სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სწავლის თავისუფლებისათვის

რამდენად ეფექტურია მონადირე-შემგროვებელ ხალხთა განათლების წესები?
თარიღი: 2013 წლის 18 ივნისი
წყარო:https://www.thisviewoflife.com/
ავტორი: გაბრიელა პრინჩიპე 
თუ თქვენ 30 წელს ხართ გადაცილებული, ალბათ ფიქრობთ, რომ ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანა იყო, სიყმაწვილე კი გაცილებით სჯობია თქვენს დღევანდელ ასაკს. ვინ იცის, თქვენში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საბავშვო თამაშების ნოსტალგია – თამაშებისა, რომლებსაც არ სჭირდებოდა ჯოისტიკი და სათამაშო კონსოლები, უბრალოდ ბურთით თამაშისა (მწვრთნელების გარეშე) მეზობლებთან, მეგობრებთან ერთად, ბავშვური მოგზაურობებისა და თავგადასავლებისა (ზედამხედველობის გარეშე), მეგობრებთან საუბრისა საერთო მოგონებების შესახებ (სოციალურ ქსელებში ამ მოგონებების გაუზიარებლად). ბატონი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორი, თავის ახალ წიგნში „სწავლის თავისუფლებისათვის” („Free to Learn”) ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვობა იმ ძველ, კეთილ დროს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, უკეთესი გახლდათ. იმ ძალიან ძველ დროს, როდესაც ჩვენ, ადამიანები, ჯერ კიდევ მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებას წარმოვადგენდით. ფაქტობრივად, პროფესორი გრეი ფიქრობს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მივაბრუნოთ ბავშვობა ფესვებისკენ და შევქმნათ ახალი სასწავლო გარემო, რომელიც დაეფუძნება მონადირე-შემგროვებელთა ძირეულ სოციალურ ღირებულებებს: ავტონომიას, გაყოფა-გაზიარებას და თანასწორობას.
დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას კრიტიკა არ აკლია, მაგრამ უცნაურია, რატომ გვთავაზობს ფსიქოლოგი პლეისტოცენის ხანის პრინციპებთან დაბრუნებას. როგორც პროფესორი გრეი განმარტავს, ჩვენ, ადამიანებს, ჩვენი არსებობის უდიდესი ნაწილი მონადირე-შემგროვებელთა მომთაბარე ჯგუფებად გვაქვს გატარებული. იმ დროს მომთაბარეთა ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებლად თამაშში ატარებდნენ. სწავლა მიმდინარეობდა „რეალურ დროში” უფრო გამოცდილ უფროს ბავშვებთან ერთად, გადარჩენისთვის აუცილებელი ამოცანების გადაჭრისას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე ასწლეულია, რაც კაცობრიობამ მეტ-ნაკლებად ყველასთვის შექმნა განათლების ფორმალიზირებული სისტემა, რომელიც ბავშვებისთვის სავალდებულო გახდა. ეს პერიოდი გახლავთ კაცობრიობის მიერ დედამიწაზე გატარებული დროის დაახლოებით 0,1 პროცენტი.
თუ ბავშვობას ამ ევოლუციური ლინზით შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ ფორმალური განათლება და იმ უნარების უმეტესობა, რომლებსაც ბავშვები დღევანდელ სკოლებში ითვისებენ: კითხვა, წერა, თანამედროვე მათემატიკის კურსი, – ახალია კაცობრიობის ისტორიაში. სასკოლო სისტემის ევოლუციური სიახლე, გრეის აზრით, ნიშნავს იმას, რომ წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამა, მექანიკური დაზეპირება და სტანდარტიზებული შეფასების მექანიზმი ვერ უვითარებს ბავშვებს ბუნებრივად თანდაყოლილ სოციალურ და შემეცნებით მექანიზმებს. მეტიც – შემოთავაზებული სისტემა არატიპურია ჩვენი ბიოლოგიური სახეობისთვის და კონტრრევოლუციურია იმ სასწავლო გამოცდილებისთვის, რომელიც ტიპობრივი იყო ჩვენი სახეობისთვის ისტორიის განმავლობაში. თუ ჩავთვლით, რომ სკოლა ბავშვებისთვის ატიპურ გარემოს წარმოადგენს, აღარც ის გაგვაკვირვებს, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ვერ ეჩვევა საკლასო ოთახის გარემოს.
მოსაზრებები ფორმალური განათლების არაბუნებრიობის შესახებ გამოთქმულია სხვა ავტორთა წიგნებშიც. დეივიდ ბიორკლუნდი (David Bjorklund) თავის წიგნში „ადამიანური განვითარების უმწიფრობა” აღნიშნავს, რომ ბავშვობა ადამიანის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თავისი უნიკალური დანიშნულებით, რომელიც განსხვავდება ზრდასრულობის ეტაპისგან. ბოირკლუნდი ამბობს, რომ ბავშვობა ადამიანში ზრდისა და სამყაროს აღმოჩენის დროა, რომელიც არ უნდა დააჩქარო. თავის მხრივ, პროფესორი გრეი უფრო რადიკალურ პოზიციას იკავებს და ხაზს უსვამს განათლების დღევანდელი სისტემის უზნეო დამოკიდებულებას აღზრდისა და განვითარების პროცესისადმი. გრეის არგუმენტით, სკოლებში „დაძალებული” განათლება ამორალური ჩარევაა ბავშვის პერსონალურ თავისუფლებაში. გრეის აზრით, ბავშვების ასეთი „კარცერიზაცია” დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობათა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს წააგავს იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვინმე აიძულო, აკეთოს ის, რაც არ სურს ან დააქორწინო ვინმეზე მისი სურვილის გაუთვალისწინებლად. გრეი მიიჩნევს, რომ ბავშვების სკოლაში იძულებით ტარება შეცდომაა.
გრეის სიტყვები სისტემის არაეთიკურობის შესახებ ბევრს სახტად ტოვებს. მრავალი კომენტატორი თუ მკითხველი ფიქრობს, რომ მაშინ ასევე ამორალურია ბავშვებისთვის ბალანსირებული საკვების მიცემა, მათი ადრე დაძინება, უსაფრთხოების ქამარი მანქანის უკანა სავარძელზე, ფთორის შემცველი კბილის პასტა, ველოსიპედის მუზარადი, გეგმური ვაქცინაცია და სხვა, თუ ეს ბავშვებს არ სურთ. მშობლები ზემოთ ჩამოთვლილ წესებს იმიტომ იცავენ, რომ სამეცნიერო კვლევები ადასტურებს: ეს ყველაფერი სასარგებლოა ბავშვებისთვის. თუმცა მოსალოდნელია, მშობლების უმეტესობამ თავი ანებოს მათ დაცვას, თუ მეცნიერება სხვაგვარად განსჯის. არის, რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვაქცინაცია, სკოლაში სიარული თუ მანქანის უსაფრთხოების ღვედი ბავშვს ვნებს. ყოველთვის არსებობს სივრცე იმისთვის, რომ ვაქცინები უფრო ეფექტური ან ნაკლებად მავნე გახადო, სკოლები გააუმჯობესო და ახალი კონსტრუქციის უსაფრთხო ღვედი მოიგონო.
პროფესორ გრეის მოწოდება „დაძალებული” განათლების შესახებ სკოლას ციხის მსგავს ინსტიტუტად წარმოაჩენს. „ყველამ, ვინც ოდესმე ყოფილა სკოლაში, იცის, რომ სკოლა ციხეა”, – ამბობს ერთ-ერთ სტატიაში პროფესორი. როდესაც მისი ეს წინადადება ჩემს 9 წლის შვილს წავუკითხე, მან თავი გააქნია და მითხრა: „არამც და არამც! ციხეში ვერაფერს სწავლობ”. ამიტომაც გადავწყვიტე, გრეის განცხადება ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების არაშემთხვევითი შერჩევის მაგალითზე შემემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფიდან არც ერთი ბავშვი სკოლას ციხედ არ აღიქვამდა. ბევრმა იწუწუნა საშინაო დავალებებზე, სამუშაო რვეულებზე, სტანდარტიზებულ გამოცდებზე, მასწავლებელთა მოკრძალებულ განსწავლულობაზე და ალგებრის უმნიშვნელო როლზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ, ამასთან ერთად, მე ბავშვებისგან მოვისმინე ამბები ფიზიკის გაკვეთილზე ჩატარებული ექსპერიმენტების, ბიოლოგიის შესწავლისას გაშენებულ ბოსტანზე, სამოგზაურო ბროშურებსა და ბერძნული მითების თეტრალიზებულ დადგმებზე, თიხის ქოთნების კეთებასა და სპილენძის გრავირებაზე, ლექსებსა და თხზულებებზე ენის კურსში, ცელქობაზე შესვენებისას და მეგობრობაზე სპორტულ გუნდებში. ამ ბავშვების დიდი ნაწილი სკოლაში მიცემულ ბევრ დავალებას მოსაწყენად და მძიმედ მიიჩნევდა. მათ დამარწმუნეს, რომ ზოგიერთ საგანს საერთოდ არ შეისწავლიდნენ, სავალდებულო რომ არ ყოფილიყო. მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, რომ სკოლა ციხეს ჰგავს და სკოლის ავტობუსში ასვლა იძულებაა.
პროფესორი გრეი კი მიიჩნევს, რომ სკოლა მოსაწყენია და ამიტომ არის, რომ ბავშვებს გული უცრუვდებათ მასზე. „ბავშვებს სკოლა არ უყვართ იმიტომ, რომ, ნებისმიერი ადამიანივით, მათაც თავისუფლების მოთხოვნილება აქვთ. სკოლაში კი ისინი თავისუფლები არ არიან”. მართალია, ბევრ ბავშვს ბევრი რამ არ მოსწონს სკოლაში, ბევრსაც არ უყვარს იგი; ისიც შესაძლოა, ბავშვებს არ მოსწონდეთ, თავისუფლებას რომ უზღუდავენ, მაგრამ რეალური მიზეზები, რომელთა გამო სკოლისადმი ბავშვების დამოკიდებულება ნეგატიურია, გრეის ვერ მოჰყავს. ბავშვების მიერ სკოლის არმოწონებას ალბათ მრავალი მიზეზი აქვს, სხვადასხვა ბავშვს კი, თავისი გამოცდილების კვალობაზე, სხვადასხვა რამის გამო არ მოსწონს სკოლა. ვფიქრობ, სკოლაში თავისუფლების დეფიციტი მომდინარეობს იქიდან, რას და როგორ ასწავლიან ბავშვებს. ამერიკული საგანმანათლებლო კანონებისა და მათგან მომდინარე აქტების გამო, სახელმწიფოს მიერ თავს მოხვეული სასკოლო კურიკულუმის გამო საუკეთესო, მზრუნველი და ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლებიც კი ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს.
გაცილებით მწვავეა გრეის წიგნში განხილული კიდევ ერთი საკითხი: არის თუ არა თანამედროვე ამერიკული ოჯახი დემოკრატიული? თუ ის დემოკრატიულია, მაშინ მხოლოდ კენჭისყრით დაგროვილი ხმათა უმრავლესობა უნდა აიძულებდეს ბავშვებს სკოლაში სიარულს. ეჭვი მაქვს, წარსულის გახსენებისას არც ისე ბევრი ამერიკელი მოზრდილი უწოდებს თავის ოჯახს დემოკრატიულს. ამერიკული ოჯახების უმეტესობა მონარქიის პრინციპებით მოქმედებს. ამ წესის ზნეობრიობა შესაძლოა კამათის საგანი გახდეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამერიკელი მშობლების უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება, დათმოს საოჯახო იერარქიის მწვერვალი. სხვაგვარად შესაძლოა სადილად მივიღოთ შოკოლადის ნამცხვარი, დიდ ოთახში – გასაბერი ციხესიმაგრე სახტუნაოდ, ხოლო უკანა ეზოში – საყვარელი პონის ოჯახი. გრეი ამბობს, რომ ჩვენ ჩვენს ოჯახებს არადემოკრატიულად ვმართავთ, რადგან დავკარგეთ ბავშვების ნდობა, რომელიც არსებობდა მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებაში – იქ, სადაც ბავშვები თამაშობდნენ წვეტიანი და ბასრი საგნებით, დაძრწოდნენ, სადაც სურდათ და იძინებდნენ, როდესაც ეძინებოდათ. მაგრამ მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოება იმდენად განსხვავდება დღევანდელისგან, რომ ბევრმა შესაძლოა გრეის მიამიტი უწოდოს, რადგან მიაჩნია, რომ ნამდვილი დემოკრატია მის ყველა მკითხველს გულს უხარებს.
გრეი ამბობს, რომ ჩვენ ბავშვების თავისუფლებას ვზღუდავთ, რადგან მათ – თუმცაღა უსამართლოდ – უმწიფარ და მარტივ არსებებად მივიჩნევთ. ეს ცოტა უცნაური არგუმენტია ევოლუციური განვითარების შემსწავლელი ფსიქოლოგისთვის. ევოლუციური განვითარების თეორიის ჩარჩოში ბავშვი განიხილება როგორც მოზრდილისგან ფუნდამენტურად განსხვავებული  და მისი უმწიფარი ქცევა ითვლება არა სისუსტედ, რომელიც უნდა გადაილახოს, არამედ ევულუციურ ადაპტაციად, რომელიც აუცილებელია ტიპობრივი განვითარებისთვის. მაგალითად, პატარა ბავშვების ეგოცენტრიზმი აუმჯობესებს მეხსიერებას და სწავლის უნარს. მათი მიდრეკილება, არ დაუკავშირონ სხვების საქციელი თავისას, იწვევს უკეთესად ინტეგრირებულ და ადვილად „გამოსაძახებელ” მოგონებებს. სუსტი მეტაკოგნიტიური უნარები (თვითშემეცნების უნარები) პატარებს საშუალებას აძლევს, გაზვიადებით შეაფასონ თავიანთი ტალანტები და, ამავე დროს, იკისრონ უფრო ძნელი ამოცანების შესრულება, ვიდრე თავიანთი განვითარება აძლევთ საშუალებას. ეს არ მოხდებოდა, ამ ასაკის ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობების სწორად შეფასება რომ შესძლებოდათ. აქედან გამომდინარე, ბავშვების უმწიფრობა ევოლუციური განვითარების მექანიზმია და არა სოციალური კონსტრუქცია, რომელსაც, გრეის აზრით, თანამედროვე დასავლური კულტურა იწვევს.
სინამდვილეში სწორედ ბავშვთა უმწიფრობა აძლევს საფუძველს გრეის წიგნის ზოგიერთ მკითხველს, თქვას, რომ ბავშვები ჯერ არ არიან მზად, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში. მართლაც, ყველაზე ძლიერნი და დემოკრატიულნი ის ქვეყნები არიან, რომელთა მოქალაქეები ყველაზე უკეთ არიან ინფორმირებულნი. ეს მათ საღი შეფასებისა და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევთ. კითხვები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 
* როგორ შედეგს მიიღებენ მშობლები და განმანათლებლები, თუ ისინი უკეთესად მოამზადებენ ბავშვებს მათი გვიანი ბავშვობის პერიოდში დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის? 
* უმჯობესია თუ არა ამ პროცესებში ბავშვების ჩართვა ადრეული ბავშვობიდან, როდესაც მათ ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია და ფსიქოლოგიური განვითარება სწორი, დამოუკიდებელი შეფასებებისთვის, პირადი მოთხოვნებისა და უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესების ასაწონ-დასაწონად?
თავისი მოსაზრების დასაცავად პროფესორი გრეი იმოწმებს სადბერის ველის სკოლას, რომელსაც „ნამდვილ დემოკრატიულ სკოლად” მოიხსენიებს და რომელიც მას მონადირე-შემგროვებელთა განათლების პრინციპებისკენ დაბრუნების მაგალითად მიაჩნია. სადბერის ველის სკოლაში ბავშვების განათლების პროცესი თავად ბავშვების ხელშია. მოსწავლეები ამ სკოლაში თვითონვე გეგმავენ თავიან დღეს. ისინი საკლასო ოთახებში არ არიან დანაწილებულნი. იქ არც კლასებია. მოწაფეები თავისუფლად გადაადგილდებიან სასკოლო კამპუსში, უფლება აქვთ, იურთიერთონ, ვისთანაც სურთ და თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ სკოლის უხვი რესურსები. სადბერიში არც სასწავლო პროგრამაა, არც ნიშნები და არც გამოცდები.
ამ სკოლაში საგნების მიხედვით სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმეს ამის ინტერესი გაუჩნდება, მაგრამ გაკვეთილზე დასწრება არავის მოეთხოვება. სწავლება მთავრდება, როდესაც ამ საგნისადმი ინტერესი ქრება. მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს სასკოლო წესების ჩამოყალიბების დროს თანაბარი უფლებები აქვთ მინიჭებული. მოზრდილები, რომელთა ხელახალი დანიშვნა სკოლის კონგრესზე, ხმათა უმრავლესობით წყდება, მასწავლებლებად არ განიხილებიან. მათ უფრო დამხმარე სასკოლო პერსონალად მოიაზრებენ, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციობას და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს ეხმარება.
სადბერის სკოლის დიპლომის მისაღებად მოსწავლემ უნდა დაწეროს და დაიცვას თხზულება, რომელშიც იგი აღწერს, როგორ მოემზადა წარმატებული სრულწლოვანი ადამიანის ცხოვრებისთვის. გრეი აღნიშნავს, რომ სადბერის სკოლის მოსწავლეთა ნახევარზე მეტს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, მაგრამ თითქმის ყველა კურსდამთავრებულმა ნორმალური ცხოვრება მოიწყო, მიაღწია წარმატებას და სადბერის სკოლას დადებითად იხსენებს.
უდავოა, ზემოთ აღწერილი სკოლის მაგალითი მართლაც დამაჯერებელია; იგი იმსახურებს, ამ ექსპერიმენტის შესწავლა გაგრძელდეს, თუმცა სათანადო კვლევის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად ეფექტურია სადბერის ველის სკოლის მოდელი. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კვლევა, რომელიც შეაფასებს შედეგებს; კვლევა, რომელიც უფრო ღრმად შეისწავლის სადბერული ტიპის განათლებისა და სწავლის ერთმანეთთან კავშირს, გამოიკვლევს ამ ტიპის განათლებისა და სწავლების მექანიზმებს. ასეთი მიდგომის გარეშე შეუძლებელია ითქვას, პლაცებოს ეფექტთან ხომ არ გვაქვს საქმე.
ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც მზადაა, გადაიხადოს სწავლაში საკმაოდ ძვირი და მრავალი წელი ერთსა და იმავე სკოლაში გაატაროს, სურს იფიქროს, რომ მის მიერ მიღებული განათლება ყველაზე კარგია. შესაძლოა, გრეის წიგნის მთავარი ღირსება ის იყოს, რომ მან მკითხველს შესთავაზა განათლების ალტერნატიული ბილიკი, განსაკუთრებით – იმ მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული სასკოლო განათლების გზა უეფექტო აღმოჩნდა. უფრო მეტიც – შესაძლოა, სადბერის სკოლის გამოცდილება წარმოაჩენდეს სწავლების მრავალ ასპექტს, რომლებიც ტრადიციულ სკოლებსაც წაადგებოდა. მაგრამ ისევ აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი სამომავლო ემპირიული კვლევის საგანია.
მიუხედავად მოწოდებებისა, სადბერის სკოლის მოდელი კარგად შეისწავლონ, გრეი ამბობს, რომ სკოლაში უნდა იყოს ნაკლები პირდაპირი ინსტრუქცია, ნაკლები ზეპირობა თუ შემოწმება და მეტი თამაში, რის თაობაზეც უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი თამაში აუცილებელია ბავშვის კოგნიტიური, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. თამაში აძლევს ბავშვებს მოტივაციას კულტურული უნარების, რთული პრობლემების გადაწყვეტის, აღმოჩენებისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარების განვითარებისთვის. 
გრეის არგუმენტები ასევე შეესაბამება უამრავ კვლევას, რომლებიც ადასტურებს, რომ სწავლებისა და შეფასების დღევანდელი სტანდარტიზებული, შედეგებზე ფოკუსირებული სისტემა არ არის მიმართული ბავშვისთვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, ახლის შესწავლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. კალიის ცხოვრების ციკლის დაზეპირება, ქაღალდის დამჭერის აგებულების შესწავლა თუ ამერიკული სამოქალაქო ომის ბატალიების რუკის დახატვა, რაც მე-4 კლასის პროგრამითაა გათვალისწინებული, ვერ აკმაყოფილებს შემეცნების ბუნებრივ მოთხოვნილებას. ეს იგივეა, რომ დავიჯეროთ, თითქოს მუყაოს ჰამბურგერი შიმშილს მოგვიკლავს. მთავარი ხაზი ასე გამოიყურება: ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს მოსწონთ აქტიური და ხალისიანი სასწავლო გარემო – გარემო, რომელშიც, ჩვეულებრივ, ცხოვრობდნენ ბავშვები მონადირე-შემგროვებელთა დროს.
თავის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, პირად გამოცდილებასა და ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით ბატონი გრეი მკითხველს გააცნობს „იძულებითი სწავლების” „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას” (პიტერ გრეის ეს სტატია გამოქვეყნდა „მასწავლებელი.გე-ს” 2013 წლის 24 ივლისის გამოშვებაში, ლ.ა.), თუმცა არც ერთი ეს „ცოდვა”არ ეხმიანება თანამედროვე სასკოლო სისტემის ევოლუციური განვითარების კრიტიკულ მოსაზრებებს. თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიურ უნარებს თავიანთი სურვილით, თავიანთი ინტერესებისთვის ითვისებენ და არა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
ისტორიულად, ბავშვები ახალ უნარებს იძენდნენ სწორედ იმ კონტექსტის შესაბამისად, რომელიც მათ სჭირდებოდათ და იმ მიზეზით, რომელიც ნათელი იყო მათთვის. მოზრდილები ბავშვებს საკვებად ვარგისი მცენარეების ამოცნობას იმისთვის როდი ასწავლიან, რომ მათ ეს ცოდნა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოაჩინონ – ეს საჭიროა უვნებელი საკვების მოსაპოვებლად.
ჩვეულებრივი ევოლუციური მოსაზრებები და არგუმენტები ფოკუსირებულია სწავლების კონტექსტუალურობაზე – სწავლება აზრიანი უნდა იყოს და, შესაბამისად, ახლის ათვისების მოტივაცია წარმოშვას. რატომ? კითხვის მოტივაციას არ განაპირობებს თავად კითხვის პროცესი – ბავშვი კითხულობს არა იმისთვის, რომ გაიგოს, როგორ ჟღერს ცალკე აღებული სიტყვები, ან როგორი თანამიმდევრობით ლაგდება ასოები ამ სიტყვაში; კითხვის მოტივაცია დაკავშირებულია სიტყვების გამოყენებასთან, ანუ მოთხრობების წაკითხვასთან, მესიჯის მიწერასთან, საგზაო ნიშნებისა თუ აბრების წაკითხვასთან… როდესაც სასწავლო პროგრამა რამის მნიშვნელობას მკაფიოდ წარმოაჩენს, გრეის არგუმენტი სწავლის „თავისუფლების” შესახებ აღარ არის პრობლემა, ვინაიდან სწავლის მოტივაცია უკვე არსებობს.
მკვლევარი კატი ჰირშ-პასეკი და მისი კოლეგები ტემპელის უნივერსიტეტიდან (პენსილვანია, აშშ), აღნიშნავენ, რომ მართული თამაშები ქმნის უფრო მრავალფეროვან სასწავლო გარემოს და უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე თავისუფალი ან მკაცრად რეგლამენტირებული თამაშები. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ სწავლების წახალისება შესაძლებელია ბავშვებთან თანათამაშით, ღია შეკითხვების დასმით, მასალის შესწავლისა და გამოკვლევის ახალი გზების შეთავაზებით. ვფიქრობთ, ასეთი მიგნებები სერიოზულად უნდა აღიქვან პროფესორ გრეის მსგავსმა მკვლევრებმა, რომლებიც ბავშვების სწავლის პროცესის სრული გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებენ. შესაძლოა, გრეი ერთმანეთში ურევდეს სასწავლო პროგრამასა და პედაგოგიკას. პროფესორს ადარდებს „დაძალებული” სასწავლო პროგრამა, რადგან ბავშვები ბუნებამ თავისუფლად სათამაშოდ გააჩინა, თუმცა გამოკვლევები მოწმობს, რომ ძირეული აკადემიური და სოციალური უნარები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის წარმატებისთვის. ძლიერი საბაზისო კურიკულუმი და თამაშებით გაჯერებული პედაგოგიკა ერთმანეთთან სავსებით თავსებადია. პროფესორ გრეის კვლევების შეჯერებამ ჰირშ-პასეკისა და ევოლუციური განვითარების ფსიქოლოგების ნაშრომებთან შესაძლოა სათავე დაუდოს სწავლების უფრო მისაღებ ფორმებს – ბავშვებისთვის ძლიერი სასწავლო პროგრამის მიწოდებას თამაშებით გაჯერებული, საინტერესო და პრაქტიკული მეთოდებით. 
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“