ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
30 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

ლევან გიგინეიშვილი – მასწავლებლები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან

შაბათს დილით, როცა საკონფერენციო ოთახში შევიკრიბეთ, ქაფქაფა ყავისა და ჩაის ფინჯნები გვერდით მოვიდგით და ლექციის მოსასმენად მოვემზადეთ, მაგიდაზე სხვა მასალებთან ერთად თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი ნახატიც დაგვხვდა. იმ პერიოდში ანტიკურ ფილოსოფიას გავდიოდით, პლატონზე, სოკრატეზე, არისტოტელესა და თანამედროვეობაზე ვმსჯელობდით, ამ ორი სამყაროს შეკავშირებასა და ახსნას ვცდილობდით. ფურცელზე შავი ფონი, როგორც ჩანს, ბნელი გამოქვაბული უნდა ყოფილიყო, რომლის ერთი მხრიდან შემომავალი მზის სხივი ბორკილდადებულ ადამიანებს ეცემოდა. მათი ჩრდილები კედლებზე, თითქოს თეატრში, სხვადასხვა სცენას ქმნიდა. მაყურებლები – სწორედ ის ბორკილდადებული ადამიანები – ჩრდილების თამაშს ჩამუხლულები ადევნებდნენ თვალს, მაგრამ არავინ იცოდა, რა ხდებოდა თეჯირს მიღმა. ლექციის თემაც ეს იყო… ლექციას ლევან გიგინეიშვილი უძღვებოდა, რომელიც გამუდმებით მოგვიწოდებდა, არ მოვრიდებოდით აზრის გამოთქმას, თუნდაც სიტყვა შეგვეწყვეტინებინა მისთვის, კითხვების დასმას, რაც უნდა სასაცილო მოგვჩვენებოდა საკუთარი შეკითხვა.

ლევან გიგინეიშვილი, წლებია, ამერიკულ აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კლასიკურ ფილოლოგიას. დღეს ის mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
– როგორ ახსნით პლატონის გამოქვაბულის მითს განათლების კონტექსტში? შემეცნების პროცესის რამდენად აუცილებელი კომპონენტია ცნობისმოყვარეობა?

– ამის გასარკვევად ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რას გულისხმობს თავად სიტყვა „ცნობისმოყვარეობა”. ის, ჩემი აზრით, გამოხატავს ერთგვარ ემოციურ ჩართულობას: გინდა გაიგო რაღაც ახალი, შეეხო უცხოს, ჯერ არგანცდილს, ან უკვე ნანახი და თითქოს გასაგები ახალი კუთხით დაინახო. ეს სურვილი ყველაზე მეტად ადამიანურია, არც ერთ სხვა არსებას ამქვეყნად ის არ გააჩნია. სამყაროში მხოლოდ ადამიანია უკმაყოფილო არსება. უკმაყოფილო არა ყოფითი პირობების, არამედ იმის გამო, რომ აქვს შინაგანი, სულის ღრმა კუნჭულში დამალული ეჭვი, ვაითუ მისი ცოდნა სამყაროზე, ადამიანებზე, საკუთარ თავზე არ იყოს ადეკვატური, ატყუებდეს მას და აცილებდეს, სწყვეტდეს ნამდვილ, ავთენტურ მყოფობას. პლატონის გამოქვაბულის მითიც ამაზეა. აი, ამ ეჭვის ღიაობაში, უკმაყოფილების სიცარიელეში იბადება ცნობისმოყვარეობა – ძლიერი შემეცნებითი ემოცია, ვნება. ეს ვნება უფრო ფუნდამენტურია ადამიანში, ვიდრე ნებისმიერი სხვა, თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს; ვინც აცნობიერებს და მისდევს მას, მის მიხედვით იწესრიგებს ცხოვრებას, ფილოსოფოსი ხდება. თუმცა, არსებითად, ყველა ადამიანი ფილოსოფოსია, მთავარია, გაათავისუფლოს საკუთარ თავში ეს საწყისი. ახლა კი, შეკითხვას რომ ვუპასუხო, ვიტყვი, რომ ამ გაგებით ცნობისმოყვარეობა აუცილებელია შემეცნების პროცესში, თუ სიტყვა „შემეცნებაში” ჩავდებთ ყველაზე ფუნდამენტურ გაგებას, ანუ ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებას, ჩასწვდეს სამყაროს საიდუმლოებებს და ეცადოს, სამყაროსა და საკუთარ თავს შორის ნამდვილი, ადეკვატური ურთიერთობა დაამყაროს. მაგრამ არსებობს სხვა ტიპის შემეცნებაც, რომელიც ამგვარ ცნობისმოყვარეობასთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, არა მგონია, გზებზე მოძრაობის წესების შესწავლა მძღოლისთვის აუცილებლად ფილოსოფიურ ჭრილში იყოს საჭირო.

– მოგვიყევით, როგორ დაგამახსოვრდათ სკოლა და რამ განსაზღვრა თქვენი პროფესია.

– სკოლის შესახებ ჩემი მოგონებები მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივია. იყო საგნები, რომლებსაც ძალით, ინტერესის გარეშე ვსწავლობდი. რატომღაც ვერ შევიყვარე მათემატიკა. საკონტროლოდან საკონტროლომდე ვიზეპირებდი განტოლებების ამოხსნისა თუ მაგალითების გამოყვანის წესებს, მათემატიკის სილამაზე კი სკოლაში ვერ დავინახე. მერე, პლატონის კითხვისას, მივხვდი, რა დიდი სილამაზე იყო ამ დისციპლინაში, მაგრამ, არჩეული პროფესიიდან გამომდინარე, მისი სიღრმისეულად შესწავლისთვის აღარ მეცალა. სამაგიეროდ, მახსოვს, გეომეტრიის სწავლისას მოვიხიბლე თეორემების სიზუსტით და სილამაზით, იმით, რომ ერთისგან აუცილებლობით მეორე გამომდინარეობდა და ასე შემდეგ. იმდენად მოვიხიბლე, რომ მასწავლებელმა გამოარჩია კიდეც კლასში ჩემ მიერ შესრულებული საკონტროლო სამუშაო. ალგებრასა და ტრიგონომეტრიაში კი ზეპირობას ვერ გავცდი. ფიზიკა მომწონდა, თუმცა ვერ დავიკვეხნი, რომ კარგად ვიცოდი, ქიმია კი არ მიყვარდა. ვფიქრობ, საბუნებისმეტყველო საგნებში უკეთესი სახელმძღვანელოები უნდა გვქონოდა. ახლა რომ ვუყურებ, მაგალითად, ამერიკაში გამოცემულ სახელმძღვანელოებს, შურით ვივსები, რომ ჩემი მოწაფეობის პერიოდში ასეთები არ იყო. ჩვენი სახელმძღვანელოები ზუთხვის პრინციპზე გახლდათ აგებული, ძირითადი თეზისები გამუქებული იყო და ეს გამუქებული ადგილები უნდა დაგეზეპირებინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, გესმოდა თუ არა საკითხის არსი ან ხედავდი თუ არა საგნის სილამაზეს – კარგად დაზეპირებულში ნიშანსაც შესაფერისს გიწერდნენ. ჰუმანიტარულ დისციპლინებში სულ სხვა ვითარება იყო – ქართულში, რუსულში, ისტორიაში მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი საგნით დავეინტერესებინეთ, ცხადია, იმიტომ, რომ თავადაც ძალიან უყვარდათ. გვქონდა კლასგარეშე საკითხავები, ვიწვევდით საინტერესო სტუმრებს… ყველა ამ საგანში ძლიერი ვიყავი. მიყვარდა ლექსების დეკლამაცია და კარგადაც გამომდიოდა. ერთხელ ახალ რუსულის მასწავლებელთან მოვხვდი. ჩოგბურთის ტურნირების გამო სკოლას ხშირად ვაცდენდი და იმ დღესაც გაცდენის გამო მოუმზადებელი მივედი გაკვეთილზე, თანაც საკმაოდ ვცელქობდი. მასწავლებლის პირველი შთაბეჭდილებაც შესაბამისი გახლდათ – ერთი ყალთაბანდი და ხულიგანი ვეგონე და, ცხადია, არც დიდი ორიანი დაიშურა. მეორე დღისთვის საზეპირო გვქონდა: ერთი სტროფი კონსტანტინე სიმონოვის „Сын Артилериста”-დან, დანარჩენი – თხრობით. მასწავლებლის თვალში შექმნილი „იმიჯი” რომ დამენგრია, მთელი ეს რვაგვერდიანი პოემა დავიზეპირე. გამიძახა. ვთქვი დავალებული საზეპირო და აღარ გავჩერდი, მთელი პოემა წავიკითხე სულგანაბული კლასის წინაშე. რომ დავჯექი, მასწავლებელმა ჩაილაპარაკა: „Гигинеишвили, а ты, оказывается, не такой уж и плохой мальчик”… ბევრი კარგი რამ მაგონდება, მაგრამ არ მინდა, სიტყვა გამიგრძელდეს. ბოლო ორი წელი ჰუმანიტარული პროფილის კლასში ვსწავლობდი გაძლიერებული ჰუმანიტარული პროგრამით. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პროფესიაც ჩემმა ჰუმანიტარულმა ინტერესებმა განსაზღვრა. მანანა გიგინეიშვილი, ჩვენი ოჯახის მეგობარი, ქართულში მამეცადინებდა კერძოდ. მისი შვილი, ვანიკო რამიშვილი, მაშინ კლასიკურ ფილოლოგიაზე სწავლობდა და მირჩია, მეც ამ გზას გავყოლოდი. რჩევაც არ მინდოდა უკვე – თითქოს თავისთავად, ასე ვთქვათ, განგების გრავიტაციით ჩავაბარე კლასიკურ ფილოლოგიაზე.
– თუ გაიხსენებდით მასწავლებლებს, რომლებმაც პოზიტიური გავლენა მოახდინეს თქვენზე?

– უკლებლივ ყველა მასწავლებელმა და ყველა ჩოგბურთის მწვრთნელმა პოზიტიური როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მასწავლებლები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი უზარმაზარი დაძაბულობის ველში ერთვებიან, როცა აუდიტორიაში შედიან და გაკვეთილის ლიტურგიას ატარებენ. ასე თუ ისე, ისინი უსასრულოს გამტარები არიან მოსწავლეებისთვის, არა მარტო თავიანთი დისციპლინის, არამედ ზნეობის კუთხითაც. მახსოვს, ერთხელ ორიანი მქონდა მათემატიკაში და მინდოდა, მშობელთა კრებამდე გამომესწორებინა, ამიტომ კარგად მოვემზადე და გაკვეთილზე ძალიან ვიაქტიურე, თან რამდენჯერმე გავუმეორე მასწავლებელს, არ დავიწყებოდა ჟურნალში ხუთიანის გაფორმება. მასწავლებელმა დელიკატურად, მაგრამ მკაცრად მიმითითა, რომ ეს არ იყო ღირსეული საქციელი ჩემი მხრივ. ძალიან შემრცხვა და ასეთი რამ მეტად აღარ ჩამიდენია. არ მახსოვს, მათემატიკის რა საკითხები ვისწავლე მაშინ, მაგრამ მასწავლებელმა კარგი ზნეობრივი გაკვეთილი მომცა, რომელიც ახლაც ისე მკაფიოდ მახსოვს, თითქოს გუშინ ყოფილიყოს…
– როგორ შეაფასებდით საბჭოურ საგანმანათლებლო სისტემას, როგორი ჩანს ის დღევანდელი გადასახედიდან?
– მე საბჭოთა სისტემიდან ერთგვარად ამოვარდნილ სკოლაში, პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდი. შალვა ამონაშვილის ექსპერიმენტი – მეოთხე კლასამდე არ გვიწერდნენ ნიშნებს, მოგვცეს საშუალება, ინტერესის მიხედვით აგვერჩია პროფილი და ასე შემდეგ – მეტ თავისუფლებას გვაძლევდა. არც პედაგოგებიც ყოფილან დიდად შებოჭილი საბჭოთა იდეოლოგიით. მორწმუნე მასწავლებლებიც გვყავდა, რომლებიც არ მალავდნენ ამას. თუმცა საბჭოთა გავლენა მაინც დიდი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმძღვანელოები გახლდათ საბჭოთა, ისეთივე, როგორიც ყველა სკოლაში, თანაც ძნელი იყო თავისუფალი დისკუსიების გამართვა კლასში, სადაც 30-35 ბავშვი იჯდა. გაძახების სისტემა, ცოტა არ იყოს, დაკითხვას ჰგავს და ძნელია, აქ შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინო, მაგრამ ამ პირობებშიც კი საჭიროა რაიმე აქტივობის მოფიქრება, რომელიც გაძახების აუცილებლობას მოსპობს – კლასის ჯგუფებად დაყოფა, სახალისო დავალებების მიცემა, ერთმანეთთან ცოდნაში გაჯიბრება… არსებობს საამისო მეთოდები, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ჩვენს სკოლაშიც კი არ იყენებდნენ აქტიურად.

– რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მასწავლებელი?

– მასწავლებელს, უწინარესად, უნდა უყვარდეს თავისი საგანი და მოწაფეები, ეცადოს, ჩასწვდეს მათ ინტერესებს, მათ ენას. ჩილეელმა პოეტმა და პედაგოგმა გაბრიელა მისტრალმა თქვა, მასწავლებლობა ღვთისმსახურებააო. 
– თქვენ ამერიკულ აკადემიაში ასწავლით. რით განსხვავდება ის სხვა სკოლებისგან?

– აქ სწავლება მთლიანად ინტერაქტიულ მეთოდზეა აგებული. ყველა კლასში დგას ჰარკნესის მაგიდა (ოვალური მაგიდა, რომელიც მისი მომგონის, ედვარდ ჰარკნესის სახელობისაა), რომლის გარშემო მაქსიმუმ 15 ადამიანი ეტევა. ასე რომ, ჩვენს სკოლაში პატარა კლასებია, გაკვეთილებს კი ძირითადად დისკუსიის ხასიათი აქვს: შინ წაკითხულ მასალებს ვარჩევთ ცოცხალ დიალოგში. მასწავლებელს ამ დიალოგში არ აკისრია წამყვანი როლი, ის მხოლოდ მოდერატორია და დიალოგის მსვლელობას აწესრიგებს, ასე ვთქვათ, დირიჟორობს, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება. ცხადია, ზოგჯერ საჭიროა რთული საკითხების ახსნა და განმარტება. ამ დროს მასწავლებელი დისკუსიას წყვეტს. მაგრამ მოსწავლეებს ახსნის დროსაც სრული თავისუფლება აქვთ, კითხვები დააყარონ მასწავლებელს. ვერიდებით აზრის თავს მოხვევას, დიდი სივრცეა აზრთა პლურალიზმისთვის. ხშირად ხდება, რომ მოსწავლის ან მოსწავლეების მოსაზრებები უპირისპირდება მასწავლებლისას. ამას ჩვენ მხოლოდ წავაქეზებთ. არსებობს გამოთქმა, ჰარკნესის მაგიდის გარშემო ვერავინ დაიმალებაო. ეს ნიშნავს, რომ თუ მოუმზადებელი მიხვედი, თავს უხერხულად იგრძნობ. საბჭოთა სკოლაში დღეს თუ გაგიძახებდნენ, იცოდი, რომ ხვალ აღარ მოგიწევდა გაძახება და შესაძლოა, ზერელედ ან საერთოდ არ გესწავლა გაკვეთილი, აქ კი ასეთი ფუფუნება არ გაქვს, ყოველდღე მომზადებული უნდა მოხვიდე, რომ დისკუსიაზე არ შერცხვე უფრო პასუხისმგებლობიანი თანაკლასელების წინაშე.

– პრაქტიკული განათლების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. როგორ შეიძლება მოახერხოს სკოლამ და გადოს ხიდი მოსწავლესა და მის მომავალ ცხოვრებას შორის, რათა მოსწავლემ სწორად დაგეგმოს მომავალი და დაინახოს საკუთარი როლი ამქვეყნად, სწორად გააანალიზოს თავისი მიზნები და გამოწვევები?

– ცხადია, განათლების სისტემა ცხოვრებას უნდა იყოს მისადაგებული და მოსწავლეს მომავლის პერსპექტივებისთვის ამზადებდეს. არსებობს ბაზარი და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც კარგ შემოსავალს და უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალებას მისცემს ადამიანს. საკუთარი შემოსავლის ქონა, ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, საკუთარი ღირსების შეგრძნებისთვის. მახსოვს, როგორ მეამაყებოდა მოწაფეობისას საკუთარი ფულის ქონა- ჩოგბურთში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი და სტიპენდიას მაძლევდნენ. თავი მეფე მეგონა იმ, თუ სწორად მახსოვს, ორმოცი მანეთის გამო. საუკეთესო შემთხვევაა, როცა ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია შენს პირად – არამხოლოდ მატერიალურ – ინტერესს თანხვდება. შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ პოტენციური დიდი გეოგრაფი ბანკირი გახდეს, რადგან მის სამშობლოში გეოგრაფებზე მოთხოვნა არ არის. ბაზარი არ უნდა იქცეს მოლოქად, რომელიც ადამიანის ნიჭსა და ინტერესებს შეიწირავს.
– გარდა ამერიკული აკადემიისა, თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კითხულობთ ლექციებს. რას ფიქრობენ სტუდენტები მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე და როგორია მათი სამოქალაქო განათლების დონე?

– მე შემიძლია ვთქვა, როგორ სწავლობენ ჩემს საგნებს და როგორ აქტიურობენ ლექციებზე. ჩემი მიზანია, ჩემს კურსზე შეიქმნას სივრცე ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე თავისუფალი მსჯელობისთვის: რა არის ადამიანი და როგორია მისი დანიშნულება სამყაროში, საზოგადოებაში; იცვლება თუ არა ეს დანიშნულება ეპოქასთან ერთად; მთლიანად იცვლება თუ რჩება რამ, რაზეც დრო არ მოქმედებს; თუ ასეა, მაშინ რა არის ეს „რამ”; ადამიანი და სახელმწიფო – რა უფრო მნიშვნელოვანია და რატომ. ვფიქრობ, ამგვარ საკითხებზე მსჯელობა დიდი ტექსტების – ბიბლიის, ჰომეროსის, პლატონის და სხვათა – მაგალითებზე უფრო აკეთილშობილებს ადამიანს, კეთილშობილი ადამიანი კი უკეთესი მოქალაქეცაა – არ დაემორჩილება ტირანიას, არ იცრუებს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, არ შეურიგდება ძალადობას პიროვნების წინააღმდეგ და არ ჩაანაცვლებს ადამიანობას, პიროვნების უსასრულო ფასეულობას ავად გაგებული პატრიოტიზმით თუ რომელიმე იდეოლოგიით, კომუნიზმის სახელით იქნება ეს თუ ევრო-ნატო-ინტეგრაციისა – რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა კერპს, თუ მას ადამიანს შესწირავ მსხვერპლად? ქრისტეს სახელიც კი შეიძლება ასეთ კერპად აქციო (ინკვიზიცია მეტი რა იყო!), არათუ „ევროპაში ინტეგრაცია”. არ შეიძლება, ადამიანებს აწამებდე, უკანონობას ამკვიდრებდე და თან ევროპისკენ მიიწევდე შლიგინ-შლიგინით. ვფიქრობ, ჩემი სტუდენტების უმეტესობა ძალიან კარგად ხედავდა ამას.

– უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში მიიღეთ. როგორია მათი განათლების სისტემები, რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით და რამ გაგაკვირვათ?

– ეს ვრცელი თემაა. ევროპაში უნგრეთსა და ბელგიაში ვსწავლობდი და ორივეს სრულიად სხვადასხვა სისტემა ჰქონდა. ალბათ, არანაკლებ დიდი განსხვავებაა თუნდაც ერთი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის. ან რა გასაკვირია, როდესაც, მაგალითად, ჩემს თითოეულ კლასში ან კურსზეც კი სრულიად თავისთავადი, განუმეორებელი მიკროკლიმატი იქმნება ხოლმე. მგონია, თითოეულ უნივერსიტეტს თავისი განსხვავებული, უნიკალური აურა აქვს. განსაკუთრებით რა დამამახსოვრდა? შესაძლოა ის, რომ უფრო მჭიდრო და უშუალო ურთიერთობა მქონდა ზოგიერთ ჩემს პროფესორთან: იქ ჩვეულებრივი ამბავია, პროფესორთან ერთად კაფეში ყავაზე ან ლუდზე წასვლა. ზოგჯერ თავად პროფესორი ეპატიჟება შინ კოლეგა-პროფესორებსა და სტუდენტებს. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით – უნგრეთში სწავლის დროს. ბელგიაში პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში, ლუვენში ვცხოვრობდი, სადაც ველოსიპედი ფუფუნება კი არა, აუცილებლობა იყო ჩემთვის, ისევე, როგორც ხელები ან ფეხები. თავისთავად „ქალაქი-უნივერსიტეტი” იყო ჩემთვის საოცრება! ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტური წელი გავატარე ლუვენში. ამერიკაში ერთი რამ მომეწონა ძალიან: როდესაც კურსს ირჩევ, პირველ ორ კვირას ჰქვია „შოფინგის პერიოდი”. ამ დროს შედიხარ ნებისმიერ ლექციაზე და გამოდიხარ იქიდან ნებისმიერ დროს, ეს მიღებულია და არავითარ უხერხულობას არ იწვევს. უსმენ, აკვირდები სხვადასხვა ლექტორს და ორი კვირის შემდეგ აკეთებ საბოლოო არჩევანს. ამასთან, ბიბლიოთეკაში არის ჟურნალი, სადაც წინა წლების სტუდენტები ანონიმურად აფასებენ კურსებს და ლექტორებს. ეს შეფასებები ესტაფეტასავით გადაეცემა და ეხმარება მომდევნო წლების სტუდენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. უნივერსიტეტის დონე მნიშვნელოვანწილად ლექტორებზეა დამოკიდებული, მე კი სამივე ზემოხსენებულ უნივერსიტეტში ძალიან კარგი ლექტორები შემხვდა. მაგრამ ამაზე რომ დავიწყო საუბარი, სიტყვა მეტისმეტად გამიგრძელდება…

ესაუბრა შორენა ტყეშელაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“