კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან – რევოლუცია სახელად აგნოდიკე და სხვანი

ისე მოხდა, რომ აგერ უკვე ათი წელია სხვადასხვა უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულების სტუდენტებს ლათინურ ენას ვასწავლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ათი წელია ყოველდღიურად ვრწმუნდები ჭეშმარიტებაში ერთი ცნობილი ლათინური გამონათქვამისა, რომელიც ასე ჟღერს: Omnium artium Medicina nobilissima est.

მართლაც, დიდებულზე დიდებული ხელოვნებაა მედიცინა. ასევე დიდებულნი და გამორჩეულნი არიან ექიმები და მომავალი ექიმები ანუ ჩემი სტუდენტები.

ჩემი სტუდენტები უმთავრესად უცხოელები არიან, სხვადსხვა ქვეყნიდან – მდიდარი, მშვენიერი, ღრმა წარსულითა და არცთუ ისე სახარბიელო აწმყოთი. თითოეული მათგანი მთელი არსებით დაატარებს საკუთარი კულტურის წარსულისა და აწმყოს სიღრმეებს და ამიტომაც, როცა მათთან შევდივარ ლექციაზე, მგონია,  რაღაც შორეული და ახლობელი, მშვენიერი და  დიდებული მუსიკის ხმებს ვუერთდები როგორც ერთი რიგითი ჰანგი და ასე ერთად ვქმნით უძვირფასესსა და უმშვენიერეს ჰარმონიას, რომელიც თითქოს ამოუხსნელი, მაგრამ ყველაზე ავთენტური რიტუალის მონაწილეებად გვაქცევს ხოლმე.

ამ რიტუალში ჩვენ, ორივე მხარე თანაბარნი და თანასწორნი ვართ – მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც. ათი წელია ეს ასეა და თითქოს არც არაფერი იცვლება დიდად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, ათი წლის წინ, როცა პირველად შევედი ლექციაზე სამედიცინო ლათინურის წასაკითხად, ჯგუფში მხოლოდ ბიჭები დამხვდნენ. ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ მხოლოდ ბიჭები.

მეორე წელსაც იგივე მოხდა.

შემდეგ კი თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა ამბის ნელ-ნელა დალაგება დაიწყო – მედიცინის მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში გოგონებიც გამოჩნდნენ. თითო-ოროლა, მაგრამ მაინც.

წლიდან წლამდე იცვლება ეს მოცემულობა. წლიდან წლამდე უფრო მეტი ქალი ექიმი იბადება იმ მშვენიერ კულტურაში, რომელსაც ჩემი სტუდენტები ამდენი წელია მაცნობენ და მაყვარებენ. და ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია, თუმცა ალბათ ჯერ კიდევ შორია იმ ეტაპამდე, როცა ექიმის პროფესია თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ხალხისა და ყველა კულტურის ქალებისა და კაცებისათვის.

ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ეს ამბავი ანტიკურობასთანო?

ეს ყოველივე – ანუ ამბავი იმის შესახებ, რომ ქალებსა და კაცებს განათლებაზე ხელი თანაბრად ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ და ეს ხდება ჩვენი სამყაროს უძველესსა და უმშვენიერეს მხარეებში, სევდიანი ამბავია, მაგრამ თან იმედისმომცემიც. აკი, გითხარით – წლიდან წლამდე მედიცინის პროფესიის დაუფლებას უფრო და უფრო მეტი გოგონა ახერხებს-მეთქი. და ეს უბრალო სტატისტიკა სულაც არ გახლავთ – ეს ერთ-ერთი განგრძობითი პასუხია იმ კითხვაზე, ზემოთ რომ დაისვა – „სად არიან ქალები“?

დღეს ქალები აუდიტორიებშიც არიან და სხვა სივრცეებშიც, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეებში მათი ადგილი ბევრი საუკუნის განმავლობაში უბრალოდ არ იყო. ანტიკურობაშიც – რასაკვირველია, ოღონდ ადრეულ ანტიკურობაში – მანამ სანამ ერთი შეუპოვარი ქალი არ გამოჩნდებოდა ისტორიის ასპარეზზე საბრძოლველად და აუცილებლად – გასამარჯვებლად. ამის შესახებ ჰიგინუსი გვიამბობს. მე უბრალოდ გავიმეორებ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.

თეატრი ანტიკური სამყაროს და მაშასადამე ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირობო მონაპოვარია, რომლის რიტუალურ ფესვებსა და ფუნქციაზე უამრავი ნაშრომი დაწერილა და კიდევ მეტი დაიწერება. ჩვენ – ადამიანებს, რომლებსაც ჩასახვის წამიდან დაგვყვება ბედისწერა, ყველაზე ტრაგიკომიკური რიტუალის – სიცოცხლის მონაწილენი ვიყოთ, ალბათ ამიტომაც გვხიბლავს თეატრი და მისი ყველა  გამოვლინება ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, რომ თეატრში ქალების ადგილი არ იყო, რომ მამაკაცი მსახიობები თამაშობდნენ ქალების როლებს ისევ და ისევ მამაკაცი მაყურებლებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს ეს წესი თუ ტრადიცია შეიცვალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. აქ მხოლოდ ერთ თეატრს გაგახსენებთ – ანტიკურობიდან ყველაზე კარგად შემონახულ, უზარმაზარ, შთამბეჭდავ თეატრს, რომელიც ეპიდავროსში მდებარეობს.

ეპიდავროსში, თეატრთან ახლოს მედიცინის ღმერთის – ასკლეპიოსის საკულტო ცენტრია. თავის დროზე, ეს თეატრიც იმისთვის აშენდა, რომ ასკლეპიოსის ამ ანტიკურ „კლინიკაში“ მისულ პაციენტებს გარდა რწმენით მკურნალობის მეთოდისა, რწმენისაგან არცთუ დიდად განსხვავებული – ხელოვნების გზით მკურნალობის მეთოდიც გამოეცადათ საკუთარ თავებზე. ასკლეპიოსის ეს საკულტო ადგილი უამრავ ფუნქციურ სივრცეს მოიცავდა – თავისი საავადმყოფოთი, აბანოებით, სასტუმროებით, სტადიონით, ტაძრებითა და თეატრითაც კი. დიდი ღმერთი იყო აპოლონის ვაჟი – ასკლეპიოსი, პატივსაცემი ფიგურები იყვნენ მისი მიმდევარნი – ასკლეპიადები ანუ ანტიკურობის ქურუმი-ექიმები. და ყველაფერი კარგად იყო თითქოს ამ მამაკაცურ სამედიცინო სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მათში ერივნენ მედიცინასთან წილნაყარი ქალღმერთები და მათ შორის თავად ჰიგია – ასული ასკლეპიოსისა და ქალღმერთი ჯანმრთელობისა. მის სახელს ხომ დღემდე ყველაზე ხშირად იმეორებენ ბერძნები  – თან ყოველდღიურად და დღეში ბევრჯერ – როცა ერთმანეთს ესალმებიან ან ერთმანეთს ემშვიდობებიან – γεια σου ანუ ჯანმრთელობა შენ ანუ ჰიგია შენთან ანუ გამარჯობა ანუ ნახვამდის. კარგი რამაა ჯანმრთელობა ახლაც და კარგი რამ იყო ანტიკურობაშიც.

თუმცა ვინმემ რომ გკითხოთ ანტიკური მედიცინის შესახებ რამე მითხარიო, ალბათ აუცილებლად და უპირველესად ჰიპოკრატე გაგახსენდებათ – მამა მედიცინისა, რომლის სიტყვებსაც აგერ უკვე რამდენი საუკუნეა მარადიულ ფიცად იმეორებს კაცობრიობა. აი, ისევ კაცობრიობა, იმიტომ  რომ ქალის ადგილი თეატრისა არ იყოს, არც მედიცინაში მოიძებნებოდა. უცნაურია, მაგრამ ბერძნული მითოპოეტური სამყაროს წესები და წესები რეალური ანტიკური საბერძნეთისა ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი ქალღმერთები და კაცღმერთები, ერთი შეხედვით, იმაზე უკეთ ინაწილებდნენ თანასწორობას, ვიდრე ჩვენ – თანამედროვე ქალები და კაცები, ეს პარადიგმა ადამიანურ სამყაროში არ მუშაობდა. ანტიკურ ადამიანურ სამყაროში ქალების ადგილი ბევრგან არ იყო, შეიძლება ითქვას – თითქმის არსადაც არ იყო, გარდა ოჯახისა ან ტაძრისა. ვინ დაადგინა ეს და რატომ – ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, სამაგიეროდ, როგორც დაგპირდით, გიამბობთ ერთი ქალის – აგნოდიკეს ამბავს, რომელმაც ანტიკურ ათენში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე მიჩქმალული რევოლუცია მოახდინა. რევოლუცია კარგი გაგებით. და ეს ამბავი გახლავთ ჩემი პირველი მცდელობა, რომ იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ ვამბობდი, ერთი ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანოთ, იმისათვის რომ დღეის აქეთ, ანტიკურ მედიცინაზე საუბრისას ჰიპოკრატეს სახელთან ერთად, აგნოდიკეს სახელის ხსენებაც არ დაგავიწყდეთ, მით უმეტეს – არ მოგერიდოთ.

ძვ. წ. მე-4 საუკუნემდე ათენში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალებს ეკრძალებოდათ ექიმის პროფესიას დაუფლებოდნენ და მით უფრო – ამ პროფესიით ემუშავათ. კანონის დამრღვევს სასიკვდილო განაჩენი ელოდა. ამ დროს მედიცინაში ქალები მხოლოდ დამხმარე პერსონალის როლს თამაშობდნენ – მომვლელების ან ე.წ. ბებიაქალებისას. ექიმი და ქალი ათენური საზოგადოებისთვის ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი მოცემულობა გახლდათ. ამიტომაც, როგორც წყაროები გვამცნობენ, ძველ ათენში ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო, ვინაიდან პაციენტი ქალები მთელი რიგი სტერეოტიპების გამო, უფრთხოდნენ მამაკაც ექიმებთან ურთიერთობას. ეს პრობლემა კი ყველაზე ხშირად ორსული და მშობიარე ქალების შემთხვევაში იჩენდა თავს. უცნაურია, მაგრამ ასეა – თავიდან გინეკოლოგიის ანუ ქალთა შემსწავლელი მეცნიერების სადავეები მხოლოდ მამაკაცებს ეპყრათ ხელთ.

ასე გრძელდებოდა საუკუნეთა განმავლობაში, მანამ სანამ  ერთი ათენელი ქალი – აგნოდიკე არ გადაწყვეტდა, კანონის წინააღმდეგ წასულიყო.

ჰიგინუსი გვიამბობს[1], რომ აგნოდიკემ მამაკაცის სამოსი მოირგო და მედიცინის შესასწავლად ალექსანდრიაში, ცნობილი ბერძენი ექიმის – ჰეროფილოსის სკოლაში გაემგზავრა. ჰეროფილოსის, როგორც ექიმისა და ანატომიის უბადლო სპეციალისტის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენა უკავშირდება, მათ შორის – კვერცხუჯრედის აღმოჩენა და თავის ტვინის დეტალური ანალიზიც. ჰიგინუსთან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება აგნოდიკემ ათენში გადაწყვიტა. და ეს ამბავი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი, მაგრამ როგორც ვთქვით – მიჩქმალული რევოლუციის საფუძველი გახდა. ეს იყო უსისხლო რევოლუცია, რომელიც ათენელმა ქალებმა მოახდინეს მთელი მსოფლიოს ქალებისა და კაცებისათვის.

კაცის სამოსს ამოფარებულმა ექიმმა ქალმა – აგნოდიკემ განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა ათენელ ქალთა წრეში. მათ აგნოდიკეს საიდუმლო იცოდნენ, მაგრამ არასდროს გაუმხელიათ, რომ მათი მკურნალი ექიმი სინამდვილეში ქალი იყო. თუმცა აგნოდიკეს პოპულარობამ ათენელი კაცი ექიმები შეაწუხა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს სასამართლოსთვის მიემართათ და ახალგამოჩენილი ექიმისთვის, ქალ პაციენტებში უჩვეულო პოპულარობისა და ნდობის გამო, სამედიცინო ეთიკის დარღვევა დაედოთ ბრალად,  სავარაუდო „გარყვნილი ქმედებების“ მიმართულებით.

აგნოდიკე სასამართლოს წინაშე წარსდგა. უფრო მეტიც – იძულებული შეიქნა საკუთარი სქესი გაემხილა მსაჯულებისთვის. ასეთი ამბები ათენურ სასამართლოში სხვა დროსაც მომხდარა: ერთხელ ერთმა ჰეტერა ქალმა – ფრინემ სამოსი შემოიძარცვა მსაჯულთა წინაშე, მისი მშვენიერების მხილველმა მსაჯულებმა კი თქვეს, ასეთი სილამაზე მხოლოდ ქალღმერთს შეიძლება ჰქონდეს, ამ ქალის დასჯა აფროდიტეს დასჯის ტოლფასიაო და მსჯავრი მოუხსნეს.  აგნოდიკემაც იგივე ჩაიდინა – „ანასირმოსის“ მეთოდს მიმართა, სამოსი შემოძარცვა და ამ გზით გააქარწყლა ბრალმდებელთა მოსაზრება – მისი, როგორც კაცი ექიმის ქალებთან არაეთიკური ქცევის შესახებ. რა თქმა უნდა, დაიბნა სასამართლო, მაგრამ არა იმდენად, რომ ათენის კანონმდებლობა დავიწყებოდათ. აგნოდიკეს ამ ქმედებამ ანტიკურობის პირველი ექიმი ქალი მეორე და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებამდე მიიყვანა:

  • ქალმა გაბედა და ისწავლა!
  • ქალმა გაბედა და ექიმი გახდა!
  • ქალმა გაბედა და უმკურნალა!
  • ქალმა გაბედა და ათენის კანონმდებლობა დაარღვია!
  • სიკვდილი ასეთ ქალს!

– დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები მქუხარე შეძახილებად მოედებოდა ათენურ სასამართლოსაც და მთელ საზოგადოებას, მითუმეტეს რომ კანონის მიხედვით, აგნოდიკე მართლაც სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა.

დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალურ სოლიდარობაზე. ამის გამო ხშირადვე გვაკრიტიკებენ ქალები და კაცები. ქალური სოლიდარობა?! – ჩაიქირქილებენ მავანნი და ამ ქირქილში სწორედ ის შიში იკითხება, რომელიც ამ ჩვენი კაცობრიობის ქვეცნობიერს მრავალი ათასწლეულია აწვალებს და ტანჯავს – შიში ქალებისა, რომლებსაც ერთად დგომითა და თანადგომით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. უკეთესობისკენ შეცვლა ნიშნავს პროგრესს. პროგრესი ნიშნავს ისევ შიშს. შიში ნიშნავს აგრესიას. აგრესია ნიშნავს უსამართლობას. უსამართლობა კი ნიშნავს ამ ჩვენს სამყაროს, რომლის ტექსტურასაც მრავალი ათასწლეულია თანაბრად ვქსოვთ ქალები და კაცები და მაინც ამ ქსოვილში სწორედ ის თვლებია ჩაცვენილი, რომელთაც ქალის სახელები ჰქვიათ.

აგნოდიკეა იმ ჩავარდნილი თვლის სახელი, რომელმაც ევროპული განათლების სისტემის დემოკრატიულ სისტემად გარდაქმნისათვის დიდი მაგრამ უსახელო რევოლუცია მოახდინა ძვ. წ. მე-4 საუკუნის ათენში. მაგრამ მის გვერდით სხვა ჩაცვენილ თვლებსაც შევნიშნავთ – ეს ის ათენელი ქალები არიან, რომლებმაც ხმა აიმაღლეს, უარი განაცხადეს საკუთარ ქმრებთან, შვილებთან, ოჯახებთან ყოველგვარ ურთიერთობაზე, რომლებმაც ბოლოს ისიც კი თქვეს – თუ აგნოდიკეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანთ, ჩვენ ყველა მასობრივ თვითმკვლელობას მოვაწყობთო და გაიმარჯვეს. პირველად, სამყაროს ისტორიაში, აქ გაიმარჯვეს ქალებმა ერთად, იმიტომ რომ ერთად იბრძოლეს.

აგნოდიკე სასამართლომ გაამართლა. უფრო მეტიც – ათენის კანონმდებლობა შეცვალეს და კანონი, რომელიც ქალებს მედიცინის შესწავლას უკრძალავდა და სასიკვდილო განაჩენით ემუქრებოდა, უცებ იქცა კანონად, რომელმაც პირველად ამ ჩვენი მრავალათასწლოვანი კაცობრიობის ისტორიაში, ქალებს სამედიცინო განათლების მიღების უფლება მისცა. ამ კანონს აქვს ბევრი სახელი. ამ კანონს ჰქვია აგნოდიკე და ის ასობით ათენელი ქალი, რომლებმაც ერთხელ ერთად დგომით პირველი საგანმანათლებლო რევოლუცია მოახდინეს დედამიწაზე.

მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა. სამწუხაროდ, ქალებმა საბერძნეთში მერე ისევ დაკარგეს უფლება და თავისუფლება, შემდეგ ისევ მოიპოვეს და იმედია აღარასოდეს დაკარგავენ. თუმცა ეს უფლება და თავისუფლება ჯერ კიდევ არაა ბოლომდე და ყველგან მტკიცედ მოპოვებული:

ათი წელია სამედიცინო მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში შესვლისას, პირველი რასაც აუდიტორიაში ვაკეთებ ხოლმე, დიდი მოლოდინითა და მღელვარებით ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს, რომელთა შორის ჯერ კიდევ საგრძნობლად ჭარბობენ ბიჭები. ეს ბიჭები კარგი ბიჭები არიან – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი. და ზუსტად ასეთები არიან ჩემი სტუდენტი გოგონებიც – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი, მაგრამ ჯერ – ცოტა. ამ არათანაბარი  გენდერული ბალანსის პირობებში კი სულ  მახსენდება ხოლმე აგნოდიკე – ქალი, რომელსაც ახლა უკვე არა მხოლოდ ათენში, არამედ მთელ მსოფლიოში ჰყავს თანამებრძოლი ქალები – ჩემი სტუდენტი გოგონების სახით.

ამიტომ, თუ მაინც ვინმე კიდევ იკითხავს – სად არიან ქალები? – აგნოდიკეს ამბავთან ერთად, პასუხად გთავაზობთ გამოცდილ რიტუალს, რომელსაც მე ხშირად მივმართავ ხოლმე:

მყარად დადგებით. ხელებს გაშლით ფართოდ. ირგვლივ მიმოიხედავთ – თუ გწამთ, ზეცასაც ახედავთ, თუ არა – მიწას და ისე უბრალოდ, სასხვათაშორისოდ იტყვით:

  • აქ და ყველგან, სადაც კი ჩვენი მშვენიერი სამყაროს ქსოვილია განფენილი.

მერე იდუმალი გამომეტყველებით გაანდობთ კითხვის ავტორს:

  • იცი, ამ ქსოვილში ბევრი თვალია ჩავარდნილი...

რიტუალი აქ შეიცვლება. კითხვის ავტორი უკვე თავად შეძლებს გახდეს მოპასუხე, საამისოდ კი თქვენ რიტუალის ბოლო ფრაზა დაგჭირდებათ:

  • ეს ჩაცვენილი თვლები ქალის სახელებია. შენც შეგიძლია ამოიყვანო!

[1] ჰიგინუსი, მითები, 274

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი