ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სასწავლო მასალა სიყვარულისთვის (ნაწილი პირველი)

ძალიან, ძალიან ბევრი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში განთავსებულ ე.წ. გამონათქვამებს შორის ასეთ ფრაზას წავაწყდი:

„მამაჩემი ახლაც ყოველდღე კითხულობს ლექსიკონს. მისი თქმით, ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია სიტყვათა ოსტატურად ფლობის ძალასა და უნარზე“.

ლექსიკონების კითხვა ჩემი პროფესიაა, ჰობიც და ხანდახან – იმედგაცრუებაც, რომელიც ამდენ მილიონ სიტყვაში თავის დაკარგვისა და მათ წინაშე საკუთარი უძლურების აღმოჩენითაა განპირობებული. თუმცა მე არ მეგულება სამყაროში ლექსიკონებთან არშიყზე უფრო კეკლუცი საქმიანობა, ვინაიდან მხოლოდ სიტყვებს შეუძლიათ ყველაზე მიუვალსა და ინტიმურ შეგრძნებებში გამოგზაურონ. ამიტომაც დამამახსოვრდა ეს ფრაზა სამუდამოდ, რომელიც ბრიტანეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურის – არტურ სკარგილის ფრაზა აღმოჩნდა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.

წარმოდგენა არ მაქვს, ბატონი მამა სკარგილი რომელ ლექსიკონებს ჩაჰკირკიტებდა, მაგრამ ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს სხეულისა და სულის საკუთარი ლექსიკონი, რომელშიც ყოველდღე გვახედებენ ჩვენივე ფიქრები. ეს ფიქრები გარდაქმნიან ჩვენს არსებაში ჩაკირულ დაუოკებელ ტკივილებსა და სიხარულებს სიტყვებად, რომლებსაც შესწევთ უნარი, მარადიულ რხევებად შეაღწიონ ძვირფასი არსების სხეულისა და სულის სიღრმეებში. ხოლო, თუ მოხდება სასწაული და ჩვენი სალექსიკონო რხევები ძვირფასი არსების სულისა და სხეულის სიტყვარში საკუთარ განმარტებებს ჰპოვებენ, მაშინვე ვიგრძნობთ, რომ ჩვენს მიყუჩებულ მღვიმეებში ჰარმონიის ფერადი ყვავილები აღმოცენდნენ.

ამ ყვავილებს კი საკუთარი სახელები აქვთ და ეს სახელები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ოქტავის ინტერვალის საფეხურები – ისინი ერთ ჰარმონიულ ჯაჭვში არიან ჩაკეტილნი, მაგრამ ჯაჭვის გახსნისას თითოეული მათგანი სხვადასხვა მნიშვნელობის ჟღერადობით გამორბის გარეთ. თუმცა ზოგჯერ ისე უთავბოლოდ ვიმეორებთ ამ ყვავილთა სახელებს, რომ ხშირად მათ მნიშვნელობათა დამზრალი ფოთლები სცვივათ და შიშვლდებიან.  შიშველი სიტყვები კი, მენდეთ, ყველაზე უფრო საშიში და ცხელი იარაღია მოკვდავთათვის.

ასეთი სიტყვაა სიყვარული. მის მნიშვნელობას თუ დააზრობთ და გააშიშვლებთ, ჩათვალეთ, მარადიულ წყევლად დაგყვებათ ამ სიშიშვლეში ცხოვრება და მოღვაწეობა და ალბათ, სიკვდილიც. არ დაიჯეროთ, რამე გაპატიოთ სიყვარულმა, მით უმეტეს, მისი განძარცვა მნიშვნელობათაგან.

ამიტომაცაა, რომ ყველაზე სანდო სამოსად სიტყვებს იშველიებს სიყვარული. რამდენი რამ დაწერილა, რამდენი რამ თქმულა მის შესახებ, რამდენს უმღერია მასზე, რამდენს დაუხატავს და გამოუძერწავს იგი. მაგრამ გინახავთ თქვენ ახსნილი სიყვარული? რა თქმა უნდა, არა! სიყვარული აუხსნელი სიტყვაა და იგი ყველაფერს ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი ენა, რომლშიც ადამიანები უფრო მშვიდად და თავდაჯერებით  აბინავებენ საკუთარ შეგრძნებებს.  იგი ყველაზე სანდო თავშესაფარია მძაფრი არავერბალური მოვლენებისთვის, ამ ენის მფლობელებს კი, სიყვარულის პირადი სალექსიკონო რხევის, სულ მცირე რვა განმარტების პოვნა შეუძლიათ ძვირფასი არსების სულისა და სხეულის ლექსიკონში. ამიტომაც, მინდა გიამბოთ რვა ამბავი მათზე, ვინც სიყვარული არ გააშიშვლა და მისი მნიშვნელობები საკუთარ არსებაში უკვდავ ყვავილებად გაშალა.

 

ამბავი პირველი

იმ ლექსიკონში, მე რომ ყველაზე ხშირად ვკითხულობ, არის ერთი განმარტება, რომელიც ვფიქრობ, ისე მგავს, როგორც არც ერთი სხვა სიტყვა სამყაროში. ამიტომაც მისით დავიწყებ:

„ორ ან მეტ ადამიანს შორის არსებული ორმხრივი სიყვარულის, თავგანწირვისა და ურთიერთგაგების მომცველი კავშირი“.

სწორედ ორმხრივი სიყვარული, თავგანწირვა და ურთიერთგაგება მეჩვენება იმ ჰარმონიად, რომელშიც სიყვარულის ყვავილები ყველაზე დამაჯერებლად, მშვიდად და ამაყად იშლებიან. ამ ყვავილთა მოწყვეტას კი ნუ შეეცდებით, ვინაიდან ისინი უკვდავი ფესვებით არიან ჩანერგილი სამყაროს მამოძრავებელ, ძირითად ინსტინქტთა წიაღში.

სიტყვა „ფილია“ (φιλία), ანუ სიყვარული, რომელიც მეგობრობის მნიშვნელობიდან იშვება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამძლე სიტყვაა ბერძნულ ენაში, თუმცა ამ გამძლეობაში მრავალი ფორმა იგულისხმება და მისი მთელი ძალა „მეგობრობიდან“ დაწყებული ძველბერძნული გააზრების ხან „ვნებიან სიყვარულად“, ხან „ღვთაებრივ სიყვარულად“, ხან „კაცთა შორის სიყვარულად“, ხან  „კოცნად“, ხანდახან კი „გამცემ კოცნად“ გარდასახვაში  სუფევს.

მრავალმნიშვნელობიანია მეგობრობა ანუ „ფილია“, მაგრამ ყველა ეს მნიშვნელობა ემყარება სიყვარულს – გვამცნობს ბერძნული ენა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ენა არ ცდება, თუმცა ჩემი რჩევაა, ამ ამბავს მაინცდამაინც არ ჩავეძიოთ, ვინაიდან მეგობრებს შორის გაკვანძულ მღელვარე მნიშვნელობათა ამოცნობა არც ადვილი საქმეა და არც ჩვენი საქმე.

აქ აქილევსი უნდა ვახსენოთ – ანტიკურობის ვარსკვლავი თუ სუპერვარსკვლავი, თუ როგორც გნებავთ. მათ, ვისთვისაც „ილიადა“ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ამბავია, მშვენივრად უწყიან, რომ ჰომეროსის აქილევსი არავინაა პატროკლოსის გარეშე. პატროკლოსია ის, ვინც ბერძენ გმირს ხასიათად და უფრო მეტიც – დრამატულ, ძალიან დრამატულ პერსონად (და არა პერსონაჟად) ჩამოქნის. დრამატულობის მიღმა კი ცხოვრება რომ ცხოვრება არ არის, ეს მეც ვიცი, ძველმა ბერძნებმაც იცოდნენ და ალბათ თქვენც მოგეხსენებათ.

პატროკლოსისა და აქილევსის კავშირს ბერძნულად ფილია ჰქვია და ამ სიტყვას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე უბრალო მეგობრობას. ჩვენ ისე ხშირად მოვიხსენიებთ მეგობრებად ერთმანეთს, ისე უთავბოლოდ ვიმეორებთ ამ სიტყვას, რომ მისი არსი, დარწმუნებული ვარ, ცნებათა საუფლოში დრტვინავს და მძვინვარებს. „ჩემი მეგობარია!“ – დაუფიქრებლად ვამბობთ მასზეც, ვისთანაც ერთხელაც არ გაგვიცვლია სულის სიღრმეებში მოჟრიალე შეგრძნებები, და მასზეც, ვისი სულისა და სხეულის ერთბაშად დაზეპირებულ, სალექსიკონო ფორმებს სიზმრებშიც კი ვიმეორებთ. და მე, როგორც უცვეთელ მნიშვნელობათა მადიდებელს, გული მწყდება, რომ ამ სიტყვით მოხსენიება მიწევს მისიც, ვისთვისაც ერთ გულწრფელ მზერასაც ვერ გამოვუშვებდი და მისიც, ვის გამოც ტროასა თუ მთელი სამყაროს დამაქცეველ ომს დაუფიქრებლად და თავგანწირვით მოვიგებდი.

ჰომეროსი გვამცნობს, რომ პატროკლოსი აქილევსისთვის იყო πολὺ φίλτατος … ἑταῖρος ანუ უსაყვარლესი მეგობარი და მათი სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ იმაზე მეტს აღარ გვეუბნება, ვიდრე ტროას დამხობაა. თუმცა მოგვიანებით, ესქილე, პლატონი და სხვანი გვიამბობენ, რომ მათი ფილია იყო უფრო მეტი, ვიდრე მეგობრობა და რომ ზოგადად, ფილია უფრო მეტია, ვიდრე მეგობრობა.

„სიმპოსიონში“ პლატონი სწორედ პატროკლოსისთვის აქილევსის შურისძიების შესახებ საუბრისას მოაყოლებს ფრაზას, რომელსაც ხშირად იმეორებს ხოლმე ჩემი ერთი ძვირფასი მეგობარი – თავის დასამშვიდებლად თუ პირიქით, ჯერ ვერ ჩავწვდი. ეს ფრაზა კი ქართულად ასე ჟღერს: „გაცილებით მეტია ღვთაებრივი მასში, ვისაც უყვარს, ვიდრე მასში, ვინც უყვართ“. და პლატონის აზრით, სწორედ აქილევსისადმი პატროკლოსის ღვთაებრივი სიყვარულის გამო, ვალდებულიც კი იყო ბერძენი გმირი, ტროას ომი მოეგო და ზედ დაჰკვდომოდა უსაყვარლესი მეგობრის ცხედარს.

თუ რამე გაეჭვებთ ამ ამბავში, არ შეგეშინდეთ. ფილია ხომ დაეჭვებებით სავსე ფიალაა. მასში თანაბრადაა განზავებული სიყვარული და დაეჭვება ამ სიყვარულში, თავგანწირვა და დაეჭვება ამ თავგანწირვაში, ურთიერთგაგება და დაეჭვება მასში, ვნება და ამ ვნებაში დაეჭვება, ვინაიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნამდვილი მეგობრობის ჭეშმარიტი სახე ის მრავალსახა შეგრძნებაა, რომლის საკუთარ თავში აღმოჩენის შემთხვევაში, მთელი არსებით ირწმუნებ, რომ ძვირფასი არსების გამო, ერთ დიდებულ დღეს, შენ შეიძლება მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიც ააგო და გააცამტვერო და თუ ეს რწმენა გეახლებათ, აუცილებლად იგრძნობთ, თუ როგორ გაიშალა თქვენს არსებაში იისფერი ჰარმონიის უკვდავი ყვავილი, სახელად – ფილია.

ნუ დააჭკნობთ ამ ყვავილს, გთხოვთ!

 

ამბავი მეორე

ჩემს ლექსიკონში არის სიტყვა, რომელიც მხოლოდ დედაჩემს ჰგავს და სხვას არავის, ვინაიდან ამ სიტყვაში დედაჩემის განმარტების ყველა ვერსია აღმოვაჩინე: სითბოც, სინაზეც, თავგანწირვაც, მშვენიერებაც, თავშესაფარიც, მარადიული დაბრუნებაც, სიხარულიც, იმედიც, ნდობაც, მზრუნველობაც, სიკვდილის შიშთან გამკლავებაც და მისი დაძლევაც.

სტორგე, ან მოგვიანო გამოთქმით – სტორღი (στοργή) – ეს სიტყვაა დედაჩემი, რომელსაც ის ლექსიკონი, მე რომ ვკითხულობ, ასე განმარტავს: „სინაზით სავსე სიყვარული და მზრუნველობა. მას თან ახლავს სხვისთვის თავის სრულად მიძღვნის ღრმა სურვილი“.

ამ სიტყვის წარმოთქმისას, ჩემში ახლაც – ამ პრაგმატული ზრდასრულობის ჟამსაც კი მთელი სიმძაფრით იღვიძებს სიყვარულთაშორისი მანძილების ვერდაფარვის პირველშობილი, მძაფრი ტკივილი. მახსოვს, როგორ იშვა იგი – „დაჩის ზღაპრებით“ და ამ ზღაპრებს მოყოლილი სევდიანი სიმართლით, რომ, რა თქმა უნდა, დედები არიან მართლები, და ამ სიმართლის ნუგეშითაც – რომ კი, შვილებსაც უყვართ დედები.

თუმცა ეს იყო დიდი ხნის წინ, ახლა კი როცა ყველაფერი უფრო პირდაპირი და მკაცრია, ერთადერთი ის შემიძლია, რომ უსასრულო ვედრებასავით ვწერო დედაჩემს გამოუთქმელი ბოდიშები იმის გამო, რომ ეს ჩემი ვეება სიყვარული მისადმი სტორგედ ვერ ვაქციე, რადგან ეს სიტყვა მე არა ვარ, დედაჩემია იგი. მხოლოდ დედაჩემი.

ასე იტყოდა პერსეფონეც, აუცილებლად ასე იტყოდა – ოდესმე მასაც რომ ჰქონოდა შესაძლებლობა, მოეთხრო თქვენთვის დედამისის – მისი პირადი „სტორგეს“ შესახებ. პერსეფონეს დედა  – დემეტრე დედაჩემს ჰგავს სიტყვიერადაც, იმითაც რომ ყოვლისშემძლე და უკვდავი ქალღმერთია და იმითაც, რომ როცა მისი შვილი მასთანაა, მთელ დედამიწას აყვავებულ დღესასწაულად ეფინება მისი სითბო და სიყვარული.

ჰომეროსის დიდებულ ჰიმნში დემეტრესადმი არის ერთი ფრაზა, რომელსაც მღელვარების გარეშე ვერ წაიკითხავთ. ეს ერთი ფრაზაც განმარტებაა სიტყვისა „სტორგე“ და იგი გვამცნობს: როცა ჰადესმა პერსეფონე მოსტაცა დედას (დიახ, მხოლოდ დედას მოსტაცა), ვერავინ ვერც უკვდავთაგან, ვერც მოკვდავთაგან, ვერ გაიგონა პერსეფონეს ხმა, მისი ძახილი. მხოლოდ დემეტრემ იგრძნო იგი. მიწისქვეშეთის უფსკრულთაგან ძალიან შორს მყოფმაც კი იგრძნო, რომ მის ასულს რაღაც უჭირდა და მთელი სამყარო შეძრა შვილის გამოსახსნელად. ეს მარტო სტორგეს შეუძლია ზუსტად ისე, როგორც დედაჩემს შეუძლია მაშინაც კი გაიგონოს ჩემი ხმა, როცა ხმას ვერ ვიღებ, რადგან სტორგეა დედაჩემი. დედაჩემი და სხვა არავინ.

მითი გვიამბობს, თუ როგორ განიძარცვა ყოველგვარი ქალღმერთობისგან შვილდაკარგული დემეტრე – რანაირად მოიარა მთელი სამყარო, მიატოვა საყვარელი სანახები და მთა-ველები, უარი თქვა საკუთარ საქმესა და მოვალეობაზე, იმიტომ რომ აღარ ჰყავდა ის, ვინც იგი სტორგედ აქცია. დედის განძარცვა სტორგესაგან დედამიწას ძვირად დაუჯდა – ვეღარ აყვავდნენ ყვავილები, დაზრა მდელო, ჩამოცვივდნენ მარადმწვანე ფოთლები ხეებს, თავთავებმაც თავი ჩაქინდრეს და ჩამოჭკნენ, აღარ მოვიდა მოსავალი – დემეტრესთან ერთად მთელი დედამიწა განიძარცვა ნაყოფისაგან, რაც სიცოცხლეს აღარ ნიშნავდა.

სხვა გზა არ დარჩათ ღმერთებს, რამე უნდა ეღონათ და სთხოვა ზევსმა თავის ძმას – ჰადესს, დაებრუნებინა პერსეფონე დემეტრესათვის. ზევსის ნებას კი მიწისქვეშეთის ღმერთიც ვერ აღუდგებოდა წინ, მაგრამ მაინც მოახერხა მან პერსეფონეს ცდუნება და პერსეფონემაც მოახერხა ქმრისგან ბოძებული ბროწეულის ექვსი მარცვლის დაგემოვნება.

მკვდართა საუფლოს ყველგან თავისი კანონები აქვს – ძველ საბერძნეთშიც და აქაც – „ახალ საქართველოშიც“. ძველი საბერძნეთის კანონები კი გვასწავლის, რომ თუ ჰადესის ნაყოფს იგემებ, ვეღარასდროს დააღწევ თავს მისი სამეფოს სიცივეებს. პერსეფონესაც იგივე ბედი ეწეოდა, რომ არა ზევსი და მისი პრაგმატული „მზრუნველობა“ დედამიწის მკვიდრთა მიმართ: ბროწეულის ყოველი მარცვლის გამო ზევსმა პერსეფონეს ერთი თვე შეუფარდა ჰადესთან გასატარებლად – სულ კი ექვსი თვე წელიწადში.

თქვენ, ვინც მარადიულ გაზაფხულებსა და ზაფხულებს ეტრფით, იცოდეთ, რომ ჰადესთან გაქვთ გასარჩევი ეს გაყინული საქმე, რადგან ყოველთვის, როცა პერსეფონე ჰადესთან მიდის იმ ექვსი თვის გასატარებლად, დემეტრე ტოვებს თავის საქმეს, მწუხარებას მიეცემა და გლოვას იწყებს. დემეტრეს მწუხარებას კი ჩვენ შემოდგომასა და ზამთარს ვუწოდებთ.

ხოლო როდესაც პერსეფონე ქალღმერთ დედას უბრუნდება, მთელ დედამიწას აყვავებულ და ხასხასა დღესასწაულად ეფინება დემეტრეს სტორგე – ზაფხული და გაზაფხული.

სტორგე ანუ მზრუნველი სიყვარული იშვიათად, მაგრამ სხვებსაც შეუძლიათ – მაგალითად, მამებს, ძმებს, დებს, ბებიებსა და ბაბუებს, შვილებს, მეგობრებსა და ნათესავებს, მაგრამ იგი დედებმა შობეს. იმ ყვავილებს კი, რომლებსაც სტორგე აღმოაცენებს, დედის სურნელი დაჰყვება და ამ სურნელში ვიბადებით ჩვენ – მოკვდავნი და უკვდავებიც. სწორედ სტორგეს სურნელებაა ის, რომლითაც დაბადებისას შემოდის ჩვენში ეს მრვალსხვასურნელოვანი სამყარო.

და ჩვენ, ვინც ვიცით, რომ ეს სურნელი ერთადერთია, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, რომელსაც მხოლოდ ჩვენ შევიგრძნობთ, ისიც ვიცით, რომ სტორგეს უკვდავი ყვავილები შეიძლება საკუთარი ნებით მოწყდნენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ამ დროსაც, მარადიულ ზრუნვად აფრქვევენ სიყვარულის სურნელებას სტორგეს ეს თბილი, თავგანწირული ყვავილები.

გთხოვთ, მოუფრთხილდით ამ ყვავილებს, რადგან მათზე მშვენიერი სამყაროში არაფერია!

 

ამბავი მესამე

ლექსიკონში, მე რომ ასე ხშირად ვკითხულობ, არის სხვა სიტყვაც, რომელიც ყველა ჩვენგანსა ჰგავს – თქვენც, მეც და სხვებსაც.

უფრო მართლები ვიქნებით ამ მარადიული სიტყვის წინაშე, თუ ვაღიარებთ, რომ მას მაშინ ვემსგავსებით, როცა ჩვენი შეგრძნებების მწყობრ ხმაურში სულისა და სხეულისაგან გასვლის მუსიკა იბადება, რომელიც მერე სხვისი სულისა და სხეულის მწყობრ ხმაურს ერთვის და მასთან ერთად ქმნის უმძვინვარეს ჰარმონიას, სახელად ეროსს.

სასტიკი სიტყვაა ეროსი. ისეთი სასტიკი, რომ იგი თან ღმერთია. მისი დაბადების ამბავი კი იმაზე ძველია, ვიდრე ეს ჩვენი საცხოვრებელი წესრიგი,  რომლის კოსმოსურ მღელვარებათა ჟამს მხოლოდ ტრფობის დაუოკებლად მოელვარე, მეწამული ყვავილები ხარობენ და იშლებიან.

როგორც ჩემი სახელმძღვანელო ლექსიკონი გვამცნობს, სიტყვა ეროსი და მისი მშობელი ზმნა ἐρᾶν (სიყვარული) უკავშირდება სიტყვას ὁρᾶν („დანახვა“), რადგან ბერძენთა წარმოდგენით, თვალები და სამზერელია ის კარიბჭე, რომლიდანაც შეედინება ეროსის მძლავრი ნაკადები ადამიანის არსებაში და მერე სადღაც გულში გუბდება – ხან კამკამა ტბად, ხან მღელვარე ზღვად, ხან სწრაფმავალ მდინარედ და ხანაც – ჭაობად.

სამყაროში ალბათ არცერთ სხვა ფენომენს არ ჰყოლია იმდენი მკვლევარი და მეცნიერი, რამდენიც ეროსს ჰყავს. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა – აი, მეც ხომ მისი ერთ-ერთი მკვლევარი ვარ, რაკი მასზე ვწერ. ნუ გიხარიათ, თქვენც მისი მკვლევარნი ხართ, თქვენ – ვისაც საყვარელი არსებისათვის ერთხელ მაინც დაგისვამთ კითხვა „რატომ“.

სინამდვილეში კი, ჩვენ – ისინიც, ვინც ერთმანეთს ვუსვამთ კითხვას „რატომ“ და ისინიც, ვინც სიყვარულის ლაბორატორიებს ქმნიან და მერე საცდელ შეყვარებულებზე დაკვირვებით, უცნაურ დასკვნებს გვთავაზობენ, სიყვარულის პირველ ევროპელ მასწავლებელს – პლატონს ვემოწაფებით (ან სოკრატეს, ან ორივეს – როგორც გენებოთ), რომელმაც ერთხელ, ნადიმისას მშვიდად იკითხა – აბა, რა არის ეროსი, ჩემო მეგობრებო? – და ამ კითხვას დღემდე ვერავინ მოუძებნა მტკიცე, მდგრადი და უცვლელი, ერთი პასუხი.

ამის გამოა, რომ სიყვარულის ვინმე რიგითმა თანამედროვე მკვლევარმა შესაძლოა მეცნიერულ-ცივსისხლიან სიმართლედ გითხრათ: საზარელი სენია სიყვარული ანუ ეროსი და თქვენ, ვისაც ასე მძვინვარედ გიყვართ – სნეულები ხართ, რომლებსაც არ გსურთ განკურნება.

თქვენც დაუჯერებთ და დამწუხრდებით. მაგრამ მერე ვინმე ჩემნაირი ან სხვანაირი გაგახსენებთ, მაგალითად, ფილოსტრატეს, რომელმაც თქვა, რომ „ეროსი სენი არ არის. სენია უსიყვარულობა. და თუ მზერიდან იშვება ტრფობა, არამეტრფენი ბრმანი ყოფილან“.

და თქვენც თუ ფილოსტრატეს უფრო ენდობით, მასთან ერთად გაიმეორებთ:

„მე შევიცანი სიყვარული (ანუ ეროსი). მძიმე ღმერთია“.

ეროსი მართლაც სასტიკია და აღსავსე გაურკვევლობით. მისი ურთიერთმოქიშპე მნიშვნელობებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი არსებობის დამადასტურებლად შეთხზული მითები და პოემები. თუმცა ყველა მათგანში იკითხება ჰარმონიის უმძვინვარესი ყვავილის სევდა, სიხარული და სიანცე, იმ ერთადერთი ყვავილისა სამყაროში – თავისით და უცაბედად, უდედოდ და უთესლოდ და უმიზეზოდ რომ აღმოცენდება.

ზუსტად ასე უმიზეზოდ და უცაბედად აღმოცენდა სიტყვა ეროსი ბერძნულ ენაში, რომელმაც მერე იგი უთვალავი მნიშვნელობითა და განმარტებით შეამკო.

ეროსს უყვარს სამკაულები. მისი უმშვენიერესი სამკაული კი პოეზიაა, რადგან როგორც ევრიპიდე გვამცნობს, „ეროსი წვრთნის და აყალიბებს პოეტს, მასაც კი – ვინაც მუზათა უმეცარი იყო მანამდე“.

ამ სამკაულების შემოქმედთა შორის კი არის ერთი, რომელმაც ჩემი წარმოდგენით, ეროსისთვის ყველაზე უფრო ანტიკურად და თანამედროვედ შესაფერი სამკაულები დაუტოვა მთელ სამყაროს. ახლა, როდესაც ამ ტექსტს ვწერ თქვენთვის, მასზე ვფიქრობ: ისე მოხდა, რომ რამდენიმე საათში ამ დროებითი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გავაცილებ კიკი დიმულას, რომელმაც რაღაც პირველქმნილად გაიმეორა ის ვეება ჭეშმარიტება, რომ ეროსი ანუ ტრფობა „არსებითი სახელია, თანაც ძალიან არსებითი“ და რომ სქესი აქვს – „არც მდედრობითი, არ მრავლობითი, მის სქესს აღნიშნავს მხოლოდ სიტყვა „საფრთხემრავალი“.

საფრთხემრავალი ეროსის მიზეზით გათენებულ ღამეთა სევდა და სიხარული, დაკარგული სიყვარულის სიმძიმე და აღმოჩენილი სიყვარულის სიმსუბუქე, ამ სიმძიმეთა და სიმსუბუქეთა მარადიული ხსოვნაა ჩვენი ეს ცხოვრება, რომელშიც მუდამ ისმის სულის სხეულისაგან გასვლისა და დაბრუნების და ისევ გასვლის და მერე ისევ დაბრუნების მრავალსახა მნიშვნელობები. ამ მნიშვნელობებს უმძვინვარესი ჰარმონიის მეწამული ყვავილების ფორმა აქვთ და მათ სიკვდილის ძალა არ შესწევთ. სამაგიეროდ, მარადიულ გარდასახვათა უნარი აქვთ და ამგვარ მეტამორფოზებში თუ გაიხლართეთ, ნუ შეშინდებით – ეს ნიშნავს, რომ თქვენს არსებაში სიყვარულის მღელვარებათა მუსიკა იშვა.

და ეს მუსიკა ყველგანაა განფენილი: იგი ხან უწყვეტ დრტვინვად ისმის ქუჩის ხმაურსა თუ საფლავთა მდუმარებაში, ხეთა გაშიშვლებულ სევდასა თუ ადამიანთა თბილად შეფუთულ მწუხარებაში,  დარაბების ჩარაზვის ხმასა თუ ზეცის მოღრუბლულ მჭმუნვარებაში, ხან კი ჟღრიალა სულის სიმფონიად ედება სავსემთვარიან ღამეებსა და უმზეო დღეებს, ღამის კლუბების მოციმციმე სიბნელესა და ყავის სურნელად შობილ სინათლეს, გაცვლილ მზერათა განსაზღვრულობასა თუ არიდებულ მზერათა განუსაზღვრელობას. ზოგჯერ კი, უმთავრესად, ზაფხულობით, იგი ჭრიჭინების თავგანწირულ სიმღერად გარდაისახება ხოლმე.

სიყვარულის კინომკვლევრის – პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში, მთავარი გმირი ერთ ფრაზას ამბობს: „ჩემი სხეულის მითოლოგია“. ამ ფრაზას თუ დაუმატებთ „სულის მითოლოგიასაც“,  ეროსის არსის ყველა ვერსია შემოვა თქვენში. სულისა და სხეულის ამგვარ ვნებით მითოლოგიაში კი იმაზე მეტი  რამ წერია, ვიდრე ჩემ და თქვენ მიერ წაკითხულ წიგნთა დასებში.

ტროელი პრინცის – ტითონოსის და ქალღმერთ ეოსის სიყვარული სულისა და სხეულის მითია, რომელიც უკვდავ ხმად შეერთო ჩვენს მდგრად სამყაროს. ეს მითი გვამცნობს, რომ განთიადის ქალღმერთს – ვარდისფერთითება ეოსს ტითონოსის ხილვისას ეროსის უკურნებელი სენი შეეყარა. და ვინაიდან უკვდავ ღმერთებს ყველაზე მეტად სწორედ სიკვდილის იდეა აშინებთ, ქალღმერთი ოლიმპიელებს მიადგა ტითონოსისთვის უკვდავების მინიჭების თხოვნით. მისმა ვედრებამ და ზევსის „გულმოწყალე“ ნებამ კი მოკვდავი პრინცის არსებიდან სიკვდილის ყველა მნიშვნელობა მყისვე წაშალა.

მაგრამ ჩვენ, ვინაც კარგად ვუწყით,  რომ მიჯნურს თვალად სიტურფე და მზეობა ჰმართებს, ამ მითში აუცილებლად ამოვიცნობთ დროის მსვლელობის დაუნდობელ სისასტიკეს – წარმავალობას და ეროსის აღმაფრენებში ჩაბუდებულ სისასტიკეს – დაუდევრობას:

ეოსი, რომელსაც სიყვარულის ფრფინვათა ჟამმა დაავიწყა ტითონოსისთვის მარადიული სიჭაბუკეც გამოეთხოვა ღმერთებისგან, ხედავდა – დროის მსვლელობასთან ერთად, როგორ უსულგულოდ ბერდებოდა, ხუნდებოდა და ჭკნებოდა მისი სიყვარული.

ბევრი რამაა სახილველად საზარელი ამ სამყაროში, მაგრამ არაფერია დაბერებული სიყვარულის ხილვაზე უფრო საშინელი. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მობორიალე, დამჭკნარ სიყვარულს არც საფლავი აქვს, არც სახელი, აღარც ფორმა, აღარც დიდება. მას მხოლოდ ხმა აქვს შერჩენილი, რომლითაც ისე გულსაკლავად უხმობს სატრფოს, როგორც მარადიულ სიბერეში ჩარჩენილი და ჩამომჭკნარი ტითონოსი უხმობდა ეოსს.

თუ ჯერ ვერ ხვდებით, როგორი ხმა აქვს სინამდვილეში ეროსს, მაშინ ყური მიუგდეთ ჭრიჭინების ჭრიჭინს და მასში აუცილებლად ამოიცნობთ ჭრიჭინად გარდასახული ტითონოსის სიყვარულის უკვდავ სიმღერას ეოსისადმი.

და ერთ მშვენიერ დღეს, ჭრიჭინების მარადიულ სიმღერაში საკუთარი სულისა და სხეულის ხმას თუ აღმოაჩენთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს არსებაში წესისამებრ – უცაბედად და უმიზეზოდ გაიშალა მეწამული ყვავილი იმ მძვინვარე ჰარმონიისა, რომელსაც ბევრი სახე, მაგრამ ერთადერთი სახელი აქვს – ეროსი ანუ „სურვილისა და მიზიდულობის მძაფრი შეგრძნება, რომელსაც შეხებათა დაუოკებელი წყურვილი მართავს“.

ნუ დააოკებთ მის ყვავილებს, ნუ დააოკებთ!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“