კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

მშობლის ძალაუფლება: აუცილებელი და გამართლებული?

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეათე ნაწილი
ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი საყოველთაოდ გაბატონებული აზრია, რომ მშობელმა აუცილებელი და სასურველია თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს შვილების კონტროლის, ხელმძღვანელობის და აღზრდისათვის. ჩვენი კურსების ათასობით მსმენელთა თვალსაზრისით, მშობელთა მცირე ნაწილს თუ ეპარება ამაში ეჭვი. მშობელთა უმრავლესობა იოლად ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას: ისინი ამტკიცებენ, რომ ძალაუფლება ბავშვს სჭირდება და/ან რომ მშობლები უფრო ჭკვიანები არიან. „მამამ უკეთ იცის” – მტკიცედ დამკვიდრებული აზრია.

ჩემი აზრით, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშობელმა უნდა გამოიყენოს ძალაუფლება ბავშვებთან ურთიერთობაში საუკუნეების განმავლობაში ხელს უშლიდა ბავშვებისადმი უფროსების დამოკიდებულებასა და მათ აღზრდაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ან განვითარებას. ნაწილობრივ, ამ მოსაზრების დომინირების მიზეზი ის არის, რომ მშობელთა უმრავლესობას ფაქტობრივად არ ესმის ძალაუფლების არსი და მისი გავლენა ბავშვებზე. მშობლებს ეადვილებათ ძალაუფლებაზე საუბარი, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მისი ზოგადად ახსნა ან თუნდაც საკუთარი ძალაუფლების წყაროს დასახელება.
რა არის ძალაუფლება?
მშობლების და შვილების ურთიერთობის ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ მშობლებს აქვთ უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა”, ვიდრე შვილებს. თუ წრეების სახით წარმოვადგენთ მშობელსა და შვილს, მაშინ არასწორი იქნება ასეთი სქემა:
მშობელი
  
შვილი
ბავშვისათვის მშობელი მისნაირი „ზომის” არ არის, ამასთან ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. არ ვგულისხმობ ფიზიკურ ზომას (თუმცა ფიზიკურ ზომასაც აქვს მნიშვნელობა, მანამ, სანამ ბავშვი გაიზრდება), მხედველობაში მაქვს „ფსიქოლოგიური ზომა”. მშობელი-შვილის ურთიერთობის უფრო ზუსტი სქემა ასეთი იქნება:
მშობელი
შვილი
ბავშვის თვალსაზრისით მშობელს თითქმის ყოველთვის უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა” აქვს. ამით შეიძლება აიხსნას ბავშვთა შემდეგი გამონათქვამები: „დიდი მამა”, „დიდი ბოსი”, „დედაჩემი მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში”, „ის ჩემთვის დიდი კაცი იყო”. ამ იდეის საილუსტრაციოდ მომაქვს ციტატა ახალგაზრდა კაცის მიერ კოლეჯში დაწერილი თემიდან, რომელიც შემდეგ თავად გამიზიარა, როცა მისი კონსულტანტი ვიყავი: 
„როცა სულ პატარა ვიყავი, ჩემს მშობლებს ისევე ვუყურებდი, როგორც ზრდასრული ადამიანი უყურებს ღმერთს. . .” 
თავიდან ყველა ბავშვი თავისებურ ღმერთს ხედავს მშობელში.

განსხვავება „ფსიქოლოგიურ ზომაში” მარტო იმიტომ კი არ არსებობს, რომ ბავშვებისათვის მშობლები დიდები და ძლიერები არიან, არამედ იმიტომაც, რომ მათ მშობლები უფრო ჭკვიანები და ყოვლისშემძლენი ჰგონიათ. ბავშვის აზრით, არაფერია ისეთი, რაც მშობელმა არ იცის, ან არ შეუძლია. ის აღფრთოვანებულია მშობლის ღრმა ცოდნით, ზუსტი წინასწარმეტყველებით, ბრძნული მსჯელობით.

ზოგჯერ ამგვარი აღქმა სინამდვილეს შეფერება, ზოგჯერ კი – არა. შვილები, ბევრ არარსებულ თავისებურებას, თვისებას და შესაძლებლობას მიაწერენ მშობლებს. მშობელთა მცირე ნაწილმა თუ იცის იმდენი, რამდენსაც შვილი მიაწერს. გამოცდილება ყოველთვის „საუკეთესო მასწავლებელი” არ არის, – ასე დაასკვნის მოგვიანებით ბავშვი მოზარდობის და შემდეგ ზრდასრულობის ასაკში, როცა დაგროვილი გამოცდილებით შეძლებს მშობლების ობიექტურად შეფასებას. სიბრძნე ყოველთვის არ არის დაკავშირებული ასაკთან – მშობელთა უმრავლესობას უჭირს ამის აღიარება, მაგრამ საკუთარ თავთან უფრო გულახდილები ხვდებიან, რაოდენ გადაჭარბებულია დედისა და მამის შვილებისეული შეფასება. 

სანამ ისეთი უპირატესობა, როგორიცაა ფსიქოლოგიური ზომა, მშობლების მხარესაა, ბევრი დედა და მამა ამ განსხვავებას ხელს უწყობს. ისინი შეგნებულად მალავენ საკუთარ შეზღუდულობას და მსჯელობის ხარვეზებს შვილებისაგან და ნიადაგს ქმნიან ისეთი მითის დასამკვიდრებლად, როგორიცაა: „ჩვენ ვიცით, რა არის შენთვის უკეთესი” ან „როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ მართლები ვიყავით”.

ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი, რომ მშობლები თავიანთ დედებზე და მამებზე საუბრისას, ადვილად ამჩნევენ მათ შეცდომებსა და შეზღუდულობას. მიუხედავად ამისა, ისინი არც კი უშვებენ იმაზე ფიქრს, რომ თავადაც იგივე ხარვეზები შეიძლება ჰქონდეთ მსჯელობაში და საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში არ ჰყოფნიდეთ სიბრძნე.

  თუნდაც დაუმსახურებლად, მაგრამ მშობლებს მართლაც აქვთ უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზომა – ეს შვილზე ძალაუფლების მნიშვნელოვანი წყაროა. მშობლის მცდელობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე, სწორედ იმიტომ არის წარმატებული, რომ ბავშვის თვალში მშობელი „ავტორიტეტია”. ამასთან, სასარგებლო იქნება იმის გათვალისწინება, რომ ხშირად ეს შვილის მიერ მიწერილი „მოჩვენებითი ავტორიტეტია”. დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი – სულ ერთია, მთავარია, რომ „ფსიქოლოგიური ზომა” მშობელს შვილზე გავლენასა და ძალაუფლებას აძლევს. 

ძალაუფლების სრულიად განსხვავებული სახეა იმ მშობლების ძალაუფლება, რომლებსაც შვილისათვის საჭირო გარკვეული საგნები აქვთ. მშობელს ძალაუფლება აქვს შვილზე, იმიტომ, რომ ის მეტისმეტად დამოკიდებულია მასზე თავისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამო. ბავშვები კვებისა და ფიზიკური კომფორტის თვალსაზრისით სამყაროს მთლიანად სხვებზე დამოკიდებულნი ევლინებიან. მათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საჭირო საშუალებები არა აქვთ. ეს უკანასკნელი მშობლების ხელშია და ისინი აკონტროლებენ.  
თუ შვილს, ზრდასთან ერთად მშობლები დამოუკიდებლობის საშუალებას აძლევენ, მათი ძალაუფლება თანდათან ბუნებრივად სუსტდება. თუმცა, ნებისმიერ ასაკში, მაშინაც კი, როცა ბავშვი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და თავისი მოთხოვნილებების თითქმის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია საკუთარი ძალებით, მშობელს მაინც აქვს მასზე ძალაუფლების გარკვეული წილი.

რაკი მშობელს ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს, ის „დამჯილდოებლის” როლში გამოდის. ფსიქოლოგები ტერმინით „ჯილდო” აღნიშნავენ ყველა იმ საშუალებას, რომელიც მშობლებს აქვთ შვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მშობლები დამჯილდოებლები არიან). თუ ბავშვი მშიერია (სჭირდება საჭმელი) და მშობელი მას რძის ბოთლს მისცემს, ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვი დაჯილდოვდა (მისი ჭამის მოთხოვნილება დაკმაყოფილდა).

მშობელს აქვს ბავშვისათვის ტკივილის მიყენების თუ დისკომფორტის შექმნის საშუალებებიც, მაგალითად, არ აძლევს იმას, რაც სჭირდება (არ აჭმევს, როცა მშიერია) ან აყენებს ტკივილსა და უქმნის დისკომფორტს (ურტყამს ხელში, როცა ის ძმის რძის ბოთლს წაეტანება). ფსიქოლოგები დაჯილდოების ტერმინის ოპოზიტად იყენებენ ტერმინს „დასჯა”.

ყველა მშობელმა იცის, მას შეუძლია შვილის მართვა ძალის გამოყენებით. დაჯილდოებისა და სასჯელის გონივრული მანიპულირებით მშობელი წაახალისებს მოიქცეს კარგად ან ხელს უშლის – მოიქცეს ცუდად. 

საკუთარი გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ადამიანები (და ცხოველები) იმეორებენ იმ ქცევას, რომელსაც ჯილდო მოაქვს (აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს) და გაურბიან იმ ქცევას, რომელიც არ ჯილდოვდება ან, ფაქტობრივად, ისჯება. ამრიგად, მშობელს შეუძლია დაჯილდოებით „გააძლიეროს” გარკვეული ქცევა და დასჯით „დათრგუნოს” სხვა, არასასურველი ქცევა.

დავუშვათ, გინდათ, რომ შვილმა ითამაშოს მანქანებით და არა ჟურნალების მაგიდაზე დადგმული მინის ძვირფასი სტატუეტებით. „მანქანებით თამაშის” ქცევის გასაძლიერებლად შეიძლება მიუჯდეთ მას თამაშისას და ალერსიანი სიცილით უთხრათ: „ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!”. „მინის სტატუეტებით თამაშის” ქცევის დასათრგუნად შეიძლება ჩაარტყათ ხელში ან მიუტყაპუნოთ საჯდომზე, შუბლი შეჭმუხნოთ, უკმაყოფილო სახე მიიღოთ და უთხრათ: „რა საძაგელი გოგო ხარ”. ბავშვი სწრაფად გაიგებს, რომ მანქანებით თამაშს მშობლის ძალაუფლებასთან სასურველი ურთიერთობა მოჰყვება, მინის სტატუეტებით თამაშს კი – არასასურველი.  

სწორედ ასე იქცევიან მშობლები შვილის ქცევის შესაცვლელად. ისინი ამას „ბავშვის აღზრდას” უწოდებენ. სინამდვილეში კი მშობელი ძალაუფლებას იყენებს ბავშვის სასურველი ქცევის მისაღწევად და არასასურველის აღსაკვეთად. იმავე მეთოდს იყენებენ ძაღლის მწვრთნელები ცხოველების გასაწვრთნელად და ცირკის მსახიობები იმისათვის, რომ დათვს ველოსიპედით სიარული ასწავლონ. თუ მწვრთნელს უნდა, რომ ძაღლი უკან გაჰყვეს, ის ყელსაბამს უკეთებს და ხელში მისი ბოლო უჭირავს. „მომყევი”, უყვირის ძაღლს და თუ ძაღლი ბრძანებას არ შეასრულებს, ატკენს (დასჯა). თუ მწვრთნელს დაემორჩილება, მიეფერება (ჯილდო). ძაღლი სწრაფად სწავლობს ბრძანებით სიარულს.

ვერაფერს ვიზამთ – ძალაუფლება თავისას აკეთებს! ერთნაირად შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს მანქანებით და არა მინის ფიგურებით თამაში, ძაღლს ბრძანებით სიარული და დათვებს ველოსიპედით (ერთთვლიანითაც კი) სიარული. 

პატარაობიდანვე, დაჯილდოებისა და დასჯის სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ ბავშვების მართვა შესაძლებელია მხოლოდ ჯილდოს დაპირებით, თუკი სასურველად მოიქცევა ან მოსალოდნელი სასჯელის მუქარით, თუ არასასურველად მოიქცევა. სიტუაციის პოტენციური უპირატესობა აშკარაა: მშობელს არ სჭირდება არც სასურველი ქცევის ლოდინი, რათა დააჯილდოოს (გააძლიეროს) ის, არც არასასურველის, რათა დასაჯოს (დათრგუნოს). მას ბავშვზე ზემოქმედება არსებითად მხოლოდ თქმით (ვერბალურად) შეუძლია: „თუ ასე მოიქცევი, ჯილდოს მიიღებ, თუ სხვაგვარად – დაისჯები”.
მშობლის ძალაუფლების სერიოზული შეზღუდვა

თუკი მკითხველი ფიქრობს, რომ დაჯილდოებისა და დასჯისათვის (ან ჯილდოს დაპირებისა და დასჯის მუქარისათვის) მშობლის ძალაუფლების გამოყენება შვილის მართვის ეფექტური იარაღია, ის ერთის მხრივ, მართალია, ხოლო მეორე მხრივ, სასტიკად ცდება: მშობლის ავტორიტეტის (ან ძალაუფლების, ან ძალის) გამოყენება, რომელიც ეფექტურად გვეჩვენება გარკვეულ სიტუაციაში, ძალზე არაეფექტურია სხვა შემთხვევაში. (მოგვიანებით განვიხილავთ მშობლის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საფრთხეებს).

მშობლის ძალაუფლების გამოყენების მრავალი, თუ არა ყველა, გარე ეფექტი ძალზე სამწუხაროა. „დამჯერის აღზრდის” შედეგი ხშირად დაშინებული და ნერვიული ბავშვია, რომელიც ხშირად მტრობს და სამაგიეროს უხდის აღმზრდელს; ფიზიკურად და ემოციურად  დათრგუნულია მისთვის რთული ან არასასიამოვნო ქცევის დასწავლის მცდელობის სტრესის გამო. ძალაუფლების გამოყენებას შეუძლია მრავალი მტკივნეული შედეგი და საფრთხე გაუჩინოს როგორც ცხოველების მწვრთნელს, ისე ბავშვის აღმზრდელს. 
მშობლები აუცილებლად ამოწურავენ ძალაუფლებას

ძალაუფლების გამოყენება ბავშვების სამართავად მხოლოდ გარკვეულ პირობებშია ეფექტური. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სათანადო ძალაუფლება აქვს – მისი ჯილდო საკმარისად მიმზიდველი უნდა იყოს, რომ ბავშვს სურდეს მიღება, ხოლო სასჯელი საკმარისად დამაჯერებელი, რომ ბავშვი მის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ბავშვი დამოკიდებული უნდა იყოს მშობელზე; რაც მეტად არის დამოკიდებული იმაზე, რაც მშობელს აქვს (ჯილდო), მით მეტი ძალაუფლება აქვს მშობელს.   

ეს ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობების შემთხვევაში. თუ რაღაც ძალიან მჭირდება, მაგალითად, ფული, რომ შვილებს საჭმელი ვუყიდო, მე მთლიანად დამოკიდებული ვარ სხვაზე, მაგალითად, დამსაქმებელზე და, ცხადია, მას ჩემზე დიდი ძალაუფლება ექნება. თუ მე მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე ვარ დამოკიდებული, სავარაუდოდ, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვს, ოღონდ მივიღო ის, რაც ძალიან მჭირდება. თუმცა, ერთ ადამიანს მეორეზე გავლენა და ძალაუფლება მხოლოდ მანამდე აქვს, სანამ მეორე სუსტია, ღარიბია, რაღაც სჭირდება, უმწეოა, დამოკიდებულია. 

ასაკთან ერთად, ბავშვი რაც უფრო ნაკლებად დაუცველი, დამოკიდებული ხდება მშობელზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას, მშობელი კარგავს ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ აღმოაჩენენ ხოლმე შეშფოთებული მშობლები, რომ ჯილდო და სასჯელი, რომელიც არაჩვეულებრივად ჭრიდა, სანამ შვილი პატარა ჰყავდათ, მის ზრდასთან ერთად არაეფექტური ხდება. 

„შვილზე გავლენა დავკარგეთ. ჩვეულებრივ, ის პატივს სცემდა ჩვენს ავტორიტეტს, ახლა კი საერთოდ აღარ გვისმენს”, „ჩვენი გოგონა ძალიან დამოუკიდებელი გახდა – აღარ ვიცით, როგორ ვაიძულოთ მოგვისმინოს”, აღიარებენ და წუხან მშობლები. თხუთმეტი წლის ვაჟის მამამ საკუთარ ჯგუფს გაუმხილა, რამდენად უმწეოდ გრძნობს თავს:

„ჩვენს ავტორიტეტს ავტომობილის გარდა ვერაფრით ვამყარებთ. მაგრამ ესეც კი თითქმის არ ჭრის, რადგან მან გასაღები მომპარა და ასლი გააკეთებინა. როცა სახლში არა ვართ, ის თავისუფლად ჯდება მანქანაზე თუკი მოუნდება. ახლა, როცა აღარაფერი მაქვს ისეთი, რაც მას სჭირდება, აღარ შემიძლია მისი დასჯა”.
მშობლები იმ გრძნობას გამოხატავენ, რომელიც უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი, როცა შვილები დამოუკიდებლები ხდებიან. ასეთი რამ აუცილებლად ხდება მოზარდობის ასაკში, როცა შვილს მრავალი ჯილდოს მიღება შეუძლია საკუთარი აქტივობების საშუალებით (სკოლა, სპორტი, მეგობრები, მიღწევები). ამას გარდა, ის ცდილობს იპოვოს დასჯის თავიდან აცილების ქმედითი მეთოდები. იმ ოჯახებში, სადაც ადრეულ ასაკში შვილების მართვისათვის ძირითადად ძალაუფლებას იყენებდნენ, მშობლები ძლიერ ემოციურ შოკს განიცდიან, როცა მათი ძალაუფლება იწურება და გავლენის გარეშე რჩებიან.   
მოზარდობა
დღეს დარწმუნებული ვარ, რომ „მოზარდობის ასაკში სტრესისა და გადაღლის” შესახებ თეორიათა უმრავლესობა არასწორად ამახვილებს ყურადღებას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ფიზიკური ცვლილებები, მზარდი სექსუალურობა, ახალი სოციალური მოთხოვნები, ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის წინააღმდეგობა და სხვ. ეს პერიოდი ბავშვებისა და მშობლებისათვის რთული ძირითადად იმის გამოა, რომ მოზარდები დამოუკიდებლები ხდებიან და მშობლებს უკვე აღარ შეუძლიათ მათი ადვილად გაკონტროლება ჯილდოთი და დასჯით. რაკი მშობელთა უმრავლესობა ძირითადად სწორედ ჯილდოსა და სასჯელს ეყრდნობა, მოზარდები მათ სულ უფრო დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი, მეამბოხე, მტრული ქცევით უპირისპირდებიან.   

მშობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდების წინააღმდეგობა და მტრობა განვითარების მოცემული სტადიის გარდაუვალი პროდუქტია. ვიქრობ, ეს ასე არ არის – საქმე იმაშია, რომ მოზარდს მეტად შეუძლია წინააღმდეგობა და ბუნტი. მშობლებს უკვე აღარ ძალუძთ მისი მართვა ჯილდოთი, რომელიც მას იმდენად აღარც სჭირდება; მას იმუნიტეტი აქვს დასჯის საფრთხის მიმართაც, რადგან მშობელს თითქმის აღარ შეუძლია მისთვის ტკივილის ან ძლიერი დისკომფორტის მიყენება. ტიპური მოზარდი იქცევა ისე, როგორც იქცევა, რადგან მას უკვე საკმარისი ძალა და რესურსი აქვს საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საკმარისი ძალაუფლება, რომ აღარ ეშინოდეს მშობლების ძალაუფლების. 

შესაბამისად, მოზარდი მშობლებს კი არ უჯანყდება, არამედ მათ ძალაუფლებას. მშობლები ჩვილობის ასაკიდან შვილებზე ზეგავლენისთვის ნაკლებად რომ ეყრდნობოდნენ ძალაუფლებას და მეტად არაძალაუფლებრივ მეთოდებს, მაშინ ამ უკანასკნელებს წინააღმდეგობის ნაკლები მიზეზი ექნებოდათ მოზარდობისას. ამრიგად, შვილის ქცევის შეცლისათვის ძალაუფლების გამოყენებას შემდეგი სერიოზული შეზღუდულობა ახასიათებს: მშობელს აუცილებლად ელევა ძალაუფლება და გაცილებით მალე, ვიდრე ჰგონია.
ძალაუფლების გამოყენებით აღზრდა განსაზღვრულ პირობებს მოითხოვს

ბავშვზე ზეგავლენისათვის ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას კიდევ ერთი შეზღუდულობა აქვს: „აღზრდა” მკაცრი კონტროლის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. 

ფსიქოლოგები, რომლებიც წვრთნის საშუალებით ცხოველთა სწავლის პროცესს იკვლევენ, მრავალ სირთულეს აწყდებიან, სანამ კვლევის „ობიექტებისთვის” საკმარისად მკაცრ პირობებს არ შექმნიან. ჯილდოსა და სასჯელის დახმარებით ბავშვების აღზრდის (წვრთნის) პროცესში მრავალი ასეთი პირობის ან მოთხოვნის დაცვა უკიდურესად რთულია. მშობელთა უმრავლესობა ყოველდღიურად არღვევს ეფექტური „წვრთნის” ერთ ან რამდენიმე „წესს”. 

1.აღზრდის „ობიექტს” მაღალი მოტივაცია სჭირდება – მას „ჯილდოსათვის შრომის” ძლიერი მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს. ვირთხამ ლაბირინთის გავლა და მეორე ბოლოში დადებული საჭმლის პოვნა რომ ისწავლოს, საკმარისად მშიერი უნდა იყოს. მშობელი ხშირად ცდილობს ბავშვზე ზემოქმედებას ისეთი ჯილდოს შეთავაზებით, რომელიც მას დიდად არ სჭირდება (ჰპირდება, რომ უმღერებს, თუკი დაუყოვნებლივ დაწვება დასაძინებლად და აღმოაჩენს, რომ ვერ „მოისყიდა”).

2.თუკი სასჯელი ძალზე მკაცრია, ობიექტი ცდილობს საერთოდ გაექცეს სიტუაციას. როცა ვირთხა ელექტროშოკს იღებს ლაბირინთის ჩიხში შესვლისას, შესაძლოა საერთოდ „აღარ სცადოს” გზის მოძებნა, თუკი შოკი ძალიან ძლიერი იქნება. თუ მკაცრად დასჯით ბავშვს შეცდომისთვის, შესაძლოა მან „ისწავლოს”, რომ აღარ სცადოს კარგად გაკეთება.

3.ჯილდომ ობიექტის ქცევაზე გავლენა რომ მოახდინოს, ის დაუყოვნებლივი უნდა იყოს. თუ ვირთხამ შესაბამის ღილაკზე დაჭერა უნდა ისწავლოს საჭმლის მისაღებად და ღილაკის სწორად დაჭერის შემდეგ საჭმელს დავუგვიანებთ, ის ვერ ისწავლის, რომელია სწორი ღილაკი. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სამი კვირის შემდეგ ზღვაზე შეუძლია წავიდეს, თუკი დღეს საოჯახო საქმეებს გააკეთებს და აღმოაჩენთ, რომ ასეთ შორეულ ჯილდოს არ ექნება საკმარისი ძალა ბავშვის მოტივაციისათვის. 

4.მშობელი თანმიმდევრული უნდა იყოს სასურველი ქცევისათვის დაჯილდოებასა და არასასურველისათვის დასჯაში. თუ ძაღლს სასადილო ოთახში მისცემთ საკვებს, როცა სტუმრები არ გყავთ, ხოლო დასჯით, თუკი სტუმრების ტანდასწრებით მოგთხოვთ საკვებს, დაიბნევა და იმედი გაუცრუვდება (თუ, რა თქმა უნდა, არ ასწავლით განსხვავებას სტუმრის არყოფნასა და სტუმრის ყოფნას შორის, როგორც ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს ძაღლს). მშობლები ხშირად არათანმიმდევრულები არიან ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. მაგალითად: ზოგჯერ დედა ნებას აძლევს შვილს კვებასა და კვებას შორის წაიხემსოს, მაგრამ არ აძლევს ამის ნებას, თუკი გემრიელ სადილს ამზადებს და არ უნდა, რომ შვილმა სადილი „გაიუგემუროს” (რომელიც, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დედის სადილია).

5.ჯილდო და სასჯელი

იშვიათად არის ეფექტური რთული ქცევის სწავლისას, თუკი პარალელურად არ გამოვიყენებთ ძალზე რთულ და დროტევად „განმამტკიცებელ” მეთოდებს. მართალია, ფსიქოლოგებმა წარმატებით ასწავლეს ქათმებს მაგიდის ჩოგბურთი, ხოლო მტრედებს რაკეტების მართვა, მაგრამ ამგვარ მიღწევებს ძალზე რთული და დროტევადი წვრთნა სჭირდება, რომელიც მკაცრი კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. 

იმ მკითხველმა, რომელსაც ცხოველი ჰყავს კარგად იცის, რა რთულია ძაღლს ასწავლო მხოლოდ საკუთარ ეზოში თამაში, პატრონისათვის ნივთის მოტანა ან სხვა ძაღლებისათვის საკვების გაზიარება. იმავე ადამიანებს კითხვაც კი არ უჩნდებათ იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების მცდელობა, რომ ბავშვს მსგავსი ქცევები ვასწავლოთ. 

ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით შეიძლება ვასწავლოთ შვილს არ ახლოს ხელი ყავის მაგიდაზე მდგარ ნივთებს ან „გეთაყვა” თქვას, როცა რაღაც სურს სადილობისას, მაგრამ ასეთი მეთოდები ნაკლებეფექტური იქნება სწავლის სასურველი ჩვევების ფორმირების ან ისეთი თვისებების აღზრდისთვის, როგორიცაა პატიოსნება, სიკეთე ან კეთილსინდისიერება. ბავშვებისათვის ქცევის ასეთი რთული მოდელების სწავლება სინამდვილეში არ ხდება; ბავშვები მას საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით.
ბავშვების აღზრდისას ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების რამდენიმე ნაკლოვანება აღვნიშნე. სწავლებისა და აღზრდის სპეციალისტ ფსიქოლოგებს გაცილებით მეტის დამატება შეუძლიათ. ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით ცხოველებისა და ბავშვებისათვის კომპლექსური ქმედებების შესრულების სწავლება არა მხოლოდ დამოუკიდებელი დისციპლინაა, რომელსაც ფართო ცოდნა, დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი: ცირკის გამოცდილი მწვრთნელი და გამოცდილი ფსიქოლოგი არც ისე კარგი მოდელია მშობლისათვის, რომ შვილს სასურველი ქცევა ასწავლოს.
მშობლის ძალაუფლების შედეგები

გასაოცარია, რომ სერიოზული ნაკლოვანებების მიუხედავად, ძალაუფლება მშობელთა უმრავლესობისათვის მათი განათლების, სოციალური კლასისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მაინც მისაღები მეთოდია. 

ინსტრუქტორები PET-ის მეცადინეობებზე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მშობლებმა არაჩვეულებრივად იციან ძალაუფლების დამღუპველი შედეგების შესახებ. მშობლებს სთხოვენ საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენონ, რა ზეგავლენა ჰქონდა თვით მათზე მშობლების ძალაუფლებას. უცნაური პარადოქსია, რომ მშობლებს ახსოვთ, როგორ მოქმედებდა ბავშვობაში მათზე ძალაუფლება, მაგრამ „ავიწყდებათ”, როდესაც მას საკუთარი შვილების აღზრდისათვის იყენებენ. ყოველ ჯგუფში ასეთ მშობლებს ვთხოვთ ჩამოწერონ, რას აკეთებდნენ მშობლის ძალაუფლებასთან გამკლავების მიზნით. ყოველ კლასში იქმნება „გამკლავების მექანიზმის” სია, რომელიც ასე გამოიყურება:  

1.წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი.
2.აღშფოთება, ბრაზი, მტრობა. 
3.აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა.
4.სიცრუე, გრძნობების დამალვა.
5.სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა.
6.დომინირება, მართვა, დაშინება.
7.გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი.
8.ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება.
9.მორჩილება, შეგუება, დათმობა.
10.ფარისევლობა, პირფერობა.
11.კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა.
12.საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია. 
წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი
ერთ–ერთმა მშობელმა მასსა და მამამისს შორის მომხდარი ტიპური ინციდენტი გაიხსენა:
მშობელი: თუ ლაყბობას არ მორჩები, სილას მიიღებ!
შვილი: მიდი, დამარტყი!
მშობელი: (არტყამს).
შვილი: კიდევ დამარტყი, უფრო ძლიერად! არ გავჩუმდები!

ზოგიერთი ბავშვი მშობლის მიერ ძალაუფლების გამოყენებას იმით უპირისპირდება, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რის გაკეთებასაც მშობელი სთხოვს. აი, ერთ–ერთი დედის ნაამბობი:

„ძალაუფლებას, ძირითადად, მხოლოდ სამი მიზნით ვიყენებდით: ქალიშვილს სუფთად და მოწესრიგებულად სცმოდა, ეკლესიაში ევლო და არ დაელია. და მუდამ მკაცრად ვიცავდით. …ახლა ვიცით, რომ მისი სახლი მუდამ არეულია, ეკლესიაში ფეხსაც კი არ დგამს და თითქმის ყოველ საღამოს სვამს კოკტეილს”.

ერთ–ერთმა მოზარდმა თერაპიული სეანსის დროს აღიარა:

„არც კი ვეცდები სკოლაში კარგი შეფასებები მივიღო, რადგან მშობლები მეტისმეტად მაიძულებდნენ კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. კარგი ნიშნები რომ მივიღო, ისინი ნასიამოვნები იქნებიან, თითქოს მართლები იყვნენ ან გაიმარჯვეს. ვერ მივართმევ! სწორედ ამიტომ არ ვსწავლობ”.

მეორემ გვიამბო, რა რეაქცია აქვს მშობლების გაუთავებელ „ბურღვაზე” გრძელი თმის გამო:

„მოვიჭრიდი, ასე რომ არ მიჭამდნენ ტვინს. მაგრამ სანამ თავს არ დამანებებენ, მანამდე ვივლი გრძელი თმით”.
ზრდასრულთა ავტორიტარიზმის მიმართ ასეთი რეაქცია საყოველთაოა. ბავშვების მრავალი თაობა აპროტესტებს და უჯანყდება მშობლის ავტორიტარიზმს. ისტორიაში ვერ ვიპოვით არსებით სხვაობას გასული საუკუნეებისა და თანამედროვე ახალგაზრდობას შორის. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრულები, გააფთრებით იცავენ თავისუფლებას, მათ თავისუფლებას კი ისტორიის ყველა ეტაპზე ემუქრებოდა საფრთხე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ბავშვები იმით უპირისპირდებიან, რომ ებრძვიან ყველას, ვინც მის წართმევას დააპირებს.
აღშფოთება, ბრაზი, მტრობა

ბავშვები ბრაზობენ მათზე ვისაც ძალაუფლება აქვს. მას უპატიოსნოდ და ხშირად უსამართლოდ მიიჩნევენ. მათ აღაშფოთებთ თვით ის ფაქტიც, რომ მშობლები და მასწავლებლები მათზე დიდები და ძლიერები არიან, თუკი ამგვარი უპირატესობა მათი კონტროლის ან მათი თავისუფლების შეზღუდვისათვის გამოიყენება.

„აბა, ვინმე შენი ტოლი გააბრაზე”, ასეთია არის ბავშვის განცდა, როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს.

ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანი აღშფოთებასა და ბრაზს განიცდის იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც მეტ–ნაკლებად დამოკიდებულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. უმრავლესობა ამრეზით უყურებს მათ, ვისაც დოვლათის (ჯილდოს) გაცემის ან ჩამორთმევის ძალაუფლება აქვს. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვიღაცას მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს. მათ თავად სურთ ასეთ განმკარგველად ყოფნა. ამას გარდა უმრავლესობას სწყურია ამგვარი დამოუკიდებლობა, რადგან სხვაზე დამოკიდებულება ყოველთვის სახიფათოა. მუდამ არსებობს საფრთხე, რომ ვისზეც დამოკიდებული ხარ უსამართლო, მიკერძოებული, არათანმიმდევრული, არაკეთილგონიერი აღმოჩნდება; ან ძალაუფლების მქონე ჯილდოს საზღაურად საკუთარი ღირებულებებისა და სტანდარტების აღიარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ის ვინც მსახურობს ძალზე პატერნალისტურად განწყობილ დამსაქმებლთან, რომელიც გულუხვად არიგებს „პრემიებსა” და „სტიმულებს” (იმ პირობით, რომ თანამშრომლები მართვის ავტორიტარულ მეთოდებს მადლიერებით მიიღებენ) აღშფოთებასა და მტრობას განიცდის „იმ ხელის მიმართ, რომელიც მას აჭმევს”. სამრეწველო ურთიერთობათა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გაფიცვები იმ კომპანიებში ხდებოდა, სადაც ხელმძღვანელობა „კეთილგანწყობილი პატერნალისტი” იყო. ამავე მიზეზით ხდება, რომ „მდიდარი” ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია „ღარიბი” ქვეყნებისათვის უხვი სუბსიდიების გაცემაზე, შედეგად დამოკიდებული ქვეყნის მტრობას იწვევს „გამცემისადმი”.  
აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა

რაკი მშობლის დომინირება ძალაუფლების წყალობით, ხშირად ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას იწვევს, ხოლო დაუკმაყოფილებლობა – აგრესიას, მშობელი, რომელიც ძალაუფლებას ეყრდნობა, შვილისაგან ამა თუ იმ სახით გამოვლენილ აგრესიას უნდა მოელოდეს. შვილები შურს იძიებენ, ცდილობენ მშობელს „ადგილი მიუჩინონ”, მეტისმეტად კრიტიკულები არიან, უხეშობენ, იყენებენ „სიჩუმით გამოცდას” ან სხვა ასობით აგრესიულ ქცევას, რომელიც მათი აზრით, ჯავრს ამოაყრევინებს ან რაც შეიძლება ძლიერად ატკენს მშობელს.

ბავშვების წინააღმდეგობის ფორმულა დაახლოებით ასეთია: „შენ მაწყენინე, მეც გაწყენინებ – იქნება მომავალში მაინც აღარ მატკინო”. ამ ფორმულის უკიდეურესი გამოვლინებაა გაზეთებში ხშირად აღწერილი შემთხვევები, როცა შვილი ფიზიკურად უსწორდება საკუთარ მშობელს. უდავოა, რომ აგრესიის მრავალი აქტი, რომელიც მიმართულია სკოლის ხელმძღვანელობის (ვანდალიზმი), პოლიციის, პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მოტივირებულია შურისძიების ან საპასუხო დარტყმის სურვილით.
სიცრუე, გრძნობების დამალვა

ზოგიერთი ბავშვი სწრაფად ხვდება, რომ თუკი იცრუებს, მრავალი სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს. ცალკეულ შემთხვევაში, ტყუილმა შესაძლოა ჯილდოც კი მოუტანოს. ამასთან, ბავშვები აუცილებლად სწავლობენ მშობლების ღირებულებებს – მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მშობლებს. გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვი, რომელსაც თერაპიული სეანსების დროს შევხვედრივარ და რომლის მშობლები ჯილდოსა და სასჯელის „დიდ დოზას” იყენებდნენ, მიმხელდა, რომ მუდმივად ცრუობდა მშობლებთან. აი, რა მითხრა, ერთმა მოზარდა გოგონამ:

 „დედაჩემი არ მაძლევდა ერთ ბიჭთან სიარულის უფლებას, ამიტომ ერთ ჩემს მეგობარ გოგოს ვთხოვე, გამოევლო და ეთქვა, რომ კინოში ან სადმე სხვაგან მივდიოდით. შემდეგ კი პაემანზე მივდიოდი”.

„დედაჩემი არ მაძლევდა მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებას, ამიტომ მოკლეზე ზემოდან უფრო გრძელს ვიცმევდი და როცა სახლს გავცდებოდი, ვიხდიდი ხოლმე. ასევე ვიქცეოდი სახლში დაბრუნებისას – მოკლე ქვედაბოლოზე შედარებით გრძელს ვიცმევდი და სახლში შევდიოდი”, ეს მეორე გოგონას აღაირებაა.

ბავშვები ამდენს იმიტომ ცრუობენ, რომ მათი მშობლები მეტისმეტ იმედ ამყარებენ დაჯილდოებისა და დასჯის სისტემაზე, თუმცა, მტკიცედ მჯერა, რომ სიცრუის ტენდენცია სავსებით არ არის დამახასიათებელი მოზარდობისთვის. ის დასწავლილი რეაქციაა – მშობლის მცდელობისაგან თავდაღწევის მექანიზმია, აკონტროლოს შვილი ჯილდოსა და სასჯელის მანიპულირებით. ბავშვები არ ცრუობენ ისეთ ოჯახში, სადაც მათ აღიარებენ და მათ თავისუფლებას პატივს სცემენ. 

მშობლები, რომლებიც წუხან, რომ შვილები არ უზიარებენ პრობლემებს ან მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, როგორც წესი, ფართოდ იყენებენ სასჯელს. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესებს და ერთ–ერთი ასეთი წესი დუმილია. 
სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა

იმ ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, შვილები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ეჯიბრებიან მშობლის ჯილდოს მისაღებად და სასჯელის თავიდან ასაცილებლად. ისინი სწრაფად სწავლობენ თავდაღწევის კიდევ ერთ მექანიზმს: სხვების ჩაყენება არახელსაყრელ მდგომარეობაში, დისკრედიტაცია, დადანაშაულება, ჭორი. ფორმულა მარტივია: „თუ სხვას დავადანაშაულებ, იქნებ გადავრჩე”. როგორი ფიასკოა მშობლისათვის! მას სურს შვილები თანამშრომლობდნენ, მაგრამ ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებთ ისინი კონკურენტულ ქცევას აძლევენ საკვებს – და–ძმის მტრობას, ჩხუბს, დასმენას:  

„მას მეტი ნაყინი აქვს”.
„მე რატომ უნდა ვიმუშაო ბაღში და ჯომ – არა?”
„პირველმა მან დამარტყა – ყველაფერი მან დაიწყო!”
„არასდროს სჯიდი ერიკას, როცა ჩემხელა იყო და ჩემსავით იქცეოდა”.
„რატომ პატიობ ედის ყველაფერს?”

ბავშვებს შორის ჩხუბი და ურთიერთდადანაშაულება უმეტესწილად შეიძლება მშობლების მიერ აღზრდის პროცესში ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას მივაწეროთ. რაკი მშობლებს არ აქვთ საკმარისი დრო, მოთმინება და სიბრძნე ყოველთვის სამართლიანად და თანაბრად გაანაწილონ ჯილდო და სასჯელი, ისინი გარდაუვლად უწყობენ ხელს კონკურენციას. ამ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ყოველ ბავშვს თავისთვის მეტი ჯილდო სურდეს, ხოლო და–ძმისთვის – მეტი სასჯელი.  
დომინირება, მართვა, დაშინება

რატომ ცდილობს ბავშვი უმცროსი და–ძმის დამორჩილებას და დაშინებას? ერთ–ერთი მიზეზი ცხადია – მშობლები საკუთარ ძალაუფლებას მასზე დომინირებისთვის იყენებდნენ. ამიტომ, ყოველთვის, როცა და–ძმაზე ძალაუფლება აქვს, ცდილობს დომინირებას და მართავს. ამის დანახვა შესაძლებელია, როცა ბავშვები თოჯინით თამაშობენ. ისინი თოჯინას („შვილს”) ისევე ექცევიან, როგორც მათ ექცევიან მშობლები. ამიტომაც არის გავრცელებული ფსიქოლოგებში მოსაზრება, რომ იმის გასაგებად, როგორ ექცევა მშობელი შვილს საჭიროა დააკვირდე ბავშვის თამაშს თოჯინით. თუ ბავშვი დედის როლში დომინირებს, მართავს და სჯის თოჯინას, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ მას თავადაც ასე ექცევა დედა. 

შესაბამისად, როცა მშობელი თავის ავტორიტეტს შვილის მართვისა და კონტროლისათვის იყენებს  გაუცნობიერებლად რისკავს აღზარდოს ისეთი ადამიანი, რომელიც ავტორიტარული იქნება სხვების მიმართ.
გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი

როცა ბავშვი ჯილდოთი და სასჯელით გაჯერებულ გარემოში იზრდება, მას შესაძლოა დაუოკებელი მოთხოვნილება გაუჩნდეს „კარგი” ჩანდეს სხვის თვალში, ანუ გაიმარჯვოს და თავიდან აიცილოს „ცუდობა” ანუ მარცხი. ეს განსაკუთრებით ეხება ჯილდოზე ორიენტირებულ მშობლებს, რომლებიც მეტისმეტად ეყრდნობიან დადებით შეფასებას, ფულად ჯილდოს, ოქროს ვარსკვლავს, წახალისებას და ა.შ.

საუბედუროს ასეთი მშობელი ბევრია, განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი შემოსავლების ოჯახებში. შევხვედრივარ მშობლებს, რომლებიც უარყოფენ დასჯას, როგორც კონტროლის მეთოდს, მაგრამ იშვიათად მინახავს ისეთები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ჯილდოს გამოყენების მნიშვნელობაში. ამერიკელ მშობელს უხვად სთავაზობენ სტატიებსა და წიგნებს, სადაც ხშირად შექებისა და დაჯილდოების შესახებ უამრავი რჩევაა. მშობელთა უმრავლესობა ეჭვის გარეშე იღებს ამ რჩევას, რის შედეგად ამერიკაში ბევრი ბავშვის მანიპულირება მშობლის მიერ ყოველდღიურად ხდება შექებით, განსაკუთრებული პრივილეგიებით, ჯილდოებით, ტკბილეულით, ნაყინით, ფულით და ა.შ. გასაკვირი არ არის, რომ ჯილდოებით დანებივრებული ბავშვების თაობა ასე ძლიერ არის ორიენტირებული იმაზე, რომ გაიმარჯვოს, კარგი გამოჩნდეს, მწვერვალზე მოექცეს და, რაც მთავარია, თავიდან აიცილოს მარცხი.  

  

ჯილდოზე ორიენტირებული აღზრდის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი უკავშირდება შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლისთვისაც რთულია „ბონუსების” მოპოვება. მხედველობაში მყავს ბავშვი, რომლის და–ძმა და თანატოლები გენეტიკურად მეტად ნიჭიერები არიან, რის გამოც ის განწირულია „მარცხისთვის” ნებისმიერ წამოწყებაში – სახლში, სპორტულ მოედანზე ან სკოლაში. ბევრ ოჯახში ასეთი ერთი ან რამდენიმე ბავშვია, რომლებმაც ცხოვრება ხშირი დამარცხებების ტკივილით და სხვების მიერ მიღებული ჯილდოს გამო იმედგაცრუებით უნდა გალიოს. მათ დაბალი თვითშეფასება და უმწეობისა და მარცხის განწყობა უყალიბდებათ. ერთი სიტყვით, ჯილდოთი გაჯერებული გარემო შესაძლოა გაცილებით დამღუპველი აღმოჩნდეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც მისი მოპოვება არ შეუძლია, ვიდრე მათთვის, ვისაც შეუძლია. 
ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება
ბავშვები, რომლებსაც მშობლები ავტორიტეტითა და ძალაუფლებით მართავენ და აკონტროლებენ ასაკთან ერთად ამ ძალაუფლების გადალახვის კიდევ ერთ გზას სწავლობენ. ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ალიანსების ჩამოყალიბების მოდელი სხვა ბავშვებთან ოჯახს შიგნით ან გარეთ. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ „ძალა ერთობაშია” და შეუძლიათ „ორგანიზება” ისევე, როგორც ამერიკელ მუშებს დამსაქმებლებისა და მენეჯმენტის ძალაუფლების წინააღმდეგ. 

ბავშვები ხშირად შემდეგი საშუალებებით აყალიბებენ ალიანსებს მშობელთა წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით:

უთანხმდებიან ერთმანეთს, რომ ყველა ერთსა და იმავე მოგონილ ამბავს იტყვის.

ეუბნებიან მშობლებს, რომ სხვა ბავშვებს კონკრეტული საქმიანობის კეთების ნება აქვთ და ნამუსზე აგდებენ.
არწმუნებენ სხვა ბავშვებს, რომ შეუამხანაგდნენ საეჭვო აქტივობებისას იმ იმედით, რომ მშობლები ვერ შეძლებენ მათ „გამოცალკევებას”, როცა საქმე დასჯაზე მიდგება.

დღევანდელი მოზარდების თაობამ კარგად იცის მშობლებისა და ზრდასრულების ძალაუფლების წინააღმდეგ ორგანიზებისა და ქმედების ერთიანი ძალა, რისი მკაფიო მაგალითია ნარკოტიკების მიღება მეგობრებთან ერთად, საშინაო დავალების შეუსრულებლობა, სკოლის გაცდენა და ბანდებსა და ჯგუფებში გარეთიანება.

რაკი ძალაუფლება ბავშვების ქცევის კონტროლისა და მართვის უპირატეს მეთოდად რჩება, მშობლები და სხვა ზრდასრულები ყველაზე სავალალო შედეგს იმკიან – მოზარდები ალიანსების შექმნით უპირისპირებენ საკუთარ ძალაუფლებას მშობლების ძალაუფლებას. ხდება საზოგადოების პოლარიზება ორ მტრულ ჯგუფად – ახალგაზრდები მშობლების წინააღმდეგ ორგანიზდებიან, ან თუ გნებავთ, „არმქონეები” „მქონეთა” წინააღმდეგ. საკუთარ ოჯახთან გაიგივების ნაცვლად, ბავშვები სულ უფრო მეტად აიგივებენ თავს თანატოლთა ჯგუფთან უფროსების გაერთიანებულ ძალასთან დასაპირისპირებლად. 
მორჩილება, შეგუება, დათმობა

ზოგიერთ ბავშვს ბევრისათვის გაუგებარი მიზეზების გამო ურჩევნია დაემორჩილოს მშობლების ავტორიტეტს. ისინი წინააღმდეგობას მორჩილებით, შეგუებითა და დათმობით გამოხატავენ. მშობლის ავტორიტეტზე ასეთ რეაქციას მაშინ ვხვდებით, როდესაც მშობლები ზედმეტად მკაცრები არიან საკუთარი ძალაუფლების გამოყენებისას. თუ სასჯელი ძალზე მკაცრი იყო, ბავშვი მორჩილი ხდება დასჯის მიმართ ძლიერი შიშის გამო. ბავშვის რეაქცია მშობლის ძალაუფლებაზე შესაძლოა ძაღლის რეაქციას შევადაროთ, რომელიც მკაცრი სასჯელის შემდეგ მორიდებული და დაშინებულია. ამასთან, რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ადვილად მიიღწევა დასჯით მორჩილება, რადგან ისეთი რეაქციები, როგორიცაა წინააღმდეგობა და ამბოხი ბავშვს ჯერ კიდევ ძალზე სახიფათოდ ეჩვენება. არსებითად, ის იძულებულია მშობლის ძალაუფლებას მორჩილებითა და დათმობით უპასუხოს. მოზარდობის ასაკის დადგომასთან ერთად ასეთი რეაქცია შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ამ დროისათვის ბავშვი უკვე საკმარის ძალასა და გამბედაობას გრძნობს იმისათვის რომ წინააღმდეგობასა და ამბოხს მიმართოს. 

ზოგიერთი ბავშვი მოზარდობაშიც და ხშირად ზრდასრულობაშიც მორჩილი და დამთმობი რჩება. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს მშობლის ძალაუფლების უკიდურესი ფორმები და მას შემდეგ დასჩემდათ შიში ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ. არსებობენ ზრდასრულები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, პასიურად ემორჩილებიან ავტორიტეტს, უარს ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, ეშინიათ საკუთარ თავად ყოფნის, კონფლიქტის, საკუთარი შეხედულებების დაცვის. სწორედ ასეთი ზრდასრულები ხვდებიან ძირითადად ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კაბინეტებში. 
ფარისევლობა, პირფერობა

დაჯილდოებისა და დასჯის ძალაუფლების მქონე ადამიანთან დაპირისპირების კიდევ ერთი გზაა მისი მიმხრობა, მისი გულის მონადირება განსაკუთრებული ძალისხმევით, მისთვის თავის მოწონება. ზოგიერთი ბავშვი მოხერხებულად იყენებს ამ მეთოდს მშობლებთან და სხვა უფროსებთან. ისინი შემდეგი ფორმულით ხელმძღვანელობენ: „თუ შემიძლია რაღაც სასიამოვნო გავაკეთო შენთვის და შენი კეთილგანწყობა მოვიპოვო, იქნებ დამაჯილდოვო და თავიდან ამაცილო სასჯელი”. ბავშვები ადრევე სწავლობენ, რომ უფროსები ჯილდოსა და სასჯელს სამართლიანად არ ანაწილებენ. მათი გულის მონადირება შეიძლება; მათ შეიძლება „ფავორიტები” ჰყავდეთ. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება და მიმართავენ ისეთ ქცევებს, რომელიც ფარისევლობის, პირფერობისა და სხვა ისეთი სახელებით არის ცნობილი, რომელთა ხსენებაც კი დასაძრახია საზოგადოებაში. 

საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა დიდ ხელოვნებას მიაღწიონ უფროსების ყურადღების მოპოვებაში, მათი ქცევა, როგორც წესი, სხვა ბავშვების სამართლიან გულისწყრომას იწვევს; ფარისეველს ხშირად აბრაზებენ და უარყოფენ თანატოლები, რომლებიც ხვდებიან მისი ქცევის ნამდვილ მოტივებს ან შურთ მისი პრივილეგირებული მდგომარეობა. 
კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა

მშობლის ძალაუფლება შვილებში კონფორმიზმის განვითარებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე შემოქმედებითობას, ისევე როგორც ავტორიტარული სამუშაო გარემო ორგანიზაციაში კლავს ინოვაციას. შემოქმდებითობას სჭირდება ექსპერიმენტირების, ახალი საგნებისა და კომბინაციების მოსინჯვის თავისუფლება. ჯილდოსა და სასჯელის მკაცრ გარემოში აღზრდილი ბავშვი ვერ იგრძნობს ისეთ თავისუფლებას, როგორც ისეთ გარემოში აღზრდილი, სადაც აღიარებენ, იწონებენ. ძალაუფლება შიშს წარმოშობს, ხოლო შიში სპობს შემოქმედებითობას და ხელს უწყობს კონფორმიზმს. ფორმულა მარტივია: „ჯილდო რომ მივიღო, საჭიროა არ გამოვჩნდე და გავიზიარო ქცევა, რომელიც დადებითად არის მიჩნეული. არ ვაპირებ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მიღებულის ჩარჩოებს სცილდება, ამით თავიდან ავიცილებ სასჯელის საფრთხეს”.

საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია

როდესაც ბავშვს მეტისმეტად უძნელდება მშობლის ავტორიტეტის გამკლავება, მან შესაძლოა სცადოს გაქცევა ან საკუთარ თავში ჩაკეტვა. მშობლის ძალაუფლებას საკუთარ თავში ჩაკეტვა შესაძლოა მოჰყვეს, თუ: სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია ბავშვისთვის, მშობლები არათანმიმდევრულები არიან დაჯილდოებისას, ძალიან რთულია ჯილდოს დამსახურება, რთულია იმ ქცევების დასწავლა, რომელიც თავიდან ააცილებს სასჯელს. ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ პირობას შეუძლია ხელი ააღებინოს ბავშვს „თამაშის წესების” სწავლაზე. ის უბრალოდ თავს ანებებს რეალობასთან დაპირისპირების მცდელობას – მისთვის ძალზე მტკივნეულ ან ძალაზე რთულ პროცესს. ბავშვს არ შესწევს ძალა მოერგოს მისავე გარემოში არსებულ ძალებს. ამიტომ შინაგანი ხმა ჰკარნახობს, რომ გაქცევა უფრო უსაფრთხოა.

საკუთარ თავში ჩაკეტვისა და გაქცევის ფორმები ვარირებს თითქმის აბსოლუტურიდან შემთხვევითამდე ან მოკლევადიანამდე და მოიცავს:  

ღრუბლებში ფრენასა და ფანტაზიებს.
უმოქმედობას, პასიურობას, აპათიას.
ინფანტილური ქცევისაკენ რეგრესიას.
ტელევიზორის გადაჭარბებულ ყურებასა და ვიდეო თამაშებს.
განმარტოებით თამაში (ხშირად წარმოსახვით პარტნიორთან ერთად).
ავადმყოფობას.
ბანდაში გაერთიანებას. 
ნარკოტიკების მოხმარებას.
კვებით დარღვევებს.
დეპრესიას.
მშობლის ძალაუფლების უფრო სიღრმისეული საკითხები
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კურსების მსმენელებს ვახსენებთ ბავშვობაში მშობლის ძალაუფლებისადმი დაპირისპირების მათივე მექანიზმებს და ჩვენს მიერ შეთავაზებული სიიდან განსაზღვრავენ წინააღმდეგობის იმ მეთოდებს, რომელსაც მათი შვილები იყენებენ ახლა უკვე მათი ძალაუფლებისაგან დასაცავად, მრავალი მათგანი კვლავ იმ შეხედულებას იცავს, რომ აღზრდაში ავტორიტეტი და ძალაუფლება გამართლებულია. სწორედ ამიტომ P.E.T. ჯგუფების უმრავლესობაში იმართება მშობლის ავტორიტეტთან დაკავშირებით დამატებით დამოკიდებულებებსა და განცდებზე ღია საუბარი.  

განა თვით ბავშვებს არ სურთ ძალაუფლება და შეზღუდვა?

გავრცელებული შეხედულების თანახმად, რომელსაც პროფესიონალებიც იზარებენ და არაპროფესიონალებიც, ბავშვებს სჭირდებათ ძალაუფლება – მათ მოსწონთ, როდესაც მშობლები ზღარს უდებენ მათ ქცევას ლიმიტის დაწესებით. არგუმენტის შემდგომი გავრცობა ასე ხდება: როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს, ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს; ლიმიტების გარეშე ის არამარტო ველური და არადისციპლინირებული იქნება, არამედ დაუცველიც; თუ მშობელი არ გამოიყენებს ძალაუფლებას ლიმიტის დასაწესებლად, შვილი ჩათვლის, რომ მშობელს არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე.

ვეჭვობ, რომ ამ შეხედულებას ბევრი იზიარებს, როგორც ძალაუფლების გამოყენების გამართლებას, ამიტომ არ მსურს მისი დისკრედიტაცია ზერელე რაციონალიზაციით. ამ შეხედულებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი და ამიტომ საჭიროა მისი გულდასმით შესწავლა.  

საღი აზრი და გამოცდილება ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბავშვებს მართლაც სჭირდებათ შეზღუდვები მშობლებთან ურთიერთობისას. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპონ, მიუღებელი ქცევის თვალსაზრისით. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ უარის თქმა ამ ქცევაზე. ეს ყველა ადამიანურ ურთიერთობას ეხება. 

მაგალითად, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, როცა ვიცი, ჩემი რომელი ქცევებია მიუღებელი ცოლისთვის. პირველი რაც მახსენდება, გოლფის თამაში ან სამსახურში წასვლაა იმ დროს, როცა სახლში წვეულება გვაქვს. რაკი წინასწარ ვიცი, რომ ჩემი არყოფნა მიუღებელი იქნება, რადგან ცოლს ჩემი დახმარება სჭირდება, ვირჩევ არ ვითამაშო გოლფი და არ წავიდე ოფისში და ამით თავიდან ავიცილო უსიამოვნება, ბრაზი და შესაძლოა, კონფლიქტიც კი.  

მიუხედავად ამისა, ერთია, როცა ბავშვს სურს იცოდეს „მშობლისთვის მისაღები საზღვრები” და სრულიად სხვაა, იმის თქმა, რომ ბავშვს სურს, რომ მშობელმა დაუწესოს ქცევის საზღვრები. დავუბრუნდეთ ჩემი და ჩემი ცოლის მაგალითს: ჩემთვის ხელსაყრელია, თუ მეცოდინება, რა განცდები ექნება ცოლს, თუკი წვეულების დროს გოლფს ვითამაშებ ან ოფისში წავალ. მაგრამ ნამდვილად გავბრაზდები და მეწყინება, თუ ის ეცდება ჩემი ქცევის ლიმიტის დაწესებას, შემდეგი განცხადებით: „არ მოგცემ გოლფის თამაშის ან ოფისში წავლის ნებას, როცა სახლში სტუმრები გვყავს. ეს ლიმიტია. შენ არ გაქვს ასე მოქცევის უფლება”.

ასეთი ძალისმიერი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. სასაცილო იქნება იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემი ცოლი ასე ეცდება ჩემი ქცევის კონტროლსა და მართვას. ბავშვებსაც სწორედ ასეთივე რეაქცია აქვთ მშობლების მიერ ლიმიტის დაწესებაზე. ჩემსავით ძლიერ ბრაზობენ და სწყინთ, როდესაც მშობლები ცალმხრივად ცდილობენ მათ ქცევაზე საზღვრის დაწესებას. არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც სურდეს მშობლისაგან ზღვრის დაწესება შემდეგი ფრაზებით: 

„შუაღამისას სახლში უნდა იყო – ეს ჩემი ზღვარია”.    
„ვერ დაგრთავ ავტომობილით სარგებლობის უფლებას”.
„გიკრძალავ სასადილო ოთახში მანქანით თამაშს”.
„მოვითხოვთ, არ მოსწიო ნარკოტიკი”.
„იძულებულები ვართ, აგიკრძალოთ იმ ორ ბიჭთან სიარული”.
მკითხველი ამ კომუნიკაციაში ჩვენთვის ნაცნობ „გადაწყვეტილების გაგზავნას” (ისინი, ამავდროულად, „შენ–შეტყობინებაცაა”) ამოიცნობს.

„ბავშვებს სურს, რომ მშობლებმა გამოიყენონ ძალაუფლება და დაუწესონ ზღვარი” შეხედულებაზე უფრო ლოგიკური და ჯანსაღი პრინციპი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ბავშვებს სურთ და სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას განიცდიან მშობლები მათი ქცევის გამო, რომ მათ თავად შეძლონ მშობლისათის მიუღებელი ქცევის შეცვლა. თუმცა, მათ არ სურთ, რომ მშობელმა ზღვარი დაუდოს ან შეცვალოს მათი ქცევა საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით. ერთი სიტყვით, ბავშვებს სურთ თავად დაუდონ ზღვარი საკუთარ ქცევას, თუკი ხვდებიან, რომ საჭიროა ქცევის შეზღუდვა ან შეცვლა. ბავშვებს, ისევე როგორც დიდებს, ურჩევნიათ თავად იყვნენ საკუთარი ქცევის ბატონ–პატრონები. 
კიდევ ერთი: პრინციპში, ბავშვებს ურჩევნიათ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იყოს მშობლებისთვის

და არ იყოს საჭირო რომელიმე ქცევაზე ზღვრის დაწესება ან შეცვლა. მეც ვამჯობინებდი, რომ ჩემი ყველა ქცევა უპირობოდ მისაღები ყოფილიყო ჩემი მეუღლისთვის. ვამჯობინებდი, თუმცა, ვიცი, რომ ეს არა მხოლოდ არარეალისტური, შეუძლებელიცაა.

ამრიგად, მშობლები და არც შვილები არ უნდა მოელოდნენ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იქნება. მაგრამ შვილებს აქვთ უფლება მოელოდნენ, რომ მშობელი ყოველთვის გაუმხელს საკუთარ გრძნობებს, როცა მათი კონკრეტული ქცევა მიუღებელი იქნება („არ მომწონს, როცა კაბაზე მექაჩებიან მეგობართან საუბრისას”). ეს სრულიად განსხვავდება სურვილისგან, მშობელმა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის ქცევაზე ზღვრის დასაწესებლად.      მისაღებია თუ არა ძალაუფლება, როდესაც მშობელი თანმიმდევრულია?

ზოგიერთი მშობელი ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას იმ მოტივით, რომ ის ეფექტურია და არ მოაქვს ზიანი თანმიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში. მეცადინეობებზე მშობლები გაოცებულები რჩებიან აღმოაჩენით, რომ სავსებით მართალნი არიან თანმიმდევრულობის აუცილებლობის შესახებ. ჩვენი ინსტრუქტორები არწმუნებენ მათ, რომ თანმიმდევრულობა აუცილებელია, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. მეტიც, შვილებს ურჩევნიათ მშობლები თანმიმდევრულები იყვნენ, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. 

ეს „თუკი” არსებითია. ძალაუფლების გამოყენება საზიანოა, მაგრამ კიდევ უფრო დამღუპველია არათანმიმდევრულად გამოყენებისას. ბავშვებს არ სურთ, რომ მშობლებმა ძალაუფლება გამოიყენონ, მაგრამ თუკი გამოიყენებენ, ურჩევნიათ მისი თანმიმდევრულად გამოყენება. თუკი მშობელი თვლის, რომ ძალაუფლება უნდა გამოიყენოს, მისი გამოყენებისას თანმიმდევრულობა მეტ შესაძლებლობას მისცემს ბავშვს დაბეჯითებით იცოდეს, რომელი კონკრეტული ქცევისათვის დაისჯება ყოველთვის და რომლისთვის მიიღებს ჯილდოს. 

მრავალი ექსპერიმენტი მოწმობს არათანმიმდევრულობის დამღუპველ შედეგებს ცხოველთა ქცევის შეცვლის მიზნით ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების დროს. მაგალითის სახით შეიძლება მოვიტანოთ ფსიქოლოგ ნორმან მაიერის მიერ ჩატარებული კლასიკური ექსპერიმენტი. მაიერი აჯილდოვებდა ვირთხას, თუკი ისინი პლატფორმიდან იმ კარებთან დახტებოდა, რომელზეც ოთხკუთხედი ეხატა. კარის გაღებით ვირთხა კარს უკან მდებარე საჭმელს იღებდა ჯილდოს სახით. მაიერი სჯიდა ვირთხას, როცა ის პლატფორმიდან იმ კარების მიმართულებით დახტებოდა, რომელზეც განსხვავებული ფიგურა, სამკუთხედი ეხატა. კარები არ იღებოდა, რის გამოც ვირთხა მას ცხვირით ეჯახებოდა და შემდეგ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ბადეზე ეცემოდა. ამგვარად, ვირთხა „სწავლობდა” ოთხკუთხედისა და სამკუთხედის განსხვავებას – მარტივი ექსპერიმენტი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბებაზე.   

შემდეგ მაიერმა გადაწყვიტა „არათანმიმდევრული” ყოფილიყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. ის გამიზნულად ცვლიდა პირობებს ნახატის შემთხვევითი (უსისტემო) შერჩევის გზით. ზოგჯერ ოთხკუთხედი იმ კარებზე იყო, რომლის უკან საკვები იყო, ზოგჯერ კი იმ კარის უკან, რომელიც არ იღებოდა და ვირთხა ვარდებოდა. მრავალი მშობლის მსგავსად ფსიქოლოგი არათანმიმდევრული იყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას.

რა მოუვიდათ ვირთხებს? ისინი „ნევროტულები” გახდნენ; ზოგიერთს კანის დაავადება გაუჩნდა, ზოგი კატატონიურ მდგომარეობაში ჩავარდა, ზოგი უგონოდ და უმისამართოდ დარბოდა გალიაში, ზოგი სხვა ვირთხებს გაურბოდა, ზოგი აღარ ჭამდა. მაიერმა არათანმიმდევრულობით „ექსპერიმენტული ნევროზი” გამოიწვია ვირთხებში.

ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას არათანმიმდევრულობის შედეგები შესაძლოა ასეთივე დამღუპველი იყოს ბავშვებისთვის. არათანმიმდევრულობა მათ არ აძლევთ „სწორი” (დასაჯილდოებელი) ქცევის დასწავლისა და „არასასურველი” (დასასჯელი) ქცევის თავიდან აცილების შესაძლებლობას. მათ არ შეუძლიათ გამარჯვება. შედეგად ისინი იმედგაცრუებულები, დაბნეულები, გაბრაზებულები და „ნევროტულებიც” კი ხდებიან.  
განა მშობლის ვალი არ არის ბავშვზე ზეგავლენა?

ძალაუფლებისა და ავტორიტეტის შესახებ დამოკიდებულებას, ალბათ, მშობლები ყველაზე ხშირად იმით ამართლებენ, რომ მშობლის „პასუხისმგებლობაა” იმოქმედოს ბავშვზე ისე, რომ მისგან კონკრეტულ – მშობლისა ან „საზოგადოებისათვის” (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ცნება) სასურველად მიჩნეულ – ქცევას მიაღწიოს. ეს სამყაროსავით ძველი დავა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ძალაუფლება გავამართლოთ ადამიანთა ურთიერთობაში, თუკი ის გამოიყენება საკეთილდღეოდ და გონივრულად „მოყვასის ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის” ან „უმაღლესი ინტერესებისთვის”. 

საქმე იმაშია, ვინ წყვეტს როგორია საზოგადოების უმაღლესი ინტერესები. ბავშვი? მშობელი? ვინ იცის უკეთ? ეს საკმაოდ რთული კითხვებია და არსებობს საფრთხე, რომ „უმაღლესი ინტერესების” განმსაზღვრელი მშობელი იქნება.

იქნებ მშობელი არასაკმარისად ბრძენია, რომ განსაზღვრა შეძლოს. ყველა ცდება – მშობლებიც და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვს და მან, ვისაც ძალაუფლება აქვს, შესაძლოა იცრუოს და განაცხადოს, რომ მას მოყვასის საკეთილდღეოდ იყენებს. ცივილიზაციის ისტორიაში ტავიანთი ვალი დატოვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალაუფლებას იმ ადამიანთა საკეთილდღოდ იყენებდნენ, ვისზედაც ეს ძალაუფლება ვრცელდებოდა. „ამას მხოლოდ შენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებ”, განა ძალაუფლების დამაჯერებელი გამართლება არ არის?

„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”, წერდა ლორდი აკტონი. პოეტი შელი ძალაუფლებას „გამანადგურებელ ჭირს” ამსგავსებდა, რომელიც „ედება ყველაფერს, რასაც კი შეეხება”. „რაც მეტია ძალაუფლება, მით საშიშია მისი ბოროტად გამოყენება”, ამტკიცებდა ედმუნდ ბერკი.

ძალაუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელსაც ერთნაირად აცნობიერებენ სახელმწიფო მოხელეებიც და პოეტებიც, დღემდე არსებობს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძალაუფლების გამოყენება დღეს დიდ ეჭვს იწვევს. ინფორმაციის საუკუნეში ურთიერთგადარჩენის აუცილებლობამ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო მთავრობისა და მსოფლიო სასამართლო უფუნქციო გახადოს. ძალაუფლების გამოყენებას ერთი რასის მიერ მეორე რასის საწინააღმდეგოდ აღარ ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემა. მრეწველობასა და ბიზნესში ძალაუფლებით მართვას ბევრი ყავლგასულ ფილოსოფიად მიიჩნევს. საუკუნეების განმავლობაში ქმარსა და ცოლს შორის ძალაუფლებრივი სხვაობა თანდათანობით, მაგრამ უდავოდ მცირდება. და ბოლოს, ეკლესიის აბსოლუტური ძალაუფლება და ავტორიტეტი ირყევა როგორც თვით ინსტიტუტს გარეთ, ისე მის შიგნით ძალების გავლენით.

ადამიანთა ურთიერთობაში სანქცირებული ძალაუფლების ერთ–ერთი უკანასკნელი ციტადელი ოჯახია – მშობელი–შვილის ურთიერთობა. იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზეც – მასწავლებელი–მოსწავლის ურთიერთობაზე, სადაც ძალაუფლება კვლავ რჩება მოსწავლეთა ქცევის კონტროლისა და მართვის ძირითად საშუალებად. 

რატომ არიან ბავშვები უკანასკნელნი, ვისაც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის პოტენციური მანკიერებებისაგან დაცვა სჭირდება? იმიტომ, რომ ისინი პატარები არიან, თუ იმიტომ, რომ უფროსებისთვის ასე ადვილია ძალაუფლების გამოყენების ახსნა ფრაზებით: „მამამ უკეთ იცის” ან „ისევ ბავშვისვე კეთილდღეობისთვის”?    

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაწვდება ძალაუფლებასა და ავტორიტეტს უფრო სრულყოფილად და აღიარებს მის გამოყენებას არაზნეობრივად, მით მეტი მშობელი გამოიყენებს ამ ცოდნას ზრდასრული–ბავშვის ურთიერთობებში; მაშინ საფუძველი ჩაეყრება ისეთი ახალი შემოქმედებითი არაძალაუფლებრივი მეთოდების ძებნას, რომელსაც ყველა ზრდასრული გამოიყენებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობაში.

თავი რომ დავანებოთ ძალაუფლების გამოყენების მორალურ და ეთიკურ საკითხებს, მშობლის კითხვაში – „განა ჩემი ვალი არ არის ძალაუფლება შვილზე ზეგავლენისათვის გამოვიყენო?” – მჟღავნდება არასწორი წარმოდგენა ძალაუფლების ეფექტურობის შესახებ ბავშვებზე ზეგავლენის მიზნით. მშობლის ძალაუფლება სინამდვილეში არ „ზემოქმედებს” ბავშვზე; ის აიძულებს მოიქცეს დადგენილი წესით. ძალაუფლება არ „ზემოქმედებს” დარწმუნების, დათანხმების, სწავლების ან მოტივაციის თვალსაზრისით ბავშვზე. ის აიძულებს ან კრძალავს ქცევას. აღმატებული ძალაუფლების მქონე ადამიანის მიერ ქცევის იძულება ან აკრძალვა ვერ იქნება ბავშვისათვის დამაჯერებელი. როგორც წესი, ის მიუბრუნდება თავის ძველ ქცევას, როგორც კი ავტორიტეტის ან ძალაუფლების ზემოქმედება შეწყდება, რადგან მისი მოთხოვნილებები და და სურვილები უცვლელი დარჩა. ზოგჯერ ის შურს იძიებს მშობელზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების და გადატანილი დამცირების გამო. ამრიგად, ძალაუფლება ძალაუფლებას ანიჭებს საკუთარ მსხვერპლს, ქმნის საკუთარ ოპოზიციას, ხელს უწყობს თვითგანადგურებას. 

მშობელი, რომელიც ძალაუფლებას იყენებს, ფაქტობრივად, ამცირებს საკუთარ შვილებზე ზეგავლენას, რადგან ძალაუფლება ძალიან ხშირად საწინააღმდეგო ქცევას იწვევს (ბავშვი ეწინააღმდეგება ძალაუფლებას იმით, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც მშობელი მოითხოვს მისგან). ხშირად მსმენია მშობლებისგან: „გაცილებით მეტ ზემოქმედებას შევძლებდით შვილზე თუ ჩვენს ძალაუფლებას იმისთვის გამოვიყენებდით რასაც მისგან ვითხოვდით იმის საპირისპიროს გაკეთება რომ გვეიძულებინა. ალბათ, მაშინ მაინც ბოლოს და ბოლოს იმას გააკეთებდა, რაც გვსურდა”.
როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჭეშმარიტებაა, რომ ძალაუფლების გამოყენებით მშობელი კარგავს ზეგავლენას, ხოლო ძალაუფლებაზე ან მის გამოყენებაზე უარის თქმით ის მეტ გავლენას იძენს.    

        

მშობლებს ნამდვილად მეტი გავლენა ექნებოდათ შვილებზე თუკი მათი ზეგავლენის მეთოდები არ გამოიწვევდა ამბოხს და რეაქციულ ქცევას. ზემოქმედების არაძალაუფლებრივი მეთოდების საშუალებით გაცილებით ადვილია იმის მიღწევა, რომ შვილებმა უფრო სერიოზულად მიიღონ მშობლების იდეები ან მათი ემოციები და შედეგად საკუთარი ქცევა მშობლისათვის სასურველი მიმართულებით შეცვალონ. მართალია, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ ხომ შეცვლიან ქცევას. ამბოხებული შვილი კი არც კი ეცდება საკუთარი ქცევის შეცვლას მშობლის ინტერესების გათვალისწინებით.  
რატომ ინარჩუნებს ძალაუფლება ადგილს ბავშვის აღზრდაში?

მშობლების მიერ ხშირად დასმულმა ამ კითხვამ თავსატეხი გამიჩინა. მართლაც, იმის გათვალისწინებით, რაც ძალაუფლებისა და მისი შედეგების შესახებ ვიცით, რთულია გაიგო, როგორ შეიძლება ვინმემ გაამართლოს ძალაუფლების გამოყენება ბავშვის აღზრდაში ან ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში. მშობლებთან მუშაობამ დამარწმუნა, რომ მათ უმრავლესობას, მცირე გამონაკლისის გარდა, არ უყვარს შვილებთან ძალაუფლების გამოყენება. ძალაუფლების გამოყენებისას თავს უხერხულად გრძნობენ და დანაშაულის გრძნობა სტანჯავთ. ხშირად შვილებს ბოდიშსაც უხდიან ძალაუფლების გამოყენების გამო ან თავს იმშვიდებენ ჩვეული რაციონალური განზოგადებით: „ეს მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ”, „როდესმე მადლობას გვეტყვი ამისთვის” ან „როცა მშობელი გახდები, გაიგებ, რატომ არ გრთავდით ამის ნებას”.

დანაშაულის გრძნობასთან ერთად, მრვალი მშობელი აღიარებს, რომ ძალაუფლებრივი მეთოდები არც ისე ეფექტურია, განსაკუთრებით ის მშობლები, რომელთა შვილებმა უკვე ამბოხი, სიცრუე, დასმენა ან პასიური წინააღმდეგობა ისწავლეს.

ზემოთქმულის საფუძველზე შემდეგ დასკვნამდე მივედი: წლების განმავლობაში მშობლები იმიტომ იყენებენ ძალაუფლებას, რომ თითქმის ან საერთოდ არ შეხვედრიან ადამიანებს, რომლებიც არაძალაუფლებრივ მეთოდებს იყენებენ. ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობიდან მოყოლებული ძალაუფლებით აკონტროლებენ – მშობლების, მასწავლებლების, სკოლის დირექტორის, მწვრთნელის, საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ბიძების, დეიდების, ბებიებისა და პაპების, ბანაკის დირექტორის, სამხედრო ოფიცრების და ბოსების ძალაუფლებით. აქედან გამომდინარე, მშობლები ჯიუტად იყენებენ ძალაუფლებას, რადგან ადამიანურ ურთიერთობებში კონფლიქტის გადაჭრისთვის რომელიმე სხვა მეთოდის გამოსაყენებლად არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი