თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით მოსწავლეები არა მარტო ცოდნას ეუფლებიან, არამედ უვითარდებათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარებიც, რადგან სწორედ სწავლების ეს ფორმა მოითხოვს და უწყობს ხელს მათ უშუალო კომუნიკაციასა და ინტერაქციას. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ისეთ კომუნიკაციურ უნარებს, როგორებიცაა: კითხვის დასმის, აქტიური მოსმენის, თხრობის, მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და ადეკვატური საპასუხო რეაქციის დაბრუნების უნარები და სხვ. თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს ასევე სოციალიზაციის უნარების განვითარებას: საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვისა, სხვათა აზრებისა და შეხედულებების პატივისცემისა, საერთო გამოცდილებიდან გამოცდილების შეძენისა და სხვ. მაშასადამე, აქ შერწყმულია სწავლის კოგნიტიური და სოციალური ასპექტები.
გაგაცნობთ სწავლების ერთ-ერთ მეთოდს – ინტერვიუ სამ ნაბიჯს, რომელიც მოსწავლეებს ისეთი კომპეტენციების დახვეწაში დაეხმარება, როგორებიცაა მიზანმიმართული კითხვების დასმა, ინფორმაციის ლოგიკურად და ლაკონურად ჩამოყალიბება და მიწოდება, აქტიური მოსმენა, ჩანაწერების გაკეთება, შეჯამება, პერეფრაზირება და სხვ.
1. მასწავლებელი ირჩევს საკითხს/პრობლემას, აყალიბებს მიზანს და აცნობს კლასს;
2. კლასში ყველა მოსწავლე ამზადებს კითხვებს საკითხის/პრობლემის ირგვლივ ინტერვიუსთვის;
3. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამკაციან ჯგუფებად/ტრიადებად და უხსნის მეთოდ
ის არსს – ინტერვიუ სამ წრედ მიმდინარეობს, მაშასადამე, ტრიადის თითოეული მოსწავლე გამოდის როგორც ინტერვიუერის, ასევე რესპონდენტისა და დამკვირვებლის როლში;
. პირველი ნაბიჯი – მოსწავლე A ინტერვიუს იღებს მოსწავლე B-სგან, ხოლო მოსწავლე C, როგორც დამკვირვებელი, აკეთებს ჩანაწერებს, ე.ი. ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპონდენტის საუბრიდან;
. მეორე ნაბიჯი – მოსწავლე B ინტერვიუს იღებს მოსწავლე C-სგან, ხოლო მოსწავლე A, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს;
. მესამე ნაბიჯი – მოსწავლე C ინტერვიუს იღებს მოსწავლე A-სგან, ხოლო მოსწავლე B, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს.
თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო მასწავლებელმა/მოდერატორმა უნდა დაადგინოს. მაგ., 5 წუთი. მაშასადამე, სამივე ინტერვიუს ამ შემთხვევაში დაეთმობა 15 წუთი.
4. შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი გაერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი წინა ეტაპზე უკვე იყო დამკვირვებელი და აქვს ჩანაწერები. ამ ჩანაწერების გამოყენებით ექვსივე რიგრიგობით მოახსენებს დანარჩენებს თავისი ჩანიშნულიდან არსებითს. შემდეგ თითოეული ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას
მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციებს.
5. ბოლოს ხდება მიღებული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება.
როდის შეუძლია მასწავლებელს ამ მეთოდის გამოყენება?
როგორც თემის შესწავლის დაწყებისას მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, ასევე თემის შეჯამებისას. მეთოდი წარმატებით გამოიყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს და საშუალებას იძლევა, ყველა მოსწავლემ ჩამოაყალიბოს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა, მოხდეს ალტერნატიული გზების განხილვა, შეჯამება და საუკეთესოს არჩევა.
რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მეთოდის წარმატებით გამოყენებისთვის?
მრავალ ისეთ ფაქტორთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, მოსწავლეთათვის მეთოდის ზუსტი აღწერა, ინტერვიუს თემის მკაფიო ფორმულირება, მიზნის ჩამოყალიბება, ინტერვიუს მოსამზადებლად მოსწავლეთათვის დროის მიცემა, დროის სწორი მენეჯმენტი, ჯგუფების მუშაობისთვის თვალყურის დევნება და სხვა, მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარ უნდა ასწავლოს და გამოუმუშაოს ინტერვიუს წაყვანის ელემენტარული უნარ-ჩვევები.
. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ინტერვიუსა და დიალოგს შორის არის ერთი არსებითი განსხვავება: ინტერვიუს დროს ინტერვიუერისა და რესპონდენტის როლები მკაცრად არის განსაზღვრული;
. სანამ მოსწავლე ინტერვიუსთვის მზადებას/კითხვების ჩამოყალიბებას შეუდგება, მან უნდა გააცნობიეროს ინტერვიუს მიზანი, კერძოდ, რისი გაგება სურს რესპონდენტისგან;
. ამის შემდეგ იგი იწყებს კითხვების ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ზუსტად მიჰყვეს ამ კითხვებს, რადგან სიტუაციამ შესაძლოა განსხვავებული კითხვების დასმის საჭიროება წარმოშვას;
იმისთვის, რომ მოსწავლემ კითხვები კორექტულად ჩამოაყალიბოს და დასვას:
. იგი უნდა ფლობდეს კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკას;
. კითხვები გარკვევით უნდა იყოს დასმული;
. კითხვაში არ უნდა ჩანდეს ინტერვიუერის პოზიცია;
. შეეძლოს კითხვების თემატურად დაჯგუფება და პირველ- და მეორეხარისხოვნებად სელექცია;
. სწორად შეარჩიოს კითხვების თანამიმდევრობა – მნიშვნელოვანია, ინტერვიუ დაიწყოს ღია კითხვებით, რომლებიც გახსნის რესპონდენტს; არ არის სასურველი მნიშვნელოვანი კითხვების ინტერვიუს ბოლოში გადატანა;
. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ინტერვიუსთვის მეტად მნიშვნელოვანია აქტიური მოსმენა. ინტერვიუერის ყურადღება, მოთმინება, ემპათია რესპონდენტს სურვილს აღუძრავს, გასცეს ინფორმაცია და იყოს გულახდილი.
მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ:
. არ შეაწყვეტინოს რესპონდენტს აზრის მდინარება;
. მისცეს რესპონდენტს პაუზის საშუალება, რადგან ეს ფიქრის ბუნებრივი ფაზაა;
. მშვიდად მოისმინოს რესპონდენტის ყველა აზრი, ისეთიც კი, რომელსაც არ ეთანხმება;
. რესპონდენტის პასუხებიდან მნიშვნელოვანი დეტალი რომ არ გამორჩეს, სასურველია, გაიმეოროს მოპასუხის აზრი, რათა გადაამოწმოს, როგორ გაიგო იგი;
. სთხოვოს რესპონდენტს ნათქვამის დაზუსტება;
, თავი არიდოს ზედმეტად დადებითი ემოციების გამოხატვას.
ინტერვიუ სამი ნაბიჯის ინტერპრეტირებული ვარიანტი
პედაგოგი ამზადებს დაუსრულებელ წინადადებებს (სამ წინადადებას) აქტუალური/განსახილველი საკითხის/პრობლემის ირგვლივ. ამ წინადადებებს იგი წერს ბარათებზე და აწყობს კონვერტებში. თითო კონვერტში სამი სხვადასხვა წინადადება უნდა იდოს, კონვერტი კი იყოს იმდენი, რამდენი სამკაციანი ჯგუფიც არის კლასში.
1. კლასი იყოფა სამკაციან ჯგუგებად, რომელთაც დაურიგდებათ კონვერტები;
2. პირველი ნაბიჯი: ჯგუფის პირველი წევრი კონვერტიდან იღებს ერთ ბარათს და მასზე მოცემული საკითხის ირგვლივ რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობს (დროს განსაზღვრავს მასწავლებელი). ჯგუფის მეორე წევრი უსმენს და მოკლედ იმეორებს მოსაუბრის ნათქვამს, ახდენს მის რეზიუმირებას, მესამე წევრი კი აფასებს როგორც მთხრობელს, ასევე მსმენელს წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (შეფასების კრიტერიუმებს წინასწარ ადგენენ მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით) – მთხრობელში აფასებს საკითხის ფლობას და ვერბალური კომუნიკაციის უნარს, მსმენელში – იყო თუ არა იგი აქტიური და რამდენად აქვს რეზიუმირების უნარი.
3. მეორე და მესამე ნაბიჯზე როლები იცვლება.
დასკვნის სახით შეიძლება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ინტერვიუ სამი ნაბიჯი არის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები კი სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სოციალიზაციის უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.