სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„იდეალური მშობლები“ დასაწისი

„აღზრდა ყველაფრის მიზეზია – კარგისაც და ცუდისაც“.

წმ. მამა თეოფანე დაყუდებული

 

„მრავალი წლის წინ, როგორც ყოველთვის კაბინეტში ვიჯექი და სხვა მშობლებთან აღზრდის თემაზე სასაუბროდ ვემზადებოდი. ჩემი უფროსი გოგონები, რომლებიც მაშინ ექვსი და ხუთი წლისანი იყვნენ, ტახტზე დაყრილი ბალიშებით ციხესიმაგრის აგებას ცდილობდნენ. რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და ატყდა საშინელი ჩხუბი. ძალიან სწრაფად ძიძგილაობა დიდ გარჩევაში გადაიზარდა და უკვე ისეთი ყვირილი გაისმა, რომ მაშინვე საჭირო გახდა ჩემი ჩარევა, რათა როგორმე კონფლიქტი ჩამცხრალიყო და შესაძლებლობა მომცემოდა, საქმიანობა გამეგრძელებინა. „ახლავე შეწყვიტეთ ეს აყალ-მაყალი“ დავუყვირე შვილებს და მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ვიცოდი  ასეთი რეაქცია შედეგს არ გამოიღებდა, მაინც იმედი მქონდა, ჩხუბს შევაჩერებდი. ბავშვები რამდენიმე წუთით გაჩუმდნენ, მაგრამ შემდეგ კონფლიქტი ისევ განახლდა.

ჩემი საქმიანობის გასაგრძელებლად მზად ვიყავი კიდევ ერთხელ და თანაც უფრო ხმამაღლა დამეყვირა შვილებისათვის. სწორედ ამ დროს შევხედე ჩემი კომპიუტერის ეკრანს, რომელზეც აღზრდის განსხვავებული მეთოდებისა და ტექნიკის შესახებ მქონდა ინფორმაცია თავმოყრილი და მივხვდი, რომ რამდენიმე არჩევნის გაკეთება შემეძლო. მაგალითად: შემეძლო, მკაცრად მომეთხოვა ჩხუბის შეწყვეტა; შემეძლო, გოგონების ქცევის იგნორირება; შემეძლო შვილები დედასთან გადამემისამართებინა, რათა ჩემს საქმიანობას ხელი არ შეშლოდა; შეიძლებოდა უფრო „გამგები და მომთმენი“ ვყოფილიყავი და ჩხუბისთავებისათის დრო მიმეცა, რომ თავად დაწყნარებულიყვნენ; თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლებოდა დავმუქრებოდი პატარებს, თუ არ დაწყნარდებოდნენ, ისინი ვერასოდეს შეძლებდნენ ჩემს კაბინეტში თამაშს (ეს, რა თქმა უნდა, სრულებით ფუჭი მუქარა იქნებოდა); იქნებ მივსულიყავი გოგონებთან და გამერკვია, ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი; ან იქნებ სულაც თავად მესწავლებინა, როგორ აეშენებინათ ბალიშებისაგან ციხე-სიმაგრე ისე, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ; ბოლოს და ბოლოს, მე შემეძლო ჩავრეულიყავი და დავხმარებოდი მოჩხუბარ დაიკოებს, მოეგვარებინათ კონფლიქტი და აქვე მკაფიოდ და გასაგებად განმემარტა ორივე მხარისათვის, რომ მხოლოდ მაშინ შეეძლებოდათ ჩემს კაბინეტში თამაშის გაგრძელება, როდესაც მშვიდობიანად მოაგვარებდნენ სადავო საკითხებს.

ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, როგორც აღმზრდელებს შეგვიძლია ჩავერიოთ შვილების ურთიერთობებში სრულიად განსხვავებული ხერხებითა და მიდგომებით. მაგრამ დამეთანხმებით, რომ ხშირად არ ვიცით, რომელი მიდგომაა უკეთესი და რა ფორმით სჯობს შვილებთან საუბარი. იყო მშობელი – ეს  ჩემი ღრმა რწმენით ნებისმიერ სხვა მოწოდებაზე ძლიერი მოწოდებაა. არაფერი ისე არ ახდენს გავლენას ბავშვის სულიერ და პიროვნულ განვითარებაზე, როგორც მისი ურთიერთობა მშობლებსა და აღმზრდელებთან. ის არჩევანი,  რომელსაც მშობლები აკეთებენ, როგორც აღმზრდელები, უფრო ხშირად ინსტინქტურია, ვიდრე შეგნებული და გააზრებული. ეს ეხება ნებისმიერ მშობელს. მეც კი, ვინც ეს წიგნი სხვა მშობლების დასახმარებლად დავწერე, ხშირად ვერ ვახერხებ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ჩემი შვილების არასწორ საქციელზე რეაგირებისათვის; ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ სწორი, მართებული სიტყვები გამოვძებნო მათთან სასაუბროდ.

ბანალურია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ მშობლების უმრავლესობას სურს ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული შვილები აღზარდოს. სურვილი ერთია, მაგრამ საქმე სხვაა და უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, სურვილი ხშირად სურვილადვე რჩება, რადგან ჩვენ უმეტეს შემთხვევაში არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და როგორ ავისრულოთ ეს სურვილი. მე თავად შვიდი შვილის მამა გახლავართ. წიგნში, რომელსაც, იმედი მაქვს, წაიკითხავთ აღწერილია ჩემი ყოველდღიური ოჯახური გამოცდილება დაწყებული იმ დროიდან, როდესაც ჩემმა ორი წლის შვილმა თავისი სათამაშო „შემთხვევით“ საკანალიზაციო მილში ჩააგდო და სერიოზული პრობლემა შექმნა, გაგრძელებული სასულიერო სემინარიაში სწავლისას მიღებული გამოცდილებით და დისერტაციის დაწერის პროცესით, რომლის სათაურია; „ბავშვის განვითარების სტადიები“. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როგორც მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, რომელიც ოჯახის ფსიქოთერაპევტად მუშაობს და ასობით მშობელთან კონსულტაციის გამოცდილება აქვს.

თავისთავად ცხადია, მე არ გარწმუნებთ, რომ ეს წიგნი თქვენი შვილის ყველა პრობლემას გადაგიჭრით, მისი აღზრდის ყველა დაბრკოლებას გადაგალახინებთ. მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს გასწავლოთ, როგორ მოიქცეთ, რომ თქვენმა შვილებმა არ იჩხუბონ ერთმანეთში, არ იკინკლაონ ყველა წვრილმანზე, დამჯერენი იყვნენ და საკუთარი სივრცე ყოველდღე თავიანთი ნებით მოაწესრიგონ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგან ბავშვები არიან არა ამოცანა, რომელიც უნდა გადაჭრა, არამედ, ისინი არიან პიროვნებები, რომლებიც უნდა გვიყვარდეს და რომლებსაც უნდა ვასწავლოთ და მითითებები მივცეთ.

ის განსაცდელი, რომელსაც ღმერთი ჩვენ ყოველდღიურად გვიგზავნის ჩვენი შვილების აღზრდის პროცესში – არის ის, რასაც აუცილებლად გადავლახავთ, თუ  ჩვენს მისიას გავაცნობიერებთ – აღვზარდოთ შვილები, რომლებსაც შეეძლებათ, შეიმეცნონ გზა გადარჩენისაკენ. ყოველდღიური ამაო ფუსფუსი და საქმიანობები ძალიან ადვილად გვავიწყებს ამას. ხშირად, მშობლები დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან, რადგან მათ უზომოდ სურთ შვილები უშეცდომოდ აღზარდონ. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც ოჯახი ეკლესიაში დადის; და კიდევ უფრო მეტად – როდესაც აღზრდაზე წიგნის დაწერას გეგმავ. აქვე გეტყვით, რომ მე არ მივიჩნევ ჩემს შვილებს საუკეთესოდ აღზრდილებად. ვფიქრობ, რომ ისინი იქცევიან ისევე, როგორც ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვები. ეს წიგნი არის იმის შესახებ, როგორ მოვახერხოთ ჩვენი შვილების ზრდასრულ ასაკამდე მართებული გზით მიცილება.

სამწუხაროდ, ჩვენ როგორც კარგ მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქრისტიანული მორალით ვხელმძღვანელობთ, ძალიან ხშირად გვეჩვენება, რომ შვილების აღზრდისას შეცდომებს არ ვუშვებთ. ეს შეხედულება თავისთავად ეწინააღმდეგება ქრისტიანული ცხოვრების წესს, სულიერი ზრდისა და ბავშვის აღზრდის პრინციპებს. ჩვენ ყველა მუდმივად ვსწავლობთ და ვუშვებთ შეცდომებს. ეს წიგნი არის არა იმის შესახებ, თუ როგორ გახდე სრულყოფილი მშობელი, ის შეეხება იმას, როგორ მიაღწიოთ, როგორც მშობელმა, თანდათანობით სრულყოფილებას ქრისტეში.

ჩემი წიგნი განკუთვნილია, როგორც მართლმადიდებელი მშობლებისათვის, ასევე განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებისათვის. სამყაროში, ქრისტიანული ტრადიციების (და არა მხოლოდ) დიდი მრავალფეროვნებაა. ამიტომ ეს ნაშრომი დარწმუნებული ვარ დააინტერესებს ნებისმიერ მშობელს, რომელსაც განსაკუთრებულად აინტერესებს უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების სწავლება ბავშვების აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით. ზრდასრული ადამიანებისათვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, იცოდნენ აღზრდის შესახებ განსხვავებული შეხედულებები, რათა მათ შეძლონ, აირჩიონ საკუთარი გზა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად“.

თქვენ გაეცანით ამერიკელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, ბოსტონის სემინარიის პროფესორის, ფსიქოთერაპევტის, ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე კონსულტანტის, ბავშვთა განვითარებისა და ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე შვიდი შვილის მამის ფილიპე მამალაკისის წიგნის:  „Perenting Toward the Kingdom“ შესავალს. ეს წიგნი უკვე თარგმნილია რუმინულ, ესტონურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. რუსულ თარგმანში მისი სათაურია: „Икона и Газонокосилка – Принципы воспитания“.

ის მკითხველი, რომელიც ჩემს სტატიებს თვალს ადევნებს, შენიშნავდა, რომ მე ვცდილობ, განსხვავებული ავტორების მოსაზრებები გავაცნო ბავშვების აღზრდის საკითხებით დაინტერესებულ აუდიტორიას. იმედი მაქვს, ამ წიგნიდან ამონარიდები ძალიან ბევრ საინტერესო პრობლემაზე დაგაფიქრებთ. ფილიპე მამალაკისი ამ წიგნით მიზნად ისახავს, დაეხმაროს მშობლებს იმის გაცნობიერებაში, რომ აღზრდის ყოველდღიური პრობლემების გამო არ დაკარგონ მთავარი ორიენტირი – მორალური ადამიანის აღზრდა. ავტორი გვაცნობს საკუთარ უნიკალურ მიდგომებს და არც თანამედროვე ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მიღწევებს ივიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“