სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა. მესამე ნაწილი

კონფრონტაციის სიტუაციაში ჩარევის წესები

წესი პირველი: ყურადღება მიაპყარით მოსწავლის ქცევას და არა მის პიროვნებას.
ერიდეთ სიტყვებს: “ცუდი”, “სულელური”, “უხეში” და სხვა. გამოიყენეთ წესი “აქ და ამჟამად” – ნუ გაუხსენებთ მოსწავლეს წარსულ “ცოდვებს”. მართლაც, თუ ზურა “სულ ცუდად იქცევა”, ახლა რატომღა მოიქცევა კარგად? იყავით მტკიცე, მაგრამ კეთილგანწყობილი: მტკიცე – მოსწავლის ცუდი საქციელის მიმართ, კეთილგანწყობილი – მისი პიროვნების მიმართ. მასწავლებლის ამგვარი ქცევის ქვეტექსტში იკითხება: “რასაც აკეთებ, ახლავე უნდა შეწყვიტო, მაგრამ შენდამი მე ჯერ კიდევ სიმპათიით ვარ განწყობილი”. თქვენი რწმენა ყველაზე ძლიერი იმპულსია ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
წესი მეორე: აკონტროლეთ ემოციები
ბუნებრივია, მოსწავლის ცუდი საქციელი მასწავლებელს აღიზიანებს, აბრაზებს. ასეთ დროს ადამიანს უჭირს ლოგიკურად აზროვნება, სწორად მოქცევა. მოსწავლე თქვენს გაბრაზებას ცდილობს, ნუ წამოეგებით მის ანკესს! თუ მან თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა მოახერხა, მართლაც ძლიერი ყოფილა. როდესაც მასწავლებელი მართავს თავის ემოციებს, ის: ა) ახერხებს მოსწავლის არასასურველი ქცევის აღკვეთას; ბ) ამზადებს ნიადაგს წარმატებული ურთიერთობისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. თქვენი ბრაზი მოწინააღმდეგის გამარჯვებაზე მიუთითებს. ეცადეთ, არ აჰყვეთ მოსწავლის გამოწვევას. ბრაზის განსამუხტავად გამოიყენეთ თვითრეგულაციის ხერხები, მაგალითად, ასეთი: დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი “მწვალებელი”, გულში უთხარით ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, უყვირეთ კიდეც. ნახეთ, როგორ განიტვირთებით. საზოგადოდ კი მიმართეთ სპორტს, მუსიკას, ისეირნეთ და სხვა. ეს ერთგვარად დაგიცავთ პროფესიული გადაწვისგან, რომლის მხვერპლიც ათასობით მასწავლებელია.
წესი მესამე: ნუ გაამწვავებთ ვითარებას
ნურასოდეს იტყვით იმას, რაც ვითარებას გაამწვავებს. ცდებით, თუ: 1) უწევთ ხმას, ყვირით, იყენებთ გამომწვევ პოზებსა და მიმიკას (მაგალითად, სათქმელს კბილებში ცრით); 2) ამბობთ: “აქ მე ვარ უფროსი”, სიტუაციის ბატონ-პატრონივით იქცევით, მოითხოვთ, მბრძანებლობთ; 3) ბოლო სიტყვა ყოველთვის თქვენია; 4) აფასებთ ბავშვის ხასიათის თავისებურებებს (მაგ., “უხეში”, “უზრდელი”); 5) იყენებთ ფიზიკურ ძალას, აყენებთ ბავშვს კუთხეში; 6) კლასში ეძებთ მხადამჭერებს და ითრევთ მათ კონფლიქტში; 7) თავს იცავთ მოსწავლის “მოქრთამვით”; 8) დასცინით მოსწავლეს და სხვა. შესაძლოა, ზოგიერთმა ხერხმა დროებით გაჭრას, მაგრამ სწორედ დროებით. დროებითი სიმშვიდისთვის მოსწავლის მოქრთამვა არ ღირს. ერთხელაც რომ უთხრათ მას: “თუ დღეს არ გადაიწერ და სამუშაოს დამოუკიდებლად შეასრულებ, ხვალ გეომეტრიაში არ გამოგიძახებ”, – ის მეორედაც აუცილებლად გკითხავთ: “არ გადავიწერო და ხვალ არ გამიძახებთ?” წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდებით.
წესი მეოთხე: განიხილეთ მოგვიანებით
არასწორ საქციელზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არა მაშინვე. ცხელ გულზე საუბარი არ ღირს. მაშ, როდის? ერთი საათის შემდეგ, ან სულაც ხვალ, ზეგ, როცა მასწავლებელი მზად იქნება, მოსწავლის ქცევა განიხილოს და არა პიროვნება. ბუნებრივია, იკითხავთ: თუ ამ წესს მივდიეთ, როგორ მიხვდება მოსწავლე, რომ ცუდად მოიქცა? ეს მან უთქვენოდაც მშვენივრად იცის. მაგალითად, გაკვეთილზე ბიჭმა შეიგინა. მან, რასაკვირველია, იცის, რომ ეს ცუდი საქციელია. თუ თქვენ მას მთელი კლასის წინაშე ლექციას წაუკითხავთ ენის სიწმინდის შესახებ, ეს მისთვის დიდი საჩუქარი იქნება. რეაგირება საჭიროა, ლექციის წაკითხვა კი – ისეთ დროს, როცა ეს მისთვის ხელსაყრელი არ იქნება. კლასიც მიხვდება, რომ თქვენ ხელი არ გაქვთ მიშვებული, რადგან დროდადრო ამ თემას ეხებით და ზოგად დისკუსიას მართავთ.
წესი მეხუთე: მიეცით მოსწავლეს საშუალება, შეინარჩუნოს სახე
ზოგიერთი მოსწავლე, მაგალითად, ძალაუფლებისმოყვარე, არ გაჩერდება, ვიდრე წარმოდგენას არ მოაწყობს. ისინი მასწავლებელს სთავაზობენ თამაშის საკუთარ წესებს. წესები ასეთია: აკეთებენ იმას, რასაც ვთხოვთ, მაგრამ თავისებურად. სწორედ ეს აბრაზებს ყველაზე მეტად მასწავლებელს. მაგალითად, თქვენ სთხოვთ ლილის, მორჩეს კლასში სიარულს და თავის ადგილზე დაჯდეს. ის გემორჩილებათ, მაგრამ მერხისკენ მიბრუნებული ბუზღუნებს. რას აკეთებს ამ დროს მასწავლებელი? არსობრივად, მოსწავლემ დაგიჯერათ და დაჯდა, მაგრამ მასწავლებელთა უმრავლესობას აქ მოსდის ტიპობრივი შეცდომა – მოითხოვს სრულ დაქვემდებარებას. “რა გაბუზღუნებს?” – მიმართავს მოსწავლეს და იწყება ახალი კონფრონტაცია, რომელიც შესაძლოა პირველზე მძიმე შედეგით დასრულდეს.
ბუზღუნი ბუნებრივი რეაქციაა, მას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ჩვენც ასე ვიქცევით, როცა ვინმე ჩვენგან მორჩილებას მოითხოვს. მოსწავლეები სხვა ხერხებსაც მიმართავენ: აჭიანურებენ მოთხოვნის შესრულებას, გრიმასებით გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, იყენებენ უპატივცემულობის გამომხატველ ჟესტებს, იმეორებენ იმ მოქმედებას, რომლის შეწყვეტასაც მოითხოვთ და სხვა, თუმცა ბოლოს მაინც გემორჩილებიან. თუ საშუალებას მისცემთ, ითამაშონ თავიანთი “თამაში”, ინციდენტი ამოიწურება, მიიღებთ იმას, რაც გინდათ და არც მოსწავლის ღირსებას შეურაცხყოფთ. შედეგად ორივე მოგებული რჩებით.
წესი მეექვსე: ნუ გამოამჟღავნებთ აგრესიას
ზოგჯერ მასწავლებელიც ბრაზდება, მაგრამ აგრესიის გამომჟღავნების უფლება მას მხოლოდ წარმოსახვაში თუ ექნება.
მისდიეთ შემდეგ წესებს:
ა) გადადეთ დისციპლინური ზომები და გამოიყენეთ სათანადო ტექნიკები მშვიდობის დასამყარებლად;
ბ) გადადეთ აღმზრდელობითი ღონისძიებები, ვიდრე დამშვიდდებით. თქვენი ასეთი ქცევა თანდათან მოსწავლისთვისაც მოდელად იქცევა, ეს კი ძალზე ღირებული რამ არის.
კონფრონტაციის სიტუაციაში ჩარევის ტექნიკები
შურისძიება ყველაზე მძიმე ქცევაა. ის მხოლოდ მასწავლებელს კი არ ურთულებს მუშაობას, არამედ მწყობრიდან გამოჰყავს მთელი კლასი. წარმოვიდგინოთ, როგორ ხდება ვულკანის ამოფრქვევა: ჯერ რაღაც ხმები მოისმის, შემდეგ რყევა იწყება, ბოლოს კი გავარვარებული ლავა ამოიფრქვევა, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი წალეკოს. შურისმაძიებელი მოსწავლის ქცევაც ასეა, მაგრამ, ვულკანისა არ იყოს, ისიც ჩაქრება, ეს კი უკვე ის ეტაპია, რომელიც გაანალიზებას მოითხოვს, რათა აღარ განმეორდეს.
გამოყოფენ “საკლასო ვულკანის ამოფრქვევის” 3 სტადიას: 1. “ჩუმი რყევებისას”; 2. “აფეთქებისა და ლავის ამოფრქვევისას” და 3. გადაჭრისას.
“ჩუმი რყევების” სტადია. ამ სტადიაზე მოსწავლე გაფრთხილებთ, რომ მზადდება კონფლიქტი. გაფრთხილებთ არავერბალურად ან ინტონაციით. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ეს ყველაფერში იგრძნობა, სიცილშიც კი. დახვეწილი მანევრირება საშუალებას მოგვცემს, “შევინარჩუნოთ სახე”, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გამოვიყენოთ საჭირო ტექნიკები – არასტანდარტული და მოულოდნელი:
1. აღიარეთ მოსწავლის ძალა. ზოგიერთ მასწავლებელს ჰგონია, მოსწავლეს, რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებო. ეგებ ერთხანს მოახერხოს კიდეც, მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს: ვიდრე მოსწავლე თვითონ არ გააკეთებს არჩევანს, მაგ., ისწავლოს თუ არა მათემატიკა, თქვენ მიზანს ვერ მიაღწევთ (გაიხსენეთ ნიუტონის მესამე კანონი – რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა).
2. ნუ ჩაებმებით დამარცხებისთვის განწირულ ომში. ურთიერთობა დაიწყეთ, მაგალითად, ასეთი ფრაზით: “ნიკა, მე მივხვდი, რომ ვერ ვახერხებ, დავალება შეგასრულებინო”. ნიშნავს თუ არა ამის აღიარება თქვენი ავტორიტეტის დაცემას და იმას, რომ ნიკას შეუძლია, ყველაფერი აკეთოს, რაც მოესურვება? არა! ამის შემდეგ გადადით მესამე სტადიაზე – პრობლემის მოგვარებაზე, რომლის მიზანია მოსწავლეზე ზემოქმედება, რათა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მოსწავლის ძალის აღიარება ხშირად სიტუაციის განმუხტვას იწვევს, რადგან ამით ძალთა თანაფარდობის აღიარება ხდება, ეს კი მოწოდებაა თანამშრომლობისკენ და არა კონფრონტაციისკენ.
3. მოიშორეთ მაყურებელი. თუ ორი მოსწავლე დერეფანში სხვების თანდასწრებით ჩხუბობს, უპირველესად მაყურებლები მოიშორეთ. უმაყურებლოდ ჩხუბი სიმწვავეს კარგავს. თუ კამათი საკლასო ოთახში ხდება და მოსწავლე ცდილობს, კამათში ჩაგითრიოთ ისეთ საკითხზე, რომელიც არ ეხება გაკვეთილის თემას (თანაც კლასისგან დიდ ყურადღებას გრძნობს), უთხარით, რომ ამის თაობაზე აუცილებლად დაელაპარაკებით აუდიტორიის გარეშე. წესისამებრ, უმაყურებლოდ სპექტაკლი არ შედგება!
4. გადაიტანეთ საკითხის განხილვა. ბოლო გაკვეთილია და მოსწავლეებს დავალებას აძლევთ. ნანა თავის მეგობარს ყველას გასაგონად ეუბნება: “რამდენი დავალება მოგვცა, მეტი საქმე არა მაქვს, ამ სისულელეს შევწირო მთელი საღამო”. მთელი კლასი თქვენი რეაქციის მოლოდინშია. ჩაერთვებით ამ ორომტრიალში და მთელი კლასი ნანას მხარს დაიჭერს, თქვენ კი თავის ტკივილს აიტეხთ. ოპტიმალური გამოსავალია საკითხის განხილვის გადადება. მაშინვე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი-ორი ფრაზა თქვათ, მაგ., ასეთი: “ახლა არ მსურს ამაზე საუბარი”, “შენ სკანდალი გინდა თუ მართლა ამ პრობლემის მოგვარება გსურს?” თუ გითხრათ, რომ სკანდალი უნდა, უპასუხეთ: “ოღონდ ჩემთან არა”, „სხვა აირჩიეთ”, „მე მოსწავლესთან ამას არ გავაკეთებ”, – ან: “მოდი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ”.
5. გააკეთეთ ჩანაწერები. როგორც კი მოსწავლე თქვენს გამოწვევას დაიწყებს, ამოიღეთ ბლოკნოტი და მიმართეთ მოსწავლეს: “თანახმა ვარ, ამ საკითხის განსახილველად დრო დაგითმო, მოდი, შევთანხმდეთ, სად და როდის. დღეს, მაგალითად, 3 საათსა და 15 წუთზე. გაწყობს?” სადისკუსიო თემის შესახებ მეტი არაფერი თქვათ.
6. დააყენეთ მოსწავლე ამოცანის წინაშე. ეს თქვენი მხრივ პროვოკაციული განცხადებაა, რომლის ქვეტექსტია: “ჩემით მანიპულირება არ შეიძლება!” გვთავაზობენ ორ ძალზე ეფექტურ ტექნიკას:
1. დაეთანხმეთ მოსწავლეს. მოსწავლე გაკვეთილზე “არევის” მომენტში ყველაზე ნაკლებად თქვენს თანხმობას ელის. ეს აოცებს მას და ხშირად ყველაფერი ამით მთავრდება. ერთი მასწავლებლი ქალის მონათხრობი: “როგორც კი ჟურნალიდან გვარების ამოკითხვა დავიწყე, ერთი მოსწავლე მეკითხება, რატომ მაქვს ულვაშები. მე ვპასუხობ, რომ ეს ზედმეტი კალციუმის ბრალია და ხმამაღლა ვაგრძელებ: “დაფასთან გამოვა..” ინციდენტი ამით ამოიწურა. 2. შეცვალეთ თემა. ზემოთ მოყვანილი შემთხვევის გაგრძელება შეიძლება ასეთი იყოს: მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება, ხომ არ მოუსმენია ტელევიზორში, მაგ., როგორი ამინდი იქნება ხვალ, ან რა სპექტაკლი… მოსწავლემ თვითონაც კარგად იცის, რომ მისი სიტყვები სულელურია და საწყენი, ამიტომ ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. მასწავლებლის მიზანია, შეწყდეს კონფრონტაცია, ამის შანსი კი ასეთი ხერხის გამოყენებისას ნამდვილად არსებობს.
“ლავის ამოფრქვევის” სტადია. თუ კონფრონტაცია არ დასრულდა, პირველ ეტაპზე გაფრთხილდით – აფეთქებაა მოსალოდნელი. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს დროებითი იზოლაციის ტექნიკები, როგორც, მაგალითად, საფეხბურთო მატჩზე. საქციელზეა დამოკიდებული, რამდენი ხნით და სად გაუშვებთ მოსწავლეს. არასწორია მოსწავლის კორიდორში ან “გაურკვეველ ადგილას” გაშვება. ქვემოთ ჩამოთვლილია ტექნიკები სიმკაცრის ზრდის მიხედვით:
1. განცალკევება კლასიდან გაუშვებლად. ამისთვის შეიძლება კლასში სპეციალური ადგილი გამოიყოს: კარადის, ინსტრუმენტის უკან. მთავარია მოსწავლე იზოლაციაში მოექცეს.
2. პარალელურ ან რომელიმე უფროს კლასში გაშვება, მაგრამ არა უმცროსში – ეს მოსწავლის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს (ამ ტექნიკის გამოყენების თაობაზე მასწავლებლები წინასწარ შეთანხმდებიან).
3. სპეციალურ ოთახში გაშვება. ამ მხრივ დასავლეთის სკოლებში არსებობს საინტერესო გამოცდილება – ეს არის ჩვეულებრივი ოთახი და არა დირექტორის კაბინეტი.
4. გაშვება სკოლის ადმინისტრაციის კაბინეტში. ეს უკიდურესი ზომაა. სახლში გაშვებას მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ, რადგან ხშირად მშობლები შინ არ არიან.
5. კლასიდან გაძევება ძალის გამოყენებით. ეს უკიდურესი ზომაა. როგორ მოვიქცეთ, თუ მოსწავლე კლასიდან არ გადის? დაიხმარეთ, მაგალითად, მანდატურები.
ვიდრე მოსწავლეს კლასს დაატოვებინებთ, მას არჩევანის უფლებას აძლევთ: “დაწყნარდები თუ დატოვებ კლასს?” იზოლაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე. უმცროსკლასელებისთვის საკმარისია 5 წუთი, უფრო დიდებისთვის – 15-30 წუთი. შეიძლება, მოსწავლემ თვითონვე განსაზღვროს დრო. თქვენ სთავაზობთ: “დაბრუნდი, როცა იგრძნობ, რომ მზად ხარ, წესიერად მოიქცე. თუ დაბრუნების შემდეგაც ცუდად მოიქცა, უფრო მეტი ხნით გაუშვებთ, ოღონდ ამის თაობაზე აღარ უთანხმდებით და თუ სიტუაცია არ მოგვარდა, მომდევნო სტადიაზე გადადიხართ.
მოგვარების სტადია. დანაშაულს გამოსყიდვა სჭირდება. მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ ამას. და, აი, აქ დგება სანქციების საკითხი. სანქცია განსხვავდება სასჯელისგან: ა) სანქცია ლოგიკურად უნდა იყოს დაკავშირებული დარღვევასთან. რაც უფრო მჭიდროა ეს კავშირი, მით უფრო დიდია წარმატების ალბათობა; ბ) სანქცია დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს; გ) სანქცია მოსწავლის ასაკს უნდა შეესატყვისებოდეს. მაგალითად, თუ მოსწავლე მერხს არყევს და სხვას ხელს უშლის, უნდა შეაწყვეტინო რყევა (რა გზით, ეს თქვენი საქმეა), მაგრამ თუ ამის გამო აიძულებ, გაკვეთილების შემდეგ კლასი დაგავოს, ეს არც თანაზომიერია და არც ლოგიკური. ასევე, სანქცია მოსწავლეს გზას არ უნდა უღობავდეს წარმატებული მომავლისაკენ. გახსოვდეთ, არ დაუშვათ ზემოთ განხილული ტიპური შეცდომები. მოახდინეთ სანქციების ფორმულირება უემოციოდ, მისაღები ტერმინებით, ფაქტებზე დაყრდნობით. სხვაგვარად ეს უკვე სასჯელია, რაც სხვა შედეგს გამოიღებს – სიძულვილსა და ანტაგონიზმს გამოიწვევს და თანამშრომლობა და პარტნიორობა შეუძლებელი გახდება.
ჯ. ჯილბერტი გვთავაზობს სანქციების საინტერესო კლასიფიკაციას:
1. უფლების ჩამორთმევა
1.1 მოქმედებისა – თუ მოსწავლე თავისი საქციელით სხვებს დროს აკარგვინებს, შეიძლება, მას ძვირფასი დრო ჩამოვართვათ, მაგალითად, ნაკლებ ხანს დავასვენოთ, დაგვიანებით გავუშვათ კლასიდან. რამდენ დროსაც სხვას დააკარგვინებს, მასაც იმდენს ვართმევთ.
1.2 ნივთების გამოყენებისა – ერთხანს არ მისცეთ ნება, ისარგებლოს, მაგალითად, სპორტული იარაღით, რომელიც დააზიანა.
1.3 სკოლაში რაიმე ტერიტორიით სარგებლობისა – თუ სასადილოში ხულიგნობს, არ მისცეთ სასადილოში შესვლის ნება;
1.4 ურთიერთობისა – მაგალითად, აუკრძალეთ სხვა მოსწავლეებთან ყოფნა.
2. შეხვედრის მოთხოვნა
2.1 სკოლის პერსონალთან – თუ მასწავლებელმა ვერაფერი გააწყო მოსწავლესთან, შეიძლება მოითხოვოს სასწავლო ნაწილთან ან დირექტორთან ვიზიტი, რომლის მიზანია, დაიგეგმოს მოქმედებები სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
2.2. მშობლებთან – ზოგჯერ საჭიროა მშობლების ინფორმირება მოსწავლის გამოხტომების თაობაზე. ხანდახან საკმარისია, ტელეფონით თვითონ მოსწავლე მოუყვეს მშობელს თავისი საქციელის შესახებ.
2.3 პოლიციასთან – ზოგჯერ მოსწავლეები კანონს არღვევენ: ქურდობა, ნარკოტიკი, მკვლელობაც კი. ჩვენ მათ არ უნდა ვასწავლოთ კანონისთვის გვერდის ავლა. ამ შემთხვევაში მოსწავლესთან სკოლის ფსიქოლოგიც მუშაობს.
3. გაფუჭებულის აღდგენა
3.1 ნივთის შეკეთება – შეღებოს და გაასუფთაოს მერხი, რომელიც დასვარა ან დაკაწრა, გარეცხოს და დაალაგოს თავის მიერ დასვრილი ან არეული ნივთები.
3.2 ნივთის ადგილზე დაბრუნება – მოსწავლე აბრუნებს ნივთს ან თანაზომიერი ღირებულების ნივთით ანაზღაურებს.
როგორ რეაგირებენ მოსწავლეები სანქციებზე? ზოგი თავს გაჩვენებთ, თითქოს ეს სულაც არ ადარდებს. ნუ მოტყუვდებით, ეს მხოლოდ პოზაა. სინამდვილეში სწორად შერჩეული სანქცია თავის საქმეს აკეთებს.
მომდევნო სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, რა თავისებურებები ახასიათებს წარუმატებლობის შიშით გამოწვეულ ქცევით დარღვევებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“