ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

უსახელოთა სახელმძღვანელო   

მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამაჩემმა უჩვეულოდ გრძელი ყუთი რომ შემოიტანა ჩემს საძინებელში და მითხრა: აქ ისეთი რამე დევს, ყველაზე ცუდ დროს, ყველაზე ბნელ დღეებში რომ გამოიყენებ და გადარჩები; როგორ დიდ გასაჭირშიც უნდა ჩავარდე, ამის იმედი გქონდეს – უეჭველად დაგეხმარებაო. გაოგნებული შევყურებდი. ვერ ვხვდებოდი, ან გულს რატომ მიხეთქავდა უფორმო, ბუნდოვანი საფრთხეების ხსენებით, ან ამ გრძელ მუყაოს ყუთში ისეთი რა უნდა ყოფილიყო, განსაცდელში ჩავარდნილის გადარჩენა რომ შესძლებოდა.

საქსოვი მანქანა აღმოჩნდა.

თავიდან თითქმის დავიწყებულ თოჯინებს კაშნეები და მოსასხამები მოვუქსოვე, მერე ჩემთვის მინდოდა უსახელო სვიტერის მოქსოვა, მაგრამ არაფერი – საშინელი არაფერი – გამომივიდა, ბოლოს კი დიდ სათამაშოდ აღქმული ამ მანქანის არსებობაც დამავიწყდა. როცა მართლა დადგა ბნელი დრო და პურის ფული მთელი ოჯახის საფიქრებელი გახდა, ის ვერც ვერაფერში დაგვეხმარა – უკვე დაჟანგებულ-გაუბედურებული ეგდო სარდაფის კუთხეში.

სამაგიეროდ, წიგნს მივაგენი – შვეიცარიას თავშეფარებული უნგრელი მწერლის, აგოტა კრისტოფის „საერთო რვეულს“, რომელმაც მაფიქრებინა: როგორი ცუდი დროც უნდა დამიდგეს, როგორი განსაცდელისთვისაც უნდა მომიწიოს თვალის გასწორება, ეს პაწაწინა წიგნი ჩემს გადარჩენას შეძლებს-მეთქი. წინა საუკუნის ბოლო იყო და მუხლებზე რუსული თარგმანი მედო. მერე ფრანგულადაც წავიკითხე და ქართულადაც. ფრანგული კულტურის ცენტრიდან ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნებიც წამოვიღე. არ გაამართლა, ისევე, როგორც ამ მწერლის სხვა რომანებმა.

„საერთო რვეული“ კი ბრწყინვალეა, როგორც სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც რაღაცის სწავლა და იმ შემზარავი ჩიხიდან გამოღწევა უნდა, რომელში ჩარჩენილებიც ყოველდღე შავ მზეს უყურებენ.

1986 წელს გამოსულ ამ წიგნში ომი მხოლოდ და მხოლოდ ის ფარდაა, რომელმაც მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების სილუეტები უფრო მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს. ორ ძმას – ტყუპებს – დედა ომის თანმდევ საფრთხეებს გამოარიდებს და სოფელში ჩამოიყვანს ბებიასთან, ვისაც ნაცნობი და უცნობი „კუდიანს“ უძახის – ქმრის მკვლელობას აბრალებენ და მის ხელში ჩავარდნილი ბავშვებიც გულწრფელად ეცოდებათ. „ძაღლის ლეკვები“, „ძაღლის დაყრილები“, „ტურტლიანი ლეკვები“, „ეშმაკის ნაშიერები“ – ესეც ბებიის საალერსო სიტყვები (ქართული თარგმანიდან ამოწერილი).

ბავშვები კი როგორღაც ხვდებიან, როგორ უნდა გადარჩნენ ამ უსაშინლეს სამყაროში, სადაც მსხვერპლად ყოფნა ერთადერთ შესაძლებლობად მოჩანს. სხვას არჩევანი არც ექნებოდა, მათ კი – აქვთ: სწავლა, შრომა, მუდმივი ვარჯიში შიმშილთან, ტანჯვასთან, ტკივილთან, უსიყვარულობასთან შესაგუებლად… ერთი მტრის ენას რომ ისწავლიან, განმათავისუფლებლად მოვლენილი მეორე მტრის ენის სწავლას იწყებენ. „საერთო რვეული“ კი მათი ერთგვარი დღიურია, სადაც რიგრიგობით აღწერენ თავს გადამხდარ ამბებს და ცდილობენ, ობიექტურობის იმგვარ ხარისხს მიაღწიონ, როგორითაც საკუთარ ცხოვრებას იშვიათად თუ უყურებს და აფასებს ვინმე.

„- ამის მერე ქათმის ან გოჭის დაკვლა როცა მოგინდეს, გვითხარი, ჩვენ დაგიკლავთ ხოლმე.

– რაო, ეს საქმე მოგწონთ თუ რა?

– არა, ბები, სწორედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს, გვინდა, ამას შევეჩვიოთ.

– გასაგებია. ახალი ვარჯიშია. რას იზამ, ამჯერად მართლები ხართ. მოკვლაც უნდა შეგეძლოთ, თუკი საჭირო იქნება.

ჩვენ თევზებიდან ვიწყებთ. თევზს კუდით ვიჭერთ და თავით ქვას ვურტყამთ. მერე ვეჩვევით საჭმელად განკუთვნილი ფრინველებისა და ცხოველების – ქათმების, იხვების, კურდღლების ხოცვას, მერე კი ისეთი რამეების ხოცვას, რომელთა დახოცვასაც აზრი არა აქვს. ვიჭერთ ბაყაყებს, ვაჭედებთ ფიცრის ნატეხზე და ვუფატრავთ მუცელს, ვიჭერთ პეპლებს და ქინძისთვით მუყაოზე ვაბნევთ. სულ მალე პეპლების მშვენიერი კოლექცია გამოგვდის“.

ბიჭების სახელები არ ვიცით. ხანდახან თვალზე ხელაფარებულები დავყვებით სოფლის ბილიკებზე და რისი დანახვაც გვინდა, მხოლოდ იმას ვხედავთ: როგორ ეხმარებიან მეზობელს, როგორ მიაქვთ საბანი და საკვები ტყეში ნაპოვნი დეზერტირისთვის („არ გვინდა, კეთილები ვიყოთ. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიტანეთ, რომ თქვენთვის სრულიად აუცილებელია. ეგ არს და ეგ“)… ეს პირველი წაკითხვაა, პირველი მიახლოება იმგვარ ობიექტურობასთან, რომლითაც არასდროს შეგვიხედავს საკუთარი ცხოვრებისთვის, არც ჩვენი სიტყვები, გადაწყვეტილებები, ქმედებები შეგვიფასებია.

საბოლოოდ ვხვდებით, რომ ყური ყველაზე ძნელად მოსასმენს უნდა შეეჩვიოს, თვალი კი – ყველაზე ძნელად დასანახს. ომი, ომის საფრთხეები არასდროს მთავრდება და თუ გადარჩენა გვინდა საშინელ, სასტიკ სამყაროში, სწავლა და შრომა, ალბათ, ერთადერთ გამოსავლად უნდა მივიჩნიოთ.

სწავლა. შრომა. სხეულის საწრთობი ვარჯიშები. გრძნობების საწრთობი ვარჯიშები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი