თუ შენ ტიპური დირექტორი ხარ, ალბათ, გინდა სწრაფად მიაღწიო დიდ წარმატებას და აღიარებას, გინდა ყველასგან დაფასებული იყო, ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს შენზე და შენს მიღწევებზე, უყვარდე თანამშრომლებს და ამავდროულად, ჰქონდეთ რიდი და პატივისცემაც, აღიარებდნენ შენს დიდ წვლილს იმაში, რასაც შენი დაწესებულება აკეთებს და არამც და არამც არ გინდა ზურგს უკან გკიცხავდნენ, ამრეზით გიყურებდნენ ან შენი კაბინეტი შენთვის შეუფერებლად მიაჩნდეთ.
ორივე შემთხვევაში, შენ, ალბათ, გიცდია, გეფიქრა შენი მიღწევების და სისუსტეების საფუძვლებზე. ალბათ, გიცდია გაგეგო, რა იყო მათი მიზეზი, საფუძველი თუ ბრალი იმ წარმატებებში, პრობლემებსა და დაკარგულ შესაძლებლობებში, რომლის წინაშე დროდადრო აღმოჩნდები. ეს სულაც ნიშნავს იმას, რომ საქმე ძალიან კარგად ან ძალიან ცუდადაა. უბრალოდ, სხვა წარმატებული ხელმძღვანელების მსგავსად, შენც უნდა დაჯდე და კარგად დაფიქრდე, ვისი და როგორი შრომით ხდები წარმატებული ან რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც გინდა, რომ გამოვიდეს; რატომ გრძნობ ან ვერ გრძნობ გარშემომყოფთაგან იმგვარ დაფასებას, როგორსაც გგონია, რომ იმსახურებ.
საძირკველი და სახელი
ბევრი წარმატებული მენეჯერი თვლის, რომ მისი წარმატების საძირკველი ყველაფრის სწორად დაგეგმვაა. ამიტომ წინდაწინ ადგენენ ინდივიდუალური განვითარების გეგმას (IDP), რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო მიზნებსა და ხედვებს მომავალი წლისთვის. მასში მთავარია: მიზნების განსაზღვრა და დაკავშირება ხედვასთან SMART (გონივრულ) მოდელზე დაყრდნობით და განრიგის შექმნა[1].
- დაგეგმე სამუშაო
- დაგეგმე წელი
- დაგეგმე კვირა
- დაგეგმე თითოეული დღე
თუ დაგეგმავ, გეცოდინება, რა რატომ უნდა გააკეთო და შედეგად რა უნდა მიიღო. გეცოდინება, შეხვედრები როგორ არ გაწელო გაუთავებლად და რა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გეცოდინება ყოველი შანსის გამოყენება, რათა უკან მოხედვისას დარწმუნდე, რომ არ გამოგეპარა, არ უგულებელყავი ან სანაგვეზე არ მოისროლე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ან ვინმე, რომელსაც შენთვის და სხვებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო.
დაგეგმე აკურატულად, გახსოვდეს, დაგეგმვა ის საძირკველია, რომლისკენაც ხშირად უნდა გადაიხარო და გადაამოწმო, აქ სისუფთავეს ძირი ხომ არ შეემღვრა. თუ ასეა, გახსოვდეს, ბევრი უნდა იკითხო, ისწავლო და სხვებსაც დიდი ყურადღებით მოუსმინო, რათა აქ აკურატულობა შეინარჩუნო.
საძირკვლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, რადგან იქ შენი სახელი წერია და იგი ან თეთრი იქნება და ანაც – შავი.
ბურთი და სახურავი
თუ მყარად დგახარ და წინსვლაც გამოგდის, ნურც სახურავზე ასვლისა შეგეშინდება, რათა გადაამოწმო, შენს შენობას „წყალი” ხომ არსაიდან ეპარება მას შემდეგ, რაც ვინმე თინეიჯერმა სახურავზე ბურთის მთელი ძალით შეგდება სცადა. ჩამოიტანე ბურთი, სახურავი კი შეაკეთე. ეს არც ძნელია და არც იოლი. ეს, უბრალოდ, მოვალეობაა, რომლითაც საკუთარი თავი, სხვები და მათი შრომა დაიცვა და სხვა შემთხვევებში ბევრი კარგი სტუმარ-მასპინძელი შეიფარო. „ხვანცალა მოზარდი” კაბინეტში დაპატიჟე, მისი ინტერესის სფერო შეიტყვე, დაეხმარე, ემეგობრე და ასე „დასაჯე”. ნურც ეს მიმართვა გაგაკვირვებს, რადგან მართლა არსებობდნენ დირექტორები, რომელიც ამას აკეთებდენ, ისე, რომ არც ძალ-ღონე დაჰკლებიათ, არც ღირსება და, მით უფრო, – აღიარება[2].
ჭერი
ნურასდროს შეეცდები, ძველი, მყარი ჭერი მთლიანად ჩამოყარო და ახალი, უვარგისი ჭერით ჩაანაცვლო. ბევრი ისწავლე, შეაკეთე, გაახალისე, გამოაცოცხლე, თორემ ახალი და უვარგისი ვარდნისას სხვებთან ერთად თავადაც მოგიყოლიებს და ამას არაფერი ეშველება.
ხოლო თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, მაშინვე აღიარე შეცდომა და ნუ ეცდები, სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.
თაიგული
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ადამიანები მსგავსი ინტერესებით ერთიანდებიან, რამდენადაც მათ ყველას აქვს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილება, საკუთარი ნიჭისა და უნარების დაუოკებელი სურვილი და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ეს მარტივი სქემა ადამიანებს საზოგადოების სამსახურში აყენებს და გამორჩეული მისიის პოვნაში ეხმარება. მათ კარგი ლიდერი როლებს სწორად და სამართლიანად გადაუნაწილებს, მეტ ნდობას გაუჩენს, ზრუნვის სურვილს გაუძლერებს და იდეებში, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში საკმარის თავისუფლებას მიანიჭებს. ასე გუნდის წევრები მეტს სწავლობენ, საქმისაგან გრძნობენ დიდ სიამოვნებას და უფრო დიდი საქმეებისთვისაც დღითი დღე იზრდებიან.
ნამდვილი გუნდი სურნელოვანი თაიგულივითაა, რომელშიც მშვენიერება სარგებელს ერწყმის და რომლის გამოყენება ჭკნობის შემდეგაც სასურველია /შესაძლებელია.
თუ გუნდიდან ერთი ვინმე მაინც გარიყე და ამიტომ თაიგულთან მოსვლა აღარ სურს, გახსოვდეს, ასეთი თაიგული ყარს და მას დაჭკნობამდეც ნაგავში მოისვრიან.
ხვრელი
ნურასდროს შექმნი კორუფციულ ხვრელს. კორუფციით მიღწეულ სარგებელზე მნიშვნელოვანი სახეა, რომლითაც ჩნდები და სახელია, რომელიც ყველგან დაგყვება.
გახსოვდეს, ხვრელებში ვირთხები დაძვრებიან!
[1] ინდივიდუალური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით იხილე ჩვენი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=16125