სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ სწავლობენ ბავშვები კითხვას თავისით (პირველი ნაწილი)

სკოლის გარეშე განათლებამიღებულის გამოცდილება ბავშვების
მიერ კითხვის თავისით სწავლის შესახებ


გამოქვეყნებულია 2010 წლის 24 თებერვალს, ჟურნალში
Freedom to Learn

ჩვენს კულტურაში,
საზოგადოდ, მიღებულია, რომ ბავშვებს კითხვა უნდა ვასწავლოთ. უამრავი კვლევა
ტარდება იმის შესახებ, როგორ მოვიფიქროთ ბავშვებისთვის კითხვის სწავლების
მეცნიერულად გამართული და საუკეთესო გზა.

ნებისმიერი
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნახავთ წიგნებისა და ჟურნალების უსასრულო მწკრივებს, რომლებიც
მხოლოდ კითხვის სწავლების საკითხებს ეხება. საგანმანათლებლო წრეებში, ათწლეულებია მიმდინარეობს
გახურებული დებატები – „კითხვის ომები”. ერთნი ამტკიცებენ, რომ აქცენტი კითხვის
სწავლების ფონეტიკურ მეთოდზე

[1]

უნდა გამახვილდეს, ხოლო მეორენი ფეხს არ იცვლიან კითხვის სწავლების ე.წ. „მთლიანი
ენის” (whole language


[2]

) მიდგომიდან.

ჩატარდა არაერთი კონტროლირებადი
ექსპერიმენტი, რომლებიც ამ მეთოდების ავკარგიანობას იკვლევდა და რომლებშიც
ექსპერიმენტებს საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველი კლასების აღსაზრდელებზე
ატარებდნენ. „ფონეტიკური” მეთოდის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ „გაიმარჯვეს”, ხოლო
„მთლიანი ენის” მეთოდის ადეპტები ექსპერიმენტის შედეგების „გაყალბების” შესახებ
უჩიოდნენ.

ამერიკის სტანდარტული
სკოლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბავშვებს უჭირთ კითხვის სწავლა. უზარმაზარი
დრო და ენერგია იხარჯება კითხვის სწავლებაზე სკოლამდელი წლებიდან (ინგლ.
პრე-სქული/pre-school) პირველადი სკოლის წლების (6-დან 12 წლამდე ასაკის
ბავშვებისათვის) ჩათვლით. უფრო მეტიც – განმანათლებლები ურჩევენ სკოლამდელი ასაკის
ბავშვების მშობლებს, თავიანთ პატარებს კითხვა სკოლამდე ასწავლონ, რათა მოამზადონ
ისინი სკოლაში საკითხავი ინსტრუქციების დასაძლევად. ამ წარმონაქმნის – კითხვის
სწავლების საინსტრუქციო მასალების გარშემო, უზარმაზარი ინდუსტრია და მარკეტინგული
სივრცე ჩამოყალიბდა. უსასრულოა ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამების, ვიდეოებისა
და სპეციალური მიმდევრობით შექმნილი წიგნების რაოდენობა – როგორც მათი ავტორები
ამბობენ, ეს „მეცნიერული” მასალებია და ისინი სპეციალურადაა მოფიქრებული
ფონეტიკისა და დამწყები მკითხველების საკითხავი ჩვევების განსავითარებლად.

ცოტა ხნის წინ კოგნიტიური
ფსიქოლოგიის დარგში მომუშავე ორი მეცნიერის სტატია წავიკითხე, რომლებიც
ამტკიცებენ, რომ კითხვის სწავლების ინსტრუქციაში, მომდევნო ნაბიჯი ინდივიდუალიზებული
ინსტრუქციები იქნება. ამ ავტორების თანახმად, გამოყენებულ იქნა ტვინის „წარმოსახვის-იმეჯინგის”
(ინგლ. Imaging – ვიზუალიზაცია) თანამედროვე მეთოდები, რათა ასახულიყო თითოეული
ბავშვის სწავლის უნიკალური სტილი. მათი მტკიცებით, შესაძლებელი გახდება, თითოეული
ბავშვისთვის შეიქმნას ინდივიდუალიზებული ციფრული სატექსტო პროგრამები, რომლებშიც გათვალისწინებული
იქნება ბავშვის მიერ მასალის ათვისების უნიკალური საჭიროებები და გზები. ავტორები
და მათი კოლეგები, მათივე მტკიცებით, აგრძელებენ ასეთი სისტემების შესწავლას და
მათ შექმნას.

მე ეს უბრალოდ
სისულელედ მიმაჩნია. თითოეული ბავშვის უნიკალური საჭიროება, რომელიც კითხვის
სწავლას ეხება, არა მარტო ტვინის მოწყობაში არსებულ განსხვავებებზეა დამოკიდებული,
არამედ იცვლება დღიდან დღემდე, მომენტიდან მომენტამდე და ეფუძნება ბავშვის სპეციფიკურ
გამოცდილებას, სურვილებსა და მისწრაფებებს, რომლებსაც ბავშვი თვითონვე
აკონტროლებს. მე მაშინ დავუჯერებ ამ მეცნიერებს, თუ ტვინის „იმეჯინგის” მეშვეობით
შეძლებენ ბავშვების ოცნებების შინაარსისა და მისწრაფებების წინასწარ გამოცნობას.

კითხვის
სწავლების მეთოდებში არსებული ამ საგიჟეთის ფონზე ძალიან კონტრასტულად გამოიყურება
ე.წ.
“ანსქულერების”
(unschooler – ინგლისურ-ამერიკული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს „სკოლაში-რომ-არ-უვლია”,
ისეთ ბავშვს, ლ.ა.) მოძრაობისა და სადბერის სკოლის „არასკოლური” გამოცდილების
მიმდევრების შეხედულებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კითხვის სპეციალურად სწავლება
საერთოდ არ არის საჭირო! თუ ბავშვები განათლებულ გარემოში იზრდებიან და მათ
გარშემო კითხვის მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ, ისინი თავისით ისწავლიან კითხვას.

რა თქმა უნდა,
ბავშვები დასვამენ შეკითხვებს კითხვის სწავლისას და კითხვის მცოდნეებისგან
მიიღებენ პროცესისათვის აუცილებელ მითითებებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ
ბავშვები თვითონვე მართვენ ამ პროცესს და ინციატივა მათგანვე წამოვა. სწორედ ეს
გახლავთ ინდივიდუალური სწავლა და მას არ სჭირდება ტვინის „იმეჯინგი” ან კოგნიტიური
მეცნიერების მცდელობები. კითხვის სწავლა ბავშვების გარშემო მყოფი ადამიანებისგან
მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას, ხოლო თავად ბავშვისგან – პროცესზე კონცენტრაციას.
ყოველმა ბავშვმა თვითონ იცის, როგორია მისი სწავლის სტილი, იცის, რისთვის არის იგი
მზად და ნებისმიერ რამეს შეისწავლის მხოლოდ თავისთვის დამახასიათებელი წესით, თავისივე
უნიკალური გრაფიკით.

21 წლის წინ ბაკალავრიატის
ორმა სტუდენტმა (მე მათი ლექტორი ვიყავი) ჩაატარა გამოკვლევა თემაზე „როგორ
სწავლობენ კითხვას ბავშვები სადბერის სკოლაში”. ეს ის სკოლაა, სადაც ბავშვები მთელი
დღის განმავლობაში იმით არიან დაკავაბული, რაც თავად აინტერესებთ. ჩემმა
სტუდენტებმა შეარჩიეს სადბერის სკოლის თექვსმეტი მოსწავლე, რომელებმაც კითხვა სკოლაში
შესვლის შემდეგ შეისწავლეს, მაგრამ ამისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟი ან
გაკვეთილები არ ჩატარებიათ. ისინი გაესაუბრნენ ამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და
სკოლის პერსონალს, რათა ზედმიწევნით გაერკვიათ, როდის, როგორ და რატომ ისწავლა
კითხვა თითოეულმა ბავშვმა. რაც ამ კვლევით გამოირკვა, ის იყო, რომ დასკვნების
განზოგადება-გენერალიზაცის ყველა მცდელობა შეუძლებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა კითხვის
სწავლა სხვადასხვა ასაკში დაიწყეს – 4-დან 14 წლამდე პერიოდში.

აღმოჩნდა, რომ
ზოგმა მოსწავლემ კითხვა ძალიან მალე შეისწავლა – ანბანის სრული არცოდნიდან თავისუფლად
კითხვამდე სულ რამდენიმე კვირაში; სხვებს ბევრად მეტი დრო დასჭირდათ. ზოგიერთი
სწავლობდა გაცნობიერებულად, ფონეტიკაზე სისტემატური მუშაობის გზით და სხვების
დახმარებით. სხვები უბრალოდ გზადაგზა ითვისებდნენ და ერთ მშვენიერ დღესაც „აღმოაჩენდნენ”,
რომ თავისუფლად შეეძლოთ კითხვა, თუმცა ვერფრით იხსენებდნენ, როგორ მოახერხეს ეს.
ასევე არ არსებობდა არავითარი სისტემური დამოკიდებულება კითხვის სწავლის დაწყების ასაკსა
და ინტენსიური კითხვის პერიოდს შორის. ყველაზე „გაუმაძღარი” მკითხველებიდან ზოგმა
კითხვა ძალიან ადრე ისწავლა, ზოგმა კი მოგვიანებით.

ჩემი ვაჟიშვილი,
რომელიც სადბერის სკოლაში მუშაობს, მეუბნება, რომ ეს (ბაკალავრიატის სტუდენტების
მიერ ჩატარებული) გამოკვლევა უკვე მოძველდა. მისი დაკვირვებით, სადბერის სკოლის
დღევანდელი მოსწავლეები კითხვას ადრეულ ასაკში სწავლობენ, ბევრად უფრო ნაკლები
გაცნობიერებული ძალისხმევით, ვიდრე ადრეულ წლებში. ამის მიზეზად იგი დღევანდელ
კულტურას ასახელებს. კულტურას, რომელშიც ადამიანებს ერთმანეთთან მუდმივი
კომუნიკაცია აქვთ ტექსტის (ნაწერის, ნაბეჭდის) მეშვეობით – კომპიუტერულ თამაშებში,
ელექტრონული ფოსტით, ფეისბუქით, მობილური ტელეფონის ტექსტური მესიჯებით და სხვა. საზოგადოდ,
დაწერილი სიტყვები დიდად არ განსხვავდება სამეტყველოსგან, ამიტომაც სამეტყველო
ენის გაგებისთვის ადამიანის განკარგულებაში არსებული ბიოლოგიური საშუალებები ავტომატურად
გამოიყენება კითხვისა და წერის (ან ბეჭდვის) სასწავლად. სიამოვნებით გამოვიკვლევდი
ამ პროცესს, თუმცა ჯერ ვერ მოვიფიქრე, როგორ გავაკეთო ეს ცდისპირის შეწუხების გარეშე.

რამდენიმე კვირის
წინ მე შევთავაზე ჩემი ბლოგის მკითხველებს (იმათ, ვინც სკოლის გარეშე სწავლების ან
სადბერის სკოლის მოდელის მსგავს საქმიანობაში არიან ჩართულნი), მოეწერათ ჩემთვის
ისტორიები თავიანთი გამოცდილებიდან კითხვის სწავლების შესახებ არაფორმალურ
ინსტიტუტებში. თვრამეტმა ადამიანმა – მათი უმეტესობა „სკოლის-გარეშე-მოსწავლეთა” მშობლები
იყვნენ – მიამბო თავისი ისტორია. ყოველი მათგანი უნიკალური აღმოჩნდა. ასე რომ, კვლავ
გაურკვეველია, როგორ სწავლობენ კითხვას „არა-სკოლის” ბავშვები.

თუ მშობლებისგან მოსმენილი
ისტორიების მთავარ მომენტებს ერთგვარ ორგანიზებას ჩავუტარებთ (რაც გავაკეთეთ კიდეც),
შეიძლება გამოვყოთ 7 მთავარი პრინციპი, რომლებიც ზოგად წარმოდგენას
შეგვიქმნის ამ რთული პროცესის (ბავშვის მიერ კითხვის სწავლა სკოლის ფორმალური
გარემოს გარეშე, ლ.ა.) შესახებ. ამ პრონციპების დახასიათებისას მოვიყვანთ ციტატებს
მოსმენილი ისტორიებიდან. ზოგიერთმა მშობელმა მთხოვა, რომ ისტორიების მოყოლისას მათი
და მათი შვილების მხოლოდ სახელები მეხსენებინა, ამიტომ ყველგან მხოლოდ სახელებს
შეხვდებით.

 

სკოლის გარეშე
კითხვის სწავლის 7 პრინციპი

1. სკოლაში-არ-მოსიარულე
ბავშვებისთვის არ არსებობს კრიტიკული პერიოდი ან „საუკეთესო” ასაკი კითხვის
სწავლისათვის

სტანდარტული
სკოლების მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია კითხვის სწავლა გრაფიკის
შესაბამისად, რომელიც სკოლის მიერ არის განსაზღვრული და თავს მოხვეული. თუ ბავშვი
ამ გრაფიკს ჩამორჩება, ეს მას ხელს შეუშლის პროგრამის დანარჩენი მასალის
ათვისებაში, ეს კი შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც „წარუმატებლობა”, ანდა რომელიმე
ასეთ ბავშვს თავიდან მოუწიოს პროგრამის გავლა, ან, უარეს შემთხვევაში, მასზე ითქვას,
რომ ბავშვს მენტალური სირთულე აქვს. სტანდარტულ სკოლებში, კითხვა ყველაფრის
გასაღებია, მასზეა დამოკიდებული მთელი დანარჩენი განათლება. ჯერ „სწავლობ კითხვას”,
მერე კი „კითხულობ, რათა ისწავლო”. კითხვის ცოდნის გარეშე შეუძლებელია არსებული
კურიკულუმის სწავლა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი მხოლოდ დაწერილი სიტყვით
გადაეცემა მოსწავლეებს. არსებობს იმის დამდასტურებელი გამოცდილებაც, რომ კითხვის
სწავლის გრაფიკიდან „ამოვარდნამ” შესაძლოა წინასწარ განსაზღვროს მომავალში ბავშვის
ჩამორჩენა. ფინეთში ჩატარებული ერთი მრავალწლიანი დაკვირვება-გამოკვლევის
შედეგების თანახმად, ცუდად კითხვა სკოლამდელ დაწესებულებასა თუ საბავშვო ბაღში წინასწარმეტყველებდა,
რომ ბავშვს კითხვა სკოლაშიც გაუჭირდებოდა და, გარდა ამისა, ექნებოდა „პრობლემური,
ექსტერნალიზებული”, ანუ იმპულსური, ზედმეტად ემოციური ასევე ქცევა სკოლაში.

მოთხრობა იმ
ბავშვებზე, რომლებიც სკოლის გარეშე იღებენ განათლებას, სრულიად განსხვავებულია.
მათ კითხვის სწავლა შეეძლოთ ნებისმიერ ასაკში, ნეგატიური შედეგების გარეშე. მშობლებისგან
მოსმენილ ისტორიებში აღწერილია 21 დამოუკიდებელი ამბავი, რომლებშიც ნახსენებია ბავშვის
მიერ პირველი ნამდვილი კითხვის (როდესაც ბავშვი თავისუფლად კითხულობს და კარგად
ესმის წაკითხულის შინაარსი) ასაკი. ორმა მათგანმა კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა,
შვიდმა – 5-6 წლის ასაკში, ექვსმა – 7-8 წლის, ხუთმა – 9-10 წლის და ერთმა – 11
წლის ასაკში.

ერთსა და იმავე
ოჯახშიც კი სხვადასხვა ბავშვი კითხვას სხვადასხვა ასაკში სწავლობდა. დიანა გვწერს,
რომ მისმა პირველმა ქალიშვილმა კითხვა 5 წლისამ აითვისა, ხოლო მეორე გოგონამ – 9
წლის ასაკში; ლაიზა ვ-მ მოგვწერა, რომ მისმა ერთმა ბიჭუნამ კითხვა 4 წლისამ შეისწავლა,
მეორემ კი 7 წლის ასაკში; ბეატრისი გვწერს, რომ მისი ერთი გოგონა 5 წლიდან
კითხულობს, ხოლო მეორეს კითხვის შესასწავლად 8 წელი დასჭირდა.

აღსანიშნავია,
რომ ამ ბავშვებიდან არც ერთს დღეს კითხვა არ უჭირს. ბეატრისი გვატყობინებს, რომ
მისი ქალიშვილი, რომელმაც 8 წლამდე არ იცოდა კითხვა, დღეს 14 წლისაა და „წელიწადში
ასამდე წიგნს კითხულობს”, „დაწერა მოთხრობა” და „მოიგო რამდენიმე პრიზი პოეზიის
კონკურსში”. ცხადია, კითხვის გვიან დაწყება/შესწავლა სულაც არ არის „არათავსებადი”
მოგვიანებით განვითარებულ ლიტერატურულ ნიჭთან! ამავე დროს, საინტერესოა, რომ ამ
გოგონამ (რომელსაც ლიტერატურული ნიჭი აღმოაჩნდა, ლ.ა.), კითხვის სწავლამდე გამოამჟღავნა
ლიტერატურული ტალანტი. ბეატრისის მონათხრობის თანახმად, ის უკვე 15 თვისა ზეპირად ამბობდა
ყველა ლექსს იმ საბავშვო წიგნიდან, რომელსაც მას უკითხავდნენ.

ძირითადი
გზავნილი, რომელსაც კითხვის სწავლის ყველა ისტორიაში გავწვდის, ასეთია: რადგან
ბავშვებს არავინ აძალებდა მათი ნების საწინააღმდეგოდ კითხვის სწავლას, მათ ძირითადად
პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ როგორც კითხვის სწავლისადმი, ისე საზოგადოდ
სწავლისადმი. ეს დასკვნა შესაძლოა ყველაზე უკეთ ჯენის მონათხრობში იყოს გადმოცემული,
რომლის ქალიშვილი (ახლა 15 წლისაა) 11 წლამდე ვერ კითხულობდა: „ჩვენ მას უფლება
მივეცით, იმ რიტმითა და ინიციატივით ესწავლა, რომელიც მას ბუნებრივად ჰქონდა. ყველაზე
უკეთესი რამ, რაც ჩვენმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, ის იყო, რომ მას გამოცდილება
დაუგროვდა. ამ გამოცდილების წყალობით იგი მიხვდა, რომ თუ ეს (კითხვის სწავლა,
ლ.ა.) შეძლო, მაშინ სხვა რამის სწავლასაც მოხერხებდა. ჩვენ არასდროს დაგვიძალებია
მისთვის რაიმეს სწავლა, ამიტომაც მან შეინარჩუნა სწავლის უნარი. დღეს იგი გონიერი
და ცნობისმოყვარე გოგონაა და კვლავ ძალიან აინტერესებს თავის გარშემო არსებული
სამყარო”.

 

2. მოტივირებულ
ბავშვებს შეუძლიათ, კითხვის აშკარა არცოდნიდან ძალიან მოკლე ხანში თავისუფლად
მკითხველებად გადაიქცნენ

ზოგიერთ შემთხვევაში
სკოლაში-არ-მოსიარულე ბავშვები თავისუფლად კითხვას თვალის დახამხამებაში
სწავლობენ. ლაიზა ვ. გვწერს: „ჩვენი მეორე შვილი, რომელიც ვიზუალურად აზროვნებდა, 7
წლამდე არ სწავლობდა კითხვას. წლების განმავლობაში იგი ან ნახატებით იგებდა
შინაარსს, ან, თუ ვერც ასე მიხვდებოდა, უფროს ძმას სთხოვდა, წაეკითხა მისთვის.
კარგად მახსოვს დღე, როდესაც მან კითხვა დაიწყო. მან უფროს ძმას სთხოვა, მისთვის
რაღაც წაეკითხა კომპიუტერიდან. უფროსმა უპასუხა: „ეგღა მაკლია, მთელი დღე შენ
გიკითხო. მე სხვა საქმეები მაქვს”, – და მოსცილდა პატარას. სულ რამდენიმე დღეში,
უარყოფილი უმცროსი ძმა უკვე საკმაოდ გამართულად კითხულობდა”.

დიანამ ასეთი ამბავი
მოგვწერა: „ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარტში, როდესაც 5 წლის გახდა, საერთოდ არ
იცოდა კითხვა, მაგრამ წლის ბოლოს ის უკვე თავისუფლად, ხმამაღლა და პაუზების გარეშე
გვიკითხავდა ზღაპრებს თავისი საყვარელი წიგნიდან”. ქეითის მონათხრობის თანახმად,
მისმა ბიჭმა 9 წლის ასაკში სულ რაღაც ერთ თვეში „თავისით ისწავლა კითხვა”. ამ ხნის
განმავლობაში ბიჭუნა თავისივე სურვილით მუშაობდა კითხვაზე და ცუდიდან ძალიან
კარგად არტიკულირებულ, მისი ასაკით სკოლაში განსაზღვრულ დონეზე უკეთ მომზადებულ
მკითხველად გადაიქცა.

კითხვის ნაბიჯ-ნაბიჯ
სწავლის ეს უნარი, მისი აშკარა და ჩქარი პროგრესი, ნაწილობრივ, შესაძლოა, მომდინარეობდეს
თვითონ სწავლის პროცესის უფრო დაფარული, ადრეული ეტაპებიდან. ბავშვის ცხოვრების ამ
ეტაპების შემჩნევა და მათი ანალიზი დამკვირვებლებისა და მკვლევარებისთვისაც
ძნელია. ერთ-ერთი მშობელი, კარენი, კითხვაში თავისი შვილის სწრაფ პროგრესს უკავშირებს
შესაძლო პარალელურ პროცესს, რომელიც ბავშვის მიერ განსაზღვრულ ეტაპზე თავდაჯერების
შეძენით გამოხატება. კარენი გვიყვება: „ამ ზაფხულს ჩემმა ბიჭმა (ახლა იგი 7
წლისაა) გაგვაოცა, რადგან აქამდე მალავდა, რომ კითხვა იცოდა, ახლა კი სხაპასხუპით კითხულობს.
როგორც ჩანს, ახლა უკვე თავდაჯერებულია და დილაობით, როდესაც ვდგები, მესმის, რომ
თავის დაიკოს ხმამაღლა უკითხავს მოთხრობებს. ხანდახან ჩვენ, მშობლებსაც გვთავაზობს
ხმამაღლა რამის წაკითხვას. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი ერთი წლის წინ, როდესაც იგი
მალავდა თავის შესაძლებლობას თვითრწმენის ნაკლებობის გამო. ძალიან მიხარია, რომ არ
დავაძალეთ!”

 

3. კითხვის დაძალებამ
შესაძლოა საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს

სამი მათგანი, ვინც
შვილებზე ეს ისტორიები გამოგვიგზავნა, გვწერდა, რომ მათ სცადეს ბავშვებისთვის
კითხვის სწავლის დაძალება ან კითხვის სწავლება თავიანთი სურვილით. აღმოჩნდა, რომ
ამას უარყოფითი შედეგი მოჰყვა. აი, რა გვიამბეს მათ:

ჰოლი გვწერს, რომ
როდესაც მისი ბიჭუნა დაახლოებით სამნახევარი წლისა იყო, დედამ გადაწყვიტა, მისთვის
კითხვა ესწავლებინა. „ვფიქრობ, რომ კითხვის სასწავლი წიგნები, ე.წ. ბობ-ბუქები,
სულელურად განმეორებადი და შინაარსისგან დაცლილია, მაგრამ მოვძებნე ისეთი წიგნები,
რომლებიც უფრო საინტერესო ჩანდა და ჩემს ბიჭუნასთან ერთად დავიწყე ამ წიგნების
კითხვა… აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ არ იყო მზად კითხვისათვის, ყოველ შემთხვევაში,
მან სასტიკად უარყო ჩემი მცდელობები, გაბრაზდა და წინააღმდეგობა გამიწია. მან არ
ისურვა იმის კეთება, რაც მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა… მალევე მივხვდი
(მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც წიგნების თვალიერებასა და კითხვაში ვარჯიშს
მოჰყვა), რომ ბავშვს ცუდ სამსახურს უფრო ვუწევდი, ვიდრე კარგს, რადგან შესაძლოა,
მას კითხვა საერთოდ შეძულებოდა. სასწრაფოდ შევწყვიტე კითხვის სწავლება და წიგნებს მხოლოდ
მაშინ ვუკითხავდი, როდესაც თვითონვე მთხოვდა ამას”. ჰოლის წერილის თანახმად,
დაახლოებით ორი წლის შემდეგ მისმა ბიჭუნამ „თავისით დაიწყო წიგნების თვალიერება და
კითხვაც”. აღმოჩნდა, რომ იგი მალავდა კითხვისადმი ინტერესს, რადგან არ სურდა, მისთვის
ეს დაეძალებინათ.

ბეატრისი გვწერს თავის
გოგონაზე, რომელმაც კითხვა 8 წლის ასაკში ისწავლა: „ჩემი დანაშაული ის გახლდათ,
რომ ვცდილობდი, მას 6 წლისას ეკითხა წიგნები. განვიცდიდი, რომ მისი ასაკის
ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და უკვე სწავლობდნენ კითხვას. არ მინდოდა, ჩემი გოგონა
მათ ჩამორჩენოდა. რამდენიმეკვირიანი „მეცადინეობის”, კითხვასა და მართლწერაში
ვარჯიშის შემდეგ შვილმა გამომიცხადა, რომ „აღარ სურდა ჩემს გეგმაში მონაწილეობა”
და თვითონ ისწავლიდა კითხვასაც და წერასაც, როდესაც ამისთვის „მზად იქნებოდა”.

ინგლისელი ქეითი,
რომელიც ერთ-ერთი „ჰოუმ-სქულერია” (ის, ვინც სახლში ასწავლის შვილს) ასეთ ამბავს გვწერს:
„9 წლის ასაკში ჩემმა ბიჭმა უარი მითხრა ინგლისურისა და კითხვის ფორმალურ სწავლაზე
და ეს ჩვენი ყოველდღიური ომის მიზეზად გვექცა. იგი მეწინააღმდეგებოდა, ეს მოსაწყენ
საქმედ მიაჩნდა და სწავლისას გონებაგაფანტული იყო. საბოლოოდ განზრახვაზე მეც ავიღე
ხელი და ვუთხარი, რომ აღარ დავაძალებდი კითხვას, აღარც კი შევთავაზებდი… ერთი
თვის შემდეგ დავინახე, როგორ შევიდა ბიჭუნა თავის ოთახში და… კითხვის სწავლა დაიწყო…
მე მასთან ბრძოლაში თითქმის 4 წელი გავატარე, ახლა კი საკუთარი თვალით დავინახე, რომ
ინტერესის გაჩენის შემდეგ კითხვის გამართულად სასწავლად მას სულ რამდენიმე კვირა ეყო”.

თარგმნა და
კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ






[1]

ფონეტიკური სწავლება ანუ Phonics-ი – ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთი
გავრცელებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ბავშვს წერა-კითხვის სწავლებისათვის უვითარებენ
ე.წ. ფონემატიკურ ცნობიერებას – შესაძლებლობას, გაიგოს, იცნოს და შეძლოს ფონემებით
მანიპულირება, რათა შეისწავლოს შესაბამისობა ბგერებსა და მათ შესაბამის გრაფემებს შორის
(ე.წ. სპელინგი).



[2]

”მთლიანი ენის” შესწავლის მეთოდი – ბავშვებისათვის კითხვის
სწავლებისას აქცენტი კეთდება ტექსტის შინაარსსა და შინაარსის გამოხატვის მართლწერაზე
(ლ.ა.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“