როგორც შექსპირმა თქვა: „კალამი მახვილზე ძლიერია“ , თუმცა მხოლოდ კალამი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ: გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევებიც საჭიროა. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იდეების მკაფიოდ, ეფექტურად გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ ესეს, რომელიც გვეხმარება მოვუთხროთ მკითხველს, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, წარმოვუდგინოთ არგუმენტები, რომლებიც დაარწმუნებენ მას, რომ ჩვენი მოსაზრებები ანგარიშგასაწევი, საინტერესო და დამაჯერებელია.
წინამდებარე სტატიაში მოგითხრობთ ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურაზე და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ესეს წერის პროცესში.
როგორ შევარჩიოთ თემა ესესათვის?
იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ თავად გვიწევს ესესათვის თემის შერჩევა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
- შევარჩიოთ პრობლემა, საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს.
- დავფიქრდეთ შეკითხვაზე, რომელიც პრობლემას საინტერესო კუთხით დაგვანახებს.
- როგორია შეკითხვაზე ჩვენი პირველი რეაქცია: ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით?!
- რა არგუმენტების, მტკიცებულებების მოძიება შემიძლია საკითხის განხილვის პროცესში?
- რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდე საკითხის განხილვის დროს?
ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურა
ესეს წერის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს სათაურზე კონცენტრირებას. შესაძლოა მართლაც დავწეროთ კარგი ესე, მას არ ექნება ღირებულება, თუკი არ შეესაბამება სათაურს. სასურველია წერის დაწყებამდე სათაურში მოვნიშნოთ საკვანძო სიტყვები, რათა მუშაობის პროცესში თემასთან კავშირი არ დავკარგოთ.
წერის დაწყებამდე შევადგნოთ ესეს გეგმა. რაც უფრო მკაფიო მონახაზი გექნებათ ჩამოყალიბებული, მით უფრო მარტივი იქნება თქვენთვის შინაარსობრივი მხარის ორგანიზება და ესეს გამართული სახით წარმოდგენა.
სტანდარტული ესე სამი ნაწილისაგან შედგება:
- შესავალი.
- ძირითადი ნაწილი.
- დასკვნა.
სამივე ნაწილი თანაბრად მნიშვნელოვანია. ძირითადი ნაწილი დანარჩენ ორზე ვრცელია. პირობითად ასეთ ესეს ხუთაბზაციან ესეს უწოდებენ: პირველი ნაწილის ერთი აბზაცისაგან შედგება, მეორე, ძირითადი ნაწილი – სამი აბზაცისაგან, მესამე, დასკვნითი ნაწილი – კვლავ ერთი აბზაცისაგან.
ესეს შესავალი
ესეს შესავალის მიზანს განსახილველ საკითხთან მიმართებაში თქვენი პოზიციის (ე.წ. „თეზისის“ ) წარმოჩენა წარმოადგენს, თუმცა ეფექტური შესავალი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს. სანამ უშუალოდ თეზისზე გადახვალთ, სასურველია გამოიყენოთ ერთგვარი „სატყუარა“, რათა მკითხველის ყურადღება მიიპყროთ. წარმოვიდგინოთ რომ წიგნის მაღაზიაში ვირჩევთ წიგნს და პირველ გვერდს ვკითხულობთ. სწორედ პირველმა გვერდმა შეიძლება განსაზღვროს, წაიკითხავთ თუ არა ამ წიგნს. ავტორები მკითხველის დასაინტერესებლად ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. ასევეა ესეს დაწერის დროს: თქვენ შესავალშივე უნდა ეცადოთ მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და აიძულოთ ის, განაგრძოს კითხვა. ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ ციტატა, სტატისტიკური მონაცემები და ა. შ.
მას შემდეგ, რაც მკითხველს დავაინტერესებთ, შეგვიძლია გადავიდეთ თეზისზე. თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი წინადადებით, მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს თქვენს პოზიციას და მკითხველს არ უნდა უჩენდეს არავითარ ეჭვს, თუ რომელ მხარეს დგახართ თქვენ.
თეზისის შემდეგ ერთგვარი მინი-სქემა მოდის, რაც გულისხმობს იმ მაგალითების მოკლედ წარმოდგენას, რომელთა გამოყენებასაც თქვენ აპირებთ თეზისის განსამტკიცებლად ესეს შემდეგ ნაწილში. ის არა მარტო ეუბნება მკითხველს, რაზე იქნება საუბარი შემდეგ აბზაცებში, არამედ მკაფიო წარმოდგენას აძლევს განსახილველი საკითხის შესახებ.
შესავალი აბზაცი შეიძლება ჩაეტიოს ოთხ – ხუთ წინადადებაში. მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ არაფრის მომცემი სიტყვების გამოყენებას, რომელთაც არანაირი მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს და მხოლოდ სივრცის შევსებას ემსახურება, მაგალითად:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, არაერთმა ექსპერტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე და ა შ.“
უმჯობესია, მკითხველის დრო ფუჭად არ დავხარჯოთ და დასაწყისიდანვე ჩავაბათ მკითხველი საკითხის განხილვაში. სასარგებლოა მსგავსი წინადადებების გამოყენება:
- ამ ნაშრომში განხილული იქნება…
- ამ ნაშრომში განზრახული მაქვს გადმოვცე….
- იმისათვის რომ განვიხილოთ…. გავაანალიზე ….
- ნაშრომი ორიენტირებული იქნება…
მნიშვნელოვანია პირველმა წინადადებამ შეუქმნას მკითხველს ავტორთან ურთიერთობისა და ნდობის ატმოსფერო. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, პირველივე აბზაციდან მოახდინოთ მკითხველზე შთაბეჭდილება.
ესეს ძირითადი ნაწილი
ესეს ძირითადი ნაწილი სამი აბზაცისაგან შედგება და მისი დანიშნულებას წარმოადგენს მაგალითების გადმოცემა, რომლებიც თქვენს თეზისს ამტკიცებენ. შესავალში ჩვენ უკვე შევუქმენით მკითხველს მოლოდინები, ახლა კი საჭიროა ჩვენი მოსაზრების სიმართლეში დავარწმუნოთ.
ძირითადი ნაწილის პირველ აბზაცში თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ( თუკი ის არ საჭიროებს განმარტებას ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვას). აბზაცის პირველი წინადადება იქნება თემატური წინადადება, რომელიც გადმოგვცემს აბზაცის მთავარ იდეას. ამის შემდეგ უკვე მოგვყავს დამადასტურებელი მაგალითები.
გამოყენებული მაგალითები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. მაგალითად დაუშვებელია ასეთი ფორმულირება: „ამის დასტურია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“. უნდა წარმოვადგინოთ საჭირო დეტალები, მკითხველმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რას შეეხება საუბარი. ბუნდოვანი ფორმულირება დამაჯერებლობას დაუკარგავს თქვენს ნაშრომს.
მაგალითების მოყვანის შემდეგ ჩვენ უნდა ავხსნათ, როგორ ასაბუთებს ეს მაგალითები ჩვენს თეზისს.
იგივე სტრუქტურა ექნება სამივე აბზაცს. კარგად ორგანიზებული სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნაშრომი მკითხველისათვის უფრო იოლად გასაგები გახადოთ. აბზაცების გარეშე მათ თქვენი ნაშრომი, შესაძლოა, ჩახლართული და გაურკვეველი მოეჩვენოთ.
ამავდროულად თქვენს ესეს უნდა ჰქონდეს ერთიანობის და უწყვეტობის განცდა. ამისათვის შესაძლოა გამოიყენოთ დამაკავშირებელი ფრაზები, რომლებიც მკითხველს ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას შეუქმნიან და ტექსტის აღქმას გაუადვილებენ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი სასარგებლო ფრაზა, რომლებიც ახალი აბზაცის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენოთ:
- სხვა მნიშვნელოვანი გარემოება…
- არანაკლებ…
- გარდა ამისა, არსებობს სხვა სარწმუნო არგუმენტები…
- ასევე სარწმუნოა მტკიცება…
- ერთი მხრივ… მეორე მხრივ…
რა უნდა გავითვალისწინოთ ძირითად ნაწილზე მუშაობის დროს?
- მოერიდეთ აბზაცების ერთი – ორი წინადადებით გადმოცემას. ეს უფრო საქმიანი წერილის სტილია. აკადემიურ ესეში ძირითადი ნაწილის აბზაცი დაახლოებით 6-12 წინადადებისაგან შედგება.
- თავი აარიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი იდეის გაჟღერებას.
- ნუ გაიმეორებთ იდეას რამდენჯერმე, სასურველია ერთ აბზაცში ერთი იდეა იყოს გადმოცემული.
ესეს დასკვნითი ნაწილი
ესეს დასკვნითი ნაწილი ნაშრომის დასასრულს ნიშნავს, თუმცა ის ამავდროულად თქვენი ბოლო შანსიცაა, მიაღწიოთ თქვენს მიზანს და მკითხველზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. დასკვნითი ნაწილი არ უნდა იყოს ვრცელი, საკმარისია ოთხი – ხუთი კარგად მოფიქრებული წინადადება.
დასკვნითი აბზაცის პირველი წინადადების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მკითხველის ყურადღების მიპყრობა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავდივართ თეზისის მტკიცებულებაზე, რაც ნაშრომის ძირითადი არგუმენტების მოკლე შეჯამებას წარმოადგენს. დასკვნის ბოლო წინადადებაში შეიძლება იყოს რეკომენდაციები, მოქმედებისაკენ მოწოდება, რაც აჩვენებს მკითხველს, რომ ესე უკვე მივიდა დასასრულამდე.
ესეს დასკვნით ნაწილში შესაძლებელია მსგავსი ფრაზების გამოყენება:
- როგორც უკვე ვთქვით….
- როგორც უკვე ვაჩვენეთ…
- მაშასადამე…
- მტკიცებულებათა დიდი წილი მიუთითებს…
- ამ მონაცემების საფუძველზე….
შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და თავი აარიდეთ უსარგებლო სიტყვების გამოყენებას.
რა უნდა გავითვალისწინოთ დასკვნაზე მუშაობის დროს?
- აარიდეთ თავი ისეთ დასკვნას, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში თქვენი ნაშრომის დანარჩენ ნაწილებთან.
- დასკვნა წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს თეზისთან.
- მოერიდეთ გამოთქმებს : „დასკვნის სახით შეიძლება ითქვას“, „რეზიუმე“ და ა. შ. ეს სრულებით არ არის საჭირო.
ზოგადი რეკომენდაციები:
- სასურველია ესეს წერა გეგმის შედგენით დავიწყოთ. მართალია დროის სიმცირის გამო, განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში, რთულია გეგმის შესადგენად დროის გამონახვა, თუმცა სანაცვლოდ საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებთ.
- ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ გამართულობას და ლექსიკურ სიმდიდრეს. ნაშრომი, სადაც ავტორი ძირითადად ერთსა და იგივე სიტყვებს იყენებს, არ ახდენს მკითხველზე დადებით შთაბეჭდილებას.
- უნდა გვახსოვდეს რომ ესეს წერის ეფექტური ხერხების შესასწავლად თეორია არ არის საკმარისი, რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის დაუფლებაში.
განმარტებები:
თეზისი – დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.
თემატური წინადადება – წარმოადგენს აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვან წინადადებას. ოფიციალურ ნაშრომებში ის აბზაცის პირველი წინადადებაა და ერთგვარად აჯამებს აბზაცში გადმოცემულ ინფორმაციას.
გამოყენებული მასალები:
- Don Shiach “How to write Essays”
- https://examples.yourdictionary.com/examples-of-topic-sentences.html
- https://www.internationalstudent.com/essay_writing/essay_overview/
- https://owlcation.com/academia/Essay-Form-and-Structure-How-to-Write-an-Essay
დავით ჩივაძე
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა