სიჩუმე რამდენიმე წამის მანძილზე გაგრძელდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც უცნაური ხდება ჩემ თავს: კუნთები მსუბუქად მეძაბება, უხერხულობის განცდა მწიფდება და, თითქოს, გონებას და სხეულს სცდება. მგონია, რომ თუ ახლა არ გავთავისუფლდი ამ მოუსვენრობისგან, უსასრულოდ გაგრძელდება სიჩუმე.
ჩემ წინ ჩემი სტუდენტია, რომელთანაც განსაზღვრული საკითხების განსახილველად გვიანობამდე შემოვრჩით. ახლა გამოცდა არ არის. არ ვაფასებ: არც განმავითარებელი, არც სხვაგვარი შეფასების საშუალებით.
სტუდენტი მეუბნება, რომ კითხვა ვერ გაიგო. ვცდილობ, ზედმიწევნით ზუსტად გავუმეორო, შემდეგ განვუმარტო და დავუზუსტო, რას ვგულისხმობდი იმ კითხვაში. სტუდენტი ჩემ წინ მორცხვად ზის: თავდახრილი, მოუსვენრად აცეცებს თვალებს და მხოლოდ დროდადრო მისწორებს თვალს. ვვარაუდობ, რომ დაზუსტების შემდეგაც, არ აქვს პასუხი. ცოტა დრო მაქვს, მივხვდე, რას განიცდის და რა ჰქვია მის განცდას. მგონია, თუ კითხვაზე პასუხს შევთავაზებ, გაცილებით მშვიდად იგრძნობს თავს. სავარაუდოდ, იმაზე დარდობს, რომ პასუხი არ აქვს. შეიძლება, ჩემგან გაკიცხვასაც ელის.
რა შეიძლება გავაკეთო ამ შემთხვევაში?
I ვერსია – სწორი პასუხის შეთავაზება
შემიძლია, ჩემს სტუდენტს თავად შევთავაზო სწორი პასუხი. რას მივაღწევ? ერთი მხრივ, გავთავისუფლდები იმ შფოთვისგან, რომელსაც, რატომღაც, ვგრძნობ უხერხული სიტუაციის არსებობის დროს.
დაკვირვებიხართ, რას განიცდით, როცა სხვა ადამიანი შეუსაბამოდ იხუმრებს ან რაიმე შემაცბუნებელი შეემთხვევა? ამ შემთხვევაში, ზოგიერთ ჩვენგანს გაქცევის ან უხერხულობის განმუხტვის ძლიერი სურვილი იპყრობს.
შესაძლოა, ასეთივე სურვილმა მაშინაც მოგიცვათ, როდესაც თქვენ წინ თქვენი მოსწავლეა, რომელიც უიმედოდ დაჰყურებს თავის დაშვებულ შეცდომას ან მისი უმოქმედობა და სევდა იმისკენ გიბიძგებთ, რომ მას მზა პასუხი შესთავაზოთ. ანუ, არათუ პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტის გზების აღმოჩენაში ეხმარებით, არამედ – პრობლემურ სიტუაციასთან გამკლავების გზას პირდაპირ სთავაზობთ.
ადამიანის ერთ – ერთი ძირითადი მოთხოვნილება უნარიანობის განცდაა.
რას ნიშნავს ეს მოთხოვნილება?
მე მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ შემიძლია, დაბრკოლებებს გავუმკლავდე.
როგორ შეიძლება ეს განცდა შემექმნას?
როდესაც საკუთარი შეცდომის შედეგად წარმოქმნილ დაბრკოლებებთან გამკლავება თავად შემიძლია.
როგორ შემიძლია, განვივითარო ეს განცდა?
როდესაც მცირეწლოვანი ვარ, მჭირდება მფარველი, რომელიც დაშვებული შეცდომის აღმოჩენაში დამეხმარება, ერთად შევძლებთ, შეცდომის გასწორების შესაძლო გზებზე ფიქრს.
რას გულისხმობს ეს უკანასკნელი?
მე მჭირდება უსაფრთხო საყრდენი: უსაფრთხოების განცდა, როდესაც შეცდომას ვუშვებ. ადამიანი, რომელსაც ვეყრდნობი, მჭირდება, ერთი მხრივ, განჭვრედატი იყოს: ჩემს დაშვებულ შეცდომებზე მისი ქცევების წინასწარმეტყველება შემეძლოს. მეორე მხრივ – უსაფრთხო: ვიცოდე, რომ ჩემი შეცდომა მისთვისაც სწავლის შესაძლებლობაა.
ამას იმ შემთხვევაში ვგრძნობ, თუ ერთად ვსვამთ ისეთ კითხვებს, როგორიცაა:
„შეგიძლია, განსაზღვრო, რა შეასრულე შეცდომით შენს დავალებაში?“ – ეს კითხვა განმაწყობს, თავად ვეძებო შეცდომები, ვიფიქრო, რა შეიძლებოდა, შემშლოდა. ამასთან, ავითარებს ჩემს უნარს, ვარაუდი გამოვთქვა ჩემს შესრულებულ დავალებაზე.
მასწავლებლისთვის კი მსგავსი კითხვები მნიშვნელოვანია, რამდენადაც:
ა) წარმოდგენას უქმნის მას, შეუძლია თუ არა მოსწავლეს დაუშვას შეცდომის არსებობა. ანუ, შეუძლია თუ არა გაიაზროს დავალება.
ბ) გააანალიზოს მოსწავლის ცოდნაში არსებული შეზღუდვები და განსაზღვროს, რას ფიქრობს მოსწავლე დაშვებულ შეცდომაზე.
„რა შემიძლია, გავაკეთო, შენ რომ უკეთ შეძლო დავალების შესრულება?“ – შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს კითხვა მეტისმეტად შეუსაბამოა მცირეწლოვანი ბავშვისთვის და მისი გაჟღერება უშედეგო იქნება. თუმცა, ამ კითხვაზე მიღებული პასუხები თქვენ დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ წარმოუდგენია მოსწავლეს თქვენი მონაწილეობა უნარების გაუმჯობესებაში. იქნებ, თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ისურვებდა, დამოუკიდებლად ეცადა კონკრეტული შეცდომის გამოსწორება.
„მოდი, ერთად ვცადოთ, ამ შეცდომაზე დაფიქრება. როგორ ფიქრობ, რატომ დაუშვი ეს შეცდომა?“ – ეს კითხვა მოსწავლეს, ერთი მხრივ, აფიქრებინებს, რომ თქვენ, როგორც მფარველი, მზად ხართ, უნარების გაუმჯობესებისთვის მასთან ერთად იყოთ. მეორე მხრივ, ეს კითხვა ქმნის ვარაუდების წარმოქნის მზაობას, როგორ შეიძლებოდა ეს შეცდომა დაეშვა მოსწავლეს, რაც მას დაეხმარება, გაიაზროს ის ნაბიჯები, რომლებმაც მცდარ შედეგამდე მიიყვანა.
რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი?
მზრუნველობა ადამიანის ისეთი მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებაც ნებისმიერი სახის ურთიერთობაში სურს ადამიანს იმისგან დამოუკიდებლად, აღიარებს თუ არა ამ მოთხოვნილების არსებობას. ზრუნვა ყურადღების და გულისხმიერების გამოხატვასთან ერთად, ადამიანების უნარიანობის განცდის განვითარებაში დახმარებას გულისხმობს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკუთარი ქცევების გააზრებისთვის ისეთი კითხვები დავსვათ, როგორიცაა:
ა) რას ვფიქრობ ჩემი მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებზე? – იქნებ, ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომები ჩემს დამარცხებად მიმაჩნია? იქნებ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი მოსწავლის შეცდომებზე?
ბ) რას მაგრძნობინებს ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომები? – მასწავლებლობა განუყოფელია უიმედობის და დამარცხების განცდისგან. არსებობს დღეები, როდესაც ფიქრობ, რომ შენი საქმიანობა უშედეგოა და დადებითისკენ არაფერს ცვლის შენი ძალისხმევა.
გ) როგორ ვიქცევი ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომების საპასუხოდ? – იქნებ, ვცდილობ, მარცხის განცდისგან დავიცვა თავი და, ამიტომ, მოსწავლეს თავად ვთავაზობ სწორ პასუხებს? იქნებ, კითხვასა და პასუხს შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე მაშფოთებს და ვცდილობ, ეს სიჩუმე რაც შეიძლება სწრაფად დავასრულო სწორი პასუხისკენ გზის გამარტივებით?
II ვერსია – როგორ მოიქცეოდით თქვენ?
აქ თქვენი თვითანალიზის სივრცეა. აღწერეთ თქვენი მოსწავლის შეცდომამ რა გაფიქრებინათ, რა გაგრძნობინათ და რისკენ გიბიძგათ.
ზრუნავთ მასზე და თქვენს თავზე?
თუ…?