სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სასკოლო კვების პროგრამების თაობაზე

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და ჩემი კოლეგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო ლექციას დავესწარით. შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკი ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან (დიდ ბრიტანეთი). პრეზენტაციის თემა იყო „კიბო და ნუტრიცია“.

ლექციის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა ჯანსაღი კვებისა და ნუტრიციის, როგორც შედარებით ახალი მეცნიერების მნიშვნელობას; ასევე, კვებითი აშლილობებისა და მალნუტრიციასთან ბრძოლის საკითხებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი მოხსენება უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შესახებ. მისი თქმით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის მთავრობასთან (მაგ. განა სენეგალი, ეგვიპტე) კვებითი ინტერვენციების განსახორციელებლად სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მაგ. კიბოს მაჩვენებლების შემცირება ქალებში, მალარიის, ჭაბრწონიანობისა და სიმაღლის პრობლემების შემცირება/გადაჭრა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მათ მიერ განხორციელებული პროექტი განაში, სადაც სახელმწიფოს კონსულტაციას უწევდნენ, რა სახის უფასო კვებითი პროგრამები დაენერგა საჯარო სკოლებში. მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სამიზნე რეგიონები შეირჩნენ, ანუ გაკეთდა დიფერენცირება საჭიროების მიხედვით. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ილაპარაკა ამ ადამიანმა, მაგრამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე აქ გავჩერდები. ვიმეორებ, ქვეყანა, რომელშიც სასკოლო კვების პროგრამა დაინერგა არის განა!

ახლა, გადმოვერთოთ საქართველოს მაგალითზე. გაეროს ბავშვთა ფონდის „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის[1]. აღარაფერს ვამბობ განათლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, რომლებთანაც ასევე ახლო კავშირშია ბავშვთა კვებით უსაფრთხოებასთან.

ასეთ მძიმე სიტუაციაში, შეიძლება დაისვას მარტივი შეკითხვა: რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ შეიმუშაოს სასკოლო კვების პროგრამები რომლებიც ორიენტირებული იქნება მიზნობრივად, ისეთ ადგილებში, სადაც ეს საკითხი ნამდვილად პრობლემურია? მაგალითად, ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაგომარი, რომელიც სრულიად გაპარტახებულია. სკოლაში არათუ კვებითი პროგრამა, არამედ ინფრასტრუქტურაც კი გაუმართავია – დანგრეული კედლები, ჭერი, იატაკი; გაუბედურებული სველი წერტილები, გაყინული შენობა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი უღარიბესი ადგილი, სადაც სასკოლო კვების პროგრამა დიდი შვება იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უდიდეს გავლენას იქონიებდა ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, მსგავს სოფლებში სადაც სკოლა, ე.წ. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს უნდა წარმოადგენდეს, კვებითი პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ როლის შესრულებაში.

მეორე მაგალითსაც მოვიყვან – თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გვერდზე შეხვალთ და ლადო აფხაზავას პროფილს გაეცნობით, გარკვევით წერია, რომ მის რეგიონში ბავშვთა კვება სერიოზული გამოწვევაა. ეს ამბავი საკუთარი თვალითაც არაერთხელ მაქვს ნანახი ლადოსთან სტუმრობისას[2]. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში მშივრები არიან. რაღა დაგიმალოთ და ჩემი ნახევარწლიანი მასწავლებლური გამოცდილებისას უამრავჯერ შევსწრებივარ ამგვარ შემთხვევებს, რომლებიც მხოლოდ სიღარიბით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვების ეროვნული კვლევის მიხედვით, „დღეისათვის სკოლებში ჯანსაღი კვების ორგანიზებასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ბევრია ისეთი სკოლა, რომლებსაც კვების ბლოკი საერთოდ არ გააჩნია… სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს სკოლაში მოსწავლეთა კვების ორგანიზების მარეგულირებელი ოფიციალური დოკუმენტი და სტანდარტი, რომელსაც გამოიყენებს სკოლის ადმინისტრაცია და/ან ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია, ბავშვთა კვების ორგანიზებისთვის“[3].

 

დაბოლოს, ქვემოთ მაინც მოკლედ ჩამოვწერ რამდენიმე საკითხს, რომლებიც სასკოლო კვების პროგრამებს უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის:

  1. შიმშილის აღმოფხვრა – ძალიან ზედაპირულად, ზედმეტი ლამაზი სიტყვებისა და ფიქრის გარეშე, ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც აღნიშნული პროგრამები ინერგება, არის ის, რომ ბავშვები არ იყვნენ მშივრები და იკვებონ ჯანსაღად[4];
  2. უთანასწორობის შემცირება – კვება ხელმისაწვდომია ყველასათვის (ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდეს იმგვარად, რომ არ იყოს ღირსების შემლახავი იმ ბავშვებისათვის, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს);
  3. ბავშვთა კვებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
  4. გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე;
  5. სკოლის, როგორც სათემო ცენტრის როლის გაძლიერება – პროგრამის მეშვეობით სკოლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნებათ გაკვეთილების შემდგომი აქტივობების დასაგეგმად. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას.

 

დასასრულ, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს საკითხი დადგება გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში. მასწავლებლებმა კი გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა ესა თუ ის ქცევა შესაძლოა ზუსტადაც რომ შიმშილით იყოს გამოწვეული, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში 50,000 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს!

[1] გაეროს ბავშვთა ფონდი, 2017. საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევა. საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მეხუთე ეტაპი.

[2] https://www.globalteacherprize.org/person?id=7507

[3] ოქსფამი, 2016. საქართველოში კვების ეროვნული კვლევა.

[4] ჯანსაღი კვება გულისხმობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების წყლის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სწორ ბალანსს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“