კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

მითი მედეაზე

სამწუხაროა, ისე მოხდა, რომ არასოდეს მისწავლებია მეთორმეტე კლასისათვის, არადა, მეთორმეტე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო ჩემი ფავორიტია, ამის ორი მიზეზი მაქვს: პირველი მიზეზი ძალიან სუბიექტურია _ ამ წიგნის კონცეფციით მაღალ დონეზე შესრულებული თარგმანი უკვე მიმღები ენისა და ლიტერატურის ნაწილია და ვთქვათ, დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ,,დიდი და მცირე ანდერძი” ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ქართული ლიტერატურის ძეგლი, და ეს კონცეფცია მე გულზე მეფონება; ხოლო მეორე მიზეზი  კიდევ უფრო სუბიექტურია _ შემდგენელთა ლიტერატურული გემოვნება სრულად ემთხვევა ჩემსას. აი, თუნდაც ჰერმან ჰესეს ,,სიბერე”, ნამდვილი ლიტერატურა ხომ ძალიან დამაჯერებელია _ ამ ტექსტმა არათუ გამიქრო სიბერის შიში, მეტიც, სიბერისადმი ინტერესი და მოლოდინის გრძნობაც კი გამიჩინა; მერე კი  ქალბატონი მედეა ზაალიშვილი გავიცანი და ახლა უკვე ლიტერატურულის გარდა, ცხოვრებისეულმა მაგალითმაც დამარწმუნა, რომ მოხუცებულობა ადამიანის ცხოვრების ისეთივე მშვენიერი პერიოდია, როგორც ვთქვათ, პირველი სიყვარული ანდა სტუდენტობა.

მაშინ, როცა უკვე ჩვენი რეალობისთვის ტრადიციად ქცეული სიძულვილის საყოველთაო ამოფრქვევები დახრჩობას მიპირებს და მაშინ, როცა ჩემი მცდელობა, შევინარჩუნო წონასწორობა და საღი აზრი, ყოველი მხრიდან ეგზალტირებულთა აღშფოთებას აწყდება, სახლში დავიბარებ ხოლმე: ,,ქალბატონ მედეასთან მივდივარ!” და მივაშურებ იმ ადგილს, სადაც დროს ყოველგვარი ავი თუ კეთილი ვნებათაღელვა, კარგი თუ ბოროტი თავის ფილტრში გაუტარებია და უქცევია ერთ რამედ _ ძვირფას მოგონებებად სიცოცხლეზე; და მოხუცებულობის ამ განსაწმენდელში იოლია იმის გაცნობიერება, რომ რაც დღეს მტანჯველია და აღმაშფოთებელია, ხვალ აუცილებლად კეთილად მოსაგონებელ წარსულად იქცევა, ვინაიდან სიცოცხლე ისეთი მშვენიერია, ოდესმე მისი მწარე გაკვეთილებიც ღიმილით გაგვახსენდება.

  ქალბატონი მედეა შესანიშნავი მთხრობელია, მაგრამ იშვიათად წერს თავის მოგონებებს, ამიტომ მე გადმოგცემთ ჩრდილის ჩრდილად მის მონაყოლ ამბებს. თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ წერილს, იმედი მაქვს, არ მკითხავთ, მაგრამ თუ სტიმული გნებავთ მის წასაკითხად, გეტყვით: ქალბატონი მედეა ზაალიშვილი ჩემი ფავორიტია ორი სუბიექტური მიზეზით; პირველი ისაა, რომ მისი თარგმანები _ ფოლკნერის ,,სული რომ ამომდიოდა”, შექსპირის ,,ვენერა და ადონისი”,  იეიტსის ,,კელტური იავნანა” და მრავალი სხვა _ ქართული ლიტერატურის ნაწილია; ხოლო მეორე მიზეზი კიდევ უფრო სუბიექტურია _ ქალბატონი მედეა სრულიად მიესადაგება ჩემს გემოვნებასა თუ წარმოდგენას საკუთარი მომავლის იდეალური სურათის შესახებ.

ხის ქოშის ამბავი

პატარა მედეას დედა ბიბლიოთეკარი იყო, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და როცა ბავშვები წიგნს დაუბრუნებდნენ, ჩამოსვამდა, ამ წიგნზე გაესაუბრებოდა და თუ შეატყობდა, რომ უგულოდ ან სულ არ წაეკითხათ, უკან ატანდა ხოლმე.

პატარა მედეას მამა მათემატიკოსი გახლდათ, ბუღალტერი, პოეტი და მარადიული მიჯნური, ნამდვილი რომანტიკოსი, რომელიც უფროს შვილს ომში გაჰყვა და იქიდან დაავადებული დაბრუნდა. ამიტომაც ოჯახს ძალიან უჭირდა.

მედეას ფეხსაცმელები არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა. ერთხელაც ძმამ ხისგან ერთიანი ქოში გამოუთალა, ზედ ტყავი გადაუკრა: ,,აი, ისეთი იყო, აბანოში მექისეებს რომ ეცვათ”, _ სიცილით ჩაურთავს ქალბატონი მედეა; ჰოდა, ამოისუნთქა, დაკაკუნებდა ამ ქოშებით და სწავლობდა, სანამ ერთ დღესაც ცალი ქოში შუაზე არ გადაიმტვრა. რაღას იზამდა, ადგა და ფეხშიშველი წავიდა სკოლაში. 

გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიძახა. ვერ გამოვალო. რატომო, _ გაუკვირდა მასწავლებელს. ფეხზე არ მაცვიაო. შეხედა და ყოვლად გასაოცარი რეაქცია ჰქონდა: რატომღაც შეურაცხყოფილად და აბუჩად აგდებულად იგრძნო თავი და უფეხსაცმლო მოსწავლე კლასიდან გააგდო. აიტუზა ფეხშიშველი გოგონა კლასის კარებთან (აქ, ალბათ, უნდა დავწერო, რომ სლუკუნებდა, მაგრამ _ არა მგონია), გამოიარა სასწავლო ნაწილმა ვანო, რატომ ხარ გარეთო, გაუბრაზდა; ამანაც _ მასწავლებელმა გამომაგდოო. კი მაგრამ, რატომო; ფეხსაცმელები არ მეცვაო; გადაირია ვანო მასწავლებელი, რა უყავი ფეხსაცმელებსო და მანაც უამბო, როგორც გადაუტყდა ერთ-ერთ ქოშს ძირი.

სასწავლო ნაწილმა თავის კაბინეტში შეიყვანა, დაჯექი აქაო, უფროსკლასელი თავის სახლში გაგზავნა და თავისი შვილის ფეხსაცმელი მოატანინა, მედეას ჩააცვა და უთხრა:

_ ახლა ეს ჩაიცვი და გაკვეთილზე შედი. ხვალაც ეს ჩაიცვი და ისე მოდი.

და კართან მისულს მეტი დამაჯერებლობისთვის მიაყოლა:

_ ზეგაც და მერეც სულ ეს ჩაიცვი და ისე მოდი ხოლმე!

და მართლაც მედეას ხვალაც, ზეგაც და კიდევ დიდხანს ეცვა ეს ფეხსაცმელი.

ოთარაანთ ქვრივი _ ოღონდ კაცი

ნიკო კეცხოველი მათი ნათესავი გახლდათ დედის მხრიდან. ერთხელ მცხეთაშიც სტუმრებია გედევანიშვილებს და გიორგი ლეონიძე უახლებია თან. ახალგაზრდა ლეონიძეს ქალბატონი მედეას მაშინ ჯერ კიდევ გაუთხოვარი დედა მოსწონებია და ნიკოს დანიძლავებია კიდეც, ვაკოცებო. ნიკომ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა, მაგრამ გოგლა კარებს უკან დაიმალა და როდესაც რუსუდანმა კართან ჩამოიარა, უცებ გადმოუხტა და ლოყაზე აკოცა. ქალბატონი მედეას დედამ ერთი ამბავი დააწია თურმე აცანცარებულ პოეტს.

ჰოდა, მერეც ნიკო უკვე მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა დიდ სახლში თავის მინისტრ ძმასთან ერთად და მედეაც ყოველ დღე, სკოლაში წასვლისას და წამოსვლისას, ჩამოუვლიდა ხოლმე ამ სახლს. გაზაფხულობით, ბალი რომ დამწიფდებოდა, ძია ნიკო კალათს გამოუტანდა ხოლმე მედეას: ჭინკა, ადი ერთი, ბალი დამიკრიფეო. ძრომაში გაწაფული მედეა (სახლში რამდენჯერაც წვიმა ჩამოვიდოდა, იმდენჯერ თავად აძვრებოდა ხოლმე სახურავზე და კრამიტებს ასწორებდა), უცებ ავიდოდა ხეზე და აავსებდა კალათს, მაგრამ ძია ნიკო მუდამ უკმაყოფილო იყო: რას გავს ეს, მარტო ჭიანი ბლები დაგიკრეფია, რა ჯანდაბად მინდა, წადი, დედაშენს წაუღეო. და დატუქსული და აბუზული მედეაც მოსაკითხით ხელდამშვენებული მიდიოდა შინ.

ერთხელაც ზამთარში, დიდ ყინვაში, მისი სახლის წინ ჩამოვლილ, სიცივისგან აკანკალებულ, ფეხებდასველებულ მედეას ძია ნიკომ გამოსძახა: ,,ჭინკა, მოდი აქ!”  შევიდა შინ და ცოტა ხნის მერე თავისი ტყავის ხელთათმანები გამოუტანა, მე დამიპატარავდა და შენ გქონდესო.

ხანდახან მედეას დედასაც მიიყვანდა შინ, დამიხარისხე როგორმე ეს ბიბლიოთეკაო და მერე ,,გასამრჯელოს” აძლევდა, პირდაპირ არ ჰკადრებდა ფულის შეთავაზებას.

როცა მედეა სტუდენტი გახდა, ნიკო კეცხოველი უკვე უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. პირველკურსელთა მიღების ცერემონიალზე ძია ნიკომ სტუდბილეთი გადასცა და უთხრა: ,,არ შემარცხვინო, თორემ აქედან კუდით ქვას გასროლინებ, ჭინკა!”


გორელი ,,ჩარჩენილები”

უნივერსიტეტის შემდეგ 23 წლის კოხტა და მოხდენილი მედეა გორში, ვაჟთა გიმნაზიაში გაგზავნეს ინგლისური ენის მასწავლებლად. მეათე კლასელებს ასწავლიდა. ნახევარი კლასი ,,ჩარჩენილი” იყო, ზოგიერთი მასწავლებელსაც უახლოვდებოდა ასაკით. მოსული, ლაზღანდარა ბიჭები სწავლით თავს არ იკლავდნენ: ,,აარ ვიცი გაკვეთილი, პატივცემულო”. მედეა მასწავლებელს ეუცხოვებოდა მათი გორული კილოც, ტლანქი იუმორიცა და პირდაპირ გაცხადებული გულგრილობაც ინგლისური ენის მიმართ. ან კი როგორ უნდა იგრძნოს თავი შექსპირსა და ჯოისზე გაზრდილმა, უნივერსიტეტის მწერალთა წრის, ქვეყანა თავისი რომ გონიათ, თავმომწონე ყმაწვილებთან მოკეკლუცე გოგონამ ვაჟთა გიმნაზიის მოყალთაბანდო ბიჭებს შორის.

მასწავლებელს ერთი პატარა ოთახი ეჭირა, თუნუქის ღუმელს ნახშირით ახურებდა ხოლმე. ერთ დილითაც ჩაის ასადუღებლად უბერა და უბერა ღუმელს, მაგრამ ვერაფრით აანთო. ამასობასი მოახლოვდა 9 საათი და გაიქცა გაკვეთილზე. უკითხავს ბერნსის ლექსს, თორმეტი ბიჭი კი ხითხითებს და ხითხითებს. აიბნა და აიჭრა პატარა მასწავლებელი, ბოლოს ერთი, გვარად შაფთოშვილი, წამოდგა და ეუბნება: ,,პატივცემულო, ცხვირზე მური გისვიათ”. მედეა გაწითლდა გაწითლდა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო: ბიჭებს გულახდილად აუხსნა თავისი გასაჭირი. 

,,იმ საღამოს გაყინულ ოთახში ფანჯარასთან ვზივარ და წიგნს ვკითხულობ, უცებ ვხედავ, წიგნს ჩრდილი ეფინება, გაისმის ,,ბრახ” და ვიღაცის ფეხის ბრაგუნი. ასე განმეორდა თორმეტჯერ და რომ გავედი, უკვე ჩემი პატარა ოთახის წინკართან თორმეტი ტომარა შეშა ეყარა. ტირილი წამსკდა. მეორე დილით დიდი მადლობებით მივედი სკოლაში.”

_ კაით რა, რის მადლობა, პატივცემულო!
უკვე დიდი ქალი იყო, ორი შვილის დედა და უნივერსიტეტის პედაგოგი, თავისი გოგონები ,,პიონერთა სასახლეში”, მხატვრული კითხვის წრეზე რომ მიიყვანა. ამ დროს გორულ კილოზე ძახილი შემოესმა:

_ პატივცემულო მასწავლებელო!

ვიღაც ეცა, ხელში აიტაცა და დააბზრიალა. შაფთოშვილი იყო, თურმე მხატვრულ კითხვას უძღვებოდა სასახლეში, აქცენტი კი კვლავაც ძველებური შერჩენოდა.

გაოცებული უყურებდნენ საკუთარი შვილები და სხვისებიც.
_  დედა, _ შევედი სამზარეულოში, _ ქალბატონ მედეაზე ვწერ, ყველა ამბავში გაჭირვებაა და ყველა რაღაცნაირად ტრაგიკული გამომდის, ქალბატონი მედეა კი სხვანაირად ყვება. მისი ნაამბობი ყოველთვის მსუბუქია, თბილი და სასაცილო.

_ ასე იციან კულტურულმა ადამიანებმა! _ მოკლედ მომიჭრა დედამ.

იმედი მაქვს, მეც შევძლებ ასე მსუბუქად მოვყვე ოდესმე, რომ ჩვენს დროს დიდი ვნებათაღელვების ეპოქა იყო, ადამიანები მიზეზს ეძებდნენ და ხშირად პოულობდნენ კიდეც, რომ ორ ჯგუფად გაყოფილიყვნენ და დაგროვილი ღვარძლი ერთმანეთზე გადმოენთხიათ. ამ დროს თავდაცვის ერთადერთი საშუალება ის იყო, რომელიმე ჯგუფს მიკედლებოდი, ასე მტრებსაც გაიჩენდი, მაგრამ დამცველები და თანამოაზრეებიც გეყოლებოდა, ხოლო თუ იტყოდი, რომ როცა ორი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეა, სრულიად მარტო დარჩებოდი. მერე ვიტყვი:

_ იცი, ჩვენს დროს ადამიანები განსხვავებული აზრისათვის სცემდნენ კიდეც ერთმანეთს.

ჩემს ახალგაზრდა კოლეგას კი გაუკვირდება და წარბებაწკეპილი მკითხავს:

_ რას ამბობთ, მართლა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი