშავე, თორემ მაგასაც აკადემიაში ირჩევდნენ…” თავად დოჩანაშვილი კი – არასოდეს. ასე რომ, მე დომენიკოობას უფრო დავაბრალებდი, მიუხედავად იმისა, რომ გულუბრყვილობაა ავტორის ძებნა დიდ ნაწარმოებებში – ვისაც ოდესმე დაგვიწერია, ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ზოგჯერ ყველაზე უსიამო პერსონაჟსაც ყველაზე დაკვირვებული მკითხველის გამოცდილი თვალისთვისაც კი უხილავად აქვს ჩვენი, ავტორისეული ნიშანი; ის ეჟვანივით არ წკარუნობს, ჰგავს ხალს ყველაზე ინტიმურ ადგილას.
ვასიკო კეჟერაძე კი ანტიგმირი, რა თქმა უნდა, არ არის. უსიამო ვერ იქნება ვერავინ, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს. და რაკი ის მას ასე ძალიან უყვარს, მშვენიერი იდეაც აქვს: “არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზე ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა – სად „კარცერი” და სად „ლუქსი”; მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა – ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე – ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულისთვის. რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემ მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მისთვის ეს ოთახი იქნება უბრალოდ ლუქსი, მრავალთათვის კი – კარცერი-ლუქსი”…
რა თქმა უნდა, განუხორციელებელი იდეაა მსგავსი კარცერის არსებობა, მაგრამ მაინცდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ: ასეთ კარცერად შეიძლება იქცეს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი საკლასო ოთახი, თუ ქართულის მასწავლებელი მოსწავლეებს ვაჟასა და აკაკის გვერდით, მაგალითად, ზვიად რატიანისა და ბესიკ ხარანაულის პოეზიის შესახებაც დაელაპარაკება, ვერლიბრისა და ვერბლანის შესახებ უამბობს, ანდა, პოეზიას თავი დავანებოთ და, თომას ვულფის, ტრუმენ კეპოტეს, კორტასარისა და ბორხესის ან ბიბილურისა და სხვების შესახებ უამბობს და ამცნობს: ისინი არსებობენ და რაკი ისინი არსებობენ, არსებობს წიგნებიც, რომელთა წაკითხვის შემდეგ თქვენ იმაზე უკეთესები გახდებით, ვიდრე ახლა ხართ (პავიჩი, პელევინი, ფოლკნერი და, მით უმეტეს, ჯოისი მერე იყოს).
მე მაინც მგონია, რომ კარცერ-ლუქსზე უფრო მნიშვნელოვანი ტექსტში აღწერილობითი ინტერვიუს პრაქტიკის ფონზე დანახული კოლექტივიზმის პრობლემაა – ინდივიდის არარსებობა, თამაზის (აურელიანო სქელს რომ ჰგავდა გასუქებამდე) გაკვირვება და მერე მისი უეცარი ზიზღი ადამიანისადმი, რომელიც სულაც არ ჰგავს მას და რომლისთვისაც რიგში დგომა ფიქრის კარგი საშუალებაა. მოდი, ვიზუალური მხარე ავიღოთ: ჩვეულებრივად შემოსილი გამვლელი ამრეზით უყურებს ვარდისფერთმიან და სვირინგიან გოგონას. სტერეოტიპი: რაკი მე არ მგავს, სატანისტია. ჩვენ ხომ ასე ვიცით ხოლმე, იარლიყებს დაუფიქრებლად ვაკერებთ ადამიანებს და ამას არც ვნანობთ, სამუდამოდ გავრიყავთ – ზღვა ზოგჯერ იბრუნებს ხოლმე გარიყულ ნიჟარებსა თუ კენჭებს, ჩვენ კი ადამიანებს ხელახლა არასოდეს მივუბრუნდებით. ეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისი განათლების და, აქეან გამომდინარე, ფიქრისა და სიკეთის ნაკლებობის შედეგია.
ფიქრი კი ყველაზე დიდი გასართობია, ერთგვარი სათამაშო, რომლითაც დიდები ვიქცევთ თავს. ფიქრის მოყვარულებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, იყო მკითხველი: “სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი”… ფიქრის მოყვარული მკითხველები “პლაჟის” ან, პირიქით, “ჩრდილის” წიგნებს მაინცდამაინც არ ეტანებიან, რადგან ისინი ძალიან ჰგვანან დაბადების დღის მისალოც ფრაზებს, მაშინვე რომ გავიწყდება. მაგრამ არის სხვა კატეგორიაც, რომელიც ცნობილ ავტორებს ეტანება მსგავსი პრინციპით: “ხანდახან დიკენსი და აქა-იქ – ტოლსტოი”, შიგადაშიგ – შექსპირი და ნაწილობრივ – მარკესი.
ლიტერატურისადმი ჩემი ადრეული სიყვარულის გამო ეს წიგნი იმაზე ბუნებრივი იყო, ვიდრე ბეღურების მუდმივი, ზამთარ-ზაფხულ ჯდომა მავთულებზე. ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაწერილიყო, მერე მე აუცილებლად უნდა წამეკითხა (სამწუხაროდ, დიდობაში, ბეტანკურის შემდეგ) და მისი სიტყვები განეკნებულიყო წინ, გულმკერდის ადგილას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“