კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

როგორები არიან კარგი მასწავლებლები?

ჩემს პირველკლასელ შვილიშვილს ვთხოვე, შთაბეჭდილება გაეზიარებინა თავის მასწავლებელზე. ლამაზი და მოსიყვარულეაო, ასე დამიხასიათა. მივხვდი, რომ, რაც მის ასაკში მნიშვნელოვანი იყო, იმას მიაქცია ყურადღება. ასეთია მოსწავლეების “დაკვეთა” დაწყებით საფეხურზე.

როგორები არიან კარგი მასწავლებლები? რა არის მათი ეფექტურობის მაჩვენებელი? როგორი მასწავლებლები რჩებიან სამუდამოდ მოსწავლეების მეხსიერებაში?

……………..
შუშანა გუნია ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა მეოთხე-მერვე კლასებში. ტიპური საბჭოთა პედაგოგი იყო კარგი გაგებით: მკაცრი, დინჯი, სერიოზული, საქმიანი, გაუთხოვარი, უშვილო, “მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“. აი, ისეთი, მასწავლებელი ლობიოს თუ ჭამს (სხვა მაგალითს აღარ მოვიყვან),არ მგონიაო,რომ იტყოდნენ ჩემს ბავშვობაში. არ მახსოვს მისი გაცდენილი გაკვეთილი ან უსაქმოდ გატარებული თუნდაც ერთი წუთი. დერეფანში გვერდით რომ ჩაგვივლიდა, კედელს ავეკვრებოდით. საკრძალავი, მოსარიდებელი (მასთან მეგობრობა და სიახლოვე წარმოუდგენელი იყო), თუმცა, კეთილგანწყობილი და მშვიდი. არც ყვირილი მახსოვს მისი და არც ხმის ოდნავადაც აწევა. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, მაღალი, წარმოსადეგი, უკან გადავარცხნილი ჭაღარა თმებით, თავისთავად განგაწყობდა, რომ პატივისცემით მოქცეოდი. მხოლოდ ჩვენს კლასს ასწავლიდა და მთელ თავის ენერგიას ჩვენთან ხარჯავდა. ასე ამბობდა, უნდა დავამტკიცო, რომ რეპეტიტორის გარეშე შეიძლება უმაღლესში ჩაბარებაო (როდინდელი პრობლემაა ) და დაამტკიცა კიდეც. ნამდვილად არ მოვმზადებულვარ არავისთან, ისე ჩავაბარე ინსტიტუტში. რაც კარგია ჩემში პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერს საფუძველი შუშანა მასწავლებელმა ჩაუყარა. არ ვიცი, რა მიზეზით დაანება თავი პედაგოგიურ მოღვაწეობას, მაგრამ, როცა ერთხელ შემთხვევით ვნახე (სად, აღარ მახსოვს), ისევ იმას დარდობდა, დაწყებული საქმე, რეპეტიტორის გარეშე უმაღლესში ჩაბარებისა  რომ ვერ მიიყვანა ბოლომდე.
……………..
ერთხელ თბილისში მივდიოდი მატარებლით. შევედი კუპეში და …გამაცივა…აგერ არ ზის ჩემი შუშანა მასწავლებელი! არადა, კაი ხნის გარდაცვლილია უკვე… დისშვილი აღმოჩნდა მისი… მოვიგონეთ… გამიხარდა, ვიღაც კიდევ რომ დადიოდა ამქვეყნად მისნაირი.
………………
თინიკო, თინა ოსეფაშვილი, კარგი მასწავლებელი თანამედროვე გაგებით. მეცხრე კლასიდან სწორედ მან მოჰკიდა ხელი ჩვენი აღზრდა-განათლების საქმეს. ლამაზი, მეგობრული, მოსიყვარულე, ხალისიანი, თავისუფლად მოაზროვნე (ჩემს შვილიშვილს რომ მოეწონებოდა ისეთი!). ჰქონდა რაღაც, რაც აღგაფრთოვანებდა და სხვებისგან გამოგარჩევინებდა, გაზვიადებულად რომ წარმოგადგენინებდა მის ღირსებებს. ერთხელ გვითხრა, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მერის როლზე ვიყავი მიწვეული და სინჯებშიც გადამიღესო. მიუხედავად იმისა, რომ როლზე არ დაუმტკიცებიათ, ჩემთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, ლეგენდარულ ადამიანად მიმაჩნია. არანაკლებ ხიბლს სძენდა მის პიროვნებას ნელი დუმბაძის რძლობა (ეს ის ნელი დუმბაძეა, ლადო ასათიანთან ერთად რომ სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სტუდენტებში კურსიდან კურსზე ჩურჩულით გადადიოდა პოეტისადმი მისი უპასუხო სიყვარულის ამბავი).  კარგი მეუღლე,  რომელიც ძალიან უდროოდ და ტრაგიკულად დაეღუპა და სამი უკარგესი შვილი ჰყავდა.
მუდამ მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება, როგორ მისაყვედურა ერთხელ უყურადღებობისთვის (“მე და ღამეს“ ხსნიდა):
– არ ეკადრება შენგან გალაკტიონს ასე მოსმენაო!
ეს იყო ყველაზე დიდი საყვედური, რაც ოდესმე ჩემ მიმართ მომისმენია, იმიტომ რომ ძალიან შეეხო ჩემს ამბიციებს და პატივმოყვარეობას. სკოლის დამთავრების შემდეგაც არ დამვიწყებია და შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა, ხშირად ვსტუმრობდი. მისი სახლის კარი, როგორც ჩემი ახლა, მუდამ ღია იყო მოსწავლეებისათვის და დაუკაკუნებლად შევდიოდი.
სიცოცხლის ბოლო წლებში თოჯინების თეატრში ვხვდებოდით ხშირად ერთმანეთს. მას შვილიშვილები და მე ჩემი შვილი დამყავდა სპექტაკლების საყურებლად. შევუშვებდით ბავშვებს დარბაზში და ჩვენ ეზოში ხან ალუდაზე ვსაუბრობდით და ხან ოთარაანთ ქვრივზე. უკვე კოლეგები, აღტაცებულები და ანთებულები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს აღმოჩენებსა და მიგნებებს და ეს გაკვეთილები სკოლისაზე უკეთესი იყო.
სკოლის დასრულების ბოლო დღეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა ჩამიწერა სამახსოვრო რვეულში, რომელსაც დღესაც ვინახავ, და მხოლოდ სახელი მიაწერა, რაც ასე ახსნა: ღმერთმა ნუ ქნას, დაგავიწყდეს ჩემი გვარი. მასწავლებლის უკვდავება ხომ მოსწავლის ხსოვნაში ჩარჩენილი მოგონებააო!

რა დამავიწყებს ამ ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას!

და რას ვფიქრობ, იცით? კარგი მასწავლებლობისთვის გადამწყვეტი მაინც პროფესიონალიზმია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი