ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებთან

„გარემო ის არის ორგანიზაციისთვის, რაც ჯანმრთელობა – ადამიანისთვის. ის მოიცავს მოვალეობის გრძნობას, რწმენასა და ღირებულებებს, მის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რიტუალებსა და ტრადიციებს”.
ეუჯინ ოუარდი
საზოგადოდ, პოზიტიური სასწავლო გარემო, მასწავლებლისა და მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა წარმატების წინა პირობაა.

სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა მასწავლებლისგან დიდ დაკვირვებას, ცოდნასა და პროფესიული უნარების ფლობას მოითხოვს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესისადმი მასწავლებლის დამოკიდებულება უშუალო გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე, მათ შედეგებზე.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. თბილისის ბევრ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებს (რომ არაფერი ვთქვათ მრავალეთნიკური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ წერტილებზე მთელ საქართველოში), რომლებსაც განსხვავებული ტრადიციები, ადათ-წესები და ენა აქვთ. ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ქართულ სკოლებში საგრძნობლად იმატა სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელ მოსწავლეთა რიცხვმა. ბევრ არაქართულ ოჯახს გაუჩნდა სურვილი, შვილებს განათლება ქართულ ენაზე მიაღებინოს.

ამას ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ამოქმედდა პროგრამა: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები ერთნაირად კარგად ვერ სწავლობენ. მით უმეტეს, ხშირად მშობლებსაც უჭირთ ქართულ ენაზე მეტყველება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ყოველ ღონეს უნდა ხმარობდეს მოსწავლის მოტივაციისა და თვითშეფასების ასამაღლებლად. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ეს იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია.

განსხვავებული წარმოშობის მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლების საუკეთესო გზაა, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს თითოეულისთვის საჭირო ცვლილებები და მათ თავისებურებათა გათვალისწინებით შეძლოს შესაფერისი გარემოს შექმნა.

უპირველეს ყოვლისა, კლასში უნდა შეიქმნას ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო. პირველი კლასიდანვე უნდა იგრძნოს მოსწავლემ, რომ ის არ არის გარიყული, მისადმი ყურადღებას იჩენენ მასწავლებელი და თანაკლასელები, ცდილობენ, მხარში ამოუდგნენ და წაახალისონ მისი ყოველი მცდელობა. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იგრძნოს, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების. იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეთა სწავლის სტილი ხშირად მათი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, ეფექტიანი იქნებოდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შედეგიანია ინტერაქტიური გარემოს შექმნა, რადგან ის ემყარება თანამშრომლობის პრინციპებს, უვითარებს მოზარდებს ერთიანობის გრძნობას, სოციალურ და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. როდესაც მოსწავლეები, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, აკადემიური მოსწრებისა და განსხვავებული კულტურისა, ერთად მუშაობენ, ყალიბდება მეგობრული, ჯგუფური კოლექტივი და არა ეთნიკურ-კულტურული ნიშნებით დაყოფილი საზოგადოება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების მოზიდვა და ჩართვა სასკოლო პროექტებსა და საკლასო საქმიანობაში. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გახდეს მისაბაძი საკუთარი და სხვა კულტურული ჯგუფებისათვის.

მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს, რა გამოცდილება აქვს იმ კულტურისა და ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობისა, რომელსაც მისი მოსწავლეები ეკუთვნიან და როგორ გამოიყენებს ამ გამოცდილებას სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის; გაიაზროს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები; ეცადოს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს მათი კლასგარეშე ცოდნისა და უნარების შესახებ და დაეხმაროს მათ ამ ცოდნის, უნარების გამომჟღავნებაში. მოსწავლეებს ეს ძალიან დაეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში. მასწავლებელს, ერთი მხრივ, არ უნდა გამოეპაროს მოსწავლეთა სოციალური და აკადემიური წარმატებები, მეორე მხრივ, ფხიზლად უნდა იყოს, რომ რომელიმე გარიყული არ დარჩეს, შედარებით პასიურ მოსწავლეებსაც უპოვოს განსაკუთრებული უნარები და ნიჭი და დანარჩენებს გაუზიაროს.

საკმაოდ ეფექტურია მოსწავლეების ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში; მათთან სტუმრობა; მათი შეგულიანება, უამბონ თანატოლებს თავიანთ წარმოშობაზე; საუბრები ისტორიულ ფაქტებსა და დღესასწაულებზე; განსაზღვრულ დღეებში პრეზენტაციების გამართვა საკუთარი რელიგიის, ენის, ეთნიკური წარმომავლობის, ოჯახური ტრადიციებისა თუ სხვა საკითხების შესახებ. დავანახვოთ, რომ გვაინტერესებს ყოველივე ეს, წავახალისოთ მოსწავლეები და მშობლები, დაუსვან ერთმანეთს კითხვები. ეს უსაფრთხო კომუნიკაციასა და მოსწავლეთა შორის მნიშვნელოვანი კულტურული განსხვავებების შესწავლაში დაგვეხმარება.

საინტერესოა დისკუსიების გამართვა სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანთა ურთიერთობის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია, დავარწმუნოთ მოსწავლეები ერთზე მეტი ენის ცოდნის უპირატესობაში, შევაგულიანოთ ისინი, ისწავლონ სიტყვები ერთმანეთის ენებზე.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობები და საქმით დავანახვოთ, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მათი წარმატებისთვის. მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ოჯახებთან და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი შევატყობინოთ მშობლებს. ეს ჩვენს მოსწავლეებს თავდაჯერებას შემატებს და მათ აღარც შეცდომით წარმოთქმული ფრაზებისა და სიტყვების შიში და რიდი ექნებათ, რაც არცთუ იშვიათია, განსაკუთრებით – სწავლების პირველ წლებში. როდესაც ბავშვი დარწმუნებულია, რომ მას შეცდომისთვის არ დასცინებენ, არ გაკიცხავენ, პირიქით, მხარში ამოუდგებიან თანატოლები, გაამხნევებს მასწავლებელი, უეჭველად შეექმნება განწყობა, უფრო მეტი გააკეთოს და თავი გამოიჩინოს.

ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეს წაადგება.
გამოყენებული ლიტერატურა: 
1. ეთნოსები საქართველოში, რედაქტორი – მერაბ ბასილაია, სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა,თბილისი 2008;
2. მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, რაოდენობრივი კვლევის ანგარიში, განვითარების სააგენტო, თბილისი 2011;
3. განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში, სალომე მეხუზლა და ეიდინ როშე, ECMI-ის სამუშაო მოხსენება;
4. „მოსწავლეთა უმცირესობის ეფექტური სწავლების სტრატეგიები”, დონალდ ქუინი;
5. „სასწავლო და პროფესიული გარემო” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მწერალი პოლიციიდან

ტექსტები და ქვეტექსტები

პაოლო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი