რა მოგდით პირველად თავში მოზარდის ხსენებისას? აღმოჩნდა, რომ უფროსების უმრავლესობა მათ ზედაპირულებად, ჯიუტებად, ზარმაცებად იხსენიებს, მაგრამ მშობლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ყველა მოზარდი ერთნაირი არ არის. მრავალი მათგანი მშვიდი ხასიათით, სწავლისადმი ინტერესითა და კარგი დისციპლინით გამოირჩევა. მოსაზრება, რომ ყველა მოზარდი ზარმაცი და უპასუხისმგებლოა, ერთგვარი სტერეოტიპია. ამ სირთულეთა მიზეზი მხოლოდ გარდატეხის ასაკი არ არის, ხოლო კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი კრიზისი ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელია.
მოზარდის ასაკი
მაშ ასე, მოზარდობის ხანა – ეს არის ხიდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. მისი ხანგრძლივობა ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან მოწიფულობამდე ბევრი ცოდნა და უნარ-ჩვევაა დასაუფლებელი.
მოზარდობის ხანა 10-11-დან 15-16 წლამდე ასაკს მოიცავს და უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად იყოფა. უმცროსი მოზარდობის პერიოდი 10-11-დან 14 წლამდე გრძელდება, უფროსი კი 14-დან 16 წლამდე, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი 19 წლის ასაკში სრულდება (ფ. რაისი. 2000).
გარდამავალ ასაკში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის მოზარდის განვითარების ყველა მხარე – როგორც ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ისე გონებრივი და სოციალურ-პიროვნული.
ფიზიკური განვითარება
გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები ხდება. იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ყველა ამ ცვლილებას მართავს ჰორმონები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ბიოქიმიური ნივთიერებები. მოზარდის ფიზიკური განვითარებისთვის დამახასიათებელია ე.წ. “ზრდის ნახტომი”, რაც სხეულის სიგრძის ინტენსიური ზრდით გამოიხატება. ასეთი ინტენსიური ზრდა (8-10 სმ) აღინიშნება 13-15 წლიდან, მერე კი მისი ტემპი ნელდება.
გარდამავალ ასაკში ინტენსიურად იზრდება მოზარდის ორგანიზმის ყველა ორგანო და ქსოვილი. ასეთი სერიოზული ცვლილებები მხოლოდ მუცლად ყოფნის პერიოდისა და ჩვილი ასაკისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, ჩვილისგან განსხვავებით, მოზარდი ამ ცვლილებებს ინტერესით, შიშითა და სიხარულით აკვირდება.
9-10 წლამდე ვაჟებისა და გოგონების ორგანიზმი ერთნაირად ვითარდება. 10 წლიდან გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და სიმაღლით უსწრებენ ვაჟებს. სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ გოგონების ზრდის ტემპი იკლებს, ხოლო ვაჟებისა 18- 20 წლამდე გრძელდება.
ზრდის აჩქარება მოზარდებთან არათანაბრად მიმდინარეობს, რაც ძვლებისა და კუნთების არაპროპორციულ განვითარებას იწვევს. ჯერ ხელის მტევნები და ტერფები იზრდება, შემდეგ – კიდურები. სიმაღლეში ზრდის კვალდაკვალ იმატებს კუნთების მოცულობა. ყველაზე ბოლოს მხრები ვითარდება. ამის გამო მოზარდის მოძრაობები დისჰარმონიული, მოუქნელია, ის ხშირად წამოედება ხოლმე რამეს, უნებურად ტეხს ან აზიანებენ ნივთებს. აუცილებელია, მოზარდმა იცოდეს, რომ ეს მოვლენა დროებითია და ასაკთან ერთად გაივლის (თ. გოგიჩაიშვილი, 2001).
რაც შეეხება ნერვულ სისტემას, გარდამავალ ასაკში აღგზნებისა და შეკავების პროცესები გაუწონასწორებელია – აღგზნება მნიშვნელოვნად სჭარბობს შეკავებას. აღგზნების პროცესი ხშირად ისეთი ძლიერი და ინტენსიურია, რომ მოზარდს ძალა არ ჰყოფნის მის შესაკავებლად. აგზნება ერთბაშად აღმოცენდება, დიდი ენერგიით ვითარდება, მაგრამ მალევე ცხრება.
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაშიც. გული შესამჩნევად იზრდება, ძლიერდება, ხოლო სისხლძარღვთა დიამეტრი კი ზრდაში ჩამორჩება, ამიტომ მოზარდები ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, თავის ტკივილს, გულისცემის გახშირებას, სისუსტეს, სწრაფად დაღლას. მოზარდების “გაზარმაცება” ხშირად სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით არის გამოწვეული.
მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სქესობრივი მომწიფება. მისი დასაწყისი და ვადები არამცთუ სხვადასხვა, ერთი და იმავე სქესის მოზარდებშიც კი განსხვავებულია.
ვაჟებს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება თავდაჯერებას მატებთ, ისინი პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებს შორის. ნაადრევად მომწიფებული გოგონები კი პირიქით, თავს უხერხულად გრძნობენ, ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან, თანატოლებისთვის ჯერ უცხოა მათი პრობლემები, ამიტომ ასეთი გოგონები უფრო მეტად უფროსი ასაკის ადამიანებთან მეგობრობენ.
ხშირად მოზარდები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას, განიცდიან სხეულებრივ ცვლილებებს, წონის მატებას, გამონაყარს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მათთან საუბარი მოსალოდნელ ცლილებებზე და პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობა.
შემეცნებითი სფეროს განვითარება
ამ სფეროს ძირითადი ნიშანი აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაა. მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნებისას ისინი მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს ან ნაცნობ ფაქტებს კი არ ეყრდნობიან, არამედ განყენებული იდეებითაც მანიპულირებენ.
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე (11-15 წელი) მოზარდებს შეუძლიათ ინდუქციური (კერძოდან ზოგადისკენ) მსჯელობის საფუძველზე საკუთარი აზრების სისტემაში მოყვანა, კრიტიკულად გაანალიზება, დედუქციურ (ზოგადიდან კერძოსკენ) მსჯელობაზე დაყრდნობით ამა თუ იმ თეორიის გადამოწმება ლოგიკური და მეცნიერული მეთოდების გამოყენებით, კვლევისას სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინება.
ფორმალური ოპერაციების სტადიის თავისებურებათა კვლევისას ჟ. პიაჟემ შემდეგ ექსპერიმენტს მიმართა: ის მოზარდებს სთავაზობდა გაერკვიათ, რა ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე. ექსპერიმენტში მონაწილე მოზარდებს უნდა შეემოწმებინათ ოთხი ფაქტორი: ძაფის სიგრძე, მასზე დაკიდებული საგნის სიმძიმე, დაშვების სიმაღლე და მოძრაობის სიმძლვარის ცლილებები. ამოცანის გადაჭრა მოზარდებს ნებისმიერი გზით შეეძლოთ.
მოზარდებმა დავალება ასე შეასრულეს: თავდაპირველად შეადგინეს კვლევის სისტემური გეგმა, მერე კი შეუდგნენ ცვლადების ცვლას იმის შესამოწმებლად, რომელი მათგანი ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე. ჯერ ძაფის სიგრძე შეცვალეს, შემდეგ ტვირთის სიმძიმე, ვარდნის სიმაღლე, კვრის ძალა. ყოველი ცვლადის შემოწმების შემდეგ მათ ლოგიკური დასკვნები გამოჰქონდათ.
მოზარდებმა ცდების საფუძველზე დაადგინეს, რომ სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს არც ვარდნის სიმაღლის ცვლილება, არც კვრის ძალა და არც წონა. მათ დაასკნეს, რომ ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე მხოლოდ ძაფის სიგრძის ცვლილება მოქმედებს.
ჟ. პიაჟემ დაასკვნა, რომ მოზარდ ასაკში ჩნდება აზროვნების ურთიერდაკავშირებული თავისებურებები: 1) ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირის გამოვლენის უნარი; 2) ერთი ცვლადის მეორე ცვლადზე გავლენის დაფიქსირება; 3) ცვლადების დაკავშირება ან გამიჯვნა დედუქციურ დასკვნაზე დაყრდნობით (“თუ ეს მართალია, მაშინ მოხდება ასე…”).
ე. პილი კი კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე მყოფი ბავშვებისა და ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდების აზროვნების შესადარებლად შემდეგ სიტუაციას სთავაზობდა: “მხოლოდ ძალიან მამაც მფრინავებს აძლევენ მაღალმთიან რეგიონებში ფრენის უფლებას. ერთი მფრინავი ალპების თავზე მიფრინავდა. ფრენისას ის საბაგირო გზის ბაგირს შეეჯახა. ბაგირი გაწყდა და რამდენიმე კაბინა ჩამოვარდა. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა”.
მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი.
კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე მყოფი ბავშვები ასე პასუხობდნენ: “არ ყოფილა კარგი მფრინავი”, ხოლო ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდები – ასე: “შესაძლოა, მან არ იცოდა, იქ რომ საბაგირო გზა იყო და ამიტომ დაბლა მიფრინავდა”, “შესაძლოა, ფრენისას კომპასი გაუფუჭდა და კურსი შეცვალა”, “შესაძლოა ფრენისას ცუდად გახდა”.
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდი უშვებს სხვადასხვა ჰიპოთეზას და შესაძლებლობას, რომ საჭიროა თითოეული ჰიპოთეზის შემოწმება.
აგრეთვე, მოზარდებს უჩნდებათ უნარი, აზროვნებისას გაითვალისწინონ რეალობა და შესაძლებლობები. ამიტომ ისინი უფრო რეალისტურად იწყებენ ფიქრს მომავალ პროფესიაზე. ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით. აზროვნების ახალ საფეხურზე ასვლა მოზარდებს უბიძგებს, დაფიქრდნენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორებიც არის სიყვარული, მეგობრება, ერთგულება, პატიოსნება. კრიტიკული თვალით უწყებენ ყურებას ავტორიტეტებს, მათ შორის – მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომელთაც აქამდე უპირობოდ დადებითად აფასებდნენ. იწყებენ იდეალური ადამიანის შესახებ საკუთარ წარმოდგენის გადახედვას.
ფიზიკურ და შემეცნებით სფეროში მიმდინარე ცვლილებები განსაზღვრული პიროვნული თავისებურებების განვითარებას იწვევს, ისეთებისა, როგორებიც არის წარმოსახვითი აუდიტორია, მითი საკუთარი განუმეორებლობის შესახებ, “თვალთმაქცობა”, კრეატიულობის შემცირება, ფსევდოსისულელე. მოკლედ შევეხებით თითოეულ მათგანს.
მოზარდს, თავისი სხეულებრივი და გონებრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი უჩნდება საკუთარი თავის მიმართ, ეს კი ორ თავისებურებას იწვევს: წარმოსახვით აუდიტორიას და მითს საკუთარი განუმეორებლობის შესახებ.
მას შემდეგ, რაც მოზარდს საკუთარი აზრების გაანალიზების უნარი უჩნდება, ის ძირითადად საკუთარი თავის ანალიზით არის დაკავებული, მაგრამ იმავდროულად ეუფლება განცდა, რომ სხვებსაც ასევე აინტერესებთ მისი გარეგნობა, საქციელი და გონებრივი შესაძლებლობები. ამ ასაკისთვის დამახასიათებელი მოჭარბებული სიმორცხვე ან ხალხმრავალ გარემოში არაადეკვატური ქცევა სწორედ წარმოსახვითი აუდიტორიით და მასზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობით აიხსნება.
იმის გამო, რომ მუდამ “ადევნებს თვალს” წარმოსახვითი აუდიტორია, მოზარდს უჩნდება საკუთარი განუმეორებლობის განცდა. ამან შესაძლოა პრობლემებიც კი გამოიწვიოს, მაგ., მოზარდმა ირწმუნოს, რომ ექსტრემალურმა სპორტმა ან გატაცებებმა სხვებს შეიძლება ავნოს, მას კი – არავითარ შემთხვევაში.
მოზარდს ჰგონია, რომ გარშემო მყოფები გამუდმებით აკვიდებიან, მაგრამ ვერ უგებენ, ამიტომ გარშემო მყოფთაგან საკუთარი “ეგოს” დაცვას იწყებს. ეს შესაძლოა სარკაზმის ან სხვების ხშირი კრიტიკის მიზეზად იქცეს.
მოზარდებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურებაა “თვალთმაქცობა”. ისინი ხშირად აკრიტიკებენ ისეთ საქციელს, რომელსაც თვითონაც ხშირად სჩადიან. მოზარდი შესაძლოა აღშფოთდეს იმის გამო, რომ მისმა ძმამ დაუკითხავად აიღო მისი დისკი, მაგრამ თვითონ უნებართვოდ აიღოს მშობლების ნივთები. ამ თავისებურებას ფსიქოლოგები ასე ხსნიან: მოზარდმა უკვე იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს ამ ღირებულებების ქცევაში გადატანა.
კრეატიულობის შემცირება. მასწავლებლები ხშირად წუხან იმის გამო, რომ მოსწავლე დაწყებით კლასებში მეტი შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდა. მიიჩნევა, რომ მოზარდები გარემოდან დიდ ზეწოლას გრძნობენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მათ შესახებ სხვები (თანატოლები, უფროსები, ვის აზრსაც ისინი პატივს სცემენ და ა.შ.), ამიტომ მოქმედებისას მეტ კონფორმულობას იჩენენ.
“ფსევდოსისულელე”. მოზარდები მარტივ პრობლემას ხშირად ძალზე რთულად უდგებიან. მეცნიერები ამ თავისებურებას ასე ხსნიან: მოზარდებს უჩნდებათ სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინების უნარი, მაგრამ ეს მათთვის სიახლეა, ამიტომ ვერ ახერხებენ საკუთარი სააზროვნო პროცესების კონტროლს (სათანადოდ ვერ იყენებენ მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს). მათ აზროვნებას უჩნდება ახალი თავისებურება, მაგრამ მისი გამოყენების სათანადო გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ.
პიროვნული და სოციალური განვითარება
გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებსა და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდთა დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ავტონომიის ცნების განსაზღვრისას ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების გავლენისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, გარდამავალ ასაკში ადამიანი მათზე არ იყოს დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობას რომ ახლავს თან. ამასთანავე, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. ამიტომ უფრო მართებული იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა საკუთარი დასკვნების გამოტანასა და საკუთარი ქცევის რეგულაციას გულისხმობს. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახსა თუ სკოლაში ათვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასება-გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში ზოგჯერ უფროსების წინააღმდეგობას აწყდებიან, რაც კონფლიქტს იწვევს. ხშირია ოჯახური უთანხმოება… მაგრამ ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის, რა სახის დამოუკიდებლობა შეუძლია მოიპოვოს, რამდენად შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაცვა.
ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდად მიიჩნევენ. არის ოჯახები, სადაც გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
აბსტრაქტული აზროვნების განვითარება საკუთარი აზროვნების ანალიზის საშუალებას იძლევა.
იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე: “ვინ ვარ?”, “როგორი ვარ?”, გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად მოზარდები სხვების შეცნობას, მათი აზრის წვდომას ცდილობენ.
პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არცთუ უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილია, როგორი და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი) და მოახდინოს ამ მრავალრიცხვოვანი მეს ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტურობაში.
სოციალური ურთიერთობები
გარდამავალ ასაკში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვს, ანუ თანატოლებთან.
თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას.
მოზარდების იერი (ვარცხნილობა, ჩაცმულობა) უფროსებს ხშირად აღიზიანებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდები სწორედ უფროსებისგან განსხვავებულ ჩაცმის სტილს ირჩევენ, რითაც პროტესტს უცხადებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. იმავე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი მოზარდთა სუბკულტურას წარმოადგენს.
ამ ასაკის ბავშვების ცხოვრებაში მშობლებისა და მასწავლებლების როლი ერთი შეხედვით პარადოქსულია. უფროსები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს – მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის – და, მეორე მხრივ, იგივე უფროსები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ქმედობაუნარიან პიროვნებად. სწორედ უსაფრთხო, მზრუნველ გარემოშია შესაძლებელი დამოუკიდებელი, ზრდასრული პიროვნების ჩამოყალიბება და იდენტობის ფორმირება.
დასასრულ, შევჩერდეთ იმაზე, რას აკეთებენ უფროსები, რათა გარდატეხის ასაკი ნაკლებმტივნეულად წარიმართოს როგორც მოზარდისთვის, ისე მის გარშემო მყოფებისთვისაც:
. ესაუბრებიან მოზარდებს მოსალოდნენ ცვლილებებზე, ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დროებითობასა და მათი მოგვარების გზებზე;
. ხელს უწყობენ აზროვნების მეტაკოგნიტური სტრატეგიების განვითარებას: როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი თუ გარკვეული საქმიანობა, როგორ მოახდინონ შესრულების გზაზე მისი მონიტორინგი;
. ხელს უწყობენ დამოუკიდებლად მსჯელობის უნარის განვითარებას, ინტერესდებიან მათი მოსაზრებებით ამა თუ იმ საკითხის შესახებ;
. ცვლიან მათთან ურთიერთობის სტილს, ეპყრობიან თანატოლივით.
კომენტარები