შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„დამახსოვრების „განათლება“- შეფასების მძიმე ჯვარი“

განათლების სისტემას, რომელიც ეფუძნება ფაქტების დამახსოვრებას და სრულიად მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას, აქვს კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც მას მოსაწყენს და „ნაცრისფერს” ხდის. 

ყველაზე „ნაყოფიერი” წარუმატებელი ბავშვების აღზრდის კუთხით არის შეფასების სისტემა. შეფასების მიღებული სისტემა დაწყებით კლასებშივე ავლენს წარუმატებელ მოსწავლეებს. ის, ვინც ცუდად ამთავრებს დაწყებით კლასს, იშვიათად თუ აღწევს წარმატებას მომდევნო კლასებში.

თავიდან შეფასება უნდა ყოფილიყო ბავშვის მოსწრების ობიექტური საზომი. მაგალითად, ის, ვინც კითხვაში იღებს შეფასებას 9 ან 10, დარწმუნებულია, რომ კითხულობს კარგად, ხოლო მან, ვინც იღებს შეფასებას 1 ან 2, იცის, რომ კითხულობს ცუდად ან საერთოდ ვერ კითხულობს. 1 ან 2-სა და 9 ან 10-ს შორის შუალედს ავსებს 3, 4, 5, 6, 7, 8, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელი აფასებს კითხვის უნარს არადამაკმაყოფილებელსა და ფრიადს შორის. მოსწავლე ხშირად იმედგაცრუებული რჩება ნიშნით, რომელიც არ შეესაბამება მათ მიერ დახარჯულ ძალისხმევას. ითვლება, რომ ნიშანმა მოსწავლეს უნდა მისცეს სტიმული მომავალი თავდაუზოგავი შრომისთვის, მშობლებს კი – ბავშვის სწავლის კონტროლის საშუალება. ითვლება, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს შეფასება 9 ან 10, ძალისხმევას არ იშურებს ნიშნის შესანარჩუნებლად, უფრო დაბალი შეფასება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ზარმაცობს. ამავე დროს, მოსწავლე, რომელიც 1 ან 2 ქულით შეაფასეს, ცდილობს აღმოფხვრას ჩამორჩენა, გამოასწოროს სავალალო მდგომარეობა.

ყველაფერი მართლა ასე რომ იყოს, უკმაყოფილების მიზეზი არ გვექნებოდა. სამწუხაროდ, შეფასება არ წარმოადგენს სწავლის სტიმულს არც ერთი და არც მეორე კატეგორიის ბავშვებისთვის და ნაკლებ მოსალოდნელია, ახლო მომავალში მდგომარეობა შეიცვალოს.

დღეს ნიშნები თავის თავში მოიცავს განათლების არსსაც და აზრსაც. მათ იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, რომ თვითონ განათლების შინაარსიც კი შეცვალეს. ჰკითხეთ ბავშვებს, რა არის სკოლაში მთავარი და ისინი გეტყვიან, რომ ნიშნები ან, საუკეთესო შემთხვევაში, უმაღლესში ჩაბარება. ცოტა თუ გეტყვით, რომ სკოლაში განათლების მისაღებად დადიან, ისიც იმიტომ, რომ ამ ბავშვებმა იციან – ეს სწორი პასუხია.

შეფასება მორალის თავისებურ ეკვივალენტად გადაიქცა. კარგი შეფასება კარგ ქცევასთან ასოცირდება, ცუდი – ცუდთან, რაც ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ისინი არა მხოლოდ ქცევის, არამედ სიკეთისა და ბოროტების გაგების ეკვივალენტადაც კი ვაქციეთ. ნიშანი გახდა ცოდნის სიმბოლო და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე განათლებას. ის თავისებური ვალუტაა განათლების სფეროში. უმაღლეს შეფასებას მეტი ფასი აქვს, რადგან უზრუნველყოფს პრესტიჟს და საუკეთესო სასწავლებელში მოხვედრას. მაგრამ ვინაიდან ნიშანი ძირითადად კარგი მეხსიერების მაჩვენებელია და არა აზროვნების უნარისა, მას ხშირად შეცდომაში შევყავართ.

ამერიკის ერთ-ერთ შტატში პროფესორთა ჯგუფმა გამოკითხვა გამართა ექიმებს შორის. დასკვნა ასეთი აღმოჩნდა: „სამედიცინო კოლეჯებში სტუდენტთა შეფასება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას მათი შემდგომი სამედიცინო პრაქტიკის ხარისხსა და კომპეტენტურობაზე”. ჯგუფის თავჯდომარემ კი განაცხადა, რომ ეს მისთვის საოცარი აღმოჩენა იყო, რადგან მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში სამედიცინო კოლეჯებიდან სტუდენტების შერჩევით იყო დაკავებული. მას ეჭვი შეეპარა არა მარტო აბიტურიენტების შერჩევის ადეკვატურობაში, არამედ იმაშიც, რამდენად ასახავს შეფასება სტუდენტების რეალურ ცოდნას.

არანაკლებ გაოცებული დარჩა სხვა სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი ნიუ-იორკიდან, რომელიც ანალოგიურ კვლევას ატარებდა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის 342 კურსდამთავრებული, რომლებიც სტიპენდიანტებიც იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, რა წარმატებებს მიაღწიეს მათ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: ის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაჯილდოებული იყვნენ საპატიო ჯილდოებით, მედლებით სამეცნიერო საქმიანობისთვის ან სტუდენტობის დროს შედიოდნენ სამეცნიერო ჯგუფების შემადგენლობაში, პროფესიულ პრაქტიკაში კვალიფიკაციის უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა სპეციალისტები.

ნათელი ხდება, რომ შეფასების მაღალი ქულა მხოლოდ სტუდენტური წარმატების მაჩვენებელია და არა პროფესიონალიზმისა.

როგორც ჩანს სტუდენტი დგება დილემის წინაშე: მაღალ ქულებზე გაამახვილოს ყურადღება თუ შემოქმედებითად მიუდგეს პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერც ერთი ამ მიმართულებით მოძრაობა მას წარმატებამდე ვერ მიიყვანს. 
შეფასების სისტემის კიდევ ერთი ნაკლია მისი სიცრუე. სინამდვილეში ხომ არავის სჯერა შეფასებისა 5 ან 6 ანუ დამაკმაყოფილებელი. ეს ქულები გარდამავალია და გულისხმობს, რომ მოსწავლემ გამოავლინა საგნის არა საუკეთესო, არამედ დამაკმაყოფილებელი ცოდნა. მაგრამ არავის სჯერა, რომ ეს შეფასება მართლა დამაკმაყოფილებელ ცოდნაზე მიუთითებს. როდესაც მასწავლებლები და განათლების სპეციალისტები შეფასების ამ სისტემას  იცავენ, მე ვეკითხები, კმაყოფილი იქნებიან თუ არა, მათმა ბავშვმა ასეთი შეფასება რომ მიიღოს და ჩათვლიან თუ არა, რომ მან დამაკმაყოფილებლად იმუშავა. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იყოს იმით, რომ მის შვილს ყველა საგანში ასეთი შეფასება აქვს. მოსწავლე შეფასებით 5 და 6, სკოლის საზომით, წარუმატებელია, რადგან დამაკმაყოფილებლად ითვლება მხოლოდ შეფასება 7, 8, 9, 10.

სამყაროში, სადაც ადამიანებს აფასებენ ფორმალური მაჩვენებლებით და არა პიროვნული თვისებებით, დაბალი შეფასების მქონე მოსწავლეს მცირე შანსი აქვს უმაღლესი განათლების მიღებისა. ხმამაღლა ჩვენ ვქადაგებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას, დაუღალავ შრომას მიზნის მისაღწევად, მაგრამ შეფასების სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ გვესმის, რომ სიმწიფის ხანა ადამიანს სხვადასხვა ასაკში უდგება, პირადი პრობლემები კი შესაძლოა დროებითი წარუმატებლობის მიზეზი იყოს, რომელიც სულაც არ არის სწავლისა და აზროვნების უუნარობის მაჩვენებელი, მაგრამ ნიშანი ნიშნად რჩება და მას ვერსად გაექცევი. ადამიანს ბევრი შანსი უნდა ჰქონდეს და არა ერთი, ეს საზოგადოებას არ დააზარალებს, პირიქით, დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას მისცემს.

შეფასება იმითაც არის ცუდი, რომ ხელს უწყობს ტყუილის დამკვიდრებას. ნიშნები – ქონებაა და ის, ვინც სიმდიდრისკენ ისწრაფის, მოტყუებას იწყებს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ამერიკაში სტუდენტების 55% ცდილობს, უპატიოსნო გზით მოიპოვოს მაღალი ქულა.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც განათლებას „ნაცრისფერს” ხდის, ტესტირებაა. განსაზღვრულობისა და გაზომვადობის პრინციპებთან ერთად ის აცემენტებს სწავლების ფაქტოლოგიურ საფუძველს. მოსწავლე ტესტში იღებს მაღალ ქულას მაშინ, როდესაც დამახსოვრებულ ფაქტებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გადმოისვრის”, რაც აზროვნებას სწორი პასუხების გაცემის მექანიზმად აქცევს. ტესტირება ხელს უშლის ბავშვს დამოუკიდებელ კვლევაში, აზროვნებაში, გარემოს აღქმაში. სწავლისას ის ცდილობს დაიხსომოს კურსივით გამოყოფილი წინადადებები, თითქოს სხვა სიტყვები ავტორს მხოლოდ საღებავის დახარჯვის მიზნით დაეწეროს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღრმავებს განათლების პრობლემებს, არის გამოცდების დროს წიგნების გამოყენების აკრძალვა. რატომღაც მიიჩნევა, რომ დაზეპირებული მასალა უპირატესია წიგნში გადამოწმებულზე. არავითარი სურვილი არ მაქვს ვიარო ისეთ ხიდზე, ვიმუშაო ისეთ შენობაში ან ვიფრინო ისეთი თვითმფრინავით, რომლის კონსტრუქტორი მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას ეყრდნობა. ცხოვრება გვასწავლის, რომ მეხსიერებას არ ვენდოთ, ჯობს, კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ჩვენი ცოდნა. გამოცდები იმისთვის არსებობს, რომ წარმოაჩინოს, როგორ ვფლობთ განათლების მეთოდოლოგიებს. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდებით, ვცდილობთ, ფაქტები გარკვეული წესის მიხედვით დავალაგოთ. მეხსიერების იმედად მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ვრჩებით. საკონტროლო წერა, სადაც ნებადართულია წიგნების გამოყენება, ასწავლის ბავშვს, სწრაფად და სწორად გამოიყენოს ცნობარი, გაიაზროს მასალა და ფაქტების საფუძველზე შეეცადოს ამოცანის შესრულებას, იდეების განვითარებას, პრობლემების გაანალიზებას. სხვაგვარად განათლების მთავარი მიზნის მიღწევა შეუძლებელი ხდება.

წარუმატებელი ბავშვების რაოდენობა სკოლებში იმიტომაც იმატებს, რომ მოსწავლეებს აძლევენ ბევრ, მოსაწყენ და ხშირად გაუმართლებელ საშინაო დავალებას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორები განათლების სისტემაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, უზომო საშინაო დავალებები ჩვენი დროის მოვლენაა. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბევრი საშინაო დავალება მასწავლებლის სიკარგეზე მეტყველებს. გასაკვირია, რომ საშინაო დავალებებს ითხოვენ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებიც. ბავშვს, რომელიც სახლში დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას, ხშირად მეხსიერებაში აღებეჭდება დაშვებული შეცდომა, ზოგჯერ კი მის ნაცვლად მშობლები ასრულებენ დავალებებს. ამ ყველაფრის გამო ბავშვებს სიძულვილი უჩნდებათ საშინაო დავალებებისადმი და მაღალ კლასებშიც მიჰყვებათ.

მაღალ კლასებში საშინაო დავალებები გამართლებულია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დეტალურად არის დაგეგმილი მასწავლებლის მიერ, გასაგებია მოსწავლისთვის და კეთილსინდისიერად სრულდება შინ. რეალურად კი საშინაო დავალებები უზომოდ გაბერილი და გაუმართლებელია. მოსწავლეები ხვდებიან, რომ მასწავლებელს არ ჰყოფნის დრო ყველას საშინაო დავალების შესამოწმებლად და თვითონ მასწავლებელმაც იცის, რომ სუსტი მოსწავლეები შინ დავალებებს ნაკლებად ასრულებენ, ამიტომ მათ უმეტესწილად ძლიერებს აძლევენ, რითაც ხელს უწყობენ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებს შორის დისტანციის ზრდას. გარდა ამისა, საშინაო დავალებები მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზია.

ბევრი საშინაო დავალება პრობლემებს უქმნის ნიჭიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობიან ბავშვებს, რადგან მათ აღარ რჩებათ დრო საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საშინაო დავალების შესრულება უჭირთ იმ ბავშვებსაც, რომლებიც მრავალსულიან და პატარა სახლებში ცხოვრობენ.

საშინაო დავალება კისერზე ჩამოკიდებული ლოდია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი